დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები
„ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16).
1, 2. ა) რომელ ორმხრივ სამსახურში გვთხოვს იეჰოვა მონაწილეობის მიღებას? ბ) რა უნდა ისწავლონ გულწრფელმა ადამიანებმა, რათა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ?
იეჰოვას კეთილი ცნობა აქვს კაცობრიობისთვის. მას სამეფო აქვს და სურს, რომ ყველგან ადამიანებმა გაიგონ მის შესახებ! ღმერთი მოითხოვს, რომ კეთილი ცნობის შეცნობის მომენტიდან ის სხვებს გავუზიაროთ. ამ სამსახურს ორი მხარე აქვს. პირველი — ჩვენ უნდა ვაუწყებდეთ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. თავის წინასწარმეტყველებაში „სისტემის აღსასრულის“ შესახებ, იესომ თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:3, აქ, 14).
2 ამ სამსახურის მეორე მხარე შეიცავს იმ ადამიანების სწავლებას, რომლებიც კეთილგანწყობით ეხმაურებიან სამეფოს შესახებ გამოცხადებულს. მკვდრეთით აღდგენის შემდეგ თავისი მოწაფეების დიდ ჯგუფს იესომ უთხრა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20). ყოველივე, რასაც ‘ქრისტე ამცნობდა’, მისგან არ იყო; ის ასწავლიდა სხვებს, რომ ღვთის მცნებები, ანუ მოთხოვნები შეესრულებინათ (იოანე 14:23, 24; 15:10). ამრიგად, ვასწავლოთ სხვებს ‘ყოველივეს დაცვა, რასაც ქრისტე ამცნობდა’, ნიშნავს დავეხმაროთ მათ, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები. გულწრფელი ადამიანები აუცილებლად უნდა ასრულებდნენ ღვთის მოთხოვნებს, რათა მისი სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ.
3. რა არის ღვთის სამეფო და რას შეასრულებს, რაც სამეფოს შესახებ ცნობას ასეთ კეთილად ხდის?
3 რა არის ღვთის სამეფო? და რა უნდა შეასრულოს მან, რაც სამეფოს შესახებ ცნობას ასეთ კეთილად ხდის? ღვთის სამეფო არის ზეციერი მთავრობა. ის ძალიან ძვირფასია იეჰოვასთვის, რადგან მისი საშუალებით ის თავის სახელს ყოველგვარი სირცხვილისგან განწმენდს. სამეფოს საშუალებით იეჰოვა დედამიწაზეც ისევე შეასრულებს თავის ნებას, როგორც ზეცაში. სწორედ ამიტომ გვასწავლიდა იესო ლოცვას ღვთის სამეფოს მოსვლაზე და აღგვძრავდა, ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა (მათე 6:9, 10, 33). თუ გესმის, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იეჰოვასთვის, რომ სხვებს ვასწავლოთ მისი სამეფოს შესახებ?
რთული, მაგრამ არა მძიმე
4. როგორ შეიძლება თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რომ კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული ჩვენი მოვალეობა მძიმე არ არის?
4 მძიმეა კეთილი ცნობის ქადაგება? სრულიადაც არა! მაგალითად: მამა ვალდებულია, უზრუნველყოს ოჯახი მატერიალურად. სხვაგვარად მოქმედება ქრისტიანული რწმენის უარყოფის ტოლფასია. მოციქული პავლე წერდა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ, განა მძიმეა ეს მოვალეობა ქრისტიანი მამაკაცისთვის? არა, თუ ოჯახი უყვარს, რადგან ამ შემთხვევაში მას სურს მათზე ზრუნვა.
5. თუმცა სამქადაგებლო და მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებული მსახურება მოვალეობაა, რატომ უნდა გვსიამოვნებდეს მასში მონაწილეობის მიღება?
5 მსგავსად ამისა, სამქადაგებლო მსახურება და მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა არის მოვალეობა, მოთხოვნა, რომელზეც თვით ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. პავლემ ეს ამგვარად ჩამოაყალიბა: „ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16; შეადარე ეზეკიელი 33:7–9). მაგრამ, ჩვენ სიყვარული აღგვძრავს საქადაგოდ და არა უბრალოდ მოვალეობა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ღმერთი გვიყვარს, მაგრამ ამასთანავე ჩვენი მოყვასიც გვიყვარს და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, მოისმინონ კეთილი ცნობა (მათე 22:37–39). ეს მათ მომავლის იმედს აძლევს. ღვთის სამეფო მალე გამოასწორებს უსამართლობას, გააუქმებს შევიწროებას და აღადგენს მშვიდობასა და ერთიანობას — ყოველივეს იმ ადამიანთა მარადიული კურთხევისთვის, რომლებიც მის სამართლიან მმართველობას ემორჩილებიან. განა არ გვსიამოვნებს, დიახ, განა გული არ გვიფანცქალებს სიხარულით, რომ სხვებს გავუზიაროთ კეთილი ცნობა? (ფსალმუნი 109:3).
6. რატომ წარმოადგენს ნამდვილ სირთულეს სამქადაგებლო და მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებული მსახურება?
6 ამავე დროს, სამქადაგებლო და მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა ნამდვილ სირთულეს წარმოადგენს. ხალხი განსხვავებულია. ყველას განსხვავებული ინტერესები ან აღქმის უნარი აქვს. ზოგს კარგი განათლება აქვს, ამავე დროს სხვებს — ცუდი. წაკითხვა — ერთ დროს ყველაზე საყვარელი გართობა — ახლა, ხშირად, უსიამოვნო დავალებად ითვლება. თვისება, რომელიც „კითხვის შემძლე, მაგრამ ამის გასაკეთებლად უინტერესო ადამიანის თვისებად ან მდგომარეობად“ განიმარტება, იმ ქვეყნებშიც კი მზარდი პრობლემაა, სადაც მაღალი წიგნიერების დონით ტრაბახობენ. მაგრამ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთი განსხვავებული წარმოშობისა და ინტერესების მქონე ადამიანებს, ისწავლონ, რას მოითხოვს ღმერთი? (შეადარე 1 კორინთელთა 9:20–23).
სხვების დასახმარებლად სათანადოდ აღჭურვილები
7. როგორ აღგვჭურავს „ერთგული და გონიერი მონა“, რათა დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები?
7 რთული დავალების შესრულება გაგიადვილდება, თუ სათანადო ხელსაწყოები ან აღჭურვილობა გექნება. ხელსაწყო, რომელიც დღეს გარკვეული სამუშაოსთვის განიკუთვნება ხვალ, განსხვავებული საჭიროებების გამო შეიძლება გადაკეთებული ან შეცვლილიც კი იყოს. მსგავს მდგომარეობაშია ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გამოცხადებასთან დაკავშირებული ჩვენი დავალებაც. წლების განმავლობაში „ერთგული და გონიერი მონა“ სწორედ საჭირო ხელსაწყოებით, კერძოდ, ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩასატარებლად განკუთვნილი პუბლიკაციებით, უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). ამრიგად, ჩვენ აღვიჭურვებით, რათა დავეხმაროთ ადამიანებს „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები (გამოცხადება 7:9). მსოფლიო ასპარეზზე ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დროდადრო ახალი ხელსაწყოები გამოდის. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
8. ა) რა ადგილს იკავებდა წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“ ბიბლიური განათლების მხარდაჭერაში? ბ) ბიბლიის შესწავლისთვის რა ხელსაწყო იყო გათვალისწინებული 1968 წელს და რისთვის იყო ის სპეციალურად გამიზნული? გ) როგორ დაეხმარა წიგნი „ჭეშმარიტება“ მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებულ საქმიანობას?
8 წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“ (ინგლ.) 1946–1968 წლებში ბიბლიური განათლებისთვის ძლიერ ხელსაწყოდ გამოიყენებოდა და დაახლოებით 19 250 000 ეგზემპლარის ტირაჟით 54 ენაზე გამოქვეყნდა. 1968 წელს გამოქვეყნებული წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ (ინგლ.) მრავალი წლის განმავლობაში ეფექტურად გამოიყენებოდა დაინტერესებულ ადამიანებთან ბიბლიის შესასწავლად. წინათ უჩვეულო არ იყო, რომ ზოგი წლობით სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან და არ ინათლებოდა. მაგრამ ეს ხელსაწყო შემსწავლელის ინტერესის გამოსაწვევად, მის გასამხნევებლად იყო გამიზნული, რომ გამოეყენებინა შესწავლილი. რა მოჰყვა ამას? წიგნი „იეჰოვას მოწმეები, ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) აცხადებს: „სამი სამსახურებრივი წლის განმავლობაში, დაწყებული 1968 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1971 წლის 31 აგვისტომდე, მოინათლა 434 906 ადამიანი — რიცხვი, რომელიც წინა სამი წლის განმავლობაში მონათლულთა რიცხვს ორზე მეტჯერ აღემატებოდა!“ გამოქვეყნების დღიდან წიგნმა „ჭეშმარიტებამ“ განსაცვიფრებელ ტირაჟს მიაღწია — 107 000 000-ზე მეტ ეგზემპლარს 117 ენაზე.
9. რა განსაკუთრებული ნიშან-თვისება აქვს წიგნს „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ და რა ძვრა მოახდინა მან სამეფოს მაუწყებელთა რიგებში?
9 ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად 1982 წელს ძირითადი სახელმძღვანელო გახდა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. ამ ხელსაწყოს ერთვის 150-ზე მეტი ვიზუალური ილუსტრაცია, რომელთაგან თითოეულის აზრობრივი დასათაურება მოკლედ აშუქებს სურათის ყურადსაღებ აზრს. 1982 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“ (ინგლ.) აცხადებდა: «დაახლოებით 20 წლის განმავლობაში (1946 წლიდან 60-იანი წლების შუა პერიოდამდე), როცა ჩვენი ძირითადი სახელმძღვანელო იყო წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“, ჩვენს რიგებს სამეფოს 1 000 000-ზე მეტი ახალი მაუწყებელი შეემატა. შემდეგ სხვა 1 000 000 მაუწყებელი შემოგვემატა, როცა 1968 წელს გამოქვეყნების შემდეგ ძირითადი სახელმძღვანელო გახდა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ვნახავთ თუ არა მსგავს ზრდას სამეფოს მაუწყებლების რიგებში ჩვენი ახალი სასწავლო წიგნის, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, გამოყენებით? აუცილებლად, თუ იეჰოვას ნება იქნება!» ნათელია, ეს იეჰოვას ნება იყო, რადგან 1982-დან 1995 წლამდე სამეფოს მაუწყებელთა რიგებს 2 700 000-ზე მეტი ადამიანი შეემატა!
10. რომელი ახალი ხელსაწყო იყო გათვალისწინებული 1995 წელს და რატომ უნდა შეუწყოს ხელი ბიბლიის შემსწავლელებს, გააკეთონ საკმაოდ სწრაფი სულიერი წინსვლა?
10 „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა“, — თქვა იესომ (მათე 9:37). სამკალი ნამდვილად ბევრია. კვლავ ბევრია გასაკეთებელი. ზოგიერთ ქვეყანაში ბიბლიის შესასწავლად ადამიანებს სიებში ჩაწერა უწევთ. ამიტომ, ღვთის შესახებ შემეცნების უფრო სწრაფად გავრცელების მიზნით 1995 წელს ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ გამოაქვეყნა ახალი ხელსაწყო, 192-გვერდიანი წიგნი სათაურით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ეს ძვირფასი იარაღი არ განიხილავს ცრუ დოქტრინებს. ის სავსებით ნათლად წარმოგვიდგენს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. იმედია, ის ხელს შეუწყობს ბიბლიის შემსწავლელებს, გააკეთონ საკმაოდ სწრაფი სულიერი წინსვლა. წიგნი „შემეცნება“, რომელიც 125 ენაზე 45 500 000 ეგზემპლარად გამოქვეყნდა და ახლა დამატებით 21 ენაზე ითარგმნება, უკვე მოქმედებს მსოფლიო ასპარეზზე.
11. რომელი ეფექტური ხელსაწყო იყო გათვალისწინებული წერა-კითხვის უცოდინარი თუ ცუდად მკითხველი ადამიანების დასახმარებლად და როგორ დატოვა მან მკვეთრი კვალი ჩვენს მსოფლიო სასწავლო პროგრამაში?
11 დროდადრო ‘ერთგული მონა’ გამოსცემს ხელსაწყოებს გარკვეული ან შემოფარგლული აუდიტორიისთვის. მაგალითად, რას ვიტყოდით იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც თავიანთი კულტურისა თუ რელიგიის გამო განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, ღვთის მოთხოვნების შესწავლაში? 1982 წელს ჩვენ სწორედ საჭირო რამ მივიღეთ — 32-გვერდიანი ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ ეს უხვად ილუსტრირებული პუბლიკაცია არის ეფექტური ხელსაწყო წერა-კითხვის უცოდინარი ან ცუდად მკითხველი ადამიანების სასწავლებლად. ის ძალიან მარტივი და ადვილად აღსაქმელი ენით სთავაზობს ბიბლიის ძირითად ჭეშმარიტებებს. გამოქვეყნების დღიდან ბროშურამ „იხარე სიცოცხლით“ მკვეთრი კვალი დატოვა მსოფლიო სასწავლო პროგრამაში. ბროშურა 105 100 000-ზე მეტ ეგზემპლარად 239 ენაზე გამოქვეყნდა, რის შედეგადაც საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ დღემდე გამოცემულ პუბლიკაციებში ყველაზე ფართოდ თარგმნილ პუბლიკაციას წარმოადგენს!
12, 13. ა) რომელი ახალი საშუალების გამოქვეყნება დაიწყო ‘ერთგულმა მონამ’ 1990 წლიდან ფართო აუდიტორიის მისაღწევად? ბ) როგორ შეგვიძლია საგუშაგო კოშკის საზოგადოების ვიდეოკასეტების გამოყენება სამქადაგებლო მსახურებაში? გ) სულ ახლახან რომელი ახალი ხელსაწყო იყო გათვალისწინებული მოწაფეებად ადამიანთა მომზადების სამსახურის მხარდასაჭერად?
12 დაბეჭდილი პუბლიკაციების გარდა, 1990 წლიდან ‘ერთგული მონა’ ფართო აუდიტორიის დასამოძღვრად უზრუნველგვყოფს ახალი საშუალებით — ვიდეოკასეტებით. მოხსენიებული წლის ოქტომბერში გამოიცა 55-წუთიანი ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“ — საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ გამოცემული პირველი ვედეოფილმი. 35 ენაზე ხელმისაწვდომი შესანიშნავი და საინფორმაციო წარმოდგენა აჩვენებს მთელ მსოფლიოში კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული იესოს ბრძანების შემსრულებელი და იეჰოვასადმი მიძღვნილი ადამიანებისგან შემდგარ მსოფლიო ორგანიზაციას. ვიდეოფილმი განსაკუთრებით გამიზნულია მოწაფეებად ადამიანების მომზადების სამსახურის მხარდასაჭერად. სამეფოს მაუწყებლებს არ დაუკარგავთ დრო სამქადაგებლო მსახურებაში ამ ახალი ხელსაწყოს გამოსაყენებლად. ზოგი მას ხელჩანთით ატარებს და ყოველთვის მზად არის, აჩვენოს ან ათხოვოს დაინტერესებულ ადამიანებს. კასეტის გამოცემიდან ცოტა ხანში მიმომსვლელი ზედამხედველი წერდა: „ვიდეო XXI საუკუნის იარაღი გახდა, რათა მილიონობით ადამიანთა გულსა და გონებას მისწვდეს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ეს კასეტა მხოლოდ პირველი იქნება ვიდეოკასეტების გრძელ სიაში, რომლებსაც საზოგადოება გამოიყენებს სამეფოს საქმიანობის მხარდასაჭერად“. მართლაც, გამოქვეყნდა უფრო მეტი ვიდეოფილმი, მათ შორის სამნაწილიანი ფილმი სათაურით „ბიბლია — ფაქტებისა და წინასწარმეტყველებების წიგნი“ (ინგლ.) და „იეჰოვას მოწმეები მტკიცედ დგანან ნაცისტური თავდასხმის წინაშე“ (ინგლ.). იყენებ თუ არა მათ სამქადაგებლო მსახურებაში, თუ საგუშაგო კოშკის საზოგადოების ვიდეოკასეტები ხელმისაწვდომია შენს ენაზეa?
13 სულ ახლახან, მოწაფეებად ადამიანთა მომზადების სამსახურის მხარდასაჭერად გამოქვეყნდა ახალი ხელსაწყო — ბროშურა სათაურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ რატომ გამოქვეყნდა ის? როგორ შეიძლება მისი გამოყენება?
ახალი ხელსაწყოს განხილვა
14, 15. ვისთვის არის განკუთვნილი ბროშურა „ღვთის მოთხოვნები“ და რას შეიცავს ის?
14 ახალი პუბლიკაცია „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე სწამთ ღმერთი და პატივისცემით ეპყრობიან ბიბლიას. ამ ბროშურის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გალაადში განსწავლულმა მისიონერებმა და მიმომსვლელმა ზედამხედველებმა. ის ბიბლიის ძირითადი სწავლებების შემცველ სრულ სასწავლო კურსს მოიცავს. გადმოცემულია სასიამოვნო, უბრალო და გასაგები ენით. ამავე დროს ტექსტი გადაჭარბებულად გამარტივებულიც არ არის. მასში მხოლოდ „რძე“ კი არა, არამედ ღვთის სიტყვიდან ‘მაგარი საჭმელიც’ ისეა შემოთავაზებული, რომ ადამიანთა უმრავლესობამ შეძლოს მისი მიღება (ებრაელთა 5:12–14).
15 ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან სამეფოს მაუწყებლები სწორედ ასეთ პუბლიკაციას ითხოვდნენ. მაგალითად, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პაპუა-ახალი გვინეის ფილიალი წერდა: „საპირისპირო რელიგიური სწავლებების გამო ხალხი დაბნეულობაში იმყოფება. მათ სჭირდებათ მოკლედ გადმოცემული ჭეშმარიტება, რომელსაც ბიბლიიდან რამდენიმე ტექსტი დაადასტურებდა და რომელთა შემოწმებასაც თავიანთ ბიბლიებში შეძლებდნენ. მათ სჭირდებათ ნათელი და კონკრეტული აღწერა იმის შესახებ, თუ რას მოითხოვს ღმერთი ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან და რომელი წეს-ჩვეულებები და ადათ-წესებია მიუღებელი მისთვის“. ბროშურა „ღვთის მოთხოვნები“ სწორედ ის არის, რაც გვჭირდება, რათა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები.
16. ა) განსაკუთრებით ვის შეუძლია სარგებლობის მიღება ახალ ბროშურაში მოცემული უბრალო განმარტებებიდან? ბ) როგორ შეიძლება შენს უბანში მცხოვრებმა ადამიანებმა სარგებლობა მიიღონ ბროშურიდან „ღვთის მოთხოვნები“?
16 როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს ახალი ხელსაწყო? უპირველეს ყოვლისა, ის შეიძლება ისეთ ადამიანებთან შესასწავლად იყოს გამოყენებული, რომლებსაც უჭირთ კითხვა ან არ არიან განწყობილი ამის გასაკეთებლადb. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება სარგებლობა მიიღონ ბროშურაში მოცემული უბრალო განმარტებებიდან. გამოცემამდე ამ პუბლიკაციის ეგზემპლარის გადახედვის შემდეგ, საგუშაგო კოშკის ფილიალებმა დაწერეს შემდეგი: „ბროშურა ძალიან სასარგებლო იქნება ქვეყნის მრავალ კუთხეში, სადაც ადამიანები მიდრეკილნი არ არიან ფართო კითხვისკენ“ (ბრაზილია). „ემიგრანტების საკმაოდ დიდი რაოდენობა საკუთარ ენაზეც ვერ კითხულობს და ფრანგულსაც ჯერ ძლივს უმკლავდება. ეს ბროშურა შეიძლება დამხმარე სახელმძღვანელო იყოს ასეთ ადამიანებთან შესწავლის ჩასატარებლად“ (საფრანგეთი). ფიქრობ თუ არა შენს უბანში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებმაც შეიძლება სარგებლობა მიიღონ ბროშურიდან „ღვთის მოთხოვნები“?
17. რა მეთოდით შეიძლება ახალი ბროშურის გამოყენება მრავალ ქვეყანაში და რატომ?
17 მეორე: მრავალ ქვეყანაში, ადამიანთა განათლების დონის მიუხედავად, ბროშურა შეიძლება გამოყენებული იქნეს ღვთისმოშიშ ადამიანებთან ბიბლიის შესწავლის დასაწყებად. რასაკვირველია, უნდა შევეცადოთ, დავიწყოთ შესწავლა წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება შესწავლის დაწყება ბროშურით უფრო ადვილი იყოს. შემდეგ, შესაფერის დროს, შესწავლის გაგრძელება შეიძლება წიგნით „შემეცნება“, ჩვენი ძირითადი და უპირატესი სასწავლო დამხმარე საშუალებით. ბროშურის „ღვთის მოთხოვნების“ გამოყენებასთან დაკავშირებით, საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალები წერდნენ: „ბიბლიის შესწავლის დაწყება რთულია, ამიტომ, როგორც ჩანს, შესწავლის დაწყების უფრო უკეთეს შესაძლებლობებს მაუწყებლებს ბროშურა აძლევს“ (გერმანია). «ამგვარი ბროშურა ყველაზე ეფექტური იქნება ბიბლიის ახალი შესწავლების დასაწყებად, რომლებიც შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს წიგნით „შემეცნება“» (იტალია). «თუმცა იაპონელებს განათლების მაღალი დონე აქვთ, უმრავლესობის შემეცნება ბიბლიისა და მისი ძირითადი სწავლებების შესახებ ძალიან შემოფარგლულია. ეს ბროშურა ბრწყინვალე საფეხური უნდა იყოს წიგნისთვის „შემეცნება“» (იაპონია).
18. რა უნდა გვახსოვდეს ღვთის მოთხოვნების შესრულების შესახებ?
18 მთელ მსოფლიოში საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალები ითხოვდნენ ამ ბროშურას და ბროშურის თარგმნა 221 ენაზე დადგინდა. დაე, ეს ახალი პუბლიკაცია სასარგებლო იყოს ჩვენთვის, რათა დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ, რას მოითხოვს იეჰოვა ღმერთი მათგან. ჩვენი მხრივ, მოდი გვახსოვდეს, რომ ღვთის მოთხოვნების შესრულება, მათ შორის ქადაგებასა და მოწაფეებად ხალხის მომზადებასთან დაკავშირებულ ბრძანებასთან შეხვედრა, გვაძლევს ფასდაუდებელ შესაძლებლობას, ვუჩვენოთ იეჰოვას, თუ რამდენად გვიყვარს ის. დიახ, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს მძიმე არ არის. ეს ცხოვრების საუკეთესო გზა არის! (ფსალმუნი 18:8–12).
[სქოლიოები]
a წიგნში, „იეჰოვას მოწმეები, ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, ნათქვამია: „ვიდეოკასეტები არავითარ შემთხვევაში არ იკავებენ დაბეჭდილი ფურცლის ან პირადი დამოწმების ადგილს. საგუშაგო კოშკის საზოგადოების პუბლიკაციები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კეთილი ცნობის გავრცელებაში. კარდაკარ მსახურება იეჰოვას მოწმეთა სამსახურის ისევ მყარ, ბიბლიურ ნიშან-თვისებას წარმოადგენს. მაგრამ ახლა, იეჰოვას ძვირფასი აღთქმებისადმი რწმენის გასავითარებლად და დედამიწაზე ჩვენს დღეებში მისი ნამოქმედარისადმი მადლიერების აღსაძვრელად, მათ სასარგებლო ხელსაწყოების სახით ვიდეოკასეტები დაემატა“.
b რათა გაიგო, როგორ ჩაატარო შესწავლა ბროშურის „ღვთის მოთხოვნების“ საშუალებით, იხილე სტატია სათაურით „ახალი ხელსაწყო, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები“, მე-16, მე-17 გვერდები.
შეგიძლია თუ არა, ახსნა?
◻ რომელ ორმხრივ სამსახურში მოითხოვს მონაწილეობას იეჰოვა თავისი მსახურებისგან?
◻ რატომ არ არის ჩვენთვის მძიმე ქადაგებასა და მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებული ვალდებულება?
◻ რომელი ხელსაწყოებით უზრუნველგვყო ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ სამქადაგებლო მსახურებასა და მოწაფეებად ადამიანთა მომზადების სამსახურში?
◻ ვისთვის არის განკუთვნილი ბროშურა „ღვთის მოთხოვნები“ და როგორ შეგვიძლია მსახურებაში მისი გამოყენება?
[სურათი 24-ე გვერდზე]
ქადაგებასა და მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებული ჩვენი მსახურება მძიმე არ არის.
[სურათები 26-ე გვერდზე]
„დაე მართალი იყოს ღმერთი“ (1946, შესწორებული 1952 წელს): 19 250 000 ეგზემპლარი 54 ენაზე (ნაჩვენებია ინგლისური).
„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ (1968): 107 000 000 ეგზემპლარი 117 ენაზე (ნაჩვენებია ფრანგული).
„შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (1982): 80 900 000 ეგზემპლარი 130 ენაზე (ნაჩვენებია რუსული).
„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (1995): 45 500 000 ეგზემპლარი 125 ენაზე (ნაჩვენებია გერმანული).