რელიგიური შეუწყნარებლობა დღეს
„ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში, ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით“ (1948 წელს გამოცემული გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 18).
არის თქვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება? მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ფორმალურად იზიარებენ ამ კეთილშობილურ პრინციპს, რომელიც არაერთხელაა მოხსენიებული საერთაშორისო დეკლარაციებში. მაგრამ ცნობილია, რომ მრავალ ქვეყანაში, სადაც შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია მკაცრი რეალობაა, მილიონობით ადამიანი მოკლებულია რელიგიის თავისუფლებას. ამავე დროს, ბევრ მრავალეროვან და მრავალსარწმუნოებრივ სახელმწიფოში თავისუფლება კანონითაა უზრუნველყოფილი და შემწყნარებლობაც თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა.
მაგრამ მსოფლიოს ასეთ კუთხეებშიც კი რელიგიის თავისუფლება საფრთხეშია. „რელიგიისა თუ რწმენის დისკრიმინაცია არსებობს თითქმის ყველა ეკონომიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ სისტემაში, მთელ მსოფლიოში“, — აღნიშნა ანჯელო დ’ალმეიდა რიბეირუმ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოფილმა სპეციალურმა მომხსენებელმა. წიგნში „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება — მსოფლიო უწყებები“ (Freedom of Religion and Belief—A World Report), რომელიც 1997 წელს გამოიცა, კევინ ბოილი და ჯულიეტ შინი აღნიშნავენ: „რელიგიის უმცირესობათა შევიწროება, აკრძალვა და დისკრიმინაცია. . . მეოცე საუკუნის მიწურულს ყოველდღიური მოვლენაა“.
მაგრამ რელიგიური დისკრიმინაცია მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებს არ ეხება. პროფესორი აბდულფატახ ამორი, რელიგიურ შევიწროებასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალური მომხსენებელი, აღნიშნავს, რომ „ძალადობისგან არც ერთი რელიგიაა დაცული“. მაშინ სავსებით მოსალოდნელია, რომ იმ ქვეყანაშიც, რომლის მცხოვრებიც თქვენ ხართ, გარკვეული რელიგიების მიმართ იყოს მიკერძოებული აზრები და იჩენდნენ შეუწყნარებლობას.
დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმა
რელიგიური დისკრიმინაცია შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ზოგ ქვეყანაში ყველა რელიგიას გამორიცხავენ და აღიარებენ მხოლოდ ერთს, სახელმწიფო რელიგიას. სხვა ქვეყნებში კანონით შეზღუდულია გარკვეული რელიგიების საქმიანობა. ზოგ ქვეყანაში გამოიცა ისეთი კანონები, რომლებსაც ადვილია თვითნებური ინტერპრეტაცია გაუკეთო. მაგალითად, დაუკვირდით, რა ადვილად შეიძლებოდა ისრაელში შემუშავებული კანონპროექტის თვითნებურად გამოყენება; ის კრძალავდა ისეთი მასალისა და ბროშურების იმპორტს, ბეჭვდას, გავრცელებასა და შენახვას, „რომლებიც შეიცავდნენ მოწოდებას სარწმუნოების შეცვლის შესახებ“. არაა გასაკვირი გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა: „ისრაელში გააწამეს იეჰოვას მოწმეები და მათ წინააღმდეგ შეტევაზეც გადავიდნენ“ (International Herald Tribune). ქალაქ ლოდში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ულტრაორთოდოქსი ფანატიკოსები სამჯერ შეიჭრნენ, ორჯერ კი ყველაფერი საშინლად ააოხრეს. პოლიციამ ჩარევაზე უარი განაცხადა.
წიგნში „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ მოყვანილია შეუწყნარებლობის სხვა მაგალითებიც: „ერესი და ერეტიკოსობა მხოლოდ წარსულის ცნება არაა. . . სხვა გზის ამრჩევთა უარყოფა, შევიწროება და დისკრიმინაცია კვლავაც შეუწყნარებლობის მთავარ მიზეზად რჩება. პაკისტანში ამის მაგალითს წარმოადგენენ აჰმადები, ეგვიპტეში, ირანსა და მალაიზიაში — [ბაჰაიზმის] მიმდევრები, აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში, საბერძნეთსა და სინგაპურში კი — იეჰოვას მოწმეები“. ნათელია, რომ რელიგიის თავისუფლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საფრთხეშია.
ყოველივე ამის გამო ფედერიკო მ’იორმა, იუნესკოს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში) გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ახლო მომავლის მსოფლიომ „ვერავინ განაწყო ენთუზიაზმით. . . თავისუფლების სიომ ხელახლა გააღვივა მინავლებული სიძულვილი“. ამ ვარაუდს ეთანხმება დიდი ბრიტანეთის ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი: „ყოველ ფაქტს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა. . . დღევანდელ მსოფლიოში კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება“. რელიგიების მიმართ შეუწყნარებლობის ასეთი გაძლიერება ემუქრება რელიგიის თავისუფლებას, შესაძლოა, პირადად თქვენი რელიგიის თავისუფლებასაც. მაგრამ რატომ არის რელიგიის თავისუფლება ასე მნიშვნელოვანი?
რა არის საფრთხეში?
„ნებისმიერ საზოგადოებას იმ შემთხვევაში აღიარებენ, როგორც თავისუფალს, თუ ეს საზოგადოება არაფრით ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას. . . რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის გავრცელების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს სინდისის თავისუფლება და ჭეშმარიტი დემოკრატია“, — აღნიშნა სოციოლოგმა ბრაიან უილსონმა თავის წიგნში (Human Values in a Changing World). როგორც საფრანგეთის სასამართლომ ახლახან აღიარა, „რწმენის თავისუფლება საზოგადოებრივი თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია“. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, მორწმუნე ხართ თუ არა, დაინტერესებული უნდა იყოთ რელიგიის თავისუფლებით.
ქვეყნის დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების მიმართ დიდ გავლენას ახდენს მის რეპუტაციასა და საერთაშორისო ნდობაზეც. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 54 სახელმწიფოს 1997 წლის შეხვედრაზე ნათქვამი იყო: „რელიგიის თავისუფლება ადამიანებისთვის მთელ რიგ უფლებათა შორის უძვირფასესი უფლებაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ღირსებისთვის. ვერანაირი სისტემა, რომელიც არღვევს ან სისტემატურად უშვებს ადამიანის ასეთი უფლებების დარღვევას, ვერ მოითხოვს, იყოს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან ადამიანის მთავარ უფლებებს“.
რელიგიის თავისუფლება შეიძლება შევადაროთ შენობის საძირკველს, ხოლო სხვა, მაგალითად: პოლიტიკური, სამოქალაქო, კულტურული და ეკონომიკური, თავისუფლება — მასზე დაშენებულ ნაგებობას. თუ საძირკველი შეირყევა, ეს მთელ ნაგებობაზე იმოქმედებს. პროფესორმა ფრანჩესკო მარგოტა-ბროლიომ ეს აზრი მოკლედ ჩამოაყალიბა: „როცა კი [რელიგიის] თავისუფლება ირღვევა, მას სხვა თავისუფლებების რღვევაც სდევს თან“. თუ სხვა თავისუფლებების დაცვა საჭიროა, რელიგიის თავისუფლება უპირველესად უნდა დავიცვათ.
მნიშვნელოვანია კარგად ვიყოთ ჩახედული იმ საკითხში, რის დაცვასაც ვაპირებთ. რა შეიძლება მივიჩნიოთ რელიგიის თავისუფლების საწყისად? როგორ განმტკიცდა ასეთი თავისუფლება და რა ფასად?
[სურათი 4 გვერდზე]
რელიგიურ შეუწყნარებლობას დიდი ხნის ისტორია აქვს.