გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
მსოფლიოში არსებული შემაშფოთებელი მდგომარეობის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეებმა კიდევ ერთი ნაყოფიერი წელი გაატარეს წმინდა მსახურებაში. ღვთის კურთხევით სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება „ნაყოფსაც იძლევა და ვრცელდება კიდეც მთელ მსოფლიოში“ (კოლ. 1:5, 6). გვჯერა, რომ ეს წლიური ანგარიში გაგამხნევებთ და რწმენას განგიმტკიცებთ.
სიახლე დამხმარე პიონერად მსახურების მსურველთათვის
დიდი სიხარული გამოიწვია სიახლემ, რომ დამხმარე პიონერად მსახურების მსურველთ შეეძლოთ აპრილში 30 ან 50 საათი ემსახურათ. ბევრს, ვისაც არასდროს შეეძლო დამხმარე პიონერად მსახურება, ძალიან გაუხარდა, რომ ამის შესაძლებლობა მიეცა. ათასობით მაუწყებელი პირველად შეუერთდა დამხმარე პიონერების რიგს და ბევრი, ვინც მანამდე მსახურობდა დამხმარე პიონერად, მოხარული იყო, კვლავ ემსახურა. გარდა ამისა, ბევრმა მაუწყებელმა, ვინც ვერ შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება, ძალ-ღონე არ დაიშურა, მეტი ექადაგა იმ თვეში. როგორი იყო შედეგი?
ფილიალების უმეტესობა იუწყებოდა ზრდის შესახებ, რომელიც ბევრად აღემატებოდა მანამდე დაფიქსირებულ უმაღლეს რიცხვს. მთელ მსოფლიოში 2 657 377 მაუწყებელი მსახურობდა დამხმარე პიონერად, რაც დაახლოებით ხუთჯერ აღემატება წინა წლის უმაღლეს რიცხვს. მსოფლიოს მასშტაბით ბეთელის ოჯახის წევრების ოთხმოცი პროცენტი, ანუ 20 290 და-ძმიდან 16 292, მონაწილეობდა ამ სახის მსახურებაში. აღმაფრთოვანებელია იმის გაგება, რომ იეჰოვას მსახურებმა აპრილში იმაზე მეტი იქადაგეს, ვიდრე თავიანთი ისტორიის მანძილზე ნებისმიერ სხვა თვეში!
ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან, რომელმაც დაახლოებით 300 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ჰაიტის ფილიალი იუწყებოდა აპრილში სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეთა არნახულ უმაღლეს რიცხვზე. 17 009 მაუწყებლიდან დამხმარე პიონერად 6 185 მსახურობდა. სპეციალური კამპანიის დროს გავრცელდა არც ისე დიდი ხნის წინ ჰაიტის კრეოლზე გამოცემული ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“, რომელმაც დიდად ანუგეშა და დააიმედა მგლოვიარე მოსახლეობა.
ჩვენი ნიგერიელი და-ძმები აპრილის თვეში უჩვეულო სიძნელეს შეხვდნენ. მთავრობის ბრძანებულებით, არჩევნებისთვის გამოყოფილი ოთხი დღის განმავლობაში (აქედან სამი დღე შაბათს დაემთხვა) დილის შვიდი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე ხალხს გარეთ გასვლა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეეძლო. მაგრამ ამან ვერ ჩააქრო პიონერული სული. ერთმა კრებამ ფილიალს მისწერა: „სიხარულითა და მადლიერებით სავსე გულით გწერთ მსახურების იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომელიც ამ თვეში გვქონდა“. სხვა კრებაში 127 მონათლული მაუწყებლიდან დამხმარე პიონერად 92-მა იმსახურა, მათ შორის ყველა უხუცესმა და მომსახურემ. ბეთელის ოჯახის 688 წევრიდან 555-მა მიიღო მონაწილეობა ამ სახის მსახურებაში.
ისინი გამოეხმაურნენ მოწოდებას. ბურუნდის მთიანი მხარის ერთ სოფელში მცხოვრებ ჯანეტს გულის ქრონიკული დაავადების გამო არ შეუძლია დიდხანს სიარული და აღმართებზე ასვლა, მაგრამ პიონერად მსახურება ყოველთვის უნდოდა. ჯანეტს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ აპრილში დამხმარე პიონერად მსახურებისთვის საათების ნორმა შემცირდა. მისი ნატვრა რომ ასრულებულიყო, უხუცესები დაეხმარნენ, სახლთან ახლოს ექადაგა. ამასთანავე, პიონერებსა და მაუწყებლებს თავიანთი ბიბლიის შემსწავლელები მასთან სახლში მიჰყავდათ შესწავლის ჩასატარებლად. თვის ბოლოსთვის ჯანეტს უკვე ოთხი ბიბლიის შესწავლა ჰქონდა. „ძალიან მინდა კიდევ ვიმსახურო პიონერად, — ამბობს ის. — დარწმუნებული ვარ, იეჰოვა დამეხმარება“.
კუნძულ გრენადაზე ახალგაზრდა ყრუ-მუნჯმა დამ იმსახურა პიონერად, მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდია და სიარული უჭირს. მან თქვა: „მსახურებაში წასასვლელად ავტობუსამდე დიდი მანძილი უნდა გამევლო ფეხით, რაც ძალიან მიჭირდა“. ამასთანავე, ეს და უმუშევარი იყო და მხურვალედ სთხოვდა იეჰოვას ლოცვაში დახმარებას. საჭირო თანხა რომ ეშოვა, ყაისნაღით ნაქსოვი ნივთები და ხელნაკეთი სამკაულები გაყიდა. „სამქადაგებლო საქმეში სრული მონაწილეობა მივიღე. ძმები მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი!“ — დასძინა მან.
ტოშიმ, 101 წლის იაპონელმა დამ, გულმოდგინედ იმსახურა აპრილში დამხმარე პიონერად. ვინაიდან ოთახიდან გასვლა არ შეეძლო, ის წერილებს წერდა და მასთან მისულ მომვლელებთან ქადაგებდა. „ყურში ცუდად მესმის, — გვიზიარებს ტოში, — ამიტომ ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობ და ჩემი ნათქვამი გარშემომყოფებსაც ესმით“.
კოსტა-რიკაში მცხოვრებმა ფელიქსმა, რომელიც პარალიზებულია, დამხმარე პიონერად მსახურება გადაწყვიტა. მაგრამ როგორ შეძლებდა ამას? სახლის წინ მას ლიტერატურის მაგიდა დაუდგეს, რომ გამვლელებთან ექადაგა. თვის ბოლოს ფელიქსი ფიზიკურად დაღლილი, მაგრამ სულიერად გამოცოცხლებული და კმაყოფილი იყო, რადგან ოთხ ადამიანთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
აპრილში დამხმარე პიონერად მსახურების სურვილი ბევრ ახალგაზრდა მაუწყებელსაც ჰქონდა. მაგალითად, ესპანეთში მცხოვრებ 11 წლის სანდრასა და მის 7 წლის ძმას, ალეხანდროს, სურდათ, მეტი მონაწილეობა მიეღოთ სამქადაგებლო საქმეში. კრების წევრებისა და მშობლების გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით აღძრულ ბავშვებს ძალიან უნდოდათ დამხმარე პიონერად მსახურება. მაგრამ როგორ იმსახურებდნენ, როცა მონათლულები არ იყვნენ? ორივემ შეადგინა მსახურების გეგმა, რათა იმდენივე ექადაგათ, რამდენსაც მათი მშობლები იქადაგებდნენ. მსახურებისთვის შეთავაზებებს ისინი ოჯახური თაყვანისცემის საღამოს დროს ამზადებდნენ. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ბავშვები მალე დაიღლებოდნენ. მაგრამ პატარა მაუწყებლებს ერთი წუთითაც არ დაუკარგავთ ხალისი. 30 აპრილისთვის მთელმა ოჯახმა შეასრულა გეგმა და 30 საათი იქადაგა, გარდა პატარა ალეხანდროსი, რომელსაც სულ რაღაც სამი საათი აკლდა. ამიტომ გეგმის შესასრულებლად ის ბოლო დღეს მამასთან ერთად გავიდა საქადაგებლად. მთელი ოჯახი ბედნიერი იყო, რომ აქტიურად და სასიამოვნოდ გაატარეს დრო მსახურებაში.
„ყოველდღე ვლოცულობდი, რომ მე და ჩემს ქმარს, ფილიპს, 30 საათი გვექადაგა“, — ამბობს ჯინი. ფილიპი ადრე საოლქო ზედამხედველად მსახურობდა, ვიდრე ცერებრალური ანევრიზმის შედეგად ესპანეთის საავადმყოფოში საწოლს არ მიეჯაჭვა და ლაპარაკის უნარი არ წაერთვა. მას მხოლოდ თვალებით შეეძლო ურთიერთობა — თანხმობის ნიშნად ერთხელ ხუჭავდა თვალებს, უარის ნიშნად კი — ორჯერ.
„როცა ვუთხარი, რომ დამხმარე პიონერად მსახურება მინდოდა, მანიშნა, რომ თვითონაც სურდა“, — დასძენს ჯინი. მაგრამ როგორ შეძლებდა ამას?
წინა თვეებში ჯინი და ფილიპი პაციენტებთან, მნახველებთან და საავადმყოფოს პერსონალთან ქადაგებდნენ. „დავგეგმეთ, რომ აპრილში ჩვენს პალატაში ყოველდღე დაახლოებით ერთ საათს ვიქადაგებდით, მაშინ როცა ფილიპს არ ეძინებოდა და თვალების მოძრაობით მიიღებდა მონაწილეობას მსჯელობაში“.
მაგრამ მარტში ფილიპი ცალკე პალატაში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ის და ჯინი კვლავ მიჰყვებოდნენ გეგმას და დღის მანძილზე სხვადასხვა დროს რამდენიმე წუთს ქადაგებდნენ საავადმყოფოს პერსონალთან. ერთმა ექთანმა აიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თვალებში შეხედა ფილიპს და დაჰპირდა, რომ მეორე დღეს მუხლების წასაკითხად მივიდოდა. როცა ის მივიდა, ჯინმა იოანეს 17:3-ის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის ახსნა სთხოვა. ფილიპს თვალებით უნდა ენიშნებინა, სწორად გაიგო ექთანმა მუხლი თუ არა. მაშინაც კი, როცა ის ფილიპის პალატაში არ მორიგეობდა, მიდიოდა ცოლ-ქმართან და ეუბნებოდა, რომ იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა, მასთან დაახლოებაში დახმარებოდა.
იეჰოვას ხალხი მსახურებაში მეტი მონაწილეობის მიღებას მოყვასის სიყვარულის, იესო ქრისტეს მსხვერპლისადმი მადლიერებისა და ზეციერი მამისადმი ერთგულების გამოვლენის შესაძლებლობად მიიჩნევს. ისინი მოუთმენლად ელიან 2012 წლის მარტის დადგომას, როცა კვლავ მიეცემათ მსახურებაში 30 ან 50 საათის გატარების შესაძლებლობა.
სკოლები, რომლებშიც იეჰოვას გზებს სწავლობენ
იეჰოვას ორგანიზაცია სერიოზულად ეკიდება ესაიას 2:3-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“. მაგალითად, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ერთგული და გონიერი მონა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრულამდე ყველა ეროვნების ადამიანს ესაჭიროებოდა იეჰოვასგან განსწავლა. ამიტომ გონიერმა მონამ ჩამოაყალიბა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ და თეოკრატიული მსახურების სკოლა. დიდი ხანი არ არის, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ ცვლილებები მოახდინა სხვადასხვა სკოლაში, რომლებშიც სპეციალიზებულ სასწავლო კურსს გადიან.
2010 წლის ოქტომბერში მსახურებაში დახელოვნების სკოლის სახელწოდება შეიცვალა სახელწოდებით ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის. დაუქორწინებელი ძმები, რომლებიც მსახურობენ უხუცესებად ან მომსახურეებად, კვლავაც გაივლიან ამ ორთვიანი სკოლის კურსს. მთელ მსოფლიოში 37 445-მა ძმამ უკვე გაიარა სწავლების ეს კურსი და მათგან უმრავლესობა პიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად, მისიონერად ან ბეთელელად მსახურობს.
ახალი ორთვიანი ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის 2011 წლის ივლისიდან ტარდება პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ). წყვილებს შეუძლიათ ისწავლონ ამ სკოლაში, თუ ისინი არიან 25 წლიდან 50 წლამდე, აქვთ კარგი ჯანმრთელობა, მინიმუმ ორი წლის დაქორწინებულები არიან, სულ მცირე ბოლო ორი წელი უწყვეტად მსახურობენ სრული დროით და ქმარი ორი წელი უწყვეტად მსახურობს უხუცესად ან მომსახურედ. 2012 წლიდან ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც ამჟამად ტარდება ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის.
ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის იმ მიზნით შეიქმნა, რომ დაქორწინებულმა წყვილებმა სპეციალიზებული სწავლების კურსი გაიარონ და უფრო მეტად გამოადგნენ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას. კურსდამთავრებულთა უმეტესობა პიონერად იმსახურებს თავისი ქვეყნის იმ კუთხეში, სადაც ამის საჭიროება იქნება. ზოგს დროებით სპეციალურ პიონერად დანიშნავენ, ზოგს კი სარაიონო მსახურებისთვის მოამზადებენ. რამდენიმე უნარიანი და გამოსადეგი წყვილი შეიძლება სხვა ქვეყანაში გაიგზავნოს.
ამ სკოლაში სწავლის მსურველები სულიერად მოწიფულები უნდა იყვნენ და უნდა ავლენდნენ თავგანწირვის სულს. დაუქორწინებელი ძმების სკოლის მასწავლებლები ამ ახალ სკოლასაც ჩაატარებენ და წყვილებს ძირითადად იმავე სასწავლო პროგრამას გაატარებენ. რამდენიმე გაკვეთილი მხოლოდ ძმებისთვის ჩატარდება. ამ დროს მათი ცოლები მსახურებაში იქნებიან. სკოლაში სწავლის მსურველები დამატებით ინფორმაციასა და მოთხოვნებს საოლქო კონგრესებზე ჩატარებულ შეხვედრებზე გაიგებენ.
ხელმძღვანელმა საბჭომ ზოგადად მოიხსენია ის ცვლილებები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადს“ შეეხო. 132-ე კლასიდან მოყოლებული, რომელიც 2011 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, სკოლა „გალაადში“ სწავლის კურსს გაივლიან მხოლოდ სპეციალური სრული დროით მსახური წყვილები — მისიონერები, რომლებსაც არ უსწავლიათ სკოლა „გალაადში“, სპეციალური პიონერები, მიმომსვლელი ზედამხედველები და ბეთელელები. მათი ქვეყნის ფილიალს შეუძლია რეკომენდაციის გაწევა, თუ ისინი თავისუფლად წერენ და ლაპარაკობენ ინგლისურად.
„გალაადის“ კურსდამთავრებულები იმსახურებენ მისიონერებად, მიმომსვლელ ზედამხედველებად ან ბეთელელებად და დაეხმარებიან კრებებსა და ფილიალს გაძლიერებასა და განმტკიცებაში. მისიონერები გაიგზავნებიან მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც მათ შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ სამქადაგებლო და კრების საქმეში. თუ ფილიალის ტერიტორიაზე არის საჭიროება, ფილიალის კომიტეტს აქვს უფლება, „გალაადის“ კურსდამთავრებულები მოითხოვოს. მას აგრეთვე შეუძლია ფილიალის ტერიტორიიდან გამოცდილ სპეციალურ სრული დროით მსახურებს „გალაადში“ სასწავლებლად რეკომენდაცია გაუწიოს. ზოგ შემთხვევაში ფილიალის კომიტეტმა შეიძლება კურსდამთავრებულების უკან დაბრუნება ითხოვოს.
სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი ცოლებისთვის ჩატარდება წელიწადში ორჯერ ინგლისურ ენაზე პატერსონში. ზოგჯერ შეიძლება ქვეყნის კომიტეტის წევრებიც მიიწვიონ. ფილიალის კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც ადრე გაიარეს სკოლის პროგრამა, მეორედაც დაესწრებიან იმ ძმებთან ერთად, რომლებიც პირველად იქნებიან მიწვეულნი. ფილიალის კომიტეტის წევრების ცოლები ქმრებთან ერთად გაივლიან სასწავლო კურსის ძირითად ნაწილს, მაგრამ ორგანიზაციული შინაარსის გაკვეთილებს მხოლოდ ძმები დაესწრებიან. ამ დროს მათი ცოლები ბეთელში სხვადასხვა საქმეს შეასრულებენ.
გარდა ამისა, ყოველ წელს პატერსონში ორჯერ ჩატარდება სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი ცოლებისთვის. ამიერიდან შეერთებულ შტატებში ჩატარებულ სასწავლო კურსს ისინიც დაესწრნენ, ვინც ერთხელ უკვე გაიარა ეს სკოლა; კლასის დაახლოებით ნახევარი ასეთი ძმებისგან იქნება შედგენილი. პროგრამის დიდ ნაწილს მიმომსვლელი ზედამხედველების ცოლებიც დაესწრებიან.
ძალიან გვიხარია, რომ ღვთის ხალხს იეჰოვასგან ცოდნის მიღების უდიდესი პატივი გვხვდა წილად. იესომ თქვა: «წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“» (იოან. 6:45; ეს. 54:13). გვჯერა, რომ აღსასრულის დადგომამდე ეს ცვლილებები დიდ ბიძგს მისცემს მთელ დედამიწაზე სასიხარულო ცნობის ქადაგების გადაუდებელ საქმეს.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში
მსოფლიო ახალ ამბებში გადმოსცემენ ისეთი გახშირებული სტიქიური უბედურებების შესახებ, როგორიცაა მიწისძვრა, ცუნამი, ტორნადო, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი და ვულკანის ამოფრქვევა. ადგილის სიმცირის გამო ბოლოდროინდელი უბედურებების დროს მომხდარ ყველა შემთხვევას ვერ გიამბობთ, თუმცა შევეცდებით, იაპონელი და-ძმების შემთხვევებიდან დაგანახვოთ, როგორ უმკლავდებიან მოწმეები სტიქიური უბედურებების შედეგებს.
პარასკევს, 2011 წლის 11 მარტს, დღის 2 საათსა და 46 წუთზე იაპონია 9-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია. მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ გაანადგურა ბევრი ოკეანისპირა ქალაქი და სოფელი. დაახლოებით 20 000 ადამიანი დაღუპულად და დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონაში ოთხი სამეფო დარბაზი მთლიანად დაინგრა, ოთხი კი გამოუსადეგარი გახდა. ჩვენი და-ძმების 235 სახლი წყალმა წალეკა ან ძალიან დააზიანა, ათასზე მეტ სახლს კი შეკეთება დასჭირდა.
მიწისძვრამ და ცუნამიმ იმდენად დააზიანა ატომური ელექტროსადგური, რომ რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონა. მთავრობამ ახლომახლო მცხოვრებთა ევაკუაციის ბრძანება გასცა და ბევრი ადგილი უცებ გაუკაცრიელდა. და-ძმებიც იძულებული გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ, ამიტომ ორმა კრებამ „არსებობა შეწყვიტა“.
ყველაზე დაზარალებულ ზონაში მცხოვრები 14 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმიდან 12 დაიღუპა, 5 სერიოზულად დაშავდა და ორიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბევრმა, ვინც ეს საშინელება გადაიტანა, დაკარგა სახლი, ქონება და, უმეტეს შემთხვევაში, ახლობლები.
ქალაქ ოფუნატოში მცხოვრები კიიოკო გვიამბობს: „დედაჩემი ინვალიდია, ამიტომ ძლივს ჩავსვი მანქანაში და თავშესაფრისკენ გავემართე. გზად კვამლის სუნი ვიგრძენი. მანქანიდან გადმოვედი და დავინახე, როგორ დაეცა ჩვენს სახლს უზარმაზარი ტალღა. წყალი ჩვენკენ მოდიოდა. დედაჩემს რკინიგზის მიწაყრილზე აცოცებაში დავეხმარე. წყალმა მანქანა თვალწინ გაგვტაცა“.
მიწისძვრის შემდეგ ახალგაზრდა ძმა კოიჩი მშობლებთან მისვლას ცდილობდა, რომლებიც ზღვიდან 5 კილომეტრის მოშორებით ისინომაკიში ცხოვრობდნენ. მაგრამ, როცა ახლოს მივიდა, დაინახა, რომ მთელი ტერიტორია წყალს დაეტბორა. ნავის გარეშე გზის გაგრძელება უკვე შეუძლებელი იყო. მიწისძვრიდან სამ კვირაში მან მორგში იპოვა მამა, კიდევ სამი კვირის შემდეგ კი — დედა.
მიწისძვრის შემდეგ მალევე ქალაქ შიჩიგაჰამაში ძმა მასააკმა გადაწყვიტა, მანქანა ზღვიდან ერთი კილომეტრით მოშორებული სამეფო დარბაზის ეზოში დაეყენებინა. ის იხსენებს: «შევხვდი ერთ დას, რომელმაც ასევე სამეფო დარბაზის ეზოში გააჩერა მანქანა. ვფიქრობდი, რომ ცუნამი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. მაგრამ მალე შავმა წყალმა დაფარა მიწა. მანქანებმა ტივტივი დაიწყო. ფანჯარას ჩავუწიე და მანქანის სახურავზე ავძვერი, მაგრამ დის მანქანა წყალმა წაიღო და თვალთახედვის არედან დამეკარგა! იეჰოვას ვთხოვდი, დახმარებოდა დას.
თოვდა. თავიდან ფეხებამდე დავსველდი და ვკანკალებდი. თოვა შეწყდა, მაგრამ საშინლად ციოდა. მალე მზე ჩავიდა და ბინდი ჩამოწვა. ცაზე ლამაზად კიაფობდნენ ვარსკვლავები. ვიდექი მანქანის სახურავზე, როგორც კუნძულზე ყინულივით ცივ წყალში. სხვები ნანგრევების გროვებსა და შენობების სახურავებზე იდგნენ. არ ვიცოდი, გავძლებდი თუ არა დილამდე. საკუთარი თავის გასამხნევებლად გავიხსენე საჯარო მოხსენება „როგორ შეგიძლიათ პოვოთ დახმარება გაჭირვების დროს?“, რომელიც ორი კვირის წინ წარმოვთქვი და ზუსტად ჩემს მდგომარეობას მიესადაგებოდა. შემდეგ ვიმღერე ერთადერთი სიმღერა, რომელიც ზეპირად ვიცოდი. სიმღერას ჰქვია: „ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!“. ის რამდენჯერმე ვიმღერე. გამახსენდა იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლები და ცრემლები წამომცვივდა.
შემდეგ მოპირდაპირე ქუჩის სახლიდან ვიღაც კაცმა დამიძახა: „როგორა ხარ? მე დაგეხმარები!“». ამ კაცს მოტივტივე მორებისგან ტივი შეეკრა და ახლომახლო ხალხს ეხმარებოდა. მისი შემწეობით მასააკი მეორე სართულის ფანჯრიდან ვიღაცის სახლში გადაძვრა. მოგვიანებით მასააკიმ შვებით ამოისუნთქა, როცა გაიგო, რომ სხვა მანქანაში მყოფი დაც გადარჩა.
კოჰეი და იუკო მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ საქორწინო ცერემონიალს, რომელიც შაბათს, 12 მარტს, რიკუზენტაკატას სამეფო დარბაზში ჩატარდებოდა. როცა მათ პარასკევს ქალაქის რიტუალების სასახლეში ოფიციალურად გაიარეს ქორწინების რეგისტრაცია, მიწისძვრა დაიწყო. კოჰეიმ რადიოთი მოისმინა ცუნამის შესახებ გაფრთხილება და სასწრაფოდ გაემართა შემაღლებული ადგილისკენ. ის იხსენებს: „მთელ ქალაქში მტვრის ბუღი იდგა. რამდენიმე დიდი შენობის გარდა არაფერი გადარჩა. მანამდე განვიცდიდი, როგორ ჩატარდებოდა იმ საღამოს ჩვენი ქორწილი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა“.
კოჰეი და იუკო მთელი შაბათი კრების და-ძმებს ეხმარებოდნენ. კოჰეი ამბობს: „მეზობელი კრებებიდან დახმარება მივიღეთ. ბედნიერი ვიყავი ცოლის სიტყვების გაგონებაზე, რომ და-ძმების დახმარება სიხარულს ანიჭებდა. იეჰოვას მადლობას ვუხდიდი ასეთი შესანიშნავი მეუღლისთვის. ცუნამიმ წალეკა ჩვენი ახალი სახლი, მანქანა და ყველაფერი, რაც გვებადა. მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც და-ძმებმა გამოავლინეს“.
დაზარალებულთა ფიზიკური, სულიერი და ემოციური დახმარება. იაპონიის ფილიალმა სასწრაფოდ შექმნა დახმარების სამი კომიტეტი და არაერთხელ გაგზავნა სტიქიის ზონაში ფილიალის წარმომადგენლები. მაისში მსოფლიო მთავარი სამმართველოდან იაპონიაში ჩავიდნენ სამხარეო ზედამხედველები ჯეფრი ჯექსონი და ისაკ მარეი, რომლებიც აგრეთვე შეხვდნენ და-ძმებს ერთ-ერთ ყველაზე გაპარტახებულ ადგილზე. დაზარალებული კრებებისთვის ჩატარდა სპეციალური შეხვედრა და სატელეფონო კავშირის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, რომ 21 სამეფო დარბაზში შეკრებილი დაახლოებით 2 800 და-ძმა მსოფლიო საძმოს სიყვარულსა და თანადგომაში დაერწმუნებინათ.
დახმარების კომიტეტები და სხვა მოხალისეები აქტიურად აწვდიდნენ დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას — საკვებს, წყალსა და საწვავს. დახმარების კომიტეტებმა აგრეთვე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ზომის ტანსაცმელი გაუგზავნეს დაზარალებულ კრებებს. შეხვედრის ადგილებში დადგეს სარკეები და საკიდები; იქაურობა ტანსაცმლის პატარა მაღაზიებს დაემსგავსა.
წარმოიდგინეთ, რა მადლიერები იქნებოდნენ და-ძმები, რომ იეჰოვა მათ ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა! მათ განსაკუთრებით კრების შეხვედრები აძლევდა ძალას. „კრების შეხვედრებმა სულიერი სიმშვიდე მომაპოვებინა, — წერდა სტიქიის ზონაში მყოფი და. — ეს შეხვედრები ჩემთვის გადამრჩენი ბაგირივითაა“.
იმედის ცნობა. იაპონელმა და-ძმებმა მყისვე დაიწყეს სასოწარკვეთილი თანამემამულეების ღვთის სიტყვით ნუგეშისცემა. სტიქიას გადარჩენილ ქალაქში მაუწყებლების ჯგუფმა გადაწყვიტა, ქუჩაში ექადაგა დიდი პლაკატით ხელში, რომელზეც ეწერა: „რატომ მოხდა ეს ტრაგედია? პასუხი ბიბლიაშია“. ბევრი დაინტერესდა. ძმებმა სულ რაღაც დღე-ნახევარში გაავრცელეს 177 წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“.
სტიქიით დაზარალებულ ზონებში მოწმეებმა ჯერ მოინახულეს ბიბლიის შემსწავლელები და გააკეთეს განმეორებითი მონახულებები, შემდეგ კი სხვებს მიაკითხეს და ანუგეშეს. „როცა მობინადრეს მათეს 6:34 წავუკითხე, — ამბობს აკიკო, — ქალმა ტირილი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ბევრი სადარდებელი ჰქონდა. როცა ავუხსენი, როგორ გვეხმარება ბიბლია სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში, ის მაშინვე დამეთანხმა და მადლობა გადამიხადა. ამ შემთხვევამ მადლიერების გრძნობა განმიახლა წმინდა წერილების მიმართ, რომელსაც ხალხთა გულების შეძვრა შეუძლია“.
ერთმა კაცმა მოწმეებს უთხრა: „სხვადასხვა რწმენის ხალხი არსებობს, მაგრამ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ამ მეტად რთულ დროს ჩვენთან მოხვედით“. სხვა მამაკაცმა პატივისცემით აღნიშნა: „საოცარია, რომ თქვენ ასეთ რთულ ვითარებაშიც განაგრძობთ ჩვეულ საქმეს“. ერთმა უხუცესმა თქვა: «ბევრი სიხარულით გვხვდებოდა. ისინი ამბობდნენ: „თქვენ პირველებმა მოგვაკითხეთ სახლში ამ ტრაგედიის შემდეგ. გთხოვთ, კიდევ მოდით!“».
ციალური ერთდღიანი კონგრესის დელეგატებისთვის
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 106 ენაზე
2011 წლის 15 ივლისი, პარასკევი დღე, ლატვიელი და ლიტველი და-ძმებისთვის დაუვიწყარი იყო. ღვთის ხალხი იქ ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა. მოხსენებაში, რომელსაც ორივე ქვეყანაში ისმენდნენ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სტივენ ლეტმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლატვიურ და ლიტვურ ენებზე, რომლებიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ რიგით 99-ე და მე-100 გამოცემებია. ბოლო შვიდი წელია, ხელმძღვანელი საბჭო ბიბლიის თარგმნას პრიორიტეტულად მიიჩნევს. შედეგად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2004 წელთან შედარებით ორჯერ მეტ ენაზე გამოიცა და მთელ მსოფლიოში მთარგმნელები დღესაც მძიმედ შრომობენ, რომ ბიბლია მეტ ენაზე ითარგმნოს.
წარმოიდგინეთ, რა სიხარულით იღებენ ძმები ბიბლიას მშობლიურ ენაზე! ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ძმამ აღნიშნა: «ერთია, გქონდეს ბიბლია, მაგრამ სულ სხვაა, მას მშობლიურ ენაზე კითხულობდე და გესმოდეს. ამას ვერაფერი შეედრება! „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სანგო ენაზე მკითხველს გულგრილს არ ტოვებს. ახლა სახარებების კითხვისას შემიძლია წარმოვიდგინო ბიბლიის პერსონაჟები და ჩავწვდე მათ გრძნობებს». ახალგაზრდა ეთიოპმა დამ თქვა: «მხოლოდ მადლობის თქმით ვერ გამოვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ. ყოველთვის ვევედრებოდი ღმერთს ლოცვაში, რომ ჩვენს ენაზე გვქონოდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. დღეს მე უკვე მაქვს ის!». მის აზრს ბევრი ეთიოპი და-ძმა იზიარებს.
ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან
რუსეთში შარიანი კაცი გააჩუმეს. ერთ ხანდაზმულ დას, ვერას, რამდენიმე წლის მანძილზე პრობლემებს უქმნიდა მეზობელი კაცი, რომელიც ვერ იტანდა იეჰოვას მოწმეებს. ის ემუქრებოდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა ვერას შვილიშვილების თანდასწრებით, რომლებიც ხშირად ინახულებდნენ ბებიას. ვერა რომაელების 12:18-ის თანახმად იქცეოდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა და არ ეკამათებოდა კაცს. 2011 წლის იანვარში მეზობელი განსაკუთრებით აგრესიული გახდა. ვერა ფიქრობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, ამიტომ უბნის რწმუნებულს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად ის რწმუნებული იყო, რომელიც 2010 წლის მარტში მერიის თანამშრომელთან ერთად იყო მისული ვერასთან. მათ უნდოდათ გაეგოთ, ვერა და სხვა მოწმეები, რომლებიც მის სახლში იკრიბებოდნენ, რაიმე სახით ხომ არ იყვნენ ჩაბმულნი ექსტრემისტულ საქმიანობაში. მაგრამ ამჯერად პოლიციელი მიხვდა, სინამდვილეში რა იყო პრობლემა. მან სასტიკად უსაყვედურა მეზობელს და მუქარისთვის 3 000 რუბლით (დაახლოებით 100 აშშ დოლარი) დააჯარიმა. მას შემდეგ მეზობელს ჩვენი და აღარ შეუწუხებია. ვერამ სამადლობელი წერილი მისწერა პოლიციის განყოფილებას. მისდა გასაკვირად, საპასუხო წერილი მიიღო პოლიციის უფროსისგან. ის მადლობას უხდიდა უბნის რწმუნებულის მისამართით გამოთქმული გულთბილი სიტყვებისთვის. ის აგრეთვე სწერდა: „მაშინ როცა ზოგადად ხალხი უარყოფითად არის განწყობილი პოლიციის მიმართ, თქვენ თბილი სიტყვებით გამოხატეთ ჩვენდამი ნდობა“. ვერა ამბობს, რომ რწმუნებული შიგადაშიგ ინახულებს ხოლმე, რათა გაიგოს, ყველაფერი რიგზეა თუ არა.
„მენაგვე“ თურქეთში. ორ მამაკაცს ბიბლიის შესწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა საოლქო კონგრესს დაესწრნენ. მათ მოგვწერეს: „თავი ზღაპარში გვეგონა. ყველა იღიმოდა, მეგობრული და თავაზიანი იყო. შუადღის შესვენებაზე დავდიოდით და თავს უცხოდ არ ვგრძნობდით. შემდეგ მოგვიახლოვდა ძმა, რომელიც ბიბლიას გვასწავლიდა. მას ხელში ნაგვის პარკი ეკავა. შევეცადეთ, მოვრიდებოდით, რადგან გვეგონა, მენაგვე იყო და არ გვინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ მისი ახლობლები ვიყავით. ამიტომ გავერიდეთ და ხალხს შევერიეთ. ვიფიქრეთ, რატომ ვსწავლობდით ბიბლიას მენაგვესთან, როცა შეგვეძლო სცენაზე გამომსვლელ რომელიმე ძმასთან გვესწავლა.
მაგრამ ჩვენი შესწავლა გაგრძელდა და გავიგეთ, რომ „მენაგვე“, რომელიც ბიბლიას გვასწავლიდა, იეჰოვას მოწმეების ფილიალის კომიტეტის წევრი ყოფილა. ჩვენ სულიერად გავიზარდეთ, იეჰოვას მივუძღვენით თავი და მივხვდით, რომ ჩვენი თავმდაბალი ძმა ისე იქცეოდა, როგორც უმცირესი (ლუკ. 9:48). ძალიან მადლიერები ვართ იმ პირველ დიდ შეხვედრაზე მიღებული კარგი გაკვეთილისთვის!“.
ცილისწამება სომხეთში. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მასმედიის მეშვეობით ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ სევანში ახალგაზრდა კაცმა მშობლები დახოცა და მასზე ხმები გავრცელდა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. მედიასაშუალებებისთვის დაუყოვნებლივ გაკეთდა განცხადება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ცილისწამება გრძელდებოდა. ტელევიზიით სპეციალური რეპორტაჟიც გადაიცა, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ეს კაცი იეჰოვას მოწმე იყო. იეჰოვას მოწმეებზე შეურაცხმყოფლად და დამამცირებლად ლაპარაკობდნენ და გადაცემის განმავლობაში ეკრანზე ჩანდა წარწერა: „იეჰოვას სასტიკი და უნებისყოფო ჯალათები“. მაყურებელს იმისკენაც კი მოუწოდებდნენ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ მათთან მისულ მოწმეებს. შედეგად, ქვეყანაში აშკარად იგრძნობოდა იეჰოვას მოწმეების მიმართ მტრული დამოკიდებულება. ამ სატელევიზიო არხის წინააღმდეგ ძმებმა სარჩელი შეიტანეს. ისინი მოითხოვდნენ, არხს ეღიარებინა, რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ბოდიში მოეხადა და ჩვენი კარგი სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის კომპენსაცია გადაეხადა. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, 2012 წლის „წელიწდეულის“ დასაბეჭდად გაგზავნამდე არხს ეს არ გაუკეთებია.
ვენესუელის მომავალი ინჟინრები. ქალაქ სან-ხოსე დე გუარიბეში ბავშვების ჯგუფს საბავშვო ბაღში მისვლამდე ყოველ დილით სამეფო დარბაზის სამშენებლო მოედანთან უნდა გაევლო. ისინი ყოველთვის ჩერდებოდნენ და აღტაცებით შესცქეროდნენ მშენებლობას. ერთ დღეს მასწავლებელმა ბავშვებს ჰკითხა, ვინ უნდოდათ გამოსულიყვნენ, როცა გაიზრდებოდნენ. მისდა გასაკვირად, ერთმა კი არა, რამდენიმე ბავშვმა უპასუხა, რომ სურდათ, „იეჰოვას მოწმეებივით ინჟინრები გამოსულიყვნენ“. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ამ მასწავლებელმა და მისმა კოლეგამ გადაწყვიტეს, მთელი ჯგუფი წაეყვანათ სამშენებლო მოედანზე. როცა ადგილზე მივიდნენ, სამშენებლო ჯგუფმა ექსკურსია ჩაუტარა სტუმრებს. ბავშვებმა უზომოდ გაიხარეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფერად-ფერადი ჩაფხუტების დაფარების უფლება მისცეს. მასწავლებლებმა ბევრი კითხვა დასვეს და და-ძმებს კარგი დამოწმების საშუალება მიეცათ.
კანადაში მეტი ჟურნალი იბეჭდება. შესაწირავების საუკეთესოდ გამოყენების მიზნით ხელმძღვანელმა საბჭომ სთხოვა კანადის ფილიალს, ბერმუდის, გაიანის, კანადის, შეერთებული შტატებისა და კარიბის ზღვის კუნძულთა უმეტესობის კრებები „საგუშაგო კოშკითა“ და „გამოიღვიძეთ!“-ით მოემარაგებინა. ამიტომ 2011 სამსახურებრივი წლიდან კანადის ფილიალი წინა წლებთან შედარებით თორმეტჯერ მეტი რაოდენობის ჟურნალს ბეჭდავს. კანადაში ჟურნალები ამჟამად 30 ენაზე გამოდის, რაც მთელ მსოფლიოში დაბეჭდილი ჟურნალების თითქმის მეოთხედს შეადგენს.
ღია კარის დღე ფინეთში. ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ფინეთში ორგანიზება გაეწია სპეციალურ კამპანიას, რომელიც ეძღვნებოდა იეჰოვას მოწმეებსა და იმ ცნობას, რომელსაც ისინი საუკუნის მანძილზე ქადაგებენ ამ ქვეყანაში. ძმებმა გაავრცელეს 2010 წლის აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ი სათაურით „ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“. შედეგად, ჩვენი საქმიანობის შესახებ არაერთი შესანიშნავი საუბარი შედგა. აგვისტოს მიწურულს ძმებმა ფილიალში ღია კარის დღე მოაწყვეს. ფილიალის საქმიანობის ახსნაში ბეთელის მთელი ოჯახი მონაწილეობდა. მათ სტუმრებისთვის ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული ექსპონატები გამოფინეს. ზოგმა ბეთელელმა ჩაიცვა მეოცე საუკუნის 40-იანი და 50-იანი წლების ტანსაცმელი და აჩვენა, როგორ იწვევდნენ იმ დროს ხალხს საჯარო მოხსენებებზე კისერზე ჩამოსაცმელი ორმხრივი პლაკატებით, რომლებსაც „სენდვიჩებს“ უწოდებდნენ. ზოგმა განყოფილებამ პატარა სუვენირები მოამზადა სტუმრებისთვის. ღია კარის დღეს ფილიალს დაახლოებით 1 500 ადამიანი ესტუმრა. შედეგად, ჩვენი საქმიანობა დადებითად გაშუქდა გაზეთებში, რადიოსა და ტელევიზიაში.
მღელვარება კოტ-დ’ივუარში. 2011 სამსახურებრივი წელი ოპტიმისტურად დაიწყო და მომავალ ზრდაზე მიანიშნებდა, ვინაიდან 8 656 მაუწყებელი 23 019 ბიბლიის შესწავლას ატარებდა. მაგრამ 2010 წლის ნოემბრის მიწურულს არჩევნებთან დაკავშირებულმა დავამ ქვეყანა ქაოსამდე და სამოქალაქო არეულობამდე მიიყვანა. 2011 წლის მარტში შეტაკებები ქალაქ აბიჯანშიც მოხდა და აპრილამდე გაგრძელდა, რის გამოც ხალხი მასობრივად გარბოდა ქალაქიდან და ქვეყნიდანაც კი. მათ შორის ბევრი ჩვენი ძმაც იყო, რომლებმაც დატოვეს ყველაფერი, რაც ებადათ, და ფეხით გაიქცნენ.
ამ რთულ პერიოდში ჩვენს ძმებს ხშირად იცავდა ნეიტრალური პოზიცია. ერთხელ ჯარისკაცები შეიჭრნენ სკოლის შენობაში, სადაც მასწავლებლები და კონსულტანტები სემინარს ატარებდნენ. ყველას უბრძანეს, იატაკზე პირქვე დაწოლილიყვნენ და ძვირფასეულობა მიეცათ. როცა ძმამ ჩვენი ლიტერატურით სავსე ჩანთა მიაწოდა, ჯარისკაცები მაშინვე მიხვდნენ, რომ ის იეჰოვას მოწმე იყო. მათ დაუბრუნეს ძმას ჩანთა, ფული, მობილური ტელეფონი და უთხრეს: „შენ საშიში კაცი არა ხარ“.
ფილიალების მიძღვნა ღმერთს განადიდებს
2006 წლის 18 დეკემბერს დაიწყო ჩილეს ფილიალის გაფართოება. მას დაემატა ორსართულიანი ადმინისტრაციული და სამსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აგრეთვე საკმაოდ გაიზარდა საწყობის ფართი. 2010 წლის 16 ოქტომბერს 5 501 ადამიანი დაესწრო მიძღვნის პროგრამას. შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა ესპანურ ენაზე წარმოთქვა მოხსენება.
2011 წლის 19 თებერვალს ბურკინა-ფასოში ქვეყნის ოფისის გაფართოების მიძღვნას დაესწრო 210 კაცი. მიძღვნის მოხსენება წაიკითხა მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ჯონ კიკოტმა. სამქადაგებლო საქმეს აქ ხელმძღვანელობას უწევდა კოტ-დ’ივუარის ფილიალი, სანამ 2011 წლის მაისში ბურკინა-ფასო ბენინის ფილიალის დაქვემდებარებაში არ გადავიდა. სამშენებლო მოედანზე და-ძმების კარგმა ყოფაქცევამ იეჰოვას სახელს დიდება მოუტანა. „იქ ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგონებდი. ასეთ მშვიდ და ბედნიერ ხალხთან ჯერ არასდროს გვიმუშავია“, — აღნიშნა ერთი მსხვილი მომმარაგებელი კომპანიის თანამშრომელმა.
დიდი სიხარული გამოიწვია 2011 წლის 27 აგვისტოს ჰონკონგის ფილიალის ოფისების მიძღვნამ. ახალი ოფისები განთავსებულია 37-სართულიანი შენობის მე-19 სართულზე და მისი ფანჯრები ნავსადგურ ვიქტორიას გადაჰყურებს (იხილეთ ქვემოთ ისარი). ხელმძღვანელი საბჭოს წევრის სტივენ ლეტის მიძღვნის მოხსენება მოისმინა 290-მა და-ძმამ, რომლებიც სასადილო ოთახში, ოფისებსა და გზავნილთა განყოფილებაში ისხდნენ. ახალი საოფისე ფართი საკმარისია მთარგმნელობითი, სამსახურებრივი, ჩამწერი სტუდიის, მომარაგების, გზავნილთა და ბუღალტერიის განყოფილებებისთვის.
იურიდიული ანგარიში
ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველ იერემიას საკმარისი მიზეზი ჰქონდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი არ მიატოვებდა. იეჰოვამ უთხრა: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ შენ გადასარჩენად და სახსნელად“ (იერ. 15:20). ამ ანგარიშიდან გაიგებთ, რომ იეჰოვას თანამედროვე მსახურები იერემიას მსგავსად გრძნობენ ღვთის მხარდაჭერასა და დახმარებას და წინააღმდეგობის მიუხედავად განაგრძობენ ქადაგებას (მათ. 24:9; 28:19, 20).
სომხეთი. იეჰოვას მოწმე ვაჰან ბაიათიანი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო გაასამართლეს და ორწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. სომხეთის სასამართლოებში პროცესის წაგებისა და სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მისი საქმე მოსასმენად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა. 2009 წლის 27 ოქტომბერს ამ სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ სომხეთის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. მაგრამ ერთი მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში მონაწილე სხვა მოსამართლეებს და მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „არ შეესაბამებოდა დღეს არსებულ ევროპულ ნორმებს, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის საკითხებს არეგულირებს“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საკითხი სერიოზულად მიიჩნია და დათანხმდა, რომ საქმე გადაეცათ 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატისთვის.
2011 წლის 7 ივლისს მოსამართლეთა 17-კაციანი ჯგუფი ხმათა უმრავლესობით, 16 ერთის წინააღმდეგ, მივიდა საბოლოო დასკვნამდე, რომ სომხეთმა დაარღვია ძმა ბაიათიანის სინდისის თავისუფლების უფლება. სასამართლომ აღნიშნა: „არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ განმცხადებლის მიერ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მოტივირებული იყო მისი რელიგიური შეხედულებებით, რომლებიც ნამდვილად აქვს გათავისებული და სერიოზულად ეწინააღმდეგება მის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულებას“. იმედია, ეს სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს სომხეთში დაპატიმრებული 69 ძმის საბოლოო გათავისუფლებაზე. იმავეს თქმა შეიძლება აზერბაიჯანსა და თურქეთში მცხოვრებ ძმებზე, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან.a
ბულგარეთი. 2011 წლის 17 აპრილს ქალაქ ბურგასში მშვიდობიანად შეკრებილი ასზე მეტი კაცი, ქალი, ბავშვი თუ მოხუცი სამეფო დარბაზში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავდა. ამ დროს გარეთ თავშეყრილმა 60-მდე გაშმაგებულმა კაცმა დიდი ქვები დაუშინა შესასვლელში მდგომ მოწმეებს. ბრბო სამეფო დარბაზს მიაწყდა, მაგრამ ძმებმა შენობაში არ შეუშვეს. მოწმეებმა მაშინვე დარეკეს პოლიციაში, თუმცა ისინი არ ჩქარობდნენ დახმარებას. თავდასხმის დროს რამდენიმე მოწმე დაშავდა, მათგან ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, კრებამ გახსენების საღამო მაინც ჩაატარა. ასეთი თავდასხმა მეტად უჩვეულო იყო, რადგან იეჰოვას მოწმეებს ბულგარეთში ძირითადად პატივისცემით ეპყრობიან. მასმედიამ დაგმო ეს შემთხვევა და იეჰოვას მოწმეებზე დადებითად ილაპარაკა. ხელმძღვანელმა საბჭომ მითითება მისცა 13 ფილიალს, რომ თავ-თავიანთ ქვეყნებში ბულგარეთის საელჩოს ყურადღება ამ თავდასხმისკენ მიემართათ. ამის შემდეგ ბულგარეთის მთავრობამ დაგმო ეს ინციდენტი და ადგილობრივმა პროკურორმა რვა თავდამსხმელს ბრალდება წაუყენა.
სამხრეთი კორეა. სამხრეთ კორეაში 800-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ჯერ კიდევ ციხეშია, რადგან რელიგიური მიზეზით უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე. 1950 წლიდან მოყოლებული 16 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო საერთო ჯამში 31 000 წელზე მეტი გაატარა ციხეში. რატომ არ მიდის ამდენი ახალგაზრდა დათმობაზე?
თითოეული წვევამდელი, რომელიც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, საკუთარი სინდისის კარნახით იღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგალითად, კიმ ჯი-გუანმა სასამართლოს განუცხადა: „ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბიბლიის სიტყვებმა, რომ ხალხი აღარ ისწავლის ომს და მოყვასი საკუთარი თავივით უნდა მიყვარდეს. გარდა ამისა, გავიგე, რომ პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული მტრების სიყვარულს გვასწავლის. ამ და სხვა მუხლების, აგრეთვე ჩემი მყარი შეხედულების საფუძველზე, გადავწყვიტე, უარი ვთქვა სამხედრო სამსახურზე“ (ეს. 2:4; მათ. 5:43, 44; 22:36—39).
დღესდღეობით სამხრეთ კორეაში წვევამდელებისთვის არ არსებობს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. ამ საკითხის გადასაჭრელად ათი საქმე გაასაჩივრეს კორეის საკონსტიტუციო სასამართლოში. 2010 წლის 11 ნოემბერს სასამართლომ ზეპირი არგუმენტები მოისმინა. აგრეთვე განიხილეს, იყო თუ არა მოქალაქეების უფლებების დარღვევა ის, რომ კორეა არ ქმნიდა სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელთათვის ალტერნატიულ სამსახურს.
ამასობაში, 2011 წლის 24 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხრეთი კორეა არღვევდა ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს, ვინაიდან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 100 იეჰოვას მოწმე ჰყავდა დაპატიმრებული (100-ვე ძმამ საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში). გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ ძმა ბაიათიანის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი (იხ. ზემოთ სომხეთის ანგარიში, გვ. 34, 35) განსახილველად წარუდგინეს კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს ათ გაერთიანებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. მიუხედავად ამისა, 2011 წლის 30 აგვისტოს კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უგულებელყო ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მხარი დაუჭირა სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს და, შესაბამისად, მათ დაპატიმრებას, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს ამბობდა. ცხრიდან ორმა მოსამართლემ შენიშნა, რომ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით აღიარებულ სინდისის თავისუფლებას. ისინი არ დაეთანხმნენ სასამართლო გადაწყვეტილებას და მთავრობისგან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის სისტემის შექმნა მოითხოვეს.
თურქეთი. 2007 წლის 31 ივლისს ძმები სიხარულით შეხვდნენ ამ ქვეყანაში კანონით აღიარების მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ დღემდე აქვთ პრობლემები ნეიტრალიტეტთან და სამეფო დარბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში თეოკრატიული საქმიანობა მაინც წინ მიიწევს. 2011 წლის 26 აპრილს თურქეთის განათლების სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც „იეჰოვას მოწმეებს არ მოეთხოვებათ სკოლაში სავალდებულო რელიგიის გაკვეთილებზე დასწრება“. სამინისტრომ დაასკვნა, რომ „თუმცა იეჰოვას მოწმეები არ იზიარებენ ქრისტიანობის ზოგ ძირითად მოძღვრებას, ისინი მაინც ქრისტიანები არიან“. ეს გადაწყვეტილება სასიხარულო იყო იმ ახალგაზრდა და-ძმებისთვის, რომლებიც რელიგიის გაკვეთილებზე დაუსწრებლობის გამო წლების მანძილზე დაბალ ნიშნებს იღებდნენ.
შეერთებული შტატები. 2011 წლის მაისში კანზასის შტატის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე „მარი შტაინმეცი კანზასის ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ“, ჩვენი დის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. სასამართლომ დაადგინა, რომ შტატმა დაარღვია და შტაინმეცის ფედერალური და სახელმწიფო კონსტიტუციური უფლება, რადგან უარი უთხრა სხვა შტატში უსისხლო ოპერაციის გაკეთებაზე. ვინაიდან კანზასში არ ტარდება დისთვის აუცილებელი უსისხლო ოპერაცია, სასამართლომ დაავალდებულა შტატი, უფლება მიეცა ჩვენი დისთვის, სხვა შტატში გაეკეთებინა ეს ოპერაცია. ეს არა მხოლოდ და შტაინმეცის გამარჯვება იყო, არამედ შეერთებულ შტატებში მცხოვრები იმ მაუწყებლებისაც, რომლებიც სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობენ.
2011 წლის 10 აგვისტოს კანზასის უზენაესმა სასამართლომ ჩვენი დის მონიკა მაკგლორის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და მას თავისი ვაჟის მეურვეობის უფლება მიანიჭა. მეურვეობის უფლება სურდა ბავშვის მამას, რომელიც აცხადებდა, რომ დედა არ უნდა ყოფილიყო მეურვე, რადგან 1) საჭიროების შემთხვევაში ის არ გადაუსხამდა შვილს სისხლს, 2) კარდაკარ მსახურებაში დაჰყავდა და 3) არმაგედონის შესახებ ასწავლიდა, რითაც ვითომდა აშორებდა მამას და მის გარემოცვას.
კანზასის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა 1957 წელს მიღებული კონსტიტუციური პრინციპები, რომლებშიც ნათქვამია: „ზუსტად უნდა მოხდეს ჩვენი კონსტიტუციით აღიარებული რელიგიური თავისუფლების დაცვა და მეურვეობის მიღება-არმიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამოკიდებული ბავშვის რელიგიურ აღზრდაზე“. რაც შეეხება სისხლის გადასხმის საკითხს, სასამართლომ განაცხადა: „ჩვენ ვერ გადავწყვეტთ [მეურვეობის] საკითხებს მოსალოდნელი სავარაუდო შემთხვევის ან ავადმყოფობის საფუძველზე, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს [სისხლის გადასხმა]“.
საფრანგეთი. 2011 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საფრანგეთში იეჰოვას მოწმეების გაერთიანების სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ დიდი სიხარული გამოიწვია. ეს იყო 16-წლიანი იურიდიული ბრძოლის დასასრული, რომელიც იმის გამო დაიწყო, რომ მთავრობამ ფილიალს შემოწირულობებზე 60-პროცენტიანი გადასახადი დააკისრა, რაც უზომოდ მაღალი და უსამართლო იყო. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ერთადერთი დიდი რელიგიური გაერთიანებაა, რომელსაც ასეთი გადასახადი დააკისრეს. საფრანგეთის მთავრობა ცდილობდა, იეჰოვას მოწმეებს მთლიანობაში 58 მილიონი ევრო (82 000 000-ზე მეტი აშშ დოლარი) გადაეხადათ. ეს თანხა ბევრად აღემატება საფრანგეთში იეჰოვას მოწმეების გაერთიანების ქონებას. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ყველა სასამართლო ინსტანციამ დაამტკიცა გადასახადის გადახდა, ძმებმა საქმე 2005 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
2011 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ ერთხმად განაცხადა, რომ მათი მხრიდან საფრანგეთის ქმედებების მხარდაჭერა აშკარად შეაფერხებდა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობას. სასამართლომ დაადასტურა, რომ იეჰოვას მოწმეებზე ვრცელდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გათვალისწინებული დაცვა. ეს გადაწყვეტილება დაეხმარება და-ძმებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი, რუსეთი, საქართველო და სომხეთი, მოიპოვონ თაყვანისცემის თავისუფლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის მთავრობა პირველად ცნეს დამნაშავედ რელიგიის თავისუფლების ევროპის კონვენციის მუხლის დარღვევაში. საფრანგეთის მთავრობას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
რუსეთი. 2010 წლის 10 ივნისს იეჰოვას მოწმეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში შეტანილ საქმეზე „მოსკოველი იეჰოვას მოწმეები რუსეთის წინააღმდეგ“. თუმცა რუსეთის მთავრობამ მოითხოვა საქმის სასამართლოს დიდ პალატაში გადაცემა, 2010 წლის 13 დეკემბერს დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მთავრობის თხოვნა და ამგვარად 10 ივნისის გადაწყვეტილება საბოლოოდ ცნო. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობა „კანონით ვალდებულია . . . ბოლო მოუღოს ევროპული სასამართლოს მიერ აღმოჩენილ დარღვევებს და შეძლებისდაგვარად მიიღოს გამოსასწორებელი ზომები“. მაგრამ მთავრობა დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას. პირიქით, ის ახალ გზებს ეძებს, რომ შეავიწროოს მოწმეები და დაბრკოლება შეუქმნას მათი აღმსარებლობის თავისუფლებას.
მაგალითად, 2011 წლის 25 აგვისტოს, დილაადრიან, ქალაქ ტაგანროგში პოლიციამ 19 ძმის სახლში მოაწყო რეიდი და მათ რელიგიური ლიტერატურა, კომპიუტერები და კრების დოკუმენტაცია ჩამოართვა. ეს რეიდი, როგორც ჩანს, უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც უნდა მომხდარიყო ტაგანროგის ადგილობრივი რელიგიური გაერთიანების ლიკვიდაცია და 34 პუბლიკაციის ექსტრემისტულად გამოცხადება. რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მთავრობამ მოწმეების 63 პუბლიკაცია ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა.
გარდა ამისა, დაფიქსირდა ჩვენი და-ძმების სახლებში შეჭრის, შეურაცხყოფის, დაპატიმრებისა და პოლიციაში წაყვანის 950 შემთხვევა. რუსეთის მთავრობამ 11 სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჩვენი ძმების წინააღმდეგ. ამასთან ბევრ სამეფო დარბაზზე მოხდა ვანდალური თავდასხმა. მთავრობამ დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები, სულ მცირე ერთ ოჯახში მაინც. უსმენდა სხვა ბევრი და-ძმის სატელეფონო საუბრებს და ამოწმებდა მათ ელექტრონულ ფოსტას, რათა შეეთითხნა კრიმინალური ბრალდებები და ანტიექსტრემისტული კანონის დარღვევაში დაედანაშაულებინა.
ერთ-ერთი შეთითხნილი ბრალდება წაუყენეს ქალაქ გორნო-ალტაისკში მცხოვრებ 35 წლის ალექსანდრ კალისტრატოვს. ის დაადანაშაულეს „რელიგიური სიძულვილისა და შუღლის გაღვივებაში“ ანტიექსტრემისტული კანონის საფუძველზე, რომელსაც ფართოდ აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დამცველები. საქმის მსვლელობის დროს, რომელიც 2010 წლის 7 ოქტომბრიდან 2011 წლის 18 მარტამდე გაგრძელდა, ჯვარედინად დაკითხული 71 მოწმიდან არც ერთს არ დაუდასტურებია კალისტრატოვის მხრიდან რაიმე კრიმინალური ქმედება ან განზრახვა. სასამართლომ ძირფესვიანად შეისწავლა იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა და სწავლებები და 2011 წლის 14 აპრილს მოსამართლემ კალისტრატოვი უდანაშაულოდ გამოაცხადა. მაგრამ პროკურორმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და 2011 წლის 26 მაისს ალთაის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქმე დაბალი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა ახალ მოსამართლესთან ხელახალი მოსმენისთვის. ამრიგად, ძმა კალისტრატოვისთვის, რომელსაც ბრალდება ბოლომდე ჰქონდა მოხსნილი, სრულიად ახალი სასამართლო მოსმენები დაიწყო, რის შედეგადაც ის შეიძლება უსამართლოდ გამოაცხადონ ექსტრემისტად.
ბუნებრივია, რომ ამ საქმემ, რომელიც ვითომდა საშიშ საქმიანობას უკავშირდება, პატარა ქალაქ გორნო-ალტაისკში დიდი ინტერესი გამოიწვია. რას აკეთებენ ასეთ ვითარებაში ადგილობრივი მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა იგივე ბრალდება წაუყენონ?
„ასეთ რთულ პერიოდში მეტად დავაფასე ბიბლია, — ამბობს ჩვენი და ინა. — ქრისტიანი და-ძმები ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან და ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ იეჰოვასთან!“. ზოგიერთი პუბლიკაციის აკრძალვის მიუხედავად, მაუწყებლებმა ბევრი შესწავლა მხოლოდ ბიბლიის მეშვეობით დაიწყეს. ალთაის რესპუბლიკაში მაუწყებლების რიცხვი 24 პროცენტით გაიზარდა. მოწმეებმა მსახურებას 33 პროცენტით მეტი დრო დაუთმეს. გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16 პროცენტით მეტი იყო და ორჯერ აღემატებოდა მთელ რესპუბლიკაში მაუწყებლების რიცხვს.
ამჟამად რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ 13 ახალი საქმე აქვთ შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ერთ-ერთი საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებას, მეორე კი — ალთაის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოწმეების 18 პუბლიკაცია ექსტრემისტულად არის გამოცხადებული.
[სქოლიო]
a 1965 წლიდან მოყოლებული ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების 49 საქმე განიხილა, რომელთაგან ორის გარდა ყველა განაჩენი იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ გამოიტანა. ამ ორი წაგებული საქმიდან ერთ-ერთი იყო ძმა ბაიათიანის საქმე, რომელიც ახლახან მის სასარგებლოდ გადაწყდა.
[ჩანართი 14 გვერდზე]
«წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“»
[ჩანართი 25 გვერდზე]
„მხოლოდ მადლობის თქმით ვერ გამოვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ“
[ჩარჩო 12 გვერდზე]
კომენტარები დამხმარე პიონერად მსახურების შესახებ
• „ცხოვრებაში პირველად ვიმსახურე დამხმარე პიონერად. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რა მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის!“.
• „დიდი მადლობა ამ სიახლისთვის. უდიდესი სიხარული განვიცადეთ“.
• „ეს ჩვენი კრების ისტორიაში დაუვიწყარი მოვლენა იყო“.
• „დამხმარე პიონერების სიმრავლემ ხელი შეუწყო კრებაში მშვიდობისა და ერთიანობის სულს“.
• „ეტყობა, არმაგედონი მართლა მალე მოვა!“ — თქვა ერთმა კაცმა, რომელმაც აპრილში მოწმეების აქტიურობა შენიშნა.
[ჩარჩო 43 გვერდზე]
სიხარულით იყიჟინეთ
რაც დრო გადის, განრისხებული სატანის ხელში მყოფი ქვეყნიერება უფრო და უფრო მეტ უბედურებას ხვდება (გამოცხ. 12:12). ამ დროს იეჰოვას მსახურები სიხარულით ყიჟინებენ „მხიარული გულის გამო“ (ეს. 65:13, 14). ისინი დროს არ კარგავენ და შეძლებისდაგვარად ყველას იწვევენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად, რადგან იციან, რომ ვინც თავს შეაფარებს იეჰოვას, გაიხარებს და „მარადიულად სიხარულით იყიჟინებს“ (ფსალმ. 5:11).
[დიაგრამა/სქემა 26 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ხელმისაწვდომია 106 ენაზე
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია: 62
ალბანური
არაბული
აფრიკაანსი
ბერძნული
ბულგარული
გერმანული
დანიური
ესპანური
ეფიკი
ზულუ
თურქული
იაპონური
იბო
ილოკური
ინგლისური
ინდონეზიური
იორუბა
იტალიური
კინიარუანდა
კირუნდი
კორეული
კოსა
ლინგალა
მაკედონიური
მალაგასიური
მალტური
ნორვეგიული
ოსური
პოლონური
პორტუგალიური
რუმინული
რუსული
სამოური
სებუური
სეპედი
სერბული
სერბული (ლათინური)
სამხრეთ სოტო
სიბემბა
სინჰალური
სლოვაკური
სლოვენური
სომხური
სუაჰილი
ტაგალური
ტვი (აკუაპემი)
ტვი (აშანტი)
ტსვანა
ტსონგა
უნგრული
ფინური
ფრანგული
ქართული
ყირგიზული
შვედური
შონა
ჩეხური
ჩინური (მარტივი)
ჩინური (ტრადიციული)
ჩიჩევა
ხორვატული
ჰოლანდიური
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები: 44
აზერბაიჯანული
აზერბაიჯანული (კირილიცა)
ამერიკული ჟესტების ენა
ამჰარული
ბრაზილიური ჟესტების ენა
განი
ევე
ესტონური
ვიეტნამური
იტალიური ჟესტების ენა
კამბოჯური
კანარა
კიკაონდე
კირიბატი
კოლუმბიური ჟესტების ენა
ლატვიური
ლიტვური
ლუგანდა
ლუვალე
მალაიალამური
მექსიკური ჟესტების ენა
მიანმური
ნეპალური
პანგასიანური
პაპიამენტო (კიურასაო)
პენჯაბური
რუსული ჟესტების ენა
სანგო
სილოზი
სრანანტონგო
ტაი
ტამილური
ტოკ-პისინი
ტონგური
ტუმბუკა
უზბეკური
უკრაინული
ფიჯი
ყაზახური
ჩიტონგა
ჰაიტის კრეოლი
ჰილიგაინონი
ჰინდი
ჰირი-მოტუ
[სქემა]
◀ 76% ◁ 24%
2011 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის სულ მცირე 76 პროცენტს მშობლიურ ენაზე ჰქონდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (სრული ან ნაწილი)
110
100
90
80
70
60
50
40
30
20
10
0
1950 1955 1960 1965 1970 1975 1980 1985 1990 1995 2000 2005 2010
[სქემა 8 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მთელ მსოფლიოში 2 657 377 მაუწყებელი მსახურობდა დამხმარე პიონერად
2,5 (მილიონი)
2,0
1,5
1,0
0,5
0
2008 2009 2010 2011
[რუკა 35 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
შეერთებული შტატები
საფრანგეთი
ბულგარეთი
თურქეთი
სომხეთი
აზერბაიჯანი
რუსეთი
სამხრეთი კორეა
[სურათი 6 გვერდზე]
ზემოთ: პიონერებსა და მაუწყებლებს თავიანთი შემსწავლელები ჯანეტთან მიჰყავდათ სახლში ბიბლიის შესწავლაზე (იხ. გვ. 8, 9)
[სურათი 7 გვერდზე]
პიონერები და დამხმარე პიონერები მსახურებაში გადიან, მადრიდი (ესპანეთი)
[სურათი 10 გვერდზე]
ტოში მოხუცებულთა სახლში მომვლელთან ქადაგებს
[სურათი 11 გვერდზე]
ალეხანდრო და მამამისი თვის ბოლო დღეს ქადაგებენ სან-სელონიში (ბარსელონა, ესპანეთი)
[სურათი 13 გვერდზე]
საგუშაგო კოშკის საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ)
[სურათი 18 გვერდზე]
სამეფო დარბაზი რიკუზენტაკატაში (იაპონია)
[სურათი 22 გვერდზე]
ზემოთ: ქალაქ შიბატაში (მიაგი) მოხალისეები ძმის სახლს ნანგრევებისგან ასუფთავებენ
[სურათი 22 გვერდზე]
მარცხნივ: ფილიალის კომიტეტის წევრი მოხსენებას კითხულობს ძმის სახლში (რიკუზენტაკატა)
[სურათი 22 გვერდზე]
ქვემოთ: სტიქიის ზონაში მოხალისეები სადილს ამზადებენ სპეციალური ერთდღიანი კონგრესის დელეგატებისთვის
[სურათი 24 გვერდზე]
ლიტვური და ლატვიური თარგმანები
[სურათი 31 გვერდზე]
ისტორიული წარწერა ფილაზე იანკის სტადიონთან (ნიუ-იორკი, აშშ)
[სურათი 32 გვერდზე]
ბურკინა-ფასოს ოფისის მშენებლები
[სურათი 32 გვერდზე]
ბურკინა-ფასოს ოფისი
[სურათი 32 გვერდზე]
ჩილეს ფილიალი
[სურათი 33 გვერდზე]
ჰონკონგის ფილიალის ახალი ოფისები
[სურათი 34 გვერდზე]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი (საფრანგეთი)
[სურათი 38 გვერდზე]
სკოლის მოსწავლეებს ნიშნების ფურცლები უჭირავთ. მათ უხარიათ, რომ რელიგიის გაკვეთილებიდან გაათავისუფლეს
[სურათი 41 გვერდზე]
მოწმეები ქადაგებენ გორნო-ალტაისკში (ალთაის რესპუბლიკა)