საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 1/15 გვ. 21-24
  • იღებენ სხვები შენს რჩევებს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იღებენ სხვები შენს რჩევებს?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ‘გამოასწორეთ თავმდაბლობის სულით’
  • მადლიანი გაფრთხილება
  • რჩევის თავმდაბლურად მიცემა
  • რჩევა, რომელიც მიღებულ იქნა
  • ყური დაუგდე ბრძენის საუბარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • „ახალისებს გულს“ თქვენი რჩევა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • რა დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მრჩევლები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 1/15 გვ. 21-24

იღებენ სხვები შენს რჩევებს?

სათანადოდ მიცემულ გონივრულ რჩევას ყოველთვის კარგი შედეგები მოაქვს. ხომ ასეა? არა! ხშირად გამოცდილი მრჩევლის მიერ მიცემულ კარგ რჩევასაც კი ყურადღებას არ აქცევენ და უარყოფენ (იგავნი 29:19).

მსგავსი რამ მოხდა, როდესაც იეჰოვამ რჩევა მისცა კაენს, რომელსაც თავისი ძმა, აბელი, შესძულდა (დაბადება 4:3–5). იეჰოვამ იცოდა, რომ კაენს საშიშროება ელოდა, და ამიტომ უთხრა: „რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბადება 4:6, 7).

ასეთნაირად იეჰოვამ ცოდვა შეადარა მტაცებელს, რომელიც თავს უნდა დასხმოდა კაენს, თუ არ მოიშლიდა შურს ძმის მიმართ (შეადარე იაკობი 1:14, 15). კაენს ჯერ კიდევ ჰქონდა დრო, შეეცვალა აზროვნება და „სიკეთის მქმნელი“ გამხდარიყო, ნაცვლად იმისა, რომ დამღუპველი რამ ჩაედინა. სამწუხაროდ, კაენმა არ ისმინა. მან უარყო იეჰოვას რჩევა, რასაც საშინელი შედეგები მოჰყვა.

ზოგს სწყინს და უარყოფს ნებისმიერ რჩევას (იგავნი 1:22–30). შეიძლება მრჩეველს მიუძღოდეს ბრალი იმაში, რომ რჩევა უარყოფილ იქნა? (იობი 38:2). უძნელებ სხვებს შენ მიერ მიცემული რჩევის მიღებას? ადამიანური არასრულყოფილების გამო შეიძლება ეს ასეც იყოს. მაგრამ, თუ ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებ, ასეთი რამ შეიძლება ძალიან იშვიათად დაგემართოს. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი ასეთი პრინციპი.

‘გამოასწორეთ თავმდაბლობის სულით’

„ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1). ასეთნაირად მოციქულმა პავლემ იმაზე მიუთითა, რომ ‘სულიერები’ უნდა ეცადონ გამოასწორონ ქრისტიანი, რომელიც „შეცოდებაში ჩავარდება“. ზოგჯერ მათ, ვინც ნაკლებად გამოცდილია ამაში, რჩევის მიცემის მიდრეკილება აქვთ. ასე რომ, ნუ იჩქარებ რჩევის მიცემას (იგავნი 10:19; იაკობი 1:19; 3:1). ეს, პირველ რიგში, კრების უხუცესებს, სულიერად მოწიფულ, რჩევის მიცემაში გამოცდილ პიროვნებებს ეხება. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა მოწიფულმა ქრისტიანმა უნდა გააფრთხილოს ძმა, თუ ხედავს, რომ მას საშიშროება ელის.

თუ რჩევას აძლევ ვინმეს, დარწმუნებული იყავი, რომ ის ღვთიურ სიბრძნეზეა დაფუძნებული და არა ხალხის თეორიებსა და ფილოსოფიაზე (კოლასელთა 2:8). მიბაძე ყურადღებიან მზარეულს, რომელიც დარწმუნებულია, რომ მასალა, რომლითაც ის საჭმელს ამზადებს, მარგებელია და არავითარ შხამს შეიცავს. დარწმუნდი, რომ შენი რჩევა დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე და არა, უბრალოდ, პირად შეხედულებაზე (2 ტიმოთე 3:16, 17). თუ ასე მოიქცევი, დარწმუნებული იყავი, რომ ის არავის მოუტანს ზიანს.

რჩევის მიზანია, რომ გზასაცდენილი პიროვნება ‘გამოასწოროს’ და არა ის, რომ აიძულოს ვინმე თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ შეიცვალოს. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც „გამოსწორება“, იმ სიტყვის მონათესავეა, რომელიც მიანიშნებს ამოვარდნილი ძვლის ჩასმაზე, რომ ამას გართულება არ მოყვეს. ლექსიკოგრაფ უ. ი. ვაინის სიტყვების თანახმად, ის აგრეთვე მიანიშნებს „მოთმინებისა და სიმტკიცის აუცილებლობაზე დახმარების აღმოჩენისას“. წარმოიდგინე, რამხელა სიფრთხილე და სიმარჯვეა საჭირო, რომ ზედმეტი ტკივილი არ მიაყენო ადამიანს. მსგავსად ამისა, მრჩეველს ესაჭიროება დიდი მზრუნველობის გამოვლენა იმისადმი, ვისაც რაიმეს ურჩევს, რომ გული არ ატკინოს. ამის გაკეთება მაშინაც საკმაოდ რთულია, როდესაც გთხოვენ რჩევას. მაგრამ, თუ არ გთხოვენ, უფრო მეტი ოსტატობა და ტაქტიანობა მოგეთხოვება.

რა თქმა უნდა, ვერავის ‘გამოასწორებ’, თუ ჩამოიცილებ. ეს რომ არ მოხდეს, გახსოვდეს, რომ საჭიროა ‘მოწყალების, სახიერების, თავმდაბლობის, სიმშვიდის, სულგრძელობის’ გამოვლენა (კოლასელთა 3:12). თუ ექიმი ნერვიული და უხეშია, ავადმყოფმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს მის რჩევას და აღარასოდეს მივიდეს მასთან სამკურნალოდ.

ეს არ ნიშნავს, რომ რჩევას არ უნდა ახლდეს სიმტკიცე. იესო ქრისტე მთელი სიმტკიცით ურჩევდა აზიის შვიდ კრებას (გამოცხადება 1:4; 3:1–22). იესომ მათ რამდენიმე პირდაპირი რჩევა მისცა, რაც უნდა შეესმინათ და გამოეყენებინათ. მაგრამ იესოს სიმტკიცეს ყოველთვის თან ახლდა ისეთი თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა და გულკეთილობა, რითაც თავისი ზეციერი მამის სიყვარულს ირეკლავდა (ფსალმუნი 22:1–6; იოანე 10:7–15).

მადლიანი გაფრთხილება

„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6). მარილი გემრიელს და სასიამოვნოს ხდის სადილს. შენი რჩევა რომ სასიამოვნო იყოს, ის „მადლიანი, მარილით შეზავებული“ უნდა იყოს. მაგრამ საუკეთესო პროდუქტებით მომზადებული საკვებიც კი შეიძლება ცუდად გაამზადონ ან თეფშზე ულამაზოდ დაახვავონ. ის არავის აღუძრავს მადას. ერთი უგემური ლუკმის გადაყლაპვაც კი ძნელია.

რჩევის მიცემისას მნიშვნელოვანია სწორი სიტყვების შერჩევა. ბრძენმა სოლომონმა თქვა: „მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია“ (იგავნი 25:11). ის, ალბათ, მშვენიერ გრავირებულ ვერცხლის ჭურჭელზე დალაგებულ ლამაზ ოქროს ვაშლებს გულისხმობდა. რა სასიამოვნო სანახავია და როგორ დიდად დააფასებდი ასეთ საჩუქარს! მსგავსად ამისა, კარგად შერჩეული თავაზიანი სიტყვები მიიზიდავს პიროვნებას, რომლის დახმარებასაც ცდილობ (ეკლესიასტე 12:9, 10).

ამის საწინააღმდეგოდ, „საწყენი სიტყვა. . . რისხვას იწვევს“ (იგავნი 15:1). ცუდად შერჩეული სიტყვები ადვილად აყენებს ტკივილს და მადლიერების ნაცვლად რისხვას იწვევს. არა მარტო შეუფერებელი სიტყვების გამო, არამედ არასწორი ტონის გამოც შეიძლება არ მიიღოს კაცმა სასარგებლო რჩევაც კი. უტაქტოდ და უგულოდ მიცემულ რჩევას ისეთივე ზიანი მოაქვს ადამიანისთვის, როგორიც შეიარაღებულ თავდასხმას. „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“ (იგავნი 12:18). რაღა საჭიროა დაუფიქრებელი საუბარი, თუ ის ადამიანს რჩევის მიღებას უძნელებს? (იგავნი 12:15).

როგორც სოლომონმა თქვა, რჩევა ‘მოსწრებული’ უნდა იყოს. დროის შერჩევა მნიშვნელოვანია, თუ გვსურს, რომ რჩევას წარმატება მოჰყვეს. ცხადია, საჭმელს ვერ დააფასებს ის, ვისაც არ აქვს მადა. შესაძლებელია, მან ახლახან კარგად ჭამა ან ავად არის. სხვისი ძალით კვება არც გონივრულია და არც მიღებული.

რჩევის თავმდაბლურად მიცემა

„შეავსეთ ჩემი სიხარული. . . არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:2–4). თუ კარგი მრჩეველი ხარ, რჩევის მიცემისას სხვების კეთილდღეობით იქნები დაინტერესებული. აგრეთვე ‘თავმდაბლურად’ მოეპყრობი სულიერ ძმებს და დებს და სხვებს საკუთარ თავზე მეტად შერაცხავ. რას ნიშნავს ეს?

თავმდაბლობა დაგიცავს მედიდური პოზიციისგან ან ტონისგან. არავის გვაქვს იმის საფუძველი, რომ თავი თანამორწმუნეზე მეტი გვეგონოს. დროდადრო ყველა ვცოდავთ. რადგანაც არ შეგიძლია ვინმეს გულში ჩახედვა, ძალზე მნიშვნელოვანია არ განსაჯო იმის აღძვრა, ვისაც რჩევას აძლევ. შეიძლება მას არ გააჩნდა არავითარი ცუდი აღძვრა და არ მოელოდა, რომ არასწორი განწყობილება მოჰყვებოდა ან ცუდად მოიქცეოდა. მაშინაც კი, თუ კაცი ხვდება, რომ რაღაცაში არ შეესაბამება ღვთის მოთხოვნებს, მას უფრო მეტად გაუადვილდება რჩევის მიღება, თუ თავმდაბლურად და მისი სულიერი კეთილდღეობისადმი ნამდვილი ინტერესის გამოვლენით მიეცემა.

წარმოიდგინე, რას იგრძნობდი, სადილზე რომ ყოფილიყავი დაპატიჟებული, მაგრამ მასპინძელი ცივად და მედიდურად მოგპყრობოდა. რა თქმა უნდა, არ გესიამოვნებოდა ის სადილი. მართლაც, „უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი“ (იგავნი 15:17). მსგავსად ამისა, საუკეთესო რჩევაც კი რთული მისაღები იქნება, თუ მრჩეველი აჩვენებს, რომ არ მოსწონს ის, ვისაც რჩევას აძლევს, ან ამცირებს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მას. მაგრამ სიყვარული, ორმხრივი პატივისცემა და ნდობა რჩევის მიცემასაც და მიღებასაც გააადვილებს (კოლასელთა 3:14).

რჩევა, რომელიც მიღებულ იქნა

წინასწარმეტყველმა ნათანმა თავმდაბლობა გამოამჟღავნა, როდესაც მეფე დავითს რჩევა მისცა. ნათანის სიტყვებსა და საქციელში აშკარად ჩანდა დავითისადმი სიყვარული და პატივისცემა. ნათანმა დაიწყო მაგალითით, რითაც გაითვალისწინა ის, რომ დავითს შეიძლება გაძნელებოდა რჩევის მიღება (მეორე მეფეთა 12:1–4). წინასწარმეტყველმა მოუხმო სამართლიანობისა და სიმართლისადმი დავითის სიყვარულს, თუმცა ბათშებაყთან დაკავშირებულ შემთხვევაში მას ისინი არ გამოუვლენია (მეორე მეფეთა 11:2–27). როდესაც ამ მაგალითის აზრს მიხვდა, დავითის გულწრფელი რეაქცია ასეთი იყო: „შევცოდე უფალს“ (მეორე მეფეთა 12:7–13). კაენისგან განსხვავებით, რომელმაც არ მოუსმინა იეჰოვას, დავითმა თავმდაბლურად მიიღო მითითება.

ეჭვგარეშეა, რომ ნათანს იეჰოვა ხელმძღვანელობდა, რომელმაც მხედველობაში მიიღო დავითის არასრულყოფილება და მისი არასასურველი რეაქციის შესაძლებლობა. ნათანმა საუბარი ტაქტიანად დაიწყო და გაითვალისწინა ის, რომ დავითი იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე იყო. თუ გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობ, სათანადო რჩევას უნდა იძლეოდე, მაგრამ რთული იქნება მისი მიღება, თუ თავმდაბლობას არ გამოავლენ.

ნათანმა გამოასწორა დავითი თავმდაბლობის სულით. ამ წინასწარმეტყველის საუბარი თავაზიანი და გულდასმით მომზადებული იყო, რათა დავითი დადებითად გამოხმაურებოდა, რაც მას საუკეთესო შედეგს მოუტანდა. ნათანი არ ფიქრობდა მარტო საკუთარ თავზე; არც იმას აჩვენებდა, რომ ზნეობრივად და სულიერად აღემატებოდა დავითს. სიტყვების შერჩევის და მათი ‘მოსწრებულად’ გამოყენების რამდენად კარგი მაგალითია! თუ მსგავს სულს ავლენ, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ შენს რჩევას მიიღებენ.

[სურათი 22 გვერდზე]

მარგებელი საკვების მსგავსად, შენი რჩევა სასარგებლო უნდა იყოს.

[სურათი 23 გვერდზე]

არის შენი რჩევა ვერცხლის ჭურჭელზე დალაგებული ოქროს ვაშლებივით მიმზიდველი?

[სურათი 24 გვერდზე]

წინასწარმეტყველმა ნათანმა თავმდაბლურად მოუხმო სამართლიანობისა და სიმართლისადმი დავითის სიყვარულს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება