ბირთვული საშიშროება კვლავ გვემუქრება
„მსოფლიოს ისე არაფერი უკარგავს მოსვენებას, როგორც ზეიარაღის გავრცელება“. (უილიამ ბეროუზი და რობერტ უინდრემი, CRITICAL MASS).
თენდებოდა 1995 წლის 25 იანვარი. ჩრდილოეთ რუსეთში განლაგებული რადიოლოკაციური სადგურის ეკრანებზე ავის მომასწავებელმა გამოსახულებამ გაიელვა. სადღაც ნორვეგიის სანაპირო ზოლზე რაკეტა გაუშვეს! სადგურში მომუშავე ოპერატორებმა სასწრაფოდ გააფრთხილეს მოსკოვი ბირთვული ბომბის შესაძლო ჩამოვარდნის შესახებ. რამდენიმე წუთში რუსეთის პრეზიდენტს ელექტრონულ მოწყობილობებიანი ჩემოდანი გადასცეს, რომლის დახმარებითაც მას გამანადგურებელი ბირთვული კონტრშეტევის განკარგულების გაცემა შეეძლო. ყოვლისმომცველი ბირთვული ომი სადაცაა უნდა დაწყებულიყო.
საბედნიეროდ, საღმა გონებამ გაიმარჯვა და მალევე გამოვლინდა, რომ რაკეტის ტრაექტორია რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ რეაქტიულ რაკეტას მეტეოროლოგიური კვლევისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გადაჰქონდა. ამ მოვლენის შემდეგ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული ერთი სტატია შენიშნავდა: «ის, რაც მოხდა, შეიძლება ბირთვული ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მომენტად ჩაითვალოს. ამან დაგვანახვა, რომ „ცივი ომისთვის“ დამახასიათებელი სწრაფი რეაგირების ბირთვული კონტრშეტევის მექანიზმი კვლავ ძალაში რჩება და სრულიად დასაშვები იყო, ამას კატასტროფულ შედეგებამდე მივეყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ წამყვან სახელმწიფოებს შორის ბირთვული მეტოქეობა დასრულებულია».
საბრძოლო მზადყოფნაში
ათწლეულების განმავლობაში როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკა დაფუძნებული იყო ეგრეთ წოდებულ „დამუქრების“ კონცეფციაზე, რომელიც ცნობილია, როგორც ორმხრივად გარანტირებული განადგურება (ოგგ). ოგგ-ის პირველ საყრდენს წარმოადგენდა გაფრთხილების სიგნალზე რაკეტების გაშვების სტრატეგია. ეს ორივე მხარეს მტკიცედ არწმუნებდა იმაში, რომ, თუ პირველი თვითონ მიიტანდა იერიშს, მოწინააღმდეგე მხარე ჯერ კიდევ მანამდე წამოიწყებდა მასიურ საპასუხო დარტყმებს, სანამ პირველის მიერ გაშვებული საბრძოლო მუხტები მიზანს მოხვდებოდა. ოგგ-ის მეორე საყრდენს თავდასხმის შემთხვევაში რაკეტების გაშვების სტრატეგია წარმოადგენდა. ეს სტრატეგია გულისხმობდა საპასუხო დარტყმების მიყენებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მტრის საბრძოლო მუხტები ზიანის მიყენებას მოასწრებდა.
მიუხედავად „ცივი ომის“ დასრულებისა, ოგგ კვლავ თავზარს სცემს კაცობრიობას. აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული იარაღის მარაგი მნიშვნელოვანწილად შემცირდა — როგორც ზოგი ამბობს, განახევრდა კიდეც — მაგრამ ათასობით ბირთვული მუხტი ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება შემთხვევით ან ნებართვის გარეშე მოხდეს. და რადგან ორივე სახელმწიფო კვლავ შიშობს, რომ მოწინააღმდეგე მხარე პირველი მიიტანს იერიშს, რაც, ერთი შეხედვით, ძნელი დასაჯერებელია, საკმაოდ ბევრი რაკეტა მათ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავთ.
1994 წელს შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული რეაქტიული რაკეტებით ერთმანეთის მიზანში ამოღება შეეწყვიტათ. «თუმცა მისასალმებელი ნაბიჯია, ამ მოვლენამ ბევრი ვერაფერი შეცვალა სამხედრო პოლიტიკაში, — შენიშნავს „საიენტიფიკ ამერიკენ“. — სარაკეტო კომპლექსის მეთაურებს შეუძლიათ მიზნის კოორდინატები სულ რამდენიმე წამში ხელახლა შეიტანონ დამიზნების მარეგულირებელ კომპიუტერში».
ახალი ბირთვული იარაღი ჰორიზონტზე
შეუძლებელია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ბირთვული იარაღის კვლევა და გაუმჯობესება კვლავაც მიმდინარეობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ამ სახის იარაღზე წლიური ბიუჯეტიდან 4,5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი! 1997 წელს კანადის „ტორონტო სტარი“ იუწყებოდა: «პარადოქსულია, მაგრამ აშშ დღეს უფრო მეტ თანხებს ხარჯავს ბირთვული ომის მექანიზმის შესანარჩუნებლად, ვიდრე „ცივი ომის“ დროს. და შეინიშნება, რომ ამ თანხების ნაწილი მეტად საეჭვო პროგრამებს ხმარდება, რამაც, კრიტიკოსების აზრით, შეიძლება ახალი გლობალური გამალებული შეიარაღების დაწყებამდე მიგვიყვანოს».
მაგალითად, ხანგრძლივი დავის საგანი გახდა აშშ-ის მრავალმილიარდიანი სამთავრობო პროექტი, რომელსაც სტრატეგიული მარაგის წარმოების მართვისა და კონტროლის პროგრამა უწოდეს. თუმცა ამ პროგრამის მოჩვენებითი მიზანი უკვე არსებული ბირთვული იარაღის შენახვაა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ სინამდვილეში ის უფრო საშინელი რამისთვის არის განკუთვნილი. ერთი სამეცნიერო ჟურნალი შენიშნავს: „ცვლილებების შესატანად, მოდიფიკაციისთვის, მოდერნიზაციისთვის და მარაგის შესავსებად დასახული გეგმები მხოლოდ ბირთვული არსენალის ვარგისიანობის გახანგრძლივებას კი არ ითვალისწინებს, . . . არამედ მის გაუმჯობესებასაც“ (The Bulletin of the Atomic Scientists).
1997 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბირთვული ბომბის B-61-ის გამოგონებამ, რომელსაც აფეთქებამდე დედამიწის ქერქში შეღწევა შეუძლია. ამგვარად, მას შეუძლია მიწისქვეშა სამხედრო შტაბების, ფაბრიკებისა და ლაბორატორიების განადგურება. თუმცა მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ძველი ბომბის უბრალო სახეცვლილებაა, მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ახალი ბომბია, რაც უხეში დარღვევაა აშშ-ის მთავრობის მიერ დადებული პირობებისა, რომ აღარ შეეცდებოდა ახალი ბირთვული იარაღის შექმნას.
პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელი ბირთვული ფიზიკის დარგში, ტედი ტეილორი, ამბობს: „ვხვდები, რომ ის კვლევა-ძიება, რომელსაც ამჟამად აშშ აწარმოებს, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს და მჯერა, ჩვენს მიერ წამოწყებულ ზოგიერთ პროექტს მსოფლიო ახალი გამალებული შეიარაღებისკენ მიჰყავს“. კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ახალი სახის იარაღისთვის საჭირო კვლევა-ძიების, მათი განვითარებისა და კონსტრუირების აქტიური მომხრეები თავად იარაღის გამომგონებლები არიან. ამ გამოცდილ მეცნიერებს შეიძლება შელახული თავმოყვარეობა და პრესტიჟი, აგრეთვე ფინანსური სიძნელეები, უბიძგებს, რომ ძალ-ღონე არ დაიშურონ ახალი იარაღის შექმნისთვის საჭირო კვლევა-ძიების გასაახლებლად.
ახალი სახელმწიფოები ბირთვულ არენაზე
მსოფლიოს პოლიტიკურ წყობაში საკმაო ცვლილებები მოხდა. ბირთვულ სახელმწიფოთა ჯგუფს ტრადიციულად ხუთეული შეადგენდა: ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები და ჩინეთი. მაგრამ უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნებმაც დაამზადა. ინდოეთისა და პაკისტანის მიერ ბოლო ხანს ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდებმა შიშის საფუძველი შექმნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაც გამალებულ შეიარაღებაშია ჩაბმული. ეჭვობენ, რომ ბირთვული პროგრამების განხორციელებას ალჟირი, ერაყი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაც აპირებს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, რომელიც 1970 წელს შევიდა ძალაში, 180-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. მაგრამ ზოგ სახელმწიფოს, რომლებზეც ეჭვობენ, რომ თავიანთ „ბირთვულ ამბიციებს“ მალავენ, დღემდე არ მოუწერია ხელი.
ჟურნალ „ეიშაუიკის“ (Asiaweek) თანახმად, „სპეციალისტები, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელებას აკონტროლებენ, დარწმუნებული არიან, რეალური საფრთხე სახელმწიფოთა იმ მზარდი რიცხვიდან მომდინარეობს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ბირთვული იარაღის მარაგის ქონა სურთ“. ზოგიერთი მეთვალყურის აზრით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ვერ შეაჩერებს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მიუხედავად მოსალოდნელი სადამსჯელო ზომებისა, მაინც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბირთვული იარაღის საიდუმლოდ წარმოებისთვის საჭირო ტექნიკისა და ნედლეულის მოპოვება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი ვარაუდობს, რომ „XXI საუკუნის დასაწყისისთვის უამრავ სახელმწიფოს შეეძლება [ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული] საბრძოლო მუხტების ადგილობრივად წარმოებულ რაკეტებში მოთავსება“.
არც იმას უნდა მოველოდეთ, რომ ყველა სახელმწიფო დაემორჩილება ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც 1996 წელს რამდენიმე ქვეყანამ ბირთვული იარაღის გამოცდის სრული აკრძალვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ზემოხსენებული ჟურნალის სარედაქციო წერილი იუწყებოდა: „ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ძნელი არ არის ბირთვული გამოცდების აკრძალვაზე იქადაგონ, რადგან მათ უკვე მოასწრეს საკმარისი ბირთვული გამოცდების ჩატარება და დამაკმაყოფილებელი ინფორმაციაც მოაგროვეს“.
ბირთვული კონტრაბანდა და ტერორიზმი
მრავალი ყველაზე დიდ საფრთხეს იმაში ხედავს, რომ ზოგიერთ ტერორისტულ დაჯგუფებას შეუძლია ბირთვული იარაღი ჩაიგდოს ხელში და მათი აფეთქებით ან, სხვა თუ არაფერი, აფეთქების მუქარით, თავიანთი პოლიტიკური ამბიციები მოგვახვიონ თავს. იმასაც შიშობენ, რომ რადიოაქტიური მასალების გამოყენებით კრიმინალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ მთავრობას ან სააქციო საზოგადოებებს დიდძალი თანხები გამოსძალონ. „საიენტიფიკ ამერიკენში“ მოცემული სტატია განმარტავს: „ბირთვული შანტაჟის მომწყობთათვის საკმაოდ ადვილი იქნებოდა, ბირთვული მასალის ნიმუში სპეციალურად დაეტოვებინათ სადმე, რითაც თავიანთ სიძლიერეში დაგვარწმუნებდნენ. შემდეგ ჰაერის თუ წყლის მარაგის მოწამვლით ან კიდევ შედარებით მცირე ატომური ბომბის აფეთქებით დაიმუქრებოდნენ, რითაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენდნენ. სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე გამოავლინეს ბირთვული კონტრაბანდის გატანა-შემოტანის მცდელობები. ეს კიდევ უფრო გვიძლიერებს შიშს, რომ არამზადების ბანდები ბირთვული იარაღის დამზადებას შეეცდებიან“.
ზოგიერთი კომენტატორი ბირთვულ კონტრაბანდას სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევს. როგორც ისინი ამბობენ, საეჭვო პირების ხელში ბირთვული მასალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია მოხვედრილი და, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ნედლეული იარაღის დამზადების მოთხოვნებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ ჟურნალი „საიენტიფიკ ამერიკენ“ მკითხველს შეახსენებს, რომ „თითქმის ყველა უკანონო ბაზარზე პრობლემის მხოლოდ ზედაპირული ნაწილი იკვეთება და გამონაკლისი არც ბირთვული ნედლეულის შავი ბაზარია. სისულელე იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება კონტრაბანდის 80 პროცენტზე მეტს აკავებს. თუნდაც ასე იყოს, მცირე კონტრაბანდასაც კი შეუძლია სერიოზულ არასახარბიელო შედეგებამდე მიგვიყვანოს“.
თუმცა ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია, ვარაუდობენ, რომ ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭიროა 3-დან 25 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი და 1-დან 8 კილოგრამამდე ამ მიზნით სათანადოდ გადამუშავებული პლუტონიუმი. კონტრაბანდისტების სასიხარულოდ, 7 კილოგრამი პლუტონიუმის მოთავსება თავისუფლად შეიძლება გამაგრილებელი სასმელების სტანდარტულ ალუმინის ქილაში. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ შეიძლება თვით ბირთვულ რეაქტორებში საწვავად ხმარებული პლუტონიუმი — რომელიც გაცილებით ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე ბომბების დასამზადებლად საჭირო — გამოიყენონ კუსტარული, მაგრამ მაინც გამანადგურებელი ძალის მქონე, ბირთვული ბომბის დასამზადებლად. როგორც მრავალი სპეციალისტი ირწმუნება, თუ რადიოაქტიური ნივთიერებების მარაგი მართლაც არასაკმარისად არის დაცული, მაშინ მათი მოპარვა გაცილებით ადვილი შესაძლებელი იქნება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. რუსმა სახელმწიფო მოღვაწემ მიხეილ კულიკმა მოსწრებულად შენიშნა: „დღეს, ალბათ, კარტოფილს უკეთესად ვიცავთ, ვიდრე რადიოაქტიურ ნივთიერებებს“.
მაშინ გამოდის, რომ ბირთვული საშიშროება „დამოკლეს მახვილივით“ კვლავ ავის მომასწავებლად „ჰკიდია“ კაცობრიობის თავზე. შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საშიშროება ოდესმე აღარ იარსებებს?
[ჩანართი 8 გვერდზე]
„სპეციალისტები, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელებას აკონტროლებენ, დარწმუნებული არიან, რეალური საფრთხე სახელმწიფოთა იმ მზარდი რიცხვიდან მომდინარეობს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ბირთვული იარაღის მარაგის ქონა სურთ“ (Asiaweek).
[ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]
ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი — ნამდვილი კოშმარი
აგრესიულად განწყობილმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ეკონომიკური მდგომარეობა ბირთვული პოტენციალის განვითარების საშუალებას არ აძლევს, შეიძლება მომწამლავი გაზით ან ბიოლოგიური იარაღით აღჭურვილ საშუალო სიშორის რეაქტიულ რაკეტებს მიმართონ. ამ საშუალებებს „ღარიბი კაცის ბირთვული იარაღი“ უწოდეს. მაგრამ მრავალი კომენტატორი შიშობს, რომ ასეთი იარაღი შეიძლება ტერორისტული დაჯგუფებების ხელშიც აღმოჩნდეს.
საგულისხმოა, რომ ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს გასროლის მაღალტექნიკური სისტემის გარეშეც შეუძლია მასიური განადგურების გამოწვევა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უილიამ კოენმა 1997 წლის ნოემბერში განაცხადა: „თანამედროვე მოწინავე ტექნიკის, დაპატარავებული და საზღვრებშემოძარცვული მსოფლიოს პირობებში ძალიან ადვილად შეიძლება მასობრივი ავადმყოფობის, სიკვდილისა და განადგურების გამოწვევა. ვიღაც მარტოხელა დამთხვეულს ან ფანატიკოსების ბრბოს საწამლავის ბოთლით, დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით ან თვითნაკეთი ატომური ბომბით შეუძლია დაიმუქროს ან, თავისი მხეცური ვნებების დასაკმაყოფილებლად, ათიათასობით ადამიანი თვალის დახამხამებაში ამოწყვიტოს“. ამ შიშის საფუძვლიანობა 1995 წლის მარტში ტოკიოს მეტროში მომხდარმა შემთხვევამაც დაადასტურა, როდესაც სექტანტმა ტერორისტებმა ნერვულ-პარალიზური გაზით, ზარინით, მოწამლეს მგზავრები. თორმეტი კაცი დაიღუპა, ხოლო 5 500 დაშავდა.
„თუ ქიმიური იარაღი მოსვენებას გვიკარგავს, მაშინ მით უმეტეს ბიოლოგიური იარაღი, რომელიც ნამდვილი კოშმარია, — შენიშნავს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ლეონარდ კოული. — ქიმიური ნივთიერებები უსიცოცხლოა, მაგრამ ბაქტერიები, ვირუსები და სხვა ცოცხალი წარმონაქმნები შეიძლება გადამდები იყოს და სწრაფად მრავლდებოდეს. ხელსაყრელ გარემო პირობებში მოხვედრისას ისინი მრავლდებიან. სხვა იარაღისგან განსხვავებით ისინი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო საშიში ხდებიან“.
ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების შეწყვეტის მიზნით 1972 წელს ძალაში შევიდა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის, ხოლო 1993 წელს ქიმიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულება. მაგრამ ჟურნალი „ეკონომისტი“ შენიშნავს, რომ ასეთი კეთილი მიზნების მიუხედავად, „იარაღის გავრცელებაზე დაწესებული არანაირი კონტროლი არ არის სრულყოფილი . . . მათი მეშვეობით შეუძლებელია ყველა დარღვევის გამოვლენა“ (The Economist). იმავე წყაროში ნათქვამია: „და, რაღა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ ნამდვილი მატყუარები ხელს მოაწერენ საერთოდ რაიმე შეთანხმებაზე“.
[სურათები]
სამართალდამცავები შიშობენ, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი შეიძლება ადვილად აღმოჩნდეს ტერორისტების ხელში.
[რუკა 7 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ბირთვული სახელმწიფოები.
დიდი ბრიტანეთი
ჩინეთი
საფრანგეთი
რუსეთი
შეერთებული შტატები
სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც ბოლო დროს განახორციელეს ბირთვული გამოცდები.
ინდოეთი
ისრაელი
პაკისტანი
სახელმწიფოები, რომლებიც, სავარაუდოა, რომ ბირთვულ პოტენციალს ავითარებენ.
ალჟირი
ირანი
ერაყი
ჩრდილოეთ კორეა
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ბირთვული ბომბი B-61 ჩამოგდების მომენტში. განკუთვნილია მიწისქვეშა სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად.
[საავტორო უფლება]
U.S. Air Force Photo
[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]
U.S. Air Force Photo