ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 12: დაეხმარეთ შემსწავლელებს, რომ დაიწყონ და ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები
1 როდესაც ბიბლიის შემსწავლელები იწყებენ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას, ისინი შესაძლოა შიშობდნენ, რომ ვერ შეძლებენ ბიბლიის შესწავლების დაწყებას და ჩატარებას. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ დადებითი განწყობილება განავითარონ მსახურების ამ მნიშვნელოვან სფეროსთან დაკავშირებით? (მათ. 24:14; 28:19, 20).
2 თუ ბიბლიის შემსწავლელი მზად არის, რომ გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი, წესით ის უკვე ჩაწერილი უნდა იყოს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში. თეოკრატიულ სკოლაში მომზადება და დავალებებით გამოსვლა შემსწავლელს დაეხმარება სწავლების უნარის გაუმჯობესებაში, რაც საჭიროა „მუშისთვის, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმ. 2:15).
3 ასწავლე პირადი მაგალითით: იესო ასწავლიდა მოწაფეებს იმით, რომ აძლევდა ნათელ მითითებებს და კარგ მაგალითს. მან თქვა: „ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკ. 6:40). ძალიან მნიშვნელოვანია, მიბაძო იესოს და მაგალითი მისცე შემსწავლელს მსახურებაში. როდესაც ის დაგაკვირდება მსახურებაში, გაიგებს, რომ განმეორებითი მონახულების მიზანი არის ბიბლიის შესწავლების დაწყება.
4 აუხსენი შემსწავლელს, რომ მობინადრისთვის შესწავლის შეთავაზების დროს აუცილებელი არ არის დეტალებში აღუწერო, თუ როგორ ვატარებთ შესწავლას. ხშირად უმჯობესია, პუბლიკაციიდან ერთი ან, შესაძლოა, ორი აბზაცის გამოყენებით იმის ჩვენება, თუ როგორ ტარდება შესწავლა. ამის გასაკეთებლად პრაქტიკული შეთავაზებები მოცემულია ამ ნომრის მე-8 გვერდზე და 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში, მე-6 გვერდზე.
5 როდესაც შესაძლებელია, შესთავაზე შემსწავლელს, წამოგყვეს სხვა ბიბლიის შესწავლაზე ან გამოცდილ მაუწყებელთან ერთად ითანამშრომლოს. მას შეუძლია კომენტარი გააკეთოს აბზაცთან ან ძირითად მუხლთან დაკავშირებით. ამგვარად, დაკვირვების საშუალებით შემსწავლელი ისწავლის იმას, თუ როგორ ჩაატაროს ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები (იგავ. 27:17; 2 ტიმ. 2:2). შეაქე ის და იმსჯელეთ, თუ როგორ შეუძლია სწავლების უნარის გაუმჯობესება.
6 როდესაც ახალ მაუწყებლებს ვეხმარებით, გახდნენ ღვთის სიტყვის მასწავლებლები, ამით მათ ვამზადებთ „კარგი საქმისთვის“ — ბიბლიის შესწავლების დასაწყებად და ჩასატარებლად (2 ტიმ. 3:17). მართლაც, რა სასიამოვნოა მათთან ერთად მხარდამხარ მსახურება, რითაც სიყვარულით ვიწვევთ სხვებს: „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 22:17).