იხარეთ იეჰოვას მიერ და იმხიარულეთ
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულება ყოველთვის სასიხარულოა. ასეთივე სასიხარულო მოვლენა იყო 1999 წლის 13 მარტს პატერსონში (ნიუ-იორკი) არსებულ „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარებული გამოსაშვები საღამო ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 106-ე კლასის 48 სტუდენტისთვის.
პროგრამის შესავალ ნაწილში თეოდორ იარაჩმა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გალაადის მე-7 კლასის კურსდამთავრებულმა და გამოსაშვები პროგრამის თავმჯდომარემ, განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ფსალმუნის 31:11-ში მოცემულ სიტყვებზე: „იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ“. მან ახსნა, რატომ არის დროული, ყველამ იმხიარულოს ასეთი შემთხვევისას: „ჩვენ ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რას აკეთებს იეჰოვა გულმართლებისთვის, რომელთა შორის გალაადის სტუდენტებიც არიან“. სანამ სტუდენტები გალაადის სკოლაში სწავლას გეგმავდნენ და დიდ ძალისხმევას ახმარდნენ მისიონერული მსახურებისთვის განკუთვნილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა საქმის წარმატებით დასასრულებლად (იგავნი 21:5; 27:1). როგორც ძმა იარაჩმა აღნიშნა, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ვიხაროთ ‘იეჰოვას მიერ’.
პატერსონში პროგრამის დამსწრეთა შორის ამ სასიხარულო მოვლენის თვითმხილველნი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების ოჯახის წევრები და მათ მიერ მოწვეული სხვა სტუმრები იყვნენ. როცა 5 198 დამსწრე — ბრუკლინის, პატერსონისა და უოლკილის ბეთელის ოჯახის წევრების ჩათვლით, რომლებსაც პირდაპირი ეთერით უნდა ეყურებინათ და მოესმინათ პროგრამა — ელოდებოდა პროგრამის დაწყებას, მათ შორის უკვე სიხარული სუფევდა.
მოწოდება სიხარულის შესანარჩუნებლად
როდესაც ძმა იარაჩმა დაასრულა შესავალი სიტყვის წარმოთქმა, მსმენელებს ხუთი მომხსენებლიდან პირველი წარუდგინა, რომლის თემაშიც ხაზგასმული იყო გამამხნევებელი სულიერი შეგონებები არა მხოლოდ გალაადის სკოლის კურსდამთავრებულების, არამედ ყველა დამსწრის საყურადღებოდ.
პირველი მოხსენებით გამოვიდა უილიამ მალენფანტი, „გალაადის“ 34-ე კლასის კურსდამთავრებული, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტთან თანამშრომლობს. მისი თემა დაკავშირებული იყო ეკლესიასტეს 1:2-ში მოცემულ სიტყვებთან, « „ყოველივე“ არ არის ამაოება!». დასაწყისში მან ასეთი კითხვა წამოჭრა: „ნამდვილად მიაჩნდა სოლომონს, რომ ყოველივე — ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით —ამაოება იყო?“ შემდეგ თვითონვე გასცა პასუხი: „რა თქმა უნდა, არა. ის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ადამიანები თავიანთი საქმიანობით უგულებელყოფდნენ ღვთის პრინციპებს და მათი მიზნები ეწინააღმდეგებოდა მის ნებას; აი, რას უწოდა სოლომონმა ამაოება“. ამისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ღვთისადმი, იეჰოვასადმი, თაყვანისცემა არ არის ამაოება; ამასთანავე, არც ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესწავლას ან მისით სხვების განსწავლას შეიძლება ეწოდოს ამაოება. იეჰოვა არ ივიწყებს თავისი მსახურების მიერ გამოვლენილ ასეთ ძალისხმევას (ებრაელთა 6:10). მაშინაც კი, თუ მათ, ვინც იეჰოვას კეთილგანწყობილება დაიმსახურა, უბედურება შეემთხვევათ, ისინი ‘სიცოცხლის საკვრელებით იქნებიან შეკრული იეჰოვასთან’ (პირველი მეფეთა 25:29). რა სასიხარულოა ამის ცოდნა! ამ აზრების გონებაში ჩაბეჭვდა შეიძლება დაეხმაროს ყველა იეჰოვას თაყვანისმცემელს სიხარულის შენარჩუნებაში.
ჯონ ბარმაც, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გაამხნევა კურსდამთავრებულები თავისი მოხსენებით, რომლის სათაური იყო: „სიხარული ჰპოვეთ მისიონერულ დანიშნულებაში“. მან ცხადყო, რომ მისიონერული მსახურება ყოველთვის ახარებდა იეჰოვას გულს. „ეს ისეთი რამ არის, რაც სინამდვილეში იეჰოვას მიერ კაცობრიობის მიმართ გამოვლენილი სიყვარულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მან თავისი მხოლოდშობილი ძე გამოაგზავნა დედამიწაზე, რომელიც დიდებული და გამოჩენილი მისიონერი იყო“. კურსდამთავრებულებს შეეძლოთ დაფიქრებულიყვნენ, რა ცვლილებების მოხდენა მოუწია იესოს, წარმატებების მისაღწევად, დედამიწაზე თავისი დანიშნულების შესრულებისას; იესოს მისიონერულ მსახურებას დღემდე მოაქვს სარგებლობა სწორად განწყობილი ადამიანებისთვის. როგორც ძმა ბარმა აღნიშნა, ამის მიზეზი ის არის, რომ იესო სიხარულით ასრულებდა ღვთის საქმეს და სიყვარულს ავლენდა ადამიანების მიმართ (იგავნი 8:30, 31). მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, არა მხოლოდ სიმტკიცე, არამედ სიხარულიც გამოევლინათ თავიანთი დანიშნულებების შესრულებისას. ძმა ბარმა შემდეგი სიტყვებით მიმართა უკვე ყოფილ სტუდენტებს: „მიენდეთ იეჰოვას, ის არასდროს დაუშვებს თქვენს წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23).
მომდევნო მომხსენებელი იყო ხელმძღვანელი საბჭოს სხვა წევრი, ლოიდ ბერი, რომელიც გამოვიდა თემით: „მუდამ იეჰოვას სახელით იარეთ“. ის გალაადის მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იაპონიაში მისიონერად მსახურობდა. მან იმდროინდელ მისიონერებთან მსახურების რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა და მოყვა, რა გამოცდებს ხვდებოდნენ ისინი. რა პრაქტიკული რჩევა მისცა ლოიდ ბერმა კურსდამთავრებულებს? მან აღნიშნა: „უპირველეს ყოვლისა შეინარჩუნეთ თქვენი სულიერება. აგრეთვე შეისწავლეთ იმ ქვეყნის ენა და გაეცანით იქაურ კულტურას. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა და ბოლომდე უერთგულეთ თქვენს საქმეს; არ გამოილიოს თქვენი ძალა და არ დაყაროთ ფარ-ხმალი.“ ძმა ბერმა კურსდამთავრებულების საყურადღებოდ აღნიშნა, რომ, როცა მიიღებდნენ დანიშნულებებს უცხო ქვეყნებში, შეხვდებოდნენ უამრავ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა ღმერთებისა და წარმართული ღვთაებების სახელით დადიან. მან შეახსენა მათ წინასწარმეტყველ მიქას სიტყვები: „ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“ (მიქა 4:5). ყოფილი მისიონერების მაგალითი ნამდვილ სტიმულს წარმოადგენს ყველა ღვთის მსახურისთვის, რომ იარონ იეჰოვას სახელით და ერთგულად ემსახურონ მას.
პროგრამის მომდევნო მომხსენებელი გალაადის სკოლის მასწავლებელი, ლორენს ბოუენი იყო. მის მიერ წარმოდგენილ თემაში წამოჭრილი იყო კითხვა: „როგორები იქნებით?“ მან ნათელჰყო, რომ ღვთისადმი მსახურებისას წარმატების მისაღწევად საჭიროა იეჰოვასადმი რწმენა და ნდობა. იეჰოვაზე სრული დანდობის შედეგად მეფე ასამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მტრის მილიონიან ლაშქარზე. მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველმა ყაზარიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მას, რომ ბოლომდე დანდობოდა ღმერთს: „უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ“ (მეორე ნეშტთა 14:9-12; 15:1, 2). ღვთის სახელი, იეჰოვა, ნიშნავს, რომ მას შეუძლია იყოს თავისი განზრახვის განმახორციელებელი — შეიძლება ეს გულისხმობდეს ვინმეს უზრუნველყოფას, დაცვას ან დასჯას. აქედან გამომდინარე, მისიონერები, რომლებიც დანდობილნი არიან იეჰოვაზე და მისი განზრახვის შესაბამისად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, წარმატებებს მიაღწევენ (გამოსვლა 3:14, აქ). ძმა ბოუენმა თავისი მოხსენება ამ სიტყვებით დაასრულა: „არასდროს დაივიწყოთ, რომ, თუ იეჰოვას განზრახვების შესაბამისად იმოქმედებთ, ის გაგხდით ისეთებს, როგორიც საჭიროა თქვენი დანიშნულების შესასრულებლად“.
პროგრამის ამ ნაწილის ბოლო მომხსენებელი ყოფილი მისიონერი, ამჟამად სკოლა „გალაადის“ რეგისტრატორი, უოლას ლივერანსი იყო. მან თავის თემაში, სახელწოდებით „გახადეთ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედი“, ყურადღება გაამახვილა ღვთის უტყუარ ცნობაზე, ანუ დანაპირებზე, რომელიც ყოველთვის სრულდება (ებრაელთა 4:12). ღვთის სიტყვა გავლენას ახდენს მათზე, ვინც მის თანახმად მოქმედებს (1 თესალონიკელთა 2:13). როგორ შეიძლება ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედი გავხადოთ ჩვენს ცხოვრებაში? ამისათვის მნიშვნელოვანია ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა. ძმა ლივერანსმა შეახსენა კურსდამთავრებულებს, ბიბლიის შესწავლის რა მეთოდები აითვისეს „გალაადში“; ღვთის სიტყვის შესწავლისთვის საჭიროა მისი კითხვა, წაკითხულის გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება. მან მოიყვანა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, ალბერტ შრედერის სიტყვები; ის მსახურობდა იმ კომიტეტის თავმჯდომარედ, რომლის მიერაც 50 წელზე მეტი ხნის წინათ სკოლა „გალაადი“ ჩამოყალიბდა: „კონტექსტის გათვალისწინებით ადამიანი ღებულობს სრულყოფილ და ნამდვილ სულიერი სიძლიერეს, რომელიც ღმერთმა თავის სიტყვაში ჩადო“. ბიბლიის შესწავლა ეხმარება ადამიანს, ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედი გახადოს.
სასიხარულო შემთხვევები და ინტერვიუები
მოხსენებების შემდეგ აუდიტორიის წინაშე სტუდენტები წარსდგნენ. ყოფილმა მისიონერმა, ამჟამად გალაადის სკოლის მასწავლებელმა, მარკ ნიუმარმა სტუდენტების ჯგუფს სთხოვა, მოეყოლათ რამდენიმე სასიხარულო შემთხვევა და ეჩვენებინათ, როგორ ცდილობდნენ ქადაგებას სხვადასხვა სიტუაციებში. ზოგმა შეძლო ბიბლიის შესწავლა დაეწყო განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან, რადგან მათ მიმართ პირად ინტერესს ავლენდნენ, ასევე აკვირდებოდნენ მათს ცხოვრებისეულ პირობებსა და თვალსაზრისს. ამგვარად სტუდენტები ‘უფრთხილდებოდნენ საკუთარ თავსა და სწავლებას’ და ნამდვილად დაინტერესებული იყვნენ სხვების გადარჩენით (1 ტიმოთე 4:16).
ბევრი პრაქტიკული რჩევა იყო შემოთავაზებული. რამდენიმე გამოცდილმა ძმამ, რომლებიც იმ პერიოდში „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ფილიალების კომიტეტების წევრებისთვის ჩატარებულ სკოლაში სწავლობდნენ, აღნიშნა, რომ მისიონერულ მსახურებას სიხარული მოაქვს. ბრუკლინის მთავარი სამმართველოს წევრებმა, ძმებმა სამუელ ჰერდმა და რობერტ ჯონსონმა ინტერვიუები აიღეს ბოლივიაში, ზიმბაბვეში, ნიკარაგუაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, პაპუა-ახალ გვინეასა და კამერუნში არსებული საზოგადოების ფილიალის ოფისის წარმომადგენლებისგან.
ამის შემდეგ გერიტ ლეში, გალაადის 41-ე კლასის კურსდამთავრებული, ამჟამად ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გამოვიდა ბოლო დამაფიქრებელი მოხსენებით, რომლის სათაური იყო, «ხარ ‘სასურველი ადამიანი’»? მან ყოფილი სტუდენტების საყურადღებოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესოს, ღვთის სრულყოფილ ძეს, ხალხი არ მიიჩნევდა სასურველ პიროვნებად, ის „საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული“ (ესაია 53:3). ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ბევრ კუთხეში მისიონერები არასასურველნი და მოძულებულნი იყვნენ. ამისგან განსხვავებით, წლების განმავლობაში ბაბილონში მომსახურე დანიელს ღვთის მიერ გამოგზავნილმა ანგელოზმა სამჯერ უწოდა „ძალზე სასურველი კაცი“ (დანიელი 9:23, აქ; 10:11, 19). რატომ ეწოდა დანიელს სასურველი? ის არასდროს არღვევდა ბიბლიურ პრინციპებს ბაბილონში ცხოვრების დროს, ყველაფერში პატიოსანი იყო და არასდროს იყენებდა თავის მდგომარეობას პირადი ინტერესებისთვის. დანიელი ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარიც გახლდათ (დანიელი 1:8, 9; 6:4; 9:2). ის აგრეთვე გამუდმებით ლოცულობდა იეჰოვას წინაშე და ყოველთვის მზად იყო განედიდებინა ის თავისი მიღწევების გამო (დანიელი 2:20). დანიელის მაგალითის მიბაძვით ღვთის მსახურები იეჰოვა ღმერთის თვალში იქნებიან სასურველნი და არა ამ წუთისოფელში მცხოვრები ადამიანების თვალში.
სულიერად გამამხნევებელი პროგრამის დასასრულს თავმჯდომარემ წაიკითხა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული რამდენიმე მისალოცი დეპეშა და ბარათი, რის შემდეგაც 24 დაქორწინებულ წყვილს გადასცეს დიპლომები და გამოცხადდა, რომელ ქვეყნებში დანიშნეს ისინი. დასასრულს კლასის წარმომადგენელმა წაიკითხა ხელმძღვანელი საბჭოსა და ბეთელის ოჯახის მიმართ დაწერილი წერილი, რომელშიც კლასის სახელით მადლიერება იყო გამოთქმული იმ დასწავლებისა და მომზადებისთვის, რომელიც მათ ბოლო ხუთი თვის მანძილზე მიიღეს.
როდესაც პროგრამა დასრულდა, თავმოყრილ ხალხს შორის ‘სიხარულითა და მადლიერებით’ სავსე გამონათქვამები ისმოდა (ნეემია 12:27).
[ჩარჩო 27 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 10
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 19
სტუდენტების რაოდენობა: 48
დაქორწინებული წყვილების რაოდენობა: 24
საშუალო ასაკი: 33
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13
[სურათი 25 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 106-ე გამოსაშვები კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) დ. დიკინი, მ. პუოპოლო, მ. ლაგუნა, შ. დავოლტი, ე. დომინგესი, ჯ. ბერკი. 2) ზ. გაუტერი, ვ. ვასკესი, ა. სიბრუკი, ა. მოსკა, ლ. ჰელი, ლ. ბრუერდი. 3) ტ. ბრენდონი, ნ. ოლივარესი, დ. კოლმანი, ვ. სკოტი, ლ. პიტერსონი, კ. მაკლაუდი. 4) ჯ. მაკლაუდი, ჯ. ტომფსონი, ფ. ლუბერისი, ბ. სპეტი, მ. ლეჰტიმიაკი, ხ. ლაგუნა. 5) უ. გაუტერი, რ. დომინგესი, ფ. ჰელი, მ. სმითი, დ. ბაიერი, ა. მოსკა. 6) კ. სკოტი, ვ. სიბრუკი, რ. სპეტა, რ. კოლემანი, ლ. ბრუერდი, უ. დავოლტი. 7) დ. სმითი, ტ. ლეჰტიმიაკი, პ. პიტერსონი, გ. ტომფსონი, რ. ვასკესი, ე. ბაიერი. 8) მ. ლუბერისი, ქ. დიკინი, დ. ბრენდონი, დ. პუოპოლო, ო. ოლივარესი, შ. ბერკი.