საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g17 № 6 გვ. 8-9
  • ასწავლეთ შვილებს თავმდაბლობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ასწავლეთ შვილებს თავმდაბლობა
  • გამოიღვიძეთ! — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • რა უნდა იცოდეთ
  • გამოსავალი
  • 2. თავმდაბლობა
    გამოიღვიძეთ! — 2019
  • განივითარეთ ნამდვილი თავმდაბლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • 3. მიზანსწრაფულობა
    გამოიღვიძეთ! — 2019
  • იესომ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2017
g17 № 6 გვ. 8-9
დედა შვილს ემსახურება

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ასწავლეთ შვილებს თავმდაბლობა

პრობლემა

  • თქვენი შვილი თავხედურად იქცევა, არადა, სულ რაღაც, 10 წლისაა!

  • მას სურს, რომ ყველა თავს დაჰფოფინებდეს.

ალბათ, გაოგნებული ხართ და ვერ ხვდებით, რა ხდება მის თავს. რა თქმა უნდა, არ გინდათ, რომ თქვენს შვილს საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს, მაგრამ არც ის გსურთ, რომ თავი ყველაზე კარგი ეგონოს.

როგორ ვასწავლოთ შვილს თავმდაბლობა ისე, რომ თავმოყვარეობა არ შეელახოს?

პატარა გოგონას მშობლები პრინცესასავით ექცევიან

რა უნდა იცოდეთ

ბოლო წლებში შეინიშნება ტენდენცია, რომ მშობლები შვილებს ყველა სურვილს უსრულებენ; მაშინაც კი აქებენ, როცა ამას არ იმსახურებენ; არც შენიშვნებს აძლევენ და დასჯისგანაც თავს იკავებენ. ბევრს ჰგონია, რომ, თუ ბავშვს ასე მოექცევიან, მას პირადი ღირსების გრძნობა ექნება და თავს სრულფასოვან ადამიანად იგრძნობს. მაგრამ, რა შედეგი მოჰყვება ასეთ აღზრდას? ერთ წიგნში ნათქვამია: „ამგვარი აღზრდის შედეგად დღეს ბავშვები ემოციურად გაწონასწორებულები და ბედნიერები კი არა, ნარცისიზმით შეპყრობილნი არიან“ (Generation Me).

ის ბავშვები, რომლებსაც წამდაუწუმ აქებენ, მოუმზადებლები არიან იმედგაცრუებისთვის, კრიტიკისა თუ მარცხისთვის, რასაც რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდებიან. ასეთებს დიდობაში ხშირად უჭირთ მეგობრების პოვნა და სხვებთან საერთო ენის გამონახვა, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. შედეგად, მათ უარყოფითი გრძნობები ეუფლებათ და დეპრესიაში ვარდებიან.

სინამდვილეში ბავშვებს ღირსების გრძნობას რაიმე ღირებული მიზნის მიღწევა შესძენს და არა გამუდმებით იმაში დარწმუნება, რომ ყველაზე კარგები არიან. წარმატების მისაღწევად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ თვითრწმენა. მათ ბეჯითად უნდა ისწავლონ, შეიძინონ სხვადასხვა უნარ-ჩვევა და უფრო დაიხვეწონ (იგავები 22:29). მშობლებმა მათ ისიც უნდა დაანახვონ, რომ სხვების საჭიროებებზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია (1 კორინთელები 10:24). ამ ყველაფრისთვის კი თავმდაბლობაა საჭირო.

გამოსავალი

შეაქეთ მაშინ, როცა ამას ნამდვილად იმსახურებს. თუ თქვენი შვილი სკოლაში მაღალ ნიშანს მიიღებს, შეაქეთ. მაგრამ, თუ დაბალ შეფასებას მიიღებს, მაშინვე მასწავლებელს ნუ დაადანაშაულებთ. ასე ნამდვილად ვერ დაეხმარებით ბავშვს, ისწავლოს თავმდაბლობა. ნაცვლად ამისა, დაანახვეთ, რის გაკეთება შეუძლია იმისათვის, რომ მომავალში უკეთესი ნიშანი მიიღოს. შეაქეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავს გაართმევს ამა თუ იმ დავალებას.

მიეცით შენიშვნა, როცა ამის საჭიროებაა. რა თქმა უნდა, შვილს ყველა შეცდომაზე არ უნდა გამოეკიდოთ (კოლოსელები 3:21). მაგრამ სერიოზული შეცდომის შემთხვევაში შენიშვნის მიცემა აუცილებელია. იმავეს გაკეთება გმართებთ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს არასწორი აზროვნება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ასეთმა აზროვნებამ ღრმად გაიდგას ფესვი მასში.

მაგალითად, თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს ტრაბახი დასჩემდა, ნუ წაუყრუებთ. თუ შენიშვნას არ მისცემთ, შესაძლოა ის ამპარტავანი გახდეს და სხვებმა შორს დაიჭირონ მისგან თავი. აუხსენით შვილს, რომ, თუ იტრაბახებს, სხვებს ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ მასზე და შეიძლება უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეს (იგავები 27:2). ისიც დაანახვეთ რომ, ადამიანი, რომელსაც გაწონასწორებული შეხედულება აქვს საკუთარ თავზე, არასდროს ახდენს თავისი შესაძლებლობების აფიშირებას. სიყვარულით მიცემული ასეთი რჩევა-დარიგება მას თავმდაბლობას ასწავლის თანაც ისე, რომ ღირსების გრძნობა არ შეელახოს (ბიბლიური პრინციპი: მათე 23:12).

მოამზადეთ ბავშვი ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად. თუ ბავშვს გაანებივრებთ და ყველა კაპრიზს შეუსრულებთ, მან შეიძლება დაასკვნას, რომ ყველაფრის უფლება აქვს. მაგალითად, თუ თქვენს შვილს ისეთი რამ სურს, რაზეც ხელი არ მიგიწვდებათ, აუხსენით მას, რომ ყოველთვის ყველაფერს ვერ მიიღებს და „საბანი იქამდე უნდა დაიფაროს, სადამდეც სწვდება“. თუ ექსკურსიაზე ან დასასვენებლად წასვლას გეგმავდით, მაგრამ ვერ მოახერხეთ, დაანახვეთ ბავშვს, რომ შეიძლება ყოველთვის არ გამართლდეს მისი მოლოდინი. შეგიძლიათ ისიც გაუზიაროთ, თქვენ როგორ უმკლავდებით ასეთ გრძნობებს. თავიდან კი ნუ აარიდებთ შვილებს ყველა სირთულეს, არამედ მოამზადეთ იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლებსაც დიდობაში აუცილებლად შეხვდებიან (ბიბლიური პრინციპი: იგავები 29:21).

წაახალისეთ გულუხვობისკენ. ასწავლეთ ბავშვს, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). მაგალითად, შეგიძლიათ ერთად ჩამოწეროთ მათი სია, ვისაც დახმარება ესაჭიროება, იქნება ეს რაიმეს ყიდვა, სადმე წაყვანა თუ რაღაცის შეკეთება. როცა მათ დასახმარებლად წახვალთ, თქვენი შვილიც თან გაიყოლეთ. დაანახვეთ ბავშვს, რაოდენ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებთ სხვების დახმარება. პირადი მაგალითით საუკეთესოდ დაეხმარებით შვილს თავმდაბლობის სწავლაში (ბიბლიური პრინციპი: ლუკა 6:38).

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org და მოძებნეთ სტატია „ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებიანები ამ პირველობის მოყვარულ მსოფლიოში“.

საკვანძო ბიბლიური მუხლები

  • „ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათე 23:12).

  • „თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება“ (იგავები 29:21).

  • „გაეცით“ (ლუკა 6:38).

სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).

თუ ბავშვს ამ პრინციპით აღზრდით, გაუადვილდება იმის გაცნობიერება, რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მას რაღაცით სჯობია. თავმდაბლობა დაეხმარება მას, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყოს კონცენტრირებული, რაც ჩვეული რამაა ეგოიზმით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება