აბინადაბი
[მამა მზადყოფნას ავლენს, კეთილშობილია, ხელგაშლილია].
1. იუდას ტერიტორიაზე, იერუსალიმიდან დას.-ჩრდ.-დას-ით დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარე ქალაქ კირიათ-იეარიმის მაცხოვრებელი, რომლის სახლშიც შეთანხმების კიდობანი წლების მანძილზე ინახებოდა.
მას შემდეგ, რაც წმინდა კიდობანი ფილისტიმელთა ტერიტორიაზე შვიდ თვეს იმყოფებოდა (რასაც მათთვის უბედურება მოჰქონდა), ის ბეთ-შემეშიდან წამოიღეს და აბინადაბის სახლში დადგეს, მისი ვაჟი ელეაზარი კი კიდობნის დასაცავად განწმინდეს. ამ სახლში კიდობანი დაახლოებით 70 წელს დარჩა, ვიდრე დავითმა ორგანიზება არ გაუწია იერუსალიმში მის გადატანას. კიდობნის გადაადგილებისას იეჰოვას რისხვა აენთო აბინადაბის სხვა ვაჟზე, უზაზე და ის მოკვდა, რადგან არაფრად ჩააგდო რიცხვების 4:15-ში ჩაწერილი მითითება და კიდობანს შეეხო (1სმ. 6:20—7:1; 2სმ. 6:1—7; 1მტ. 13:6—10).
2. იესეს მეორე ვაჟი; დავითის სამი უფროსი ძმიდან ერთ-ერთი, რომლებიც საულს გაჰყვნენ ფილისტიმელთა წინააღმდეგ საბრძოლველად (1სმ. 16:8; 17:13).
3. ერთ-ერთი მეფე საულის ვაჟებიდან, რომლებიც ფილისტიმელებმა გილბოას მთაზე დახოცეს (1სმ. 31:2; 1მტ. 9:39).
4. მეფე სოლომონის იმ 12 ზედამხედველიდან ერთ-ერთის მამა, რომლებიც სარჩოთი ამარაგებდნენ მეფის სახლეულობას. „აბინადაბის ვაჟმა“, რომელსაც ბენ-აბინადაბიც ეწოდებოდა, ცოლად შეირთო სოლომონის ასული ტაფათი. მას ევალებოდა, წელიწადში ერთი თვის მანძილზე დორის მთიდან სარჩოთი მოემარაგებინა სოლომონის სახლეულობა (1მფ. 4:7, 11).