ისწავლე გამოცდილი მაუწყებლებისგან
ჩვენ მთელი გულით ვაფასებთ კრებაში გამოცდილ მაუწყებლებს. ზოგი მათგანი უკვე წლებია, იეჰოვას ერთგულად ემსახურება. ზოგიც არცთუ ისე დიდი ხანია, რაც დახელოვნდა მსახურებაში. მას შემდეგ, რაც ამ მაუწყებლებმა მსახურება გააფართოვეს და მოწაფეების მომზადების საქმეში ჩაებნენ, საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ ხელმძღვანელობს იესო კრებას ამ ბოლო დღეებში (მათ. 28:19, 20). ვინაიდან ისინი გულმოდგინედ ქადაგებენ, ღმერთი მათ აძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებსა თუ განსაცდელებს (2 კორ. 4:7). მართლაც, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ გამობრძმედილი მაუწყებლებისგან. მათ ძალიან უხარიათ, როდესაც სხვებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ (ფსალმ. 71:18). ამიტომ მოდი, ვისწავლოთ მათგან. მაგრამ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
მსახურებაში. ახალბედა ქრისტიანები თუ ნაკლებად გამოცდილი მაუწყებლები შედეგიანად ვერ იქადაგებენ, თუ გამოცდილებას არ შეიძენენ. მათ მსახურებაში ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ მოწიფული ქრისტიანებისგან (იხილე 2015 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში“, ქვესათაური „დაეხმარეთ გამოუცდელებს“, მე-3 აბზაცი). პირადად შენ, რა მხრივ დაგეხმარა გამოცდილ და-ძმებთან მსახურება?
შეგიძლია გამოცდილ მაუწყებელთან ერთად დაგეგმო მსახურება? იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილ მაუწყებელს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, შეგიძლია დროდადრო შენი რომელიმე ბიბლიის შესწავლა მასთან სახლში ჩაატარო. შესწავლის შემდეგ, სთხოვე მას, რომ მოგცეს საჭირო რჩევები.
გამოუყავი დრო. გამოცდილ მაუწყებლებს უკეთ გაიცნობ, თუ მათ დროს გამოუყოფ. მიიპატიჟე სახლში ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე და დაუსვი კითხვები. თუ მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს, შეგიძლია ოჯახური თაყვანისცემა მის სახლში ჩაატარო. ჰკითხე: როგორ გაიგო ჭეშმარიტება? როგორ აკურთხა იეჰოვამ? როგორ გაიზარდა მის თვალწინ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი? და, რატომ უხარია იეჰოვასადმი მსახურება?
იყავი რეალისტი და ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ გამოცდილი მაუწყებლები სრულყოფილად დაგეხმარებიან. ისინიც ჩვენსავით არასრულყოფილები არიან. მათაც, ჩვენ მსგავსად, მსახურების სხვადასხვა ძღვენი აქვთ მიცემული (რომ. 12:6—8). ზოგი გამოცდილი მსახური ასაკშია, რის გამოც მათ შესაძლოა ჩვენთან დიდი დროის გატარება ვეღარ შეძლონ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იეჰოვას ერთგული, გამოცდილი მსახურებისგან.