ღვთისადმი ჩემი ოჯახის ერთგულებით აღძრული
მოგვითხრო ჰორსტ ჰენშელმა
„თუ ამ წერილმა შენამდე მოაღწია, გიხაროდეს, რადგან მე ბოლომდე მტკიცე დავრჩი. ორი საათის შემდეგ სიკვდილით დამსჯიან“. ამ სიტყვებით იწყებოდა მამის უკანასკნელი წერილი. ჰიტლერის არმიაში მსახურებაზე უარის თქმისთვის 1944 წლის 10 მაისს ის სიკვდილით დასაჯეს. მისმა და ასევე დედისა და დის, ელფრიდეს, ღვთისადმი ერთგულებამ დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე“.
ათას ცხრაას ოცდათორმეტ წელს, დაახლოებით იმ პერიოდისთვის, როდესაც მე დავიბადე, მამამ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების კითხვა დაიწყო. ყველაფერთან ერთად მან სამღვდელოების თვალთმაქცობაც დაინახა, რის გამოც ეკლესიებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა.
1939 წელს II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მალე მამა გერმანიის ჯარში გაიწვიეს.
— ბიბლიის თანახმად მე არ უნდა წავიდე, — უთხრა მან დედას, — ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არა აქვს.
— თუ არ წახვალ, მოგკლავენ, — უთხრა დედამ. — მერე ოჯახს რა ეშველება?
ასე გახდა მამა ჯარისკაცი.
გარკვეული დროის შემდეგ დედა, რომელიც იქამდე ბიბლიას არ სწავლობდა, შეეცადა დაკავშირებოდა იეჰოვას მოწმეებს, რაც იმ დროს ძალიან საშიში იყო. ის შეხვდა დორას, რომლის ქმარიც რწმენის გამო საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. დორამ დედას „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი მისცა და თან დასძინა: „გახსოვდეს, გესტაპო (საიდუმლო პოლიცია) მომკლავს, თუ გაიგებს, რომ ეს მე მოგეცი“.
მოგვიანებით დედამ იეჰოვას მოწმეებისგან უფრო მეტი პუბლიკაციები მიიღო, რის შედეგადაც მასში იმ ბიბლიური ჭეშმარიტებებისადმი მადლიერებამ იწყო გაღვივება, რომლებსაც ეს ლიტერატურა შეიცავდა. გარკვეული დროის შემდეგ მეზობლად მდებარე დრეზდენიდან მაისენში, ჩვენთან სახლში, სიარული დაიწყო მაქს რიუბზამმა. მაქსი ბიბლიის შესწავლას გვიტარებდა, რითაც საკუთარ თავს საფრთხეში იგდებდა. მართლაც, ცოტა ხანში ის დააპატიმრეს.
ბიბლიის შესწავლის შედეგად დედას იეჰოვასადმი რწმენა გაუჩნდა და სიცოცხლე მას მიუძღვნა, რაც 1943 წლის მაისში წყალში ნათლობით გამოხატა. მე და მამა რამდენიმე თვის მერე მოვინათლეთ. დაახლოებით ამავე დროს მოინათლა ჩემი 20 წლის და, ელფრიდე, რომელიც დრეზდენში მუშაობდა. ამგვარად, სწორედ იმ დროს, როდესაც II მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ოთხივემ ჩვენი სიცოცხლე იეჰოვას მივუძღვენით. 1943 წელს შეგვეძინა უმცროსი და, რენატე.
რწმენისთვის დევნილნი
მონათვლის წინ, „ახალგაზრდა ჰიტლერელთა კავშირიდან“ გამოვედი. ხოლო, როდესაც ჰიტლერისთვის სალმის მიცემაზე უარი განვაცხადე, რაც სკოლაში ყოველდღიურად მოითხოვებოდა, მასწავლებლებმა სილა გამაწნეს. მიუხედავად ამისა, მე მახარებდა ის, რომ მშობლებისგან განმტკიცებულმა, ერთგულება შევინარჩუნე.
მაგრამ იყო დრო, როდესაც ფიზიკური დასჯის ან შიშის გამო, მითქვამს: „ჰაილ ჰიტლერ!“ და ამ დროს ცრემლით სავსე თვალებით დავბრუნებულვარ სახლში, ხოლო ჩემი მშობლები ჩემთან ერთად ლოცულობდნენ, რათა გამბედაობა მომეკრიბა და მტრის შემდგომი შეტევა მომეგერიებინა. შიშის გამო არაერთხელ მოვქცეულვარ არასწორად, მაგრამ იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ.
ერთხელ გესტაპომ ჩვენი სახლი გაჩხრიკა.
— იეჰოვას მოწმე ხომ არა ხართ? — ჰკითხა დედას გესტაპოს აგენტმა.
დღესაც თვალწინ მიდგას კარის წირთხლს მიყრდნობილი დედა, რომელმაც მტკიცედ უპასუხა:
— დიახ, — მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამას საბოლოოდ დაპატიმრება მოჰყვებოდა.
ორი კვირის შემდეგ, როდესაც დედა რენატეს უვლიდა, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ იყო, მის დასაპატიმრებლად გესტაპო მოვიდა. დედამ პროტესტი განაცხადა: „მე საჭმელს ვაჭმევ ბავშვს“! მაგრამ ქალმა, რომელიც მათთან ერთად მოვიდა, ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და უბრძანა: „მოემზადე! უნდა წამოხვიდე“. დედისთვის ეს ადვილი არ იყო.
მამა ჯერ კიდევ არ იყო დაპატიმრებული, ამიტომ მე და ჩემს პატარა დაიკოს ის გვივლიდა. დედის წაყვანიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, სკოლაში წასვლის წინ მამას მაგრად ჩავეხუტე. იმ დღეს მამა დაიჭირეს, რადგან უარი თქვა სამხედრო სამსახურში დაბრუნებაზე. ასე რომ, როდესაც ნაშუადღევს სახლში დავბრუნდი, ის უკვე წაყვანილი იყო; იმ დილას თურმე მამა უკანასკნელად მინახავს.
პაპა, ბებია და სხვა ნათესავები, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იყვნენ და ზოგი მათგანი ნაცისტური პარტიის წევრიც იყო; აი ამ ხალხს უნდა გაეწია ახლა ჩემს პატარა დაიკოსა და ჩემზე მზრუნველობა. ისინი მიკრძალავდნენ ბიბლიის კითხვას. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქალმა მალულად გადმომცა ეს წიგნი, მე ვკითხულობდი მას. აგრეთვე მუხლებზე ვეცემოდი ჩემი პატარა დაიკოს საწოლის წინ და ვლოცულობდი.
ცოტა ხნის შემდეგ, ჩემმა დამ, ელფრიდემ, გაიარა რწმენის გამოცდა. მან მუშაობა მიატოვა დრეზდენის ქარხანაში, რომელიც სამხედრო აღჭურვილობას უშვებდა და მაისენში პარკებისა და ბაღების მომვლელის სამუშაო იშოვა. როდესაც ის სამმართველოში ხელფასის ასაღებად შევიდა, მისალმების ნიშნად მას არ უთქვამს: „ჰაილ ჰიტლერ!“ გარკვეული დროის შემდეგ ის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს.
სამწუხაროდ, ელფრიდეს დიფტერია და ქუნთრუშა დაემართა და დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 21 წლის იყო. უკანასკნელ წერილში მას ლუკას 17:10-დან ჰქონდა მოყვანილი ციტატა: „როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“. ღვთისადმი მისი ერთგულება ჩემთვის დიდად განმამტკიცებელი იყო (კოლასელთა 4:11, აქ).
მამის გამოცდა
პაპაჩემმა, დედაჩემის მამამ, ციხეში მოინახულა მამაჩემი და მისი აზროვნების შეცვლას შეეცადა. ხელ-ფეხზე ბორკილდადებული მამა მის წინ მიდიოდა. მამამ მტკიცედ უკუაგდო წინადადება, შვილების გულისთვის ხელი მოეკიდა სამხედრო სამსახურისთვის. ციხის ერთმა ყარაულმა პაპას უთხრა: „ამ კაცს ათი შვილიც რომ ჰყავდეს, სხვაგვარად არ მოიქცევა“.
პაპა სახლში საშინლად გაბრაზებული დაბრუნდა. „ეს ბოროტმოქმედი! — მთელი ხმით ყვიროდა ის. — ეს უვარგისი! როგორ შეუძლია მიყაროს საკუთარი შვილები?“ პაპა ძალიან იყო განაწყენებული, მაგრამ მე ბედნიერება მომანიჭა მამის უდრეკობამ.
ბოლოს მამას სიკვდილი მიუსაჯეს და თავი მოჰკვეთეს. მამის სიკვდილით დასჯიდან ცოტა ხნის შემდეგ მისი უკანასკნელი წერილი მივიღე. მან არ იცოდა, თუ რომელ ციხეში იჯდა დედა და ამიტომ მე მომწერა. ავედი საწოლ ოთახში, რომელიც სხვენზე იყო, და წავიკითხე ის პირველი სიტყვები, რომლებიც სტატიის დასაწყისში მოვიყვანე. წერილმა ძალიან დამამწუხრა და ავტირდი, მაგრამ ამავე დროს მახარებდა იმის ცოდნაც, რომ ის იეჰოვასადმი ერთგული დარჩა.
დედის მწუხარება
დედა, გასამართლებამდე, სამხრეთ გერმანიის ციხეში გაგზავნეს. ერთ დღეს ყარაული მივიდა დედის საკანთან და „მეგობრულად“ უთხრა, რომ შეეძლო არ ამდგარიყო. მაგრამ დედა ადგა და თქვა: „ვიცი, რომ ჩემი ქმარი მოკლეს“. მოგვიანებით დედას მამის სისხლით მოთხვრილი ტანსაცმელი მიუტანეს, რაც უსიტყვოდ მეტყველებდა იმ წამებაზე, რომელიც მამამ სიკვდილამდე გადაიტანა.
ერთხელაც დედა ციხის სამმართველოში დაიბარეს და უკმეხად უთხრეს: „შენი ქალიშვილი ციხეში მოკვდა. როგორ გინდა მისი დამარხვა?“ ცნობა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ დედას თავიდან ენა ჩაუვარდა. მაგრამ იეჰოვასადმი მტკიცე რწმენამ ძალა შეჰმატა მას.
ნათესავები საკმაოდ კარგად ზრუნავდნენ ჩემს დასა და ჩემზე. ისინი ძალიან გულთბილად გვექცეოდნენ. ერთხელ, ერთი მათგანი მივიდა ჩემს მასწავლებლებთან და სთხოვა, მოთმინებით მომპყრობოდნენ. ასე რომ მასწავლებლებიც ძალიან მეგობრულები გახდნენ და აღარ მსჯიდნენ, როდესაც „ჰაილ ჰიტლერს!“ არ ვეუბნებოდი. მაგრამ ყოველივე ამ სიკეთეს მხოლოდ იმ მიზნით იჩენდნენ, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა დამეთმო. სამწუხაროდ, მათი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
1945 წლის მაისში ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხალისედ ვესწრებოდი „ახალგაზრდა ნაცისტთა“ ორგანიზაციის ზოგიერთ მსახურებას. ამის შესახებ დედას ვწერდი, ის კი ჩემი წერილებიდან მიხვდა, რომ იეჰოვასადმი მსახურების მიზანი დავთმე. მოგვიანებით მან თქვა, რომ ამ წერილმა უფრო გაანადგურა, ვიდრე მამისა და ელფრიდეს სიკვდილის ცნობამ.
მალე ომი დამთავრდა და დედაც გამოვიდა ციხიდან. მისი დახმარებით კვლავ აღვიდგინე სულიერი წონასწორობა.
სრული დროით მსახურების დაწყება
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 4 წლის შემდეგ, 1949 წლის მიწურულს, მიმომსვლელმა ზედამხედველმა განიხილა მალაქიას 3:10: „მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი“. ამან იმდენად იმოქმედა, რომ სრული დროით მსახურებისთვის განცხადება შევავსე. ამგვარად, 1950 წლის 1 იანვარს პიონერი (ასე უწოდებენ სრული დროით მსახურს) გავხდი. გარკვეული დროის შემდეგ შპრემბერგში გადავედი, სადაც უფრო სჭირდებოდათ პიონერები.
იმავე წლის აგვისტოში მივიღე მიწვევა, მემსახურა იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, რომელიც მაგდებურგში, აღმოსავლეთ გერმანიაში, მდებარეობდა. მაგრამ ჩემი ჩასვლიდან ორად ორი დღის შემდეგ, 31 აგვისტოს, პოლიციელები შემოგვივარდნენ და განგვიცხადეს, რომ ჩვენთან ბოროტმოქმედები აფარებდნენ თავს. იქ მყოფ მოწმეთა უმეტესობა დააპატიმრეს და ციხეში წაიყვანეს, მაგრამ მე გაქცევა მოვახერხე და დასავლეთ ბერლინში ჩავედი, სადაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ოფისი იყო. აქ მოვყევი, თუ რა მოხდა მაგდებურგში. მითხრეს, რომ იმ დროს მთელ აღმოსავლეთ გერმანიაში მრავალი მოწმე დააპატიმრეს. გავიგე, რომ პოლიცია თურმე მე შპრემბერგში მეძებდა.
დაპატიმრება და ციხეში ჩასმა
ამჯერად აღმოსავლეთ ბერლინში დამნიშნეს პიონერად. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც დასავლეთ გერმანიიდან აღმოსავლეთ გერმანიაში ბიბლიური ლიტერატურის გადამტანად ვმსახურობდი, დამაპატიმრეს და კოტბუსში ჩამიყვანეს, სადაც შედგა სასამართლო პროცესი და 12 წლით პატიმრობა მომისაჯეს.
სხვა ბრალდებებთან ერთად, ომის გამჩაღებლობაშიც მადანაშაულებდნენ. სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ჩემი ბოლო განაცხადი ასეთი იყო: „როგორ შეიძლება მე, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, დამადანაშაულოთ ომის გამჩაღებლობაში, მაშინ როდესაც მამაჩემმა უარი განაცხადა ომში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ იეჰოვას მოწმე იყო, და ამისთვის თავი მოჰკვეთეს?“ მაგრამ, რასაკვირველია, ამ ხალხს ჭეშმარიტება არ აინტერესებდა.
მაშინ 19 წლის ვიყავი და ჩემთვის ადვილი არ იყო, 12 წლით პატიმრობაზე მეფიქრა. მაგრამ ვიცოდი, რომ სხვებსაც ბევრს გამოუტანეს ასეთი განაჩენი. ხანდახან ხელმძღვანელობა მოწმეებს ცალ-ცალკე გვსვამდა, მაგრამ ჩვენ სხვა პატიმრებთან ვსაუბრობდით ბიბლიის ჭეშმარიტებაზე და ზოგი მათგანი იეჰოვას მოწმე გახდა.
იყო დრო, როდესაც მოწმეებს ერთსა და იმავე საკანში გვათავსებდნენ. მაშინ მთელი ყურადღება ბიბლიის უკეთესად შესწავლაზე გადაგვქონდა. ბიბლიის მთელ თავებს ვსწავლობდით ზეპირად და ბიბლიის მთელი წიგნების დამახსოვრებასაც კი ვცდილობდით. თითოეული გარკვეულ მიზნებს ვისახავდით იმის შესახებ, თუ რა გაგვეკეთებინა და ასევე რა გვესწავლა ყოველდღიურად. ზოგჯერ იმდენად დაკავებულები ვიყავით, რომ ერთმანეთს ვეუბნებოდით: „ჩვენ დრო არა გვაქვს“, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღეები კამერებში ვისხედით და არავითარ სამუშაოს არ გვავალებდნენ.
საიდუმლო პოლიციის დაკითხვები სისასტიკით გამოირჩეოდა. ისინი შეიძლება დღე და ღამე გაგრძელებულიყო და ამასთანავე ამ დროს ყოველგვარ მუქარას მოისმენდი. ერთხელ ისე საშინლად დავიღალე და გამოვიფიტე, რომ ლოცვის თავიც კი არ მქონდა. ორი თუ სამი დღის შემდეგ, ფაქტობრივად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჩემი კამერის კედლიდან ჩამოვხსენი მუყაოს ქაღალდი, რომელზეც ციხის შინაგანაწესი იყო ჩამოწერილი. გადავატრიალე მეორე მხარეს და დავინახე წარწერა. მაღლა ავწიე ის, ისე რომ სინათლე დასცემოდა და წავიკითხე: „ნუ გეშინია მათი, ვინც სხეულს კლავს“ და „მე დავიცავ ყველა ერთგულს, როგორც საკუთარი თვალის გუგას“. ეს სიტყვები ახლა იეჰოვას მოწმეთა სიმღერების წიგნის 27-ე სიმღერაშია ჩართული.
ცხადია, ამ საკანში მყოფი რომელიღაც ძმა ისეთსავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც მე, იეჰოვამ კი განამტკიცა ის. მაშინვე შემემატა სულიერი ძალები და იეჰოვას ამ გამხნევებისთვის მადლობა შევწირე. არასოდეს დამავიწყდება ეს გაკვეთილი, საიდანაც ვისწავლე, რომ, თუკი საკუთარი ძალებით წარმატებას ვერ ვაღწევ, იეჰოვა ღმერთის დახმარებით, არაფერია შეუძლებელი.
დედა იმ დროს დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა, ამიტომ ჩემთან ვერავითარ კონტაქტს ვერ ამყარებდა. მაგრამ აქ იყო ჰანნა, რომელიც იმავე კრებაში გაიზარდა, სადაც მე და რომელსაც ჩვენს ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მთელი პატიმრობის წლების განმავლობაში ის მაკითხავდა, მწერდა გამამხნევებელ წერილებს და ამანათებს მიგზავნიდა, რომელიც ციხეში ასე ძვირფასი იყო. 1957 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 12 წლიანი პატიმრობიდან ნახევრის მოხდის შემდეგ, ჩვენ დავქორწინდით.
ჩემი ძვირფასი მეუღლე, ჰანნა, ერთგულად მსახურობდა ჩემს გვერდში სხვადასხვა დანიშნულებების შესრულებისას და ყოველთვის დიდ დახმარებას მიწევდა. ჩვენი სრული დროით ერთად მსახურების განმავლობაში მას იმდენი რამე აქვს ჩემთვის გაკეთებული, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია მისთვის სამაგიეროს გადახდა.
მსახურება ციხიდან გამოსვლის შემდეგ
მე და ჰანნამ დასავლეთ ბერლინში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ოფისში დავიწყეთ ერთად სრული დროით მსახურება. იქ სამშენებლო სამუშაოებზე დურგლად ვმუშაობდი. მოგვიანებით კი დასავლეთ ბერლინში პიონერობა დავიწყეთ.
ვილი პოლმა, რომელიც მაშინ დასავლეთ ბერლინში ზედამხედველობას უწევდა ჩვენს საქმიანობას, მირჩია, გამეგრძელებინა ინგლისურის შესწავლა. „დრო არა მაქვს“, — ვუპასუხე მე. მაგრამ, რა ბედნიერებაა, რომ მორჩილად განვაგრძე ინგლისურის შესწავლა! შედეგად, 1962 წელს ბრუკლინში (ნიუ-იორკი), სკოლა „გალაადის“ 37-ე კლასის ათთვიან კურსებზე მიმიწვიეს. 1962 წლის 2 დეკემბერს გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მე და ჰანნამ მიმოსვლით მსახურებაში 16 წელი გავატარეთ და მთელი გერმანიის კრებები მოვინახულეთ. 1978 წელს ვისბადენის ფილიალში მიგვიწვიეს. როდესაც დაახლოებით 80-იან წლებში ფილიალმა ზელტერსში ახალ, დიდ, კეთილმოწყობილ შენობებში გადაინაცვლა, რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესანიშნავ ადგილას ვმსახურობდით.
განსაკუთრებული მსახურების დიდად დაფასება
1989 წელს სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა, ბერლინის კედელი დაინგრა; აგრეთვე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა მოწმეებმა თაყვანისცემის თავისუფლება მიიღეს. 1992 წელს მე და ჰანნა ლვოვში მიგვიწვიეს, რათა დახმარება გაგვეწია სამეფოს იმ სწრაფად მზარდი რაოდენობის მაუწყებელთათვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
მომდევნო წელს, გვთხოვეს რუსეთში წავსულიყავით, რათა სამეფოსთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებაში გაგვეწია დახმარება. დაბა სოლნეჩნოეში, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული, დაფუძნდა ოფისი, რომელიც მთელს რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან უმრავლესობაში სამქადაგებლო საქმიანობას უწევს ზედამხედველობას. ჩვენი ჩასვლისას, საცხოვრებელი სახლებისა და დიდი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა უკვე დაწყებული იყო.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1997 წლის 21 ივნისს ჩვენი ახალი ფილიალის მიძღვნა მოხდა. სოლნეჩნოეში სპეციალურ პროგრამაზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 1 492-მა ადამიანმა მოიყარა თავი. მომდევნო დღეს 8 400 ადამიანი ესწრებოდა სანკტ-პეტერბურგის „პეტროვსკის“ სტადიონზე ჩატარებულ მიძღვნის პროგრამის გამეორებასა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების გამამხნევებელ ცნობებს ისმენდა.
როგორ გვახარებს ის საოცარი ზრდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში ხდება! 1946 წელს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი აქ დაახლოებით 4 800-ს შეადგენდა. დაახლოებით 40 წლის შემდეგ, 1985 წელს, ეს რიცხვი 26 905-მდე გაიზარდა. დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ათ რესპუბლიკაში, რომლებსაც ზედამხედველობას სოლნეჩნოეს ფილიალი უწევს, სამეფოს 125 000-ზე მეტი მაუწყებელია, ხოლო 100 000-ზე მეტი მაუწყებელი ქადაგებს ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ ხუთ რესპუბლიკაში. რა ამაღელვებელი იყო ჩვენთვის იმის გაგება, რომ გასული წლის მარტში ქრისტეს გახსენების საღამოს ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში 600 000-ზე მეტი პიროვნება ესწრებოდა!
მაოცებს, როდესაც ვხედავ, თუ რა დიდებულად უძღვება იეჰოვა ღმერთი ამ „უკანასკნელ დღეებში“ თავისი ხალხის შეკრებასა და ორგანიზებას (2 ტიმოთე 3:1). როგორც ბიბლიის ფსალმუნმომღერალი ამბობს, იეჰოვა ასწავლის და სწორ გზაზე აყენებს თავის მსახურებს, თვალი უჭირავს მათზე (ფსალმუნი 31:8). დიდ პატივად მიმაჩნია, მივეკუთვნებოდე იეჰოვას საერთაშორისო ორგანიზაციას!
[სურათი 19 გვერდზე]
ჩემს ორ დასთან ერთად, 1943 წელი.
[სურათი 20 გვერდზე]
მამას თავი მოჰკვეთეს.
[სურათი 20 გვერდზე]
დედა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დამეხმარა.
[სურათი 21 გვერდზე]
ჩემს მეუღლესთან, ჰანასთან, ერთად.
[სურათი 22 გვერდზე]
მიძღვნის მოხსენება რუსეთში არსებული ფილიალის სამეფო დარბაზში.
[სურათები 23 გვერდზე]
ჩვენი ახალი ფილიალის შიდა ეზო და სასადილოს ფანჯრები.