მონდობილი გვაქვს სასიხარულო ცნობა
1 დიდი ბედნიერებაა, რომ ღვთისგან სასიხარულო ცნობა გვაქვს მონდობილი! (1 თეს. 2:4). იმ დროს, როცა ზოგიერთები უკუაგდებენ ამ ძლიერ ცნობას, გულწრფელ ადამიანებს ის სასიამოვნო სურნელების მსგავსად იზიდავს (2 კორ. 2:14—16). მათთვის, ვინც მიიღო და დაემორჩილა სასიხარულო ცნობას, ის ხსნის მომტანია (რომ. 1:16). როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენთვის მონდობილი სასიხარულო ცნობისადმი?
2 იესო და მოციქულები. სასიხარულო ცნობის ქადაგებას იესო ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა (ლუკ. 4:18, 43). ხალხის სიყვარული და ცნობის პატივისცემა იესოს იმისკენ აღძრავდა, რომ გაეზიარებინა მათთვის ეს ცნობა მაშინაც კი, როდესაც ის დაღლილი და მშიერი იყო (მარ. 6:30—34). სიტყვითა და საქმით მან თავის მიმდევრებს ნათლად დაანახვა ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგების აუცილებლობა (მათ. 28:18—20; მარ. 13:10).
3 მოციქულები იესო ქრისტეს ჰბაძავდნენ და გულმოდგინედ აცხადებდნენ ცნობას სამეფოს შესახებ. მაშინაც კი, როდესაც სცემეს და ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, ისინი „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:40—42, აქ). მოციქული პავლე ამ საქმისთვის დაუღალავად შრომობდა (1 კორ. 15:9, 10; კოლ. 1:29). ის თვლიდა, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება მოყვასის წინაშე მისი ვალი იყო და ამ დავალების შესასრულებლად მზად იყო, უარი ეთქვა პირად კეთილდღეობაზე (საქ. 20:24; რომ. 1:14—16).
4 ჩვენი დავალება დღეს. ჩვენთვის მონდობილი წმინდა მსახურებისთვის მადლიერება აღგვძრავს, ვეძებოთ საშუალებები სამქადაგებლო მსახურების გასაფართოებლად (რომ. 15:16). ედვარდი საინვალიდო სავარძელს არის მიჯაჭვული. ის ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელში იჯდა ხოლმე და ადამიანებს თავისი მრწამსის შესახებ ესაუბრებოდა. მას ძლიერი სურვილი ჰქონდა, უფრო მეტი გაეკეთებინა, ამიტომაც პატარა სატვირთო მანქანის ძარაზე სპეციალური კაბინა გააკეთებინა, რომ სხვა ტერიტორიებზეც შეძლებოდა ქადაგება. ის ამგვარად მრავალი წელი მსახურობდა პიონერად და ათასობით კილომეტრი გაიარა თავისი მსახურების განმავლობაში. ედვარდის მსგავსად, ბევრმა ისე მოიწესრიგა თავისი მდგომარეობა, რომ უფრო მეტად მიეღო მონაწილეობა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში.
5 იესოსა და მისი მოციქულების მიბაძვით, მოდი ჩვენც პირველ ადგილზე დავაყენოთ ცხოვრებაში სამქადაგებლო მსახურება. ამით სიყვარულს გამოვხატავთ ხალხისადმი და, ასევე, მადლიერებას გამოვავლენთ ჩვენთვის მონდობილი სასიხარულო ცნობისთვის.