აქციბი
[სიცრუის ადგილი]
ბიბლიაში ამ სახელით მოხსენიებულია ორი ქალაქი.
1. ქალაქი აღთქმული მიწის სამხრეთ ნაწილში, იუდას ტომის ტერიტორიაზე (იეს. 15:44); მიიჩნევენ, რომ აქციბი იგივე ქეზიბია (დბ. 38:5, სსგ), სადაც იუდას ვაჟი შელა დაიბადა. იესო ნავეს ძის 15:33-დან ვიგებთ, რომ ეს ქალაქი შეფელას მთაგორიან მხარეში მდებარეობდა. ვარაუდობენ, რომ იგი დღევანდელი თელ-ელ-ბაიდაა (ხორვათ-ლავნინი), რომელიც ადულამის დას.-სამხრ.-დას-ით 5 კმ-ში მდებარეობს. ამ მხარეში მდებარეობდა აგრეთვე ლაქიში, მორეშეთ-გათი და მარეშა (მქ. 1:13—15-ში ეს ქალაქები მოხსენიებულია აქციბთან ერთად). ამასთან, მიიჩნევენ, რომ 1 მატიანის 4:22-ში მოხსენიებული ქოზება იგივე აქციბია.
2. ქალაქი ფინიკიის სანაპიროზე, აშერის ტომის ტერიტორიაზე (იეს. 19:29); აშერს არასდროს დაუმარცხებია არც აქციბი და არც სამხრეთით მდებარე ქალაქი აქო (აკრა), რომელიც მნიშვნელობით უპირატესობდა აქციბზე. შესაძლოა, ამაში მათ ფინიკიელთა საზღვაო ფლოტი უშლიდა ხელს (მსჯ. 1:31, 32). ასურეთის მეფე სინახერიბმა ეს ქალაქი მეფე ხიზკიას მმართველობის დროს დაიპყრო და თავის ანალებში აკზიბის სახელით მოიხსენია. ბერძენთა და რომაელთა ბატონობის დროს მას ეკდიპას უწოდებდნენ. მიიჩნევენ, რომ ეს ქალაქი დღევანდელი ეზ-ზიბია (თელ-აქზივი), რომელიც აქოდან ჩრდილოეთით დაახლოებით 14 კმ-ში მდებარეობს უადი-კარნის (ნაჰალ-ქეზივი) შესართავთან.