რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?
იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, ომები, საკვების უკმარისობა, ეპიდემიები და მიწისძვრები „ამ სისტემის აღსასრულის“ მოახლოებაზე მიუთითებს (მათე 24:1—8; ლუკა 21:10, 11).
1914 წლიდან მოყოლებული ერთაშორისი ომები და ეთნიკური კონფლიქტები ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მათში ხშირად სამღვდელოების ხელი ურევია. ამას ბოლოდროინდელი ტერორისტული აქტებიც დაემატა.
მეცნიერული პროგრესის მიუხედავად მთელ მსოფლიოში ასობით მილიონ ადამიანს ძლივს გააქვს თავი საკვების უკიდურესი უკმარისობის გამო. შიმშილი ყოველ წელს მილიონობით ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს.
ეპიდემიები იესოს მიერ მოცემული ნიშნის ერთ– ერთი ნაწილია. გრიპის ეპიდემიამ, რომელიც პირველ მსოფლიო ომს მოჰყვა, 21 000 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მანამდე მომხდარი შემთხვევებისგან განსხვავებით, როცა ესა თუ ის დაავადება, ჩვეულებრივ, ერთ რომელიმე რეგიონში ვრცელდებოდა, ამ ეპიდემიამ მსოფლიო მასშტაბით იფეთქა და შორეულ კუნძულებსაც კი შეეხო. შიდს–ი გლობალურ საშიშროებად იქცა. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია და ტიფი, კვლავაც მძვინვარებს განვითარებად ქვეყნებში.
ყოველ წელს სპეციალისტები აფიქსირებენ სხვადასხვა სიმძლავრის ათიათასობით მიწისძვრას. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესდება პროგნოზირების მეთოდები, მაინც ხშირად ვისმენთ მიწისძვრების შედეგად გამოწვეული უბედურების შესახებ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
ბიბლიაში აგრეთვე ნაწინასწარმეტყველებია: „ეს კი იცოდე, რომ ბოლო დღეებში ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა, რომლებიც გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთებს ზურგი აქციე“ (2 ტიმოთე 3:1—5).
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ „ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ.
შეგინიშნავთ, რომ ხალხი უსაზღვროდ არის შეყვარებული საკუთარ თავზე, უზომოდ უყვართ ფული და მათ ცხოვრებას სიამაყე მართავს?
განა შეიძლება ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს, რომ დღეს ადამიანები სხვებს ბევრს სთხოვენ, თავად კი უმადურები არიან, ერთმანეთთან საერთო ენას ვერ ნახულობენ და ორგულები არიან?!
ხედავთ, რომ მშობლებისადმი ურჩობა და თბილი გრძნობების უკმარისობა ძალიან გავრცელდა არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში?
ალბათ, თქვენთვის აშკარაა, რომ დღევანდელი მსოფლიო ჩაფლულია სიამოვნებათა სიყვარულში და სიკეთის სიყვარული სულაც არ აინტერესებს. აი, ასე აღწერს ბიბლია „ბოლო დღეებში“ გავრცელებულ განწყობას.
გვჭირდება კიდევ მეტი ფაქტი, რომ დავინახოთ, რა დროში ვცხოვრობთ? იესომაც იწინასწარმეტყველა ამ პერიოდზე და აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ (მათე 24:14). სრულდება ეს სიტყვები?
ამ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად გამოიცემა ბიბლიაზე დაფუძნებული ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. არც ერთი პერიოდული გამოცემა არ იბეჭდება იმდენ ენაზე, რამდენზეც ეს ჟურნალი გამოდის.
ყოველ წელს იეჰოვას მოწმეები მილიარდზე მეტ საათს უძღვნიან იმას, რომ ხალხს პირადად მოუთხრონ ღვთის სამეფოს შესახებ.
ისინი დაახლოებით 400 ენაზე გამოსცემენ ბიბლიის ამხსნელ ლიტერატურას, მათ შორის ისეთ ენებზეც, რომლებზეც მცირერიცხოვანი ერები ან ეთნიკური ჯგუფები ლაპარაკობენ. იეჰოვას მოწმეებმა სასიხარულო ცნობა ყველა ერს მიაწვდინეს; აგრეთვე ბევრ ისეთ პატარა კუნძულსა და ტერიტორიაზე ქადაგებენ, რომლებიც პოლიტიკური სამყაროსთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. უმეტეს ადგილებში ისინი რეგულარულად ატარებენ ბიბლიურ საგანმანათლებლო პროგრამას.
ნამდვილად, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ქადაგებენ, მაგრამ არა მსოფლიოს მოქცევის მიზნით, არამედ „დასამოწმებლად“. ადამიანებს ყველგან ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ აჩვენონ, სულერთია მათთვის, ვინ შექმნა ცა და დედამიწა თუ გამოავლენენ პატივისცემას შემოქმედის კანონებისადმი და სიყვარულს ადამიანებისადმი (ლუკა 10:25—27; გამოცხადება 4:11).
მალე ღვთის სამეფო დედამიწას ბოროტებისგან გაწმენდს და მას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 23:43).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
რისი ბოლო დღეებია?
არ არის საუბარი კაცობრიობის ბოლო დღეებზე. ღვთის ნების შემსრულებლებს ბიბლია დედამიწაზე უსასრულო სიცოცხლის იმედს აძლევს (იოანე 3:16, 36; 1 იოანე 2:17).
არც დედამიწის ბოლო დღეებზეა საუბარი. ღვთის სიტყვა გვპირდება, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს (ფსალმუნები 36:29; 103:5; ესაია 45:18).
საუბარია ამ ძალადობით აღსავსე, უსიყვარულო სისტემისა და მისი აზროვნების მქონე ადამიანების ბოლო დღეებზე (იგავები 2:21, 22).
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
ნამდვილად ღვთის სიტყვაა ბიბლია?
ბიბლიაში არაერთხელ ვხვდებით წინასწარმეტყველთა ასეთ სიტყვებს: „ასე ამბობს უფალი“ (ესაია 43:14; იერემია 2:2). თვით იესო ქრისტე, ღვთის ძე, ხაზგასმით ამბობდა, რომ საკუთარ აზრებს არ ასწავლიდა (იოანე 14:10). ბიბლია არაორაზროვნად ამბობს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).
არც ერთი სხვა წიგნი არ არის გამოცემულ იმდენ ენაზე, რამდენზეც ბიბლია. გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მონაცემების თანახმად, ბიბლია 2 200-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. არც ერთი სხვა წიგნი არ გამოცემულა ამხელა ტირაჟით — დღეისთვის ოთხ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი. განა სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო, ღვთის სიტყვა ხომ მთელი კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი?!
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ბროშურას „წიგნი ყველასათვის“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
თუ იმის რწმენა გექნებათ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა და ამ აზრით წაიკითხავთ მას, ბევრ სასარგებლოს იპოვით.
[ჩარჩო⁄სურათები 8 გვერდზე]
რა არის ღვთის სამეფო?
ეს არის ზეციერი მთავრობა, რომელიც ცისა და დედამიწის შემოქმედმა, ჭეშმარიტმა ღმერთმა, იეჰოვამ დააფუძნა (იერემია 10:10, 12).
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ძალაუფლება იესო ქრისტეს მისცა (გამოცხადება 11:15). დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადი გახადა, რომ მას უკვე საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა — ის ბუნების ძალებს იმორჩილებდა, მრავალგვარ ავადმყოფობას კურნავდა და მკვდრებსაც კი უბრუნებდა სიცოცხლეს (მათე 9:2—8; მარკოზი 4:37—41; იოანე 11:11—44). ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ ღმერთი მას აგრეთვე მისცემდა „ხელმწიფებას, დიდებას და მეფობას, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“ (დანიელი 7:13, 14). ამ მთავრობას ზეციერი სამეფო ეწოდება; იესო სწორედ რომ ზეციდან მეფობს ახლა.
[სურათები 7 გვერდზე]
სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ქადაგებენ.