არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
„ხესაც აქვს იმედი — თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება. . . თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ მოსე, ძველი დროის წინასწარმეტყველი.
1–3. რით ინუგეშებს თავს მრავალი ადამიანი, როდესაც საყვარელი პიროვნება უკვდება?
ნიუ-იორკში, სამგლოვიარო დარბაზში, თავახდილ კუბოს მდუმარედ გარს უვლიან მეგობრები და ოჯახის წევრები. ისინი 17 წლის ბიჭის ცხედარს დაჰყურებენ. კლასელები ძლივსღა ცნობენ მას. ქიმიოთერაპიამ თმა შეუთხელა; სიმსივნემ სხეული ჩამოუჭკნო. ნუთუ ეს ნამდვილად მათი მეგობარია? რამდენიმე თვის წინ ის ხომ სავსე იყო იდეებით, კითხვებითა და ენერგიით — სიცოცხლით! ბიჭის გამწარებული დედა ცდილობს, რაიმე იმედი იპოვოს და თავს იმითღა ინუგეშებს, რომ მისი შვილი როგორღაც ისევ აგრძელებს ცხოვრებას. ის კვლავ და კვლავ ტირილით იმეორებს იმას, რაც მისთვის უსწავლებიათ: „ტომი ახლა უფრო ბედნიერია. ღმერთს სურდა, რომ ის თავისთან ჰყოლოდა ზეცაში“.
2 დაახლოებით 7 000 კილომეტრის დაშორებით კი, ინდოეთის ქალაქ ჯამნაგარში, 58 წლის ბიზნესმენის სამი ვაჟი მამის ცხედარს საკრემაციოდ აწვენს. შუადღის მოკაშკაშე მზეზე უფროსი ვაჟი კრემაციას იწყებს, ხის მორებს ჩირაღდნით ცეცხლს უკიდებს და მამის უსიცოცხლო სხეულს ნელსაცხებლისა და საკმევლის სურნელოვან ნაზავს ასხამს. ცეცხლის გუგუნს ბრაჰმანის მიერ სანსკრიტზე კვლავ და კვლავ წარმოთქმული მანტრა ახშობს: „დაე უკვდავმა სულმა შეძლოს საბოლოო რეალობაში შეღწევა“.
3 სამივე ვაჟი თვალყურს ადევნებს კრემაციას და თითოეული ფიქრობს: „მჯერა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის?“ რადგანაც განათლება სხვადასხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული, მათი პასუხები განსხვავებულია. უმცროსი დარწმუნებულია, რომ მათი საყვარელი მამა გარდასახვით სიცოცხლის უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს. შუათანას სწამს, რომ მკვდრები ძილის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან და ვერაფერს გრძნობენ. უფროსი უბრალოდ ცდილობს, შეეგუოს სიკვდილის რეალობას, რადგანაც ფიქრობს, რომ არავინ იცის ზუსტად, რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
კითხვა ერთია, პასუხი — მრავალი
4. რა შეკითხვა აგდებს საგონებელში ადამიანებს საუკუნეების მანძილზე?
4 არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ეს კითხვა ათასწლეულების მანძილზე საგონებელში აგდებს კაცობრიობას. „თეოლოგებიც კი დაბნეულობაში არიან მის გამო“, — ამბობს ჰანს კიუნგი, კათოლიკე მეცნიერი. საუკუნეების განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობდნენ ამ საკითხზე და მასზე მრავალი პასუხია შემოთავაზებული.
5–8. რას ასწავლიან რელიგიები სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ?
5 ნომინალური ქრისტიანებიდან მრავალს სწამს ზეციერი ცხოვრებისა და ჯოჯოხეთის არსებობა. მეორეს მხრივ, ინდუისტებს გარდასახვის სჯერათ. მუსულმანური თვალსაზრისის შესახებ კომენტირებისას, ისლამური რელიგიების ცენტრის თანამშრომელი ამირ მუავია ამბობს: „ჩვენ გვჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ დადგება სამსჯავროს დღე, როდესაც პიროვნება წარსდგება ღვთის, ალაჰის, წინაშე, და ეს სასამართლო პროცესის მსგავსი იქნება“. ისლამური რწმენის თანახმად, მაშინ ალაჰი შეაფასებს თითოეული პიროვნების მიერ განვლილ სიცოცხლის გზას და განსაზღვრავს, სამოთხეში მოხვდება ის თუ ჯოჯოხეთის ცეცხლში.
6 შრი-ლანკაში ბუდისტები და კათოლიკეები კარ-ფანჯრებს ფართოდ აღებენ, როდესაც ოჯახში მიცვალებულია. ლამპარს ანთებენ და კუბოს ისე დგამენ, რომ მიცვალებულს ფეხები კარისკენ ჰქონდეს მიმართული. მათ სჯერათ, რომ ამით ხელს უწყობენ განსვენებულის სულის სახლიდან გარეთ გასვლას.
7 დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ლექტორის, რონალდ ბერნტის, ნათქვამის თანახმად, ავსტრალიელ აბორიგენებს სწამთ, რომ „ადამიანის სულის დაღუპვა შეუძლებელია“. ზოგიერთი აფრიკული ტომის ხალხს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვეულებრივი ხალხი აჩრდილებად იქცევა, მაშინ როცა განთქმული პიროვნებები წინაპართა სულები ხდებიან, რომლებიც, როგორც ადამიანების უხილავი მმართველები, უნდა განადიდონ და მათზე უნდა ილოცონ.
8 ზოგიერთ ქვეყანაში მკვდრების სულების არსებობის რწმენა ადგილობრივი ტრადიციისა და ნომინალური ქრისტიანობის კომბინაციაა. მაგალითად, დასავლეთ აფრიკის მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი, ჩვეულებისამებრ, სარკეს რაიმეს აფარებს, როდესაც ვინმე კვდება, რომ არავინ ჩაიხედოს და მიცვალებულის სული არ დაინახოს. საყვარელი პიროვნების სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ კი ოჯახის წევრები და მეგობრები სულის ზეცად ამაღლებას აღნიშნავენ.
გავრცელებული თემა
9, 10. რა ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს რელიგიების უმრავლესობას?
9 პასუხები კითხვაზე, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მრავალგვარია, როგორც ადათ-წესები და რწმენა იმ ადამიანებისა, რომლებიც პასუხობენ. თუმცა, რელიგიების უმრავლესობას ის ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს, რომ პიროვნებაში არსებობს რაღაც — სული თუ აჩრდილი, რომელიც უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას.
10 სულის უკვდავების რწმენა, თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია ქრისტიანული სამყაროს ათასობით რელიგიასა და სექტაში. ის იუდაიზმშიც დაკანონებულია. ინდუიზმში სწორედ ეს რწმენა უდევს საფუძვლად გარდასახვის შესახებ სწავლებას. მუსულმანებს სწამთ, რომ სული სხეულთან ერთად იწყებს არსებობას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. სხვა რელიგიები: აფრიკული ანიმიზმი, სინტოიზმი და ბუდიზმიც კი, — ამავე თემის სხვადასხვა ვარიანტებს ასწავლის.
11. როგორი თვალსაზრისი აქვს ზოგიერთ მეცნიერს სულის უკვდავებასთან დაკავშირებით?
11 ზოგიერთს საპირისპირო თვალსაზრისი აქვს, რომ შეგნებული სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. ის აზრი, რომ ემოციური და ინტელექტუალური სიცოცხლე სხეულისგან განცალკევებულ, პიროვნების გარეშე არსებულ, აჩრდილისებურ სულში გრძელდება, მათ არაგონივრულად ეჩვენებათ. მეოცე საუკუნის ესპანელი მწერალი და მეცნიერი მიგელ დე უნამუნო წერს: „სულის უკვდავების დაჯერება არის სურვილი, რომ სული უკვდავი იყოს, მაგრამ ისეთი ძლიერი სურვილი, რომ საღ აზრს ფეხქვეშ თელავს და გონიერების საზღვრებს სცილდება“. მათ შორის, რომლებსაც არ სწამდათ სულის უკვდავება, არიან ძველი დროის ცნობილი ფილოსოფოსები: არისტოტელე და ეპიკურე, ექიმი ჰიპოკრატე, შოტლანდიელი ფილოსოფოსი დეივიდ ჰიუმი, არაბი მეცნიერი ავეროესი და ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მისი პირველი პრემიერ მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ.
12, 13. რა მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრება სულის უკვდავების სწავლებასთან დაკავშირებით?
12 იბადება კითხვა: მართლა გვაქვს უკვდავი სული? თუ სული სინამდვილეში უკვდავი არ არის, როგორ გახდა ასეთი მცდარი სწავლება დღევანდელი რელიგიების უმეტესობის განუყოფელი ნაწილი? საიდან გაჩნდა ასეთი წარმოდგენა? და, თუ სული ნამდვილად კვდება, რა იმედი არსებობს განსვენებულთათვის?
13 შეგვიძლია ვიპოვოთ სწორი და დამაკმაყოფილებელი პასუხები ამგვარ კითხვებზე? დიახ! ამ და სხვა კითხვების პასუხი მომდევნო გვერდებზეა მოცემული. თავდაპირველად, განვიხილოთ, თუ როგორ წარმოიშვა სწავლება სულის უკვდავების შესახებ.