აბიმელექი
[მამაჩემი მეფეა]
რამდენიმე ფილისტიმელი მეფის საკუთარი სახელი ან სავარაუდოდ ეგვიპტის ფარაონის ან რომის კეისრის მსგავსი ტიტული.
1. ქალაქ გერარის მეფე, სადაც ძვ. წ. 1919 წელს აბრაამი და სარა დროებით დასახლდნენ. აბიმელექს ისინი და-ძმა ეგონა, ამიტომ სარა თავისთან წაიყვანა, რომ ცოლად შეერთო, მაგრამ ღვთის ჩარევით ხელი არ უხლია მისთვის. იეჰოვამ ის სიზმარში გააფრთხილა, ამიტომ მან სარა აბრაამს დაუბრუნა და მისცა ცხვარ-ძროხა და მსახურები. ამასთან, მისცა ათასი ვერცხლი (დაახლ. $2 200) იმის ნიშნად, რომ სარა შეურაცხყოფილი არ იყო. მოგვიანებით მან ბეერ-შებაში მშვიდობისა და ურთიერთნდობის შეთანხმება დადო აბრაამთან (დბ. 20:1—18; 21:22—34).
2. გერარის კიდევ ერთი მეფე; მისი მმართველობის დროს გერარში ჩავიდა ისაკი შიმშილობისგან თავის დასაღწევად. ეს მოხდა ძვ. წ. 1843 წელს აბრაამის სიკვდილის შემდეგ. მამის მსგავსად ისაკმაც რებეკა სხვებს თავის დად გააცნო. როცა მეფემ შემთხვევით გაიგო ისაკისა და რებეკას ცოლქმრობის ამბავი, სახალხოდ გააცხადა, რომ მათი მფარველი იყო. მაგრამ მოგვიანებით შეშურდა, რომ ღმერთმა დიდი სიმდიდრე უბოძა ისაკს და სთხოვა, გასცლოდა მის მიწას. გარკვეული ხნის შემდეგ მან მშვიდობის შეთანხმება დადო ისაკთან, როგორც მისმა წინამორბედმა მეფემ აბრაამთან (დბ. 26:1—31).
3. ფილისტიმელთა ქალაქ გათის მეფე დავითის დროს (ფს. 34, ეპგ.; იხ. აქიში).
4. მსაჯულ გედეონის ვაჟი, რომელიც შექემელი ხარჭისგან შეეძინა. მამის სიკვდილის შემდეგ ის თავხედურად ცდილობდა გამეფებას. დედამისის გავლენიანი ნათესავების წყალობით მან მზაკვრულად მიიმხრო შექემელები. მათგან მიღებული ფულით დაიქირავა უვარგისი ხალხი და გაემართა თავისი მამის სახლისკენ ოფრაში. იქ მან ერთ ქვაზე დახოცა თავისი ნახევარძმები. მისი 70 ნახევარძმიდან სიკვდილს მხოლოდ ყველაზე უმცროსი, იოთამი გადაურჩა.
შემდეგ ხალხმა აბიმელექი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ იეჰოვამ დაუშვა, რომ შექემელებსა და მათ ახალ მეფეს შორის განხეთქილება ჩამოვარდნილიყო, რათა შური ეძია სისხლისღვრაში დამნაშავე შეთქმულებზე. აჯანყება წამოიწყო გაალმა. აბიმელექმა სწრაფად ჩაახშო ის, აიღო შექემი, დაანგრია და იქ მარილი დათესა. შემდეგ მან შეუტია ელ-ბერითის სახლის სამალავს ანუ საწმინდარს, ცეცხლს მისცა ის და მასთან ერთად დაწვა ყოფილ თანამზრახველთაგან ათასამდე კაცი, შექემის კოშკის მცხოვრებნი, რომლებსაც იქ ჰქონდათ თავი შეფარებული. ამის შემდეგ მალევე აბიმელექმა შეუტია ჩრდილოეთით მდებარე თებეცს, რომლის კოშკიდანაც ერთმა ქალმა ზედა დოლაბი გადმოაგდო და თავში დასცა. აბიმელექის თხოვნით მისმა საჭურველთმტვირთველმა მახვილით მოკლა ის, რათა არ ეთქვათ, ქალმა მოკლაო აბიმელექი. ასე დასრულდა აბიმელექის სამწლიანი მმართველობა (მსჯ. 8:30, 31; 9:1—57; 2სმ. 11:21).
5. მასორულ ტექსტში 1 მატიანის 18:16-ში (შდრ. სსგ, ბსგ) მოხსენიებულია სახელი „აბიმელექი“, სეპტუაგინტაში, ვულგატაში, ფეშიტასა და 12 ებრაულ ხელნაწერში კი — „ახიმელექი“, რაც შეესაბამება 2 სამუელის 8:17-ს.