როგორ მოისმინონ მათ?
1 იესომ ხაზგასმით აღნიშნა: „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარ. 13:10). ჩვენი გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ასობით მილიონი ადამიანისთვის პირადად არავის უქადაგია. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობა ზღუდავს ჩვენს საქმიანობას. ბევრ ქვეყანაში კი მოსახლეობა მრავალრიცხოვანი და სწრაფად მზარდია. როგორ უნდა მოისმინონ მათ? (რომ. 10:14).
2 საჭიროა გვჯეროდეს იეჰოვასი. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვასთვის ცნობილია ყველა ადამიანის გულის მდგომარეობა. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ვითარებაში იმყოფება ადამიანი; თუ გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ, უეჭველად იპოვის (1 ნეშტ. 28:9).
3 აბრაამი წუხდა სოდომისა და გომორის მცხოვრებლებზე. თუმცა ღმერთმა დაარწმუნა ის, რომ სოდომში ათი მართალი ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი არ გაანადგურებდა ამ ქალაქს (დაბ. 18:20, 23, 25, 32). იეჰოვას არასდროს მოუსპია მართალი ბოროტთან ერთად, როგორც ეს ლოტისა და მისი ქალიშვილების გადარჩენამაც ცხადყო.
4 ერთი ხანობა ელია ფიქრობდა, რომ სრულიად მარტო ემსახურებოდა ჭეშმარიტ ღმერთს. იეჰოვამ კი დაარწმუნა, რომ ის სრულებითაც არ იყო მარტო და მის მიერ წამოწყებული საქმეც დასრულდებოდა (3 მეფ. 19:14—18). რა შეიძლება ითქვას დღევანდელობასთან დაკავშირებით?
5 კვლავაც აქტიურად ემსახურე ღმერთს. ჩვენთვის უცნობია, თუ კიდევ რა მასშტაბებს მიაღწევს დამოწმების საქმიანობა. იეჰოვაა ამ საქმის ხელმძღვანელი, რომელსაც ანგელოზების მეშვეობით ზედამხედველობს (გამოცხ. 14:6, 7). მხოლოდ ის წყვეტს, თუ რა მასშტაბებით უნდა ექადაგოს ყველა ერს. თუ იეჰოვა მოისურვებს, ცნობა სამეფოს შესახებ ამ ეტაპზე ჩვენთვის წარმოუდგენელი მასშტაბით გავრცელდება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა „მოისმინოს სახარების სიტყვა და ირწმუნოს“ (საქ. 15:7). იეჰოვას საქმეები სრულად შეესაბამება მის პიროვნებას — მოსიყვარულე, ბრძენ და სამართლიან ღმერთს.
6 ჩვენთვის დიდი პატივია, ვიმოქმედოთ იეჰოვას ნების შესაბამისად და ძალ-ღონე არ დავიშუროთ იმისათვის, რომ ყველამ მოისმინოს სასიხარულო ცნობა (1 კორ. 9:16).