საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 7/8 გვ. 18-19
  • რა არის ცუდი სიამაყეში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ცუდი სიამაყეში?
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • საზიანო სიამაყე
  • შეიძლება სიამაყეს გამართლება ჰქონდეს?
  • სიამაყე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რად შეიძლება დაგვიჯდეს სიამაყე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • თქვენ შეძლებთ სატანის წინააღმდეგ ბრძოლას და მასზე გამარჯვებას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რა შეიძლება ითქვას რასობრივ სიამაყეზე?
    გამოიღვიძეთ! — 1998
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 7/8 გვ. 18-19

ბიბლიის თვალსაზრისი

რა არის ცუდი სიამაყეში?

ამბობენ, სიამაყე შვიდი სასიკვდილო ცოდვიდან პირველიაო. მაგრამ დღეს ბევრის აზრით, ასეთი წარმოდგენა საკმაოდ მოძველებულია. XXI საუკუნის ზღურბლზე, სიამაყეს დადებით თვისებად მიიჩნევენ და არა ცოდვად.

მაგრამ ბიბლია, ჩვეულებრივ, უარყოფითად საუბრობს სიამაყეზე. მარტო წიგნში „იგავნი“ ბიბლია რამდენიმეჯერ განსჯის სიამაყეს. მაგალითად, იგავნის 8:13-ში ნათქვამია: „მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი“. 16:5-ში კი აღნიშნულია: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“. ხოლო ამავე თავის მე-18 მუხლი გვაფრთხილებს: „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნობა, დაცემას — ქედმაღლობა“.

საზიანო სიამაყე

სიამაყე, რომელსაც ბიბლია განსჯის, შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც უზომო თავმოყვარეობა და საკუთარი ნიჭით, სიმდიდრით, გარეგნობით, განათლებით, თანამდებობითა თუ სხვა რამით სხვებზე მეტად თავის შერაცხვა, რაც შეიძლება დაცინვით, ტრაბახით, თავხედობით ან ქედმაღლობით ვლინდებოდეს. საკუთარ თავზე დიდმა წარმოდგენამ ადამიანი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ უგულებელყოს მითითებები, არ აღიაროს შეცდომები, არ მოიბოდიშოს, არ შეიცვალოს ან კიდევ ვინმეს მოქმედება ან სიტყვა შეურაცხყოფად მიიღოს.

ამაყი ადამიანები ყოველთვის თავისაზე დგანან — ან ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს როგორც მათ უნდათ, ან სულ არ უნდა გაკეთდეს. ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ასეთი დამოკიდებულება ხშირად კონფლიქტებს იწვევს. რასობრივ თუ ეროვნულ სიამაყეს უამრავი ომი და სისხლის ღვრა სდევს თან. ბიბლიის თანახმად, სწორედ სიამაყემ მიიყვანა ღვთის სულიერი ძე ამბოხებამდე და სატანა ეშმაკად აქცია. ამიტომ ქრისტიანი უხუცესისთვის შესაფერისი თვისებების ჩამოთვლისას, პავლე ასეთ რჩევას იძლევა: „ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს“ (1 ტიმოთე 3:6; შეადარეთ ეზეკიელი 28:13–17). თუ ყოველივე სიამაყის შედეგია, არ არის გასაკვირი, რომ ღმერთი განსჯის ამას. თუმცა, შეიძლება იკითხოთ: „არ არსებობს ისეთი ვითარებები, სადაც სიამაყე გამართლდება?“

შეიძლება სიამაყეს გამართლება ჰქონდეს?

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „სიამაყედ, ქადილად და კვეხნად“ გადათარგმნილი ზმნა „კავხაომე“ გამოიყენება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მნიშვნელობით. მაგალითად, პავლე ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ვიქადოთ ღვთის დიდების იმედით“. ის აგრეთვე გვირჩევს: „ვინც იკვეხის, უფლით დაიკვეხოს“ (რომაელთა 5:2; 2 კორინთელთა 10:17). ეს ნიშნავს ვიამაყოთ იეჰოვათი, ჩვენი ღმერთით და ამის შედეგად გავიხაროთ მისი კარგი სახელით.

მაგალითად, შეცდომაა კარგი სახელის დაცვა, თუკი მას ცილს სწამებენ? რა თქმა უნდა, არა. თუ ვინმე შენი ოჯახის წევრებზე ან მათზე, ვინც გიყვარს და პატივს სცემ, უსამართლოდ ლაპარაკობს, განა არ აღშფოთდებოდი და არ ეცდებოდი მათ დაცვას? „რჩეული [კარგი] სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია“, — ამბობს ბიბლია (იგავნი 22:1). ერთხელ ყოვლისშემძლე ღმერთმა ეგვიპტის ამაყ ფარაონს უთხრა: „მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას“ (გამოსვლა 9:16). ასე რომ, ღმერთი იქადის თავისი კარგი სახელით და იღწვის მის შესანარჩუნებლად. ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს ჩვენი სახელისა და რეპუტაციის დაცვა, მაგრამ არა პატივმოყვარეობითა და სიამაყით (იგავნი 16:18).

ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია პატივისცემა. ჩვენს საზოგადოებრივ მდგომარეობასა და საქმიან ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება, როცა თანამშრომლების ნდობას ვკარგავთ. ასევე ემართება საერთო საქმიანობას ან კომპანიონობას; ის დაინგრევა, თუ მისი ერთი მეწარმეც კი ისეთ რამეს აკეთებს, რაც მას ან სხვებს უტეხს სახელს. როგორი მიზნებიც უნდა გვქონდეს, მათ მისაღწევად ჯერ რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც არის საჭირო, რომ ქრისტიანული კრების ზედამხედველებს „კარგი მოწმობა“ ჰქონდეთ გარეშეებისგან (1 ტიმოთე 3:7). კარგი სახელის მოპოვებისას მათ სიამაყე და პატივმოყვარეობა კი არ უნდა ამოძრავებდეს, არამედ ღვთის ღირსეულად წარდგენის აუცილებლობა. ბოლოს და ბოლოს, რამდენად სანდო იქნება მსახური, რომელსაც ცუდი მოწმობა აქვს გარეშეებისგან?

რა შეიძლება ვთქვათ პირადი მიღწევებით გამოწვეულ სიამაყეზე? მაგალითად, მშობლები შეიძლება ხარობენ, როდესაც შვილი სკოლაში კარგად სწავლობს. ასეთი მიღწევა მართლაც სასიხარულოა. თესალონიკელი თანაქრისტიანებისადმი წერილში პავლესაც არ დაუმალავს, რომ ხარობდა მათი მიღწევებით: „ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეჰფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ისე რომ, თავადაც ვიკვეხნით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც იტანთ“ (2 თესალონიკელთა 1:3, 4). დიახ, საყვარელი ადამიანების მიღწევებით გახარება ბუნებრივია. მაშ, რა განასხვავებს საზიანო სიამაყეს სათანადოსგან?

რეპუტაციის დაცვაში, მიზნის მიღწევასა და მიღწეულით გახარებაში ცუდი არაფერია. მაგრამ პატივმოყვარეობას, ქედმაღლობას, საკუთარი თავით ან სხვებით ტრაბახს ღმერთი განსჯის. ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა, თუ ვინმე ‘გაყოყოჩდებოდა’ ან ‘იმაზე მეტად იფიქრებდა თავის თავზე, ვიდრე უნდა ეფიქრა’. ქრისტიანებმა არ უნდა იამაყონ და იკვეხნონ ვინმეთი ან რამეთი, გარდა იეჰოვა ღმერთითა და მისი ნამოქმედარით (1 კორინთელთა 4:6, 7; რომაელთა 12:3). წინასწარმეტყველი იერემია ხელმძღვანელობისთვის კარგ პრინციპს გვაძლევს: „თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე“ (იერემია 9:23).

[სურათი 18 გვერდზე]

„პაპი ინოკენტი X“ როდრიგეს დე სილვა ველასკესის მიერ.

[საავტორო უფლება]

Scala/Art Resource, NY.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება