ეფექტურად იყენებ ღვთის სიტყვას?
1 მსოფლიოში, სადაც ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ ღვთის სიტყვას, ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთგულად გამოდიან მის დასაცავად. ჩვენ გვჯერა, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ და ვეთანხმებით იესო ქრისტეს სიტყვებს, რომელმაც იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (2 ტიმ. 3:16; იოან. 17:17). როგორ შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა?
2 დაიმახსოვრე მუხლები: უეჭველია, იესო სწავლობდა ღვთის სიტყვას, რის წყალობითაც ის მსახურებაში წმინდა წერილებს იყენებდა (ლუკ. 4:16—21; 24:44—46). რა დაგვეხმარება ბიბლიური მუხლების დამახსოვრებაში? ამაში დახმარებას გაგვიწევს ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და იმ მუხლებზე ფიქრი, რომლებიც განსაკუთრებით გამამხნევებელი და დამხმარე იქნება მსახურებაში. როდესაც კრების შეხვედრებისთვის ვემზადებით, კარგი იქნება, თუ მოვძებნით და წავიკითხავთ მითითებულ ბიბლიურ მუხლებს და მათზე კომენტარსაც მოვამზადებთ. კრების შეხვედრებზე ჩვენს ბიბლიებში თვალი უნდა ვადევნოთ იმ მუხლებს, რომლებსაც მომხსენებელი კითხულობს. ბიბლიური მუხლების დამახსოვრება მოგვამზადებს, რომ ‘სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’ (2 ტიმ. 2:15).
3 ილაპარაკე ბიბლიიდან: მსახურებისას ბიბლია უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, უნდა ვეცადოთ, რომ მობინადრეს ბიბლიური მუხლი წავუკითხოთ და ვიმსჯელოთ მასზე. თუ მობინადრე დაგვისვამს კითხვას ან რაიმე საკითხს წამოჭრის, პასუხის გასაცემად საუკეთესო საშუალება ის იქნება, რომ ბიბლიური მუხლები გამოვიყენოთ. მაშინაც კი, როდესაც მობინადრე დაკავებულია, ჩვენ შეგვიძლია რაიმე ბიბლიურ აზრზე მაინც გავუმახვილოთ ყურადღება. მაგალითად, შეგვეძლო ასე გვეთქვა: „ვიდრე წავიდოდე, ნება მიბოძეთ, ერთი ბიბლიური მუხლი წაგიკითხოთ“. თუ შესაძლებელია, პირდაპირ ბიბლიიდან წაუკითხე მუხლი ისე, რომ მანაც თვალი მიადევნოს.
4 როდესაც ერთ მობინადრეს აჩვენეს ბიბლიური მუხლები, რომელიც აბათილებდა სამების მოძღვრებას, მან თქვა: „მთელი ცხოვრება ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ბიბლიაში ასეთი რამ ეწერა“. მან დაუყოვნებლივ დაიწყო ბიბლიის შესწავლა. იესომ თქვა, რომ მისი ცხვარი მის ხმას მოისმენდა (იოან. 10:16, 27). უშუალოდ ბიბლიიდან მუხლების ამოკითხვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გულწრფელმა ადამიანებმა ჭეშმარიტება დაინახონ. ამიტომ, მოდი ეფექტურად გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა!