ახალი მეთოდებით ქადაგება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
1. რა მაგალითი დაგვიტოვეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა?
1 პირველი საუკუნის ქრისტიანები მხოლოდ კარდაკარ არ ქადაგებდნენ. ბიბლიაში წერია, რომ ისინი სახალხოდაც ქადაგებდნენ (საქ. 20:20). მაგალითად, ისინი საქადაგოდ მიდიოდნენ ტაძარში, რადგან იქ ბევრი ადამიანი იყრიდა თავს (საქ. 5:42). როდესაც პავლე მოციქული ათენში იმყოფებოდა, ის მოედანზე უქადაგებდა ყოველდღე ხალხს (საქ. 17:17). ამჟამად სასიხარულო ცნობის გავრცელების უმთავრეს მეთოდად კვლავაც კარდაკარ ქადაგება რჩება. თუმცა ჩვენ ასევე ვქადაგებთ ავტომობილების სადგომებზე, საქმიან უბნებზე, მთავარ ქუჩებში, სადაც ხალხმრავლობაა და სხვაგან, სადაც ხალხია. მართალია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება ყველა მაუწყებელს შეუძლია, მაგრამ ბევრს საშუალება მიეცემა, იქადაგოს ორი ახალი მეთოდით.
2. რომელი საცდელი მეთოდით დაიწყო ქადაგება 2011 წლის ნოემბერში?
2 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება დიდ ქალაქებში. „2013 წლის წელიწდეულის“ მე-16 და მე-17 გვერდებზე წერია, რომ 2011 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში დაიწყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცდელი მეთოდით ქადაგება. ხალხმრავალ და გამოსაჩენ ადგილებში დაიდგა ლამაზად გაფორმებული მაგიდები და სტენდები, რომლებზეც განთავსდა ლიტერატურა რამდენიმე ენაზე. ყოველდღიურად ამ სტენდებსა და მაგიდებს ათასობით ადამიანი ჩაუვლიდა გვერდს; ამ ხალხს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ხშირად სახლში არ არიან ან ისინი, რომლებიც ისეთ კორპუსებში ცხოვრობენ, სადაც იეჰოვას მოწმეები ვერ შედიან. უნდა ითქვას, რომ ხალხის მხრიდან გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! სულ რაღაც ერთ თვეში გავრცელდა 3 797 ჟურნალი და 7 986 წიგნი. ბევრმა გამვლელმა ბიბლიის შესწავლა ითხოვა. ვინაიდან ახალი წამოწყების მიზანი ბიბლიის შესწავლების დაწყება იყო, როგორც კი დაინტერესებული პირი თავის მისამართს ტოვებდა, დაუყოვნებლივ აგზავნიდნენ მის მისამართს შესაბამის კრებაში, რათა ის დროულად მოენახულებინათ სახლში.
3. როგორ ქადაგებენ ამ მეთოდით სხვა ტერიტორიებზეც?
3 ვინაიდან ამ მეთოდით ქადაგებას გასაოცარი წარმატება მოჰყვა, მას მსოფლიო მასშტაბით სხვა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც მიმართეს. ადგილობრივი ფილიალები თავად წყვეტენ, თუ რომელ ქალაქში შეიძლება დაიგეგმოს ამ მეთოდით ქადაგება. როგორც წესი, ასეთ ქალაქებში უნდა იყოს ვაგზლები, ბევრი სამუშაო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსები. ფილიალი თავად ატყობინებს და დამატებითი მითითებებით უზრუნველყოფს მათ, ვინც ამ მეთოდით ქადაგებაში იღებს მონაწილეობას. ძირითადად ამ მეთოდით ქადაგებენ პიონერები და სპეციალური პიონერები, თუმცა ზოგან დამხმარე პიონერებიც არიან ჩართულნი ამ საქმეში.
4. როგორ ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება დიდ ქალაქებში?
4 როგორ მიმდინარეობს. ვინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ მეთოდით ქადაგებს, მაგიდასთან ან სტენდთან დგას. როდესაც მაგიდასთან მიდის გამვლელი, მქადაგებელი სთავაზობს, აიღოს მისთვის საინტერესო ლიტერატურა. პიონერები მზად არიან, უპასუხონ მის მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას ბიბლიიდან. თუ ადამიანი იღებს ლიტერატურას, პიონერი არ ეუბნება, რომ აუცილებელია შესაწირავის გაღება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის დაინტერესდება, როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა, მქადაგებელი აუხსნის, რომ შესაწირავის გაგზავნა შეუძლია ჩვენს ლიტერატურაში მოცემულ მისამართზე. სიტუაციიდან გამომდინარე, პიონერს შეუძლია ჰკითხოს: „გნებავთ, რომ ვინმემ სახლში მოგაკითხოთ?“ ან შეუძლია უთხრას: „ამ პუბლიკაციის გარდა, ჩვენ შეგვიძლია ბიბლიის უფასო შესწავლაც შემოგთავაზოთ“.
5. რა სასიამოვნო შედეგი მოჰყვა ახალი მეთოდით ქადაგებას?
5 ამგვარი ქადაგება ძალიან სასარგებლოა. ერთი ცოლ-ქმარი რეგულარულად ქადაგებს ამ მეთოდით. აი, რას ამბობენ ისინი: „ათასობით ადამიანს ვხედავთ ყოველდღე. ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე ის უზარმაზარი საქმე, რაც იმისათვის სრულდება, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანმა გაიგოს ჭეშმარიტება. ვხედავთ უამრავ ხალხს და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თითოეულ მათგანზე. ეს ძალას გვმატებს და გვიძლიერებს იმის სურვილს, რომ ქადაგება ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ. ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორ იკვლევს იეჰოვა იმ ადამიანების გულებს, რომლებიც ჩვენ მაგიდას გვერდით ჩაუვლიან და როგორ ეძებს ღმერთი ღირსეულებს. ასე ახლოს არასოდეს გვიგრძნია თავი ჩვენს ზეციერ თანამშრომლებთან, ანგელოზებთან“.
6. ა) კიდევ რა მეთოდს ეწევა ორგანიზება მრავალ კრებაში და როგორ განსხვავდება ამ მეთოდით ქადაგება დიდი ქალაქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისგან? ბ) როგორ უნდა ითანამშრომლონ კრებებმა ერთმანეთთან, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებენ?
6 ორგანიზების გაწევა ადგილობრივად. დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგების გარდა, არსებობს სხვა ახალი მეთოდიც, რომელსაც ორგანიზებას უწევენ უხუცესთა საბჭოები თავიანთ ტერიტორიებზე. რაში მდგომარეობს ეს ახალი მეთოდი? მაუწყებლები, რომლებიც მსახურობენ ერთ კრებაში, მაგიდებსა და სტენდებს დგამენ ხალხმრავალ ადგილებში თავიანთი კრების ტერიტორიაზე. ამ მეთოდით ქადაგება განსხვავდება დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისაგან, სადაც ფილიალის მიერ შერჩეული ქალაქის ერთსა და იმავე ხალხმრავალ ქუჩაში ამჯერად სხვადასხვა კრების წევრები ქადაგებენ (იხილეთ ჩარჩო „აუცილებელია კარგი თანამშრომლობა“).
7. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, ორგანიზება გაუწიონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებას, სადაც ეს მოსახერხებელია?
7 უხუცესები იმსჯელებენ, არის თუ არა მათი კრების ტერიტორიაზე ხალხმრავალი ქუჩები და შესაბამისად განსაზღვრავენ, მოსახერხებელი იქნება თუ არა იქ ამ ახალი მეთოდით ქადაგება. მაგიდებისა და სტენდების განთავსება შეიძლება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ვაგზლები, სკვერები, პარკები, ხალხმრავალი ქუჩები, სავაჭრო ცენტრები, სასწავლებლების ტერიტორიები, აეროპორტები და ის ადგილები, სადაც ყოველწლიური ღონისძიებები იმართება. კარგი იქნება, თუ მაგიდას ერთსა და იმავე ადგილზე, ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე დროს დადგამთ. პრაქტიკულად, უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა მაგიდების სავაჭრო ცენტრებში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმა, ვიდრე ერთ რომელიმე მაღაზიასთან, სადაც მომხმარებელი გამიზნულად მიდის რაიმე კონკრეტული ნივთის შესაძენად. ზოგან, მაგალითად, ტროტუარებზე უფრო მოსახერხებელია შედარებით პატარა მობილური სტენდების დადგმა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისთვის უხუცესები ჩვენი ვებ-გვერდიდან ტვირთავენ „საგუშაგო კოშკის“, „გამოიღვიძეთის!“ და წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ სპეციალური ფორმატის ელექტრონულ ფაილებს, შემდეგ ბეჭდავენ მათ და სტენდებზე ათავსებენ. უხუცესების მიერ არჩეული პიონერები და მაუწყებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამგვარ მსახურებაში, იქადაგებენ იმავე მეთოდებით, როგორითაც ქადაგებენ სხვა მაუწყებლები დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ისინი ზედმიწევნით უნდა ითვალისწინებდნენ სამსახურებრივი ზედამხედველის მითითებებს. იმ შემთხვევაში, თუ მქადაგებლებს ვინმე დაუტოვებს მისამართს, რომელიც მათი კრების ტერიტორიას არ ეკუთვნის, სწრაფადვე უნდა შეავსონ ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43) და გადასცენ თავიანთი კრების მდივანს.
8. როგორ შეგვიძლია ვიქადაგოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუ ჩვენი კრება არ მონაწილეობს ამგვარ ქადაგებაში?
8 ქადაგება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩვეულებრივი ქადაგების დროს. ზოგიერთი კრების ტერიტორიაზე შეიძლება არ იყოს ხალხმრავალი ქუჩები, სადაც განთავსდებოდა მაგიდები და სტენდები. თუმცა ასეთ დროს ადგილობრივ კრებებში მაუწყებლებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩვეულებრივ იქადაგონ მაშინ, როცა მსახურებაში იქნებიან. არის თქვენს ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრები, პარკები ან ისეთი ადგილები, სადაც ხალხი იყრის თავს? ანდა ისეთი ადგილი, სადაც დროდადრო საზოგადოებრივი ღონისძიებები ტარდება? თუ თქვენი კრების ტერიტორიაზე არის ასეთი ადგილები, შეგიძლიათ იქადაგოთ სტენდებისა და მაგიდების გარეშეც.
9. რატომ უნდა ვუქადაგოთ ხალხს კეთილსინდისიერად ყველგან?
9 იეჰოვას ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, აღსასრულის დადგომამდე სამეფოს შესახებ ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ (მათ. 24:14). ხშირ შემთხვევაში რთულია ხალხის სახლში ნახვა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათთან საუბარი მაშინ, როცა ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გვხვდებიან. შეიძლება ასეთი ადგილები აღმოჩნდეს ზოგისთვის ერთადერთი შესაძლებლობა სასიხარულო ცნობის მოსასმენად. ამიტომ მოდი, ყველგან ვუქადაგოთ ადამიანებს და ბოლომდე შევასრულოთ ჩვენი საქმე (2 ტიმ. 4:5).
[სურათი 5 გვერდზე]
აუცილებელია კარგი თანამშრომლობა
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა კრების მაუწყებლები ზოგჯერ ქადაგებენ ერთსა და იმავე ქუჩაზე, ავტოსადგომებზე, საქმიან უბნებსა და ვაგზლებზე. ამასთანავე, სხვადასხვა კრების მაუწყებლები ტოვებენ ჟურნალებს ერთსა და იმავე ვესტიბიულში, სხვადასხვა დაწესებულების მოსაცდელ ოთახებში და ქადაგებენ ერთსა და იმავე საქმიან უბნებზე. რეალურად, ეს იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისა და იმ ტერიტორიაზე მომუშავე ხალხის გაღიზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლები სხვადასხვა დროს მიდიან იქ. ამიტომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგების დროს კარგი იქნება, თუ ვიქადაგებთ მხოლოდ ჩვენი კრების ტერიტორიაზე.
თუ მაუწყებლებს სურთ მეზობელი კრების ტერიტორიაზე ქადაგება, ისინი ამის შესახებ თავიანთი კრების სამსახურებრივ ზედამხედველს უნდა დაელაპარაკონ. ამის შემდეგ ეს ძმა დაუკავშირდება იმ კრების სამსახურებრივ ზედამხედველს და სთხოვს ნებართვას, რომ თავისმა კრების წევრებმა იქადაგონ მათთვის სასურველ ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, როცა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ქადაგებენ სხვადასხვა ენოვანი კრებები, ამ კრებების სამსახურებრივმა ზედამხედველებმა კარგად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა არ გააღიზიანონ იქ მცხოვრები ხალხი. კარგი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს იმას, რომ „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40).