დაუახლოვდით ღმერთს
მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“
„ვერ ვიჯერებდი, რომ იეჰოვა ოდესმე მაპატიებდა შეცდომებს. მეგონა, რომ ამ ტვირთის ტარება მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მომიწევდა“, — გვიზიარებს ერთი ქრისტიანი ქალი, რომელმაც წარსულში არაერთი შეცდომა დაუშვა. ფაქტია, რომ როცა სინდისი მსჯავრს გვდებს, ეს ყველაზე მძიმე ტვირთია. მაგრამ ბიბლია მათ, ვინც ინანიებს, ტკივილს უმსუბუქებს. დავფიქრდეთ ფსალმუნმომღერალ დავითის სიტყვებზე, რომელიც ფსალმუნის 103:8—14-შია ჩაწერილი.
დავითმა იცოდა, რომ „იეჰოვა გულმოწყალეა“ და მუდმივად არ გვდებს ბრალს (მუხლები 8—10). როცა ღმერთს ვაძლევთ იმის საფუძველს, რომ გულმოწყალება გამოავლინოს, ამას მთელი გულით და დაუშურვებლად აკეთებს. მჭერმეტყველ პოეტ დავითს სამი შედარება მოჰყავს იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ მოწყალეა იეჰოვა ჩვენ მიმართ.
„როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთათვის“ (მუხლი 11). როცა ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებთ, ჩვენ არ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, რამხელა მანძილია ცასა და დედამიწას შორის. დავითი აღტაცებაში მოჰყავდა იმას, თუ რაოდენ განუზომელია იეჰოვას გულმოწყალება, რაც ღვთის სიკეთის ანუ ერთგული სიყვარულის ერთ-ერთი მხარეა. იეჰოვა გულმოწყალეა თავის მოშიშთა მიმართ ანუ მათ მიმართ, ვინც „მდაბლად მიაგებს პატივს მის უზენაესობას“, — ამბობს ერთი მკვლევარი.
„როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“ (მუხლი 12). ბიბლიის ზოგი თარგმანი ამ მუხლის ბოლო ნაწილს ასე გადმოსცემს: „როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან“. რამდენად დაშორებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან? ყველაზე დიდი მანძილით, რომლის წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „რაც უფრო ვუახლოვდებით აღმოსავლეთს, მით უფრო ვშორდებით დასავლეთს“. დავითი ამ სიტყვებით ამბობდა, რომ როცა იეჰოვა გვპატიობს, ჩვენგან რაც შეიძლება შორს მიაქვს ჩადენილი ცოდვები.
„როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს“ (მუხლი 13). დავითს კარგად ესმოდა მამობრივი გრძნობები, რადგან თავადაც მამა იყო. მოსიყვარულე მამა უთანაგრძნობს თავის შვილებს განსაკუთრებით მაშინ, როცა სტკივათ. დავითი გვარწმუნებს, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამა გულმოწყალებას ავლენს თავისი მიწიერი შვილების მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც „მოდრეკილი და განადგურებული გულით“ ითხოვს პატიებას (ფსალმუნი 51:17).
დავითის მიერ მოყვანილი ეს სამი შედარება კარგად აჩვენებს, თუ როგორ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას არასრულყოფილი ადამიანების მიმართ: „მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (მუხლი 14). იეჰოვამ იცის, რომ მტვრისგან ვართ შექმნილნი და ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები. ის მხედველობაში იღებს ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს და მზად არის პატიებისთვის, თუ ხედავს, რომ გულწრფელად ვინანიებთ (ფსალმუნი 86:5).
ალბათ, არ დაგტოვებდათ გულგრილს იმის გაგება, თუ რაოდენ განუზომელია იეჰოვას წყალობა, როგორც ეს ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან ჩანს. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ქალმა ბიბლიიდან გაიგო, რომ ღმერთი მზად არის პატიებისთვის, და ასეთი რამ თქვა: „რაც დრო გადის, მით უფრო ვუახლოვდები იეჰოვას; ვგრძნობ, რომ მხრებიდან მძიმე ტვირთი ჩამომეხსნა“.a თქვენც შეგიძლიათ უფრო უკეთ გაეცნოთ გულმოწყალე ღმერთს და შეიძლება ისეთივე გრძნობა დაგეუფლოთ, როგორიც ამ ქალს.
აგვისტოში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:
[სქოლიო]
a იხილეთ წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ 26-ე თავი „ღმერთი, რომელიც მზად არის მიუტევოს“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 13 გვერდზე]
„რაც დრო გადის, მით უფრო ვუახლოვდები იეჰოვას; ვგრძნობ, რომ მხრებიდან მძიმე ტვირთი ჩამომეხსნა“