მხედველობითი კონტაქტის საშუალებით გამოავლინე პირადი ინტერესი
1 კარდაკარ თუ სხვა სახის მსახურებისას ლაპარაკის დაწყებამდე ხშირად ადამიანებთან მხედველობით კონტაქტს ვამყარებთ. ამ დროს შეგვიძლია შევნიშნოთ მათი სახის გამომეტყველება, რაც დაგვანახვებს, თუ როგორ არიან ჩვენდამი განწყობილნი და რა ხასიათზე არიან. მსგავსად ამისა, მათაც ბევრი რამის გაგება შეუძლიათ ჩვენ შესახებ. ერთმა ქალმა იეჰოვას მოწმეზე თქვა: „მახსოვს, რომ მის მომღიმარ სახეზე სიმშვიდე იყო აღბეჭდილი. ამან ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა“. შედეგად, ეს ქალი სასიხარულო ცნობის მოსამენად განეწყო.
2 ქუჩასა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში მსახურებისას მხედველობითი კონტაქტის დამყარება ეფექტური საშუალებაა ქადაგების დასაწყებად. ერთი ძმა თვალებში უყურებს მათ, ვინც უახლოვდება. მხედველობითი კონტაქტის დამყარებისას ის უღიმის შემხვედრს და შემდეგ ჟურნალს სთავაზობს. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად ის ბევრ პუბლიკაციას ავრცელებს და ბევრიც მასთან სიამოვნებით საუბრობს.
3 შენიშნე, რას გრძნობენ სხვები: მხედველობითი კონტაქტი გვეხმარება, დავინახოთ, რას გრძნობენ სხვები. მაგალითად, ადამიანს ხშირად სახეზე ეტყობა, როცა უჭირს იმის გაგება, რასაც ვეუბნებით, ან არ გვეთანხმება. სახის გამომეტყველებით იმასაც მივხვდებით, დაკავებულია თუ არა ადამიანი და მოუთმენლად ელის თუ არა საუბრის დამთავრებას. შესაბამისად შეგვიძლია შევცვალოთ ან შევამოკლოთ შეთავაზება. სხვების გრძნობების გათვალისწინება შესანიშნავი საშუალებაა მათ მიმართ პირადი ინტერესის გამოსავლენად.
4 გულწრფელობა და დამაჯერებლობა: მრავალ კულტურაში ადამიანისთვის თვალებში შეხედვა გულწრფელობის მაჩვენებელია. ყურადღება მიაქციე, თუ როგორ უპასუხა იესომ მოწაფეებს კითხვაზე: „მაშ, ვინღა გადარჩება?“ ბიბლიაში ნათქვამია: «იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“» (მათ. 19:25, 26). უეჭველია, რომ იესოს დამაჯერებელმა მზერამ წონა შემატა მის სიტყვებს. მსგავსი სახით, კარგი მხედველობითი კონტაქტის შენარჩუნება სამეფოს შესახებ ცნობის გულწრფელად და დამაჯერებლად გადაცემაში დაგვეხმარება (2 კორ. 2:17; 1 თეს. 1:5).