ეფექტურად გამოიყენე ბიბლია
1. რა შეგიძლია გააკეთო, როცა ემზადები სამქადაგებლო მსახურებისთვის?
1 იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელი ლიტერატურის შეთავაზებას ვაპირებთ მსახურებაში, სასარგებლო იქნებოდა, წინასწარ შეგვერჩია დამაფიქრებელი მუხლი და მობინადრისთვის წაგვეკითხა (ებრ. 4:12). შესათავაზებელი პუბლიკაციიდან შერჩეული ბიბლიური მუხლის განხილვა დაგეხმარება პუბლიკაციის ეფექტურად გავრცელებაში. ზოგ ტერიტორიაზე მაუწყებლებს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალკეულ პიროვნებებთან თუ კარდაკარ ქადაგებისას სასარგებლოა ბიბლიის ხელში დაჭერა.
2. ა) როგორ შეგვიძლია დავიწყოთ შეთავაზება ბიბლიური მუხლის გამოყენებით? ბ) რომელი ბიბლიური საკითხები აინტერესებთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს?
2 დაიწყე ბიბლიური მუხლით. ზოგიერთი მაუწყებელი მობინადრესთან შეთავაზებას იწყებს ბიბლიაზე დაფუძნებული მარტივი შეკითხვით, შემდეგ კი შესაბამის მუხლს უკითხავს. ამ მეთოდით სწრაფად გადაგვაქვს მობინადრის ყურადღება ღვთის სიტყვაზე. ეფექტური იქნებოდა რომელიმე ქვემოთ მოცემული შეთავაზება თქვენს ტერიტორიაზე?
◼ „ძალა რომ შეგწევდეთ, მოახდენდით ასეთ ცვლილებებს?“ წაუკითხე გამოცხადება 21:4.
◼ „რატომ ვცხოვრობთ ასეთ რთულ დროში?“ წაუკითხე 2 ტიმოთე 3:1—5.
◼ „როგორ ფიქრობთ, ჩვენ გარშემო უკეთესი საზოგადოება იქნებოდა, თუ ყველა მიჰყვებოდა ამ რჩევას?“ წაუკითხე მათე 7:12.
◼ „როგორ ფიქრობთ, ექნებათ თქვენს შვილებს აქ აღწერილი პირობები? წაუკითხე ფსალმუნები 36:10 11.
◼ „ოდესმე დადგება ისეთი დრო, როდესაც ეს სიტყვები შესრულდება?“ წაუკითხე ესაია 33:24.
◼ „გსმენიათ, რა ცვლილებებს მოახდენს აქ მოხსენიებული მთავრობა?“ წაუკითხე დანიელი 2:44.
◼ „გქონიათ ოდესმე სურვილი, ღვთისთვის ასეთი რამ გეკითხათ? წაუკითხე იობი 21:7.
◼ „შესაძლებელია, რომ კვლავ ვიხილოთ ჩვენი საყვარელი მიცვალებულები?“ წაუკითხე იოანე 5:28 29.
◼ „იციან მკვდრებმა, რას აკეთებენ ცოცხლები?“ წაუკითხე ეკლესიასტე 9:5.
3. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს ბიბლიური მუხლების გაგებაში?
3 ახსენი, მოიყვანე მაგალითი და ცხოვრებასთან დააკავშირე. როდესაც შეატყობ, რომ პიროვნება დაინტერესდა, ნუ იჩქარებ; გამოყავი დრო, რომ კარგად აუხსნა წაკითხული ბიბლიური მუხლი, მოუყვანე შესაბამისი მაგალითი და დაანახვე, როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულად გამოყენება, რათა მისთვის ადვილი გასაგები იყოს (ნეემ. 8:8). ადამიანებმა შესაძლოა დიდი ცვლილებები მოახდინონ ცხოვრებაში, როდესაც ჩასწვდებიან ღვთის სიტყვის სწავლებებს და მიიღებენ მათ (1 თეს. 2:13).
4. როგორ შეგვიძლია ბიბლიის ეფექტურად გამოყენება განმეორებითი მონახულებების დროს?
4 მობინადრის ინტერესის აღსაძვრელად ყოველთვის გამოიყენე ბიბლია. განმეორებითი მონახულებების დროსაც შეგიძლია იმავე მეთოდის გამოყენება: 1) შეარჩიე სათანადო მუხლი. 2) ამ მუხლთან დაკავშირებით დასვი მარტივი, დამაფიქრებელი კითხვა, შემდეგ წაიკითხე ეს მუხლი. 3) ახსენი, მოიყვანე მაგალითი და ცხოვრებასთან დააკავშირე. ყოველი განმეორებითი მონახულების დროს ეცადე, უფრო მეტი ცოდნა მიიღოს მობინადრემ ღვთის სიტყვიდან. მალე შესაძლებელია ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.