ბიოგრაფია
ჩემი წვლილი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაში
მოგვითხო რობერტ ნიზბეტმა
სვაზილენდის მეფემ, სობჰუზა II-მ, მე და ჩემი ძმა, ჯორჯი, გულთბილად მიგვიღო თავის სამეფო რეზიდენციაში. ეს შორეულ 1936 წელს მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლად მახსოვს ჩვენი საუბარი, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა. ამ საუბრის მიზეზი იყო ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელშიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდი. ამჟამად, 95 წლის ასაკში, დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ ჩემ მიერ შეტანილ წვლილს ამ საქმიანობაში, რომლის გამოც ხუთ კონტინენტზე მომიწია მსახურება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1925 წელს ჩაით მოვაჭრე მამაკაცი, სახელად დობსონი, ესტუმრა ჩვენს ოჯახს ედინბურგში (შოტლანდია). მაშინ 19 წლის ვიყავი და ფარმაცევტის დამხმარედ ვმუშაობდი. თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მაღელვებდა ის საკითხი, რომ 1914—1918 წლებში მომხდარმა მსოფლიო ომმა სრულიად შეცვალა ოჯახების ცხოვრება და ადამიანების რელიგიური შეხედულებები. ერთ–ერთი მონახულების დროს ბატონმა დობსონმა დაგვიტოვა წიგნი, სათაურით „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“. მასში ღმერთი წარმოდგენილი იყო გონიერ შემოქმედად, რომელსაც კონკრეტული, გონივრული და თანამიმდევრული „გეგმა“ ჰქონდა. მე ზუსტად ასეთი ღმერთის თაყვანისცემა მსურდა.
ცოტა ხანში მე და დედამ ბიბლიის მკლევარების (ასე იყვნენ მაშინ ცნობილი იეჰოვას მოწმეები) შეხვედრებზე დავიწყეთ სიარული. 1926 წლის სექტემბერში კი ორივენი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში სრული ჩაძირვით მოვინათლეთ ქალაქ გლაზგოში ჩატარებულ კონგრესზე. მაშინ ყველა მოსანათლავს გრძელი, კაბისმაგვარი სამოსი მისცეს. მას ბოლოში მიკერებული ჰქონდა ფეხებზე შემოსაჭერი ზონრები, რათა წყალში ჩასვლისას ზემოთ არ აწეულიყო. ის საცურაო კოსტიუმის ზემოთ უნდა ჩაგვეცვა. ასეთი სერიოზული ღონისძიების დროს ამგვარი ჩაცმულობა შესაფერისად ითვლებოდა.
ამ ადრეულ პერიოდში ჩვენ ბევრ საკითხში გვჭირდებოდა დახვეწა. კრების წევრების უმეტესობა, თუ ყველა არა, შობას ზეიმობდა. მათგან ძალიან ცოტა მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმიანობაში. ზოგი უხუცესი იმის წინააღმდეგიც კი იყო, რომ კვირაობით ლიტერატურა გაგვევრცელებინა, რადგან მათ ეს შაბათის დარღვევად მიაჩნდათ. 1925 წლიდან „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში უფრო ხშირად მახვილდებოდა ყურადღება მარკოზის 13:10–ზე. ამ მუხლში ნათქვამია: „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“.
როგორ უნდა შესრულებულიყო ეს მსოფლიო მასშტაბის დავალება? კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობის პირველი უღიმღამო მცდელობისას მობინადრეს ვუთხარი, რომ საინტერესო რელიგიურ წიგნებს ვყიდიდი. შემდეგ ერთ–ერთი წიგნი, „ღვთის არფა“, შევთავაზე. მასში განიმარტებოდა ბიბლიის ათი მნიშვნელოვანი სწავლება, რომლებიც არფის ათ სიმთან იყო შედარებული. მოგვიანებით სპეციალური „სამქადაგებლო ბარათები“ მივიღეთ, რომელზეც მობინადრისთვის წასაკითხი მოკლე ცნობა იყო მოცემული. ჩვენ აგრეთვე ვიყენებდით ოთხთწუთნახევრიან მოხსენებათა ჩანაწერებს, რომლებსაც ხალხს პორტატიული ფონოგრაფებით ვასმენინებდით. ფონოგრაფების ადრეული მოდელები სატარებლად ძალიან მძიმე იყო, მოგვიანებით გამოშვებული მოდელები კი გაცილებით ნაკლებს იწონიდა და ზოგიერთი ვერტიკალურ მდგომარეობაშიც კი მუშაობდა.
1925–1930 წლებში ისე ვქადაგებდით, როგორც იმ პერიოდისთვის მიგვაჩნდა საუკეთესოდ. შემდეგ, 40–იანი წლების დასაწყისში ყველა კრებაში „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“ ჩამოყალიბდა. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გაგვეცნო სამეფოს ცნობა დაინტერესებული მობინადრისთვის მაშინ არსებული დამხმარე საშუალებების (მაგალითად, ფონოგრაფების ან ბარათების) გარეშე. აგრეთვე გავიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დაინტერესებულთან ბიბლის საშინაო შესწავლის ჩატარება. გარკვეული გაგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მსოფლიო ბიბლიურ–საგანმანათლებლო საქმიანობის პირველი ნაბიჯები.
ძმა რუტერფორდის მიერ წახალისებული
ძალინ დიდი სურვილი მქონდა, უფრო მეტი მონაწილეობა მიმეღო ამ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რის გამოც 1931 წელს სრული დროით მსახურება გადავწყვიტე. ყველაფერი ისე დავგეგმე, რომ ლონდონში კონგრესზე დასწრების შემდეგ დაუყოვნებლივ დამეწყო პიონერული მსხურება. ერთ–ერთი შესვენების დროს ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხდველობდა, მითხრა, რომ ჩემთან დალაპარაკება სურდა. მან ამიხსნა, რომ პიონერების აფრიკაში გაგზავნა იგეგმებოდა. „ხომ არ ისურვებდი წასვლას“? — მკითხა მან. თუმცა ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, საკმაოდ მტკიცედ ვუთხარი: „დიახ, წავალ“.
იმ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანი ბიბლიური ლიტერატურის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გავრცელება იყო. ამისათვის კი გამუდმებით ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა მოითხოვებოდა. წამახალისეს, რომ დაუქორწინებელი დავრჩენილიყავი იმ ბევრი დაუქორწინებელი ძმის მსგავსად, რომლებსაც მაშინ ზედამხედველის მოვალეობები ჰქონდათ დაკისრებული. ჩემი ტერიტორია აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე კეიპტაუნიდან იწყებოდა და ამ კონტინენტის აღმოსავლეთ მხარის გაყოლებაზე იყო გადაჭიმული, რომელშიც ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე მდებარე კუნძულებიც შედიოდა. ჩემი ტერიტორიის დასავლეთ საზღვრამდე რომ მიმეღწია, კალაჰარის უდაბნოს ცხელქვიშიანი ტერიტორია უნდა გამევლო და უნდა ავსულიყავი ვიქტორიის ტბამდე, იმ ადგილამდე, საიდანაც მდინარე ნილოსი იღებს სათავეს. მე და ჩემი თანამშრომელი აფრიკის ამ ვრცელ ტერიტორიაზე ვქადაგებდით და ყოველ ექვს თვეში ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდით.
სულიერი სიმდიდრით სავსე ორასი ყუთი
როდესაც კეიპტაუნში ჩავედით, ლიტერატურით სავსე 200 ყუთი მაჩვენეს, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკისთვის იყო გათვალისწინებული. ეს ლიტერატურა ოთხ ევროპულ და ოთხ აზიურ ენაზე იყო დაბეჭდილი. ამ ყუთებში საერთოდ არ იყო რომელიმე აფრიკულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა. როდესაც ვიკითხე, თუ რატომ იყო ეს ლიტერატურა ჯერ კიდევ ჩემს ჩასვლამდე იქ, მითხრეს, რომ ეს ფრანკ და გრეი სმიტებისთვის გამოგზავნეს. ეს ორი პიონერი ღვიძლი ძმა ახალი წასულები იყვნენ კენიაში საქადაგებლად. ჩასვლისთანავე ორივე მალარიით დაავადდა და, სამწუხაროდ, ფრანკი გარდაიცვალა.
ამ ამბავმა სერიოზულად ჩამაფიქრა, მაგრამ არ შევშინებულვარ. მე და ჩემი თანამშრომელი, დეივიდ ნორმანი კეიპტაუნიდან გემით გავემგზავრეთ პირველი დანიშნულების ადგილზე — დაახლოებით 5 000 კილომეტრით დაშორებულ ტანზანიაში. მომბასას (კენია) ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი დაგვეხმარა ლიტერატურის გადაგზავნაში და ჩვენი თხოვნისამებრ, სადაც საჭირო იყო, ყველგან გაგზავნა ლიტერატურით სავსე ყუთები. თავდაპირველად ჩვენ თითოეული ქალაქის საქმიან ტერიტორიებზე — მაღაზიებსა და დაწესებულებებში ვქადაგებდით. ლიტერატურის მარაგში გვქონდა სხვადასხვა ფერის 9 წიგნისა და 11 ბროშურისგან შემდგარი კომპლექტები, რომლებიც ნაირფერობის გამო ცისარტყელის კომპლექტად გახდა ცნობილი.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ვწვეოდით ზანზიბარის კუნძულს, რომელიც აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან 30 კილომეტრით არის დაშორებული. საუკუნეების მანძილზე ზანზიბარი მონებით ვაჭრობის ცენტრი იყო. ეს კუნძული განთქმული იყო მიხაკებითაც, რომლის სუნსაც მთელ ქალაქში ვგრძნობდით. ცოტა არ იყოს, გვაშინებდა ის, რომ გზას ვერ ვაგნებდით, რადგან ქალაქი სრულიად დაუგეგმავად იყო აშენებული. ყველგან მიხვეულ–მოხვეული და ლაბირინთისმაგვარი ქუჩები იყო, რის გამოც შეიძლებოდა ადვილად დავკარგულიყავით. ჩვენი სასტუმრო საკმაოდ კომფორტული იყო, მაგრამ მოქლონილი კარებითა და სქელი კედლებით ციხეს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასტუმროს. ასე იყო თუ ისე, ჩვენს მსახურებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია: მოხარულები ვიყავით, რომ არაბებმა, ინდოელებმა და სხვებმა სიამოვნებით აიღეს ჩვენი ლიტერატურა.
მატარებლით, გემითა და მანქანით მგზავრობა
იმ პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკაში მგზავრობა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც მომბასადან კენიის მთიან რეგიონამდე მატარებლით მივდიოდით, კალიების შემოსევის გამო ჩვენი მატარებელი გაჩერდა. მთელი ეს ტერიტორია და ლიანდაგები მილიონობით კალიით იყო მოფენილი, რის გამოც თბომავალს უჭირდა მატარებლის დაძვრა. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ, სანამ მატარებელი გაივლიდა, თბომავლიდან გამოეშვათ ცხელი წყალი და გადაერეცხათ ლიანდაგები. ამგვარად, სანამ კალიებით მოფენილ ტერიტორიას არ გავცდით, ნელ–ნელა მივიწევდით წინ. შვება ვიგრძენით, როდესაც მატარებელი მაღალმთიანი რაიონის გზას აუყვა და მთის გრილმა ჰაერმა სიამოვნება მოგვგვარა!
თუმცა ზღვისპირა ქალაქებამდე იოლად შეიძლებოდა მატარებლითა და გემით მისვლა, სოფლებამდე მიღწევა ყველაზე მოსახერხებელი მაინც მანქანით იყო. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი ძმა ჯორჯი შემომიერთდა მსახურებაში და ერთობლივი ძალებით შევძელით ავტოფურგონის ყიდვა. ის იმდენად დიდი იყო, რომ შიგნით საწოლების დადგმაც შეიძლებოდა და სამზარეულოსა და სათავსის მოწყობაც. ფანჯრებზე კოღოებისგან დამცავი ბადე გავაკეთეთ, მანქანის სახურავზე კი ხმის გამაძლიერებლები დავაყენეთ; ასეთი მოწყობილობით აღჭურვილი ავტოფურგონით შეგვეძლო, მთელი დღის მანძილზე გვექადაგა კარდაკარ და საღამოობით ხალხი ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად მოგვეწვია. იმ დროს ხალხს ცნობილი ბიბლიური მოხსენების — „არსებობობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი?“ — ჩანაწერს ვასმენინებდით. ერთ–ერთი მგზავრობისას სამხრეთ აფრიკიდან კენიამდე, 3 000 კილომეტრი გავიარეთ ჩვენი „მოძრავი სახლით“. ამ მგზავრობით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან თან გვქონდა რამდენიმე ადგილობრივ ენაზე გამოცემული ბროშურები, რომლებიც ხალხმა დიდი სიხარულით გამოგვართვა.
მსგავსი მოგზაურობების დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით აფრიკის ცოცხალი ბუნების ხილვით. რასაკვირველია, უსაფრთხოების მიზნით შებინდებისას მანქანაში ვრჩებოდით ხოლმე. რწმენას გვიძლიერებდა იეჰოვას მიერ შექმნილი მრავალნაირი ცხოველების ხილვა თავიანთ ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში.
წინააღმდეგობა იწყება
დიახ, ჩვენ ვფრთხილობდით გარეული ცხოველებისგან თავდასაცავად; თუმცა ეს საშიშროება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რის გადატანაც მოგვიხდა მთავრობის წარმომადგენლებისა თუ აგრესიული რელიგიური წინამძღოლების მხრიდან, რომლებიც დაუფარავად ცდილობდნენ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას. ყველაზე დიდი სირთულე შეგვიქმნა ერთმა ფანატიკოსმა, რომელიც საკუთარ თავს „მუანა ლისას“ ანუ „ღვთის ძეს“ უწოდებდა. მისი ჯგუფი კი ცნობილი იყო, როგორც „კიტავალა“, რაც, სამწუხაროდ, „საგუშაგო კოშკს“ ნიშნავს. ჩვენს ჩასვლამდე ამ მამაკაცმა ბევრი აფრიკელი დაახრჩო წყალში და თან აცხადებდა, რომ ასეთი სახით ისინი მონათლა. საბოლოოდ, ის დაიჭირეს და ჩამოახრჩეს. მოგვიანებით მე შესაძლებლობა მომეცა, დავლაპარაკებოდი მამაკაცს, რომელმაც ეს ფანატიკოსი ჩამოახრჩო. მას ავუხსენი, რომ ამ ფანატიკოსს არანაირი შეხება არ ჰქონდა ჩვენს საზაგადოება „საგუშაგო კოშკთან“.
სირთულეებს წავაწყდით ბევრი ევროპელისგანაც, რომლებიც, ძირითადად ფინანსური მიზეზების გამო, უკმაყოფილო იყვნენ ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობით. ერთმა საწყობის გამგემ ასეთი სიტყვებით გამოხატა უკმაყოფილება: „თეთრკანიანები რომ დარჩნენ ამ ქვეყანაში, აფრიკელები ვერ უნდა მიხვდნენ, როგორ უწევენ მათ ექსპლუატაციას და იყენებენ იაფ მუშახელად“. ამავე მიზეზით ოქროს მომპოვებელი კომპანიის უფროსმა თავისი ოფისიდან გამომაგდო და გაბრაზებული ქუჩამდე მომსდევდა.
რასაკვირველია, უმთავრესად, ამ მოწინააღმდეგე რელიგიური წინამძღოლების და მეწარმეების გავლენით გვიბრძანა როდეზიის (ამჟამად ზიმბაბვე) მთავრობამ ქვეყნის დატოვება. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ქვეყანაში დარჩენის უფლება მოგვცეს იმ პირობით, თუ არ ვუქადაგებდით აფრიკელებს. ამის მიზეზი, როგორც მთავრობის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა აგვიხსნა, ის იყო, რომ ჩვენი ლიტერატურა „სრულიად ეწინააღმდეგებოდა აფრიკელთა აზროვნებას“. რაც შეეხება აფრიკის სხვა ქვეყნებს, იქ ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის დროს დაბრკოლებები არ შეგვხვედრია და სიხარულითაც კი გვეხმაურებოდნენ. ერთ–ერთი ასეთი ქვეყანა სვაზილენდი იყო.
გულთბილი მიღება სვაზილენდში
სვაზილენდი სამხრეთ აფრიკაში მდებარე პატარა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის ფართობიც 17 364 კვადრატული კილომეტრია. სწორედ აქ შევხვდით სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ უაღრესად მჭევრმეტყველ მეფეს, საბჰუზა II–ს. მან კარგად იცოდა ინგლისური. ამ ენას მეფე ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის დროს დაეუფლა. საშინაო ფორმაში გამოწყობილმა ბატონმა საბჰუზამ ძალიან თბილად მიგვიღო.
მასთან საუბრის დროს ყურადღება გავამახვილეთ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებაზე, რომელსაც ღმერთი სწორად განწყობილ ადამიანებს აღუთქვამს. თუმცა სამოთხის შესახებ ცნობით დიდად არ დაინტერესებულა, აღნიშნა, რომ ცხოვრებისეული საკითხებით საკმაოდ იყო დაინტერესებული. მეფე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ღარიბი და გაუნათლებელი ხალხის ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა. მას არ მოსწონდა ქრისტიანული სამყაროს ბევრი მისიონერის მოღვაწეობა, რადაგან ისინი უფრო მეტად თავიანთი ეკლესიის წევრების რაოდენობრივ ზრდაზე ზრუნავდნენ და არა ხალხის განათლებაზე. მეფე კარგად იყო გაცნობილი ჩვენს საქმიანობასთან და ამ ქვეყანაში მყოფი რამდენიმე პიონერი შეგვაქო კიდეც ბიბლიურ–საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისთვის. მას ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით იმიტომ მოსწონდა, რომ ყოველგვარი გადასახადის ან სხვა მოთხოვნების გარეშე ვასრულებდით მას.
ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის წინსვლა
1943 წელს მისიონერთა მოსამზადებლად „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ ჩამოყალიბდა. ამ სკოლის ერთ–ერთი მიზანი იყო, რომ მხოლოდ ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებაზე არ გადატანილიყო მთავარი ყურადღება. მისიონერებს ასწავლიდნენ, რომ მეტი ყურადღება დაეთმოთ ყველასთვის, ვინც სასიხარულო ცნობით ინტერესდებოდა და უფრო გაეღვივებინათ მათი ინტერესი. 1950 წელს მე და ჯორჯი გალაადის მე–16 კლასში მიგვიწვიეს. ამ სკოლაში გავიცანი ჯინ ჰაიდი, ერთგული ავსტრალიელი და, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ იაპონიაში დანიშნეს მისიონერად. იმ დროს დიდი უპირატესობა ენიჭებოდა დაუქორწინებლად დარჩენას, რის გამოც მეგობრობა შევწყვიტეთ.
გალაადში მიღებული სწავლების შემდეგ მე და ჯორჯმა მავრიკში, ინდოეთის ოკეანის კუნძულზე, მივიღეთ დანიშნულება. ჩვენ დავუმეგობრდით იქაურ ხალხს, ვისწავლეთ მათი ენა და იქ მცხოვრებლებთან ბიბლიის შესწავლები დავიწყეთ. მოგვიანებით ჩემმა უმცროსმა ძმამ, უილიამმა, და მისი ცოლმა, მიურიელმაც, დაამთავრეს „გალაადი“. ისინი ჩემს ყოფილ სამქადაგებლო ტერიტორიაზე — კენიაში — გაგზავნეს.
რვა წელმა სწრაფად გაირბინა და 1958 წელს ნიუ-იორკში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე კვლავ შევხდი ჯინ ჰაიდს. ჩვენ განვაახლეთ მეგობრობა და მოგვიანებით დავინიშნეთ. ჩემი მისიონერული დანიშნულება შეიცვალა — მავრიკიდან იაპონიაში გადავედი, სადაც 1959 წელს მე და ჯინი დავქორწინდით. ჩვენ დიდი სიხარული მოგვიტანა მისიონერულმა მსახურებამ ჰიროსიმაში, სადაც იმ დროისათვის მხოლოდ ერთი პატარა კრება იყო. დღეს ამ ქალაქში 36 კრებაა.
იაპონიის დატოვება
წლების გასვლასთან ერთად მეც და ჯინსაც ჯანმრთელობა შეგვერყა, რის გამოც სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა მისიონერული მსახურება. საბოლოოდ, იაპონიის დატოვება მოგვიწია და ჯინის სამშობლოში, ავსტრალიაში, დავსახლდით. ჰიროსიმადან წასვლა ძალიან გაგვიჭირდა. რკინიგზის სადგურში ყველა ჩვენს ძვირფას მეგობარს გამოვეთხოვეთ.
ამჟამად ავსტრალიაში ვცხოვრობთ და შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მთელი ძალებით განვაგრძობთ იეჰოვას მსახურებას ქალაქ არმიდეილის (ახალი სამხრეთ უელსის შტატი) კრებაში. რამხელა სიხარული მოგვიტანა თითქმის 80 წლის მანძილზე ძვირფასი ბიბლიური ჭეშმარიტების ამდენ ადამიანთან გაზიარებამ! მე თავად ვიხილე, როგორ გაიზარდა ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის მასშტაბები; პირადად გავხდი მნიშვნელოვანი თეოკრატიული მოვლენების მოწმე. ეს არც ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დამსახურება არ არის. სინამდვილეში, როგორც ფსალმუნმომღერალი ამბობს, „უფლისაგან მოხდა ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში“ (ფსალმუნები 117:23).
[სურათი 28 გვერდზე]
ჩემი ძმა, ჯორჯი, ჩვენს ავტოფურგონთან.
[სურათი 28 გვერდზე]
ვდგავარ ვიქტორიის ტბასთან.
[სურათი 29 გვერდზე]
საშუალო სკოლის მოსწავლეები საჯარო მოხსენებას ისმენენ სვაზილენდში (1938 წელი).
[სურათები 30 გვერდზე]
მე და ჯინი 1959 წელს, ჩვენი ქორწილის დღეს, და ამჟამად.