შეასრულებს ოდესმე რელიგია მშვიდობისმყოფელის როლს?
„მოდით უკეთესობისკენ შევცვალოთ მსოფლიო და თავიდან მოვიშოროთ რელიგია“. ასეთმა რჩევამ გაიჟღერა ჰოლანდიელი ფილოსოფოსის, ფლორის ვან დენ ბერგის მიერ გამოქვეყნებულ ლექციაში „როგორ და რატომ უნდა მოვიშოროთ თავიდან რელიგია“. ამ მოსაზრებას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც უჭერენ მხარს.
„მსოფლიომ უნდა გამოიღვიძოს იმ ხანგრძლივი კოშმარიდან, რასაც რელიგია ჰქვია“, — განაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფიზიკოსმა სტივენ უაინბერგმა. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხდება იმ აზრის გაჟღერება, რომ მსოფლიოში ამდენი საშინელება აღარ მოხდება, თუ რელიგია აღარ იარსებებს. ამასთანავე საკმაოდ გახშირდა ანტირელიგიური შინაარსის წიგნები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
წამყვანი მეცნიერები მათი აზრით გადაუდებელი საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ეს საკითხი რელიგიის აღმოფხვრას ეხებოდა. მასმედია დაიპყრო ათეისტების ახალმა ტალღამ. ისინი არ მალავენ სიძულვილს რელიგიის მიმართ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ავტორიტეტულ მოაზროვნეებს სწორი კურსი აქვთ არჩეული?
არსებობს ჭეშმარიტი რელიგია?
თუ ყველა რელიგია მცდარია და ღმერთიც არ არსებობს, მაშინ საკმაოდ გონივრულია იმაზე ფიქრი, რომ რელიგიამ უნდა შეწყვიტოს არსებობა. მაგრამ იქნებ მართლა არსებობს ღმერთი, ღვთის ხალხი და ჭეშმარიტი რელიგია?
თუ გულდასმით გამოვიკვლევთ რელიგიის ისტორიას, აშკარად დავინახავთ, რომ თაყვანისმცემლობის ერთი ფორმა მკვეთრად განსხვავდება სხვა დანარჩენი რელიგიებისგან. ეს რელიგია დღესდღეობით ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობას აერთიანებს. მას საფუძველი იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა ჩაუყარეს. თაყვანისმცემლობის ეს ფორმა აშკარად განსხვავდება თაყვანისმცემლობის იმ ფორმისგან, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში მისდევენ.
ჭეშმარიტი რელიგია, რომელსაც საფუძველი იესო ქრისტემ ჩაუყარა, ბევრი რამით განსხვავდება ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისგან. განვიხილოთ ერთ-ერთი მხარე, რაშიც ეს განსხვავება ჩანს.
„ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“
პირველი ქრისტიანები არ ერეოდნენ პოლიტიკაში. ამგვარად ისინი ჰბაძავდნენ იესოს, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია ეკავა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესომ სულ მცირე ორჯერ თქვა უარი, გამხდარიყო პოლიტიკური ლიდერი (მათე 4:8—10; იოანე 6:15). იესომ უსაყვედურა თავის მოწაფეებს, როცა მათ ძალისმიერი გზით სცადეს, ის დაპატიმრებას გადაერჩინათ (მათე 26:51, 52; ლუკა 22:49—51; იოანე 18:10, 11).
იესომ ასეთი პასუხი გასცა იუდეის რომაელ მმართველს, რომელიც იესოსთვის წაყენებული პოლიტიკური ბრალდებით დაინტერესდა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). ფაქტია, რომ იესოს საერთო არაფერი ჰქონდა იმდროინდელ პოლიტიკურ და სამხედრო სისტემასთან.
მსგავსად იქცეოდნენ იესოს მიმდევრებიც. წინა სტატიებში მოხსენიებულმა მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც იკვლევს რელიგიის როლს ომებში, ასეთი რამ აღნიშნა: „პირველი ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო ძალადობა . . . მათი უმეტესობა არც ჯარში მიდიოდა და არც ბრძოლებში მონაწილეობდა“. იესოსა და მისი მოწაფეების სწავლებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოყვასის, მათ შორის უცნობების და სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანების სიყვარულს (საქმეები 10:34, 35; იაკობი 3:17). ეს რელიგია ნამდვილად უწყობდა ხელს მშვიდობას.
დროთა განმავლობაში თავდაპირველი ქრისტიანული სწავლებები ფილოსოფიით, ტრადიციებითა და ნაციონალისტური იდეებით შეიბღალა. ზემოხსენებული ისტორიკოსები, რომლებიც სწავლობენ რელიგიის როლს შეიარაღებულ კონფლიქტებში, ასეთ დასკვნას აკეთებენ: „[რომაელ იმპერატორ] კონსტანტინეს გაქრისტიანებამ ქრისტიანობის გასამხედროება გამოიწვია. ქრისტიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა უკვე ქრისტეს ჰუმანური სწავლებები კი აღარ იყო, არამედ იმპერატორის დამპყრობლური პოლიტიკა. ქრისტიანები, მათ შორის იმპერატორი, იძულებული გახდნენ, რომ ომისთვის რელიგიური გამართლება მოეძებნათ“. ასე წარმოიშვა ყალბი ქრისტიანობა.
განსხვავებული ჯგუფი
ნუთუ წარსულს ჩაჰბარდა პირველი ქრისტიანობა? ნამდვილად არა, რადგან დღესდღეობით არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ჰბაძავს პირველ ქრისტიანებს ისე, როგორც იეჰოვას მოწმეები. მათ არანაირი კავშირი არა აქვთ ქრისტიანულ სამყაროსთან. „რელიგიის ენციკლოპედია“ ტყუილუბრალოდ არ უწოდებს მათ „განსხვავებულ ჯგუფს“, რადგან მათი მრწამსი მთლიანად „ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ტრადიციებზე“.
პირველი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეები ცდილობენ „რასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვას“. როგორც სწავლულები ამბობენ, იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში“ და „თავიანთი ქვეყნის კანონმორჩილი მოქალაქეები არიან“.
ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ვოიცეხ მოძელევსკიმ თავის წიგნში დაწერა: „დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში შეადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაერთიანებას, რომელიც გმობს ომს“ (Pacifism and Vicinity). რადგან იეჰოვას მოწმეები ფეხდაფეხ მიჰყვებიან პირველი საუკუნის ქრისტიანების ნაკვალევს, შეიძლება ითქვას, რომ მათ შეძლეს იმ თაყვანისმცემლობის აღდგენა, რომელსაც საფუძველი ქრისტემ და მოციქულებმა ჩაუყარეს. სწორედ ასეთი ქრისტიანობა უწყობს ხელს მშვიდობას (იხილეთ ჩარჩო მომდევნო გვერდზე).
ნათელი მომავალი
მრავალი მორწმუნე, მათ შორის ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლი, აღშფოთებულია თავიანთ რელიგიაში არსებული თვალთმაქცობით. არც ის მორწმუნე ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიისთვის იბრძვიან.
მათი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ადამიანებს არ შესწევთ ძალა მოაგვარონ მსოფლიო პრობლემები. ძველად წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
მაგრამ არსებობს ნათელი მომავლის იმედი. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ დედამიწას მალე მშვიდობისმოყვარე ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება დაიმკვიდრებს. ეს ახალი საზოგადოება ნამდვილი საძმო იქნება. ყველა ერის ადამიანი შეხმატკბილებულად იცხოვრებს და კაცობრიობას მეტად აღარ დაყოფს საზღვრები, ეთნიკური სიძულვილი თუ რელიგიური იდეოლოგია. მათ იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობა გააერთიანებს.
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია ყველა იმ რელიგიის განადგურება, რომელიც პატივს არ მიაგებს ღმერთს. იესომ თქვა: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს“ (მათე 12:25). დადგება დრო, როცა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ეს სიტყვები ცრუ რელიგიაზე შესრულდება.
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღმერთი სამართლიან განაჩენს გამოიტანდა ერებს შორის და საქმეებს მოაგვარებდა. ამ წინასწარმეტყველებაში ისიც არის ნათქვამი, რომ ხალხები „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4). ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება. იეჰოვას მოწმეთა ჭეშმარიტი რელიგია დღესვე უწყობს ხელს მშვიდობას.
[ჩანართი 8 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებს სიყვარული აერთიანებს
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რით გამოირჩევიან იეჰოვას მოწმეები?
ბევრს აოცებს იმის გაგება, თუ რამდენად განსხვავდებიან იეჰოვას მოწმეები სხვა რელიგიური მიმდინარეობებისგან, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მხარე, რაც იეჰოვას მოწმეებს სხვებისგან გამოარჩევს.
სტრუქტურა
● მათ არ ჰყავთ სამღვდელოება.
● მათი ზედამხედველები, მქადაგებლები და მისიონერები ანაზღაურებას არ იღებენ.
● სამეფო დარბაზებში ანუ იქ, სადაც ისინი ღვთისმსახურებისთვის იკრიბებიან, არ ხდება ფულის შეკრება.
● მათი საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით, რომელსაც ყველა ანონიმურად გასცემს.
● ისინი არ ერევიან პოლიტიკაში.
● ისინი მხარს უჭერენ მშვიდობას და არ მონაწილეობენ ომებში.
● მთელ მსოფლიოში მათ აერთიანებთ რწმენა და ბიბლიაზე დაფუძნებული სწავლებები.
● ისინი ერთიან საძმოს ქმნიან. მათ შორის არ არსებობს სოციალური, ეთნიკური, რასობრივი და კლასობრივი ბარიერები.
● ისინი არ თანამშრომლობენ სხვა რელიგიებთან, იქნება ეს კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა თუ პროტესტანტიზმი.
სწავლებები
● მათ სწამთ, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ჰქვია.
● მათთვის იესო ქრისტე არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. მათ არ სწამთ სამება.
● ისინი იესოს ღვთის ძედ მიიჩნევენ და მიჰყვებიან მის სწავლებებს.
● ისინი არ ეთაყვანებიან ჯვარს და თაყვანისცემის დროს არ იყენებენ გამოსახულებებს.
● მათ არ სწამთ, რომ არსებობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, სადაც სიკვდილის შემდეგ ბოროტი ადამიანები ხვდებიან.
● მათ სწამთ, რომ ღმერთი მორჩილ ადამიანებს აკურთხებს მარადიული სიცოცხლით სამოთხედქცეულ დედამიწაზე.
იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მათ აღადგინეს პირველი საუკუნის ქრისტიანობა ანუ ქრისტიანობის ის ფორმა, რომელსაც იესოს მოციქულები აღიარებდნენ.
[სურათი 8 გვერდზე]
სერბი, ბოსნიელი და ხორვატი