იეჰოვამ აკურთხოს თქვენი გეგმები!
„იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმ. 37:4).
1. რა გადაწყვეტილების მიღება უწევთ ახალგაზრდებს და რატომ არ უნდა ინერვიულონ ზედმეტად? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ახალგაზრდებო, ალბათ, ეთანხმებით იმ აზრს, რომ მოგზაურობის დაწყებამდე გონივრული იქნება, წინასწარ დაგეგმოთ, სად წახვალთ. ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს და ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა უნდა დაგეგმოთ, რა გზას აირჩევთ ცხოვრებაში. მაგრამ სამომავლო გეგმების შედგენა არც ისე ადვილია. ერთი ახალგაზრდა და ამბობს: „ამ დროს იღებ გადაწყვეტილებას, რას გააკეთებ მთელი ცხოვრება. ეს ცოტა არ იყოს მაშინებს“. თუ თქვენც მსგავსად გრძნობთ თავს, გაგამხნევებთ იეჰოვას დაპირება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10).
2. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს, დაისახოთ ისეთი მიზნები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ?
2 იეჰოვა მოგიწოდებთ, რომ გონივრულად დაგეგმოთ თქვენი მომავალი (ეკლ. 12:1; მათ. 6:20). მას უნდა, რომ ბედნიერები იყოთ. ამაზე მოწმობს ის, რომ შეგვიძლია დავტკბეთ ლამაზი პეიზაჟებით, მოვისმინოთ სასიამოვნო ხმები და დავაგემოვნოთ გემრიელი საკვები. დაფიქრდით იმაზეც, თუ როგორ ზრუნავს ის ჩვენზე და როგორ გვანახვებს საუკეთესო გზას ცხოვრებაში. მათ, ვინც მის რჩევებს უგულებელყოფენ, იეჰოვა ეუბნება: „იმას ირჩევდით, რაც არ მომწონდა . . . აი, ჩემი მსახურები გაიხარებენ, თქვენ კი შერცხვებით! აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო“! (ეს. 65:12—14). იეჰოვას ხალხი განადიდებს ღვთის სახელს, როცა ცხოვრებაში გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს (იგავ. 27:11).
მიზნები, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ
3. რას გირჩევთ იეჰოვა?
3 რა მიზნების დასახვას გირჩევთ იეჰოვა? მან ისე შექმნა ადამიანები, რომ მის გაცნობასა და მისდამი ერთგულად მსახურებას ბედნიერება მიენიჭებინა მათთვის (ფსალმ. 128:1; მათ. 5:3). ადამიანები რადიკალურად განსხვავდებიან ცხოველებისგან, რომელთა მოთხოვნილებაც მხოლოდ ჭამა-სმითა და გამრავლებით შემოიფარგლება. ღმერთს უნდა, რომ ბედნიერები იყოთ და ცხოვრებაში სხვადასხვა მიზანი დაისახოთ. ჩვენი შემოქმედი სიყვარულის ღმერთი და ბედნიერი ღმერთია, რომელმაც თავის ანარეკლად შეგვქმნა (2 კორ. 13:11; 1 ტიმ. 1:11; დაბ. 1:27). თუ მიჰბაძავთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, თქვენც ბედნიერები იქნებით. გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“? (საქ. 20:35). ეს უცვლელი ჭეშმარიტებაა. ამიტომ იეჰოვას სურს, თქვენი მიზნებით ცხადყოთ, რომ გიყვართ ღმერთი და მოყვასი (წაიკითხეთ მათეს 22:36—39).
4, 5. რა ანიჭებდა იესოს ბედნიერებას?
4 იესო ქრისტემ საუკეთესო მაგალითი მოგცათ ახალგაზრდებს. ბავშვობაში ალბათ ისიც თამაშობდა და ერთობოდა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ არის „სიცილის დრო“ და „ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლ. 3:4). იესო წმინდა წერილებსაც სწავლობდა ღმერთთან დასაახლოებლად. როცა 12 წლის იესო ტაძარში სულიერ საკითხებზე მსჯელობდა, კანონის მასწავლებლებს აოცებდათ „მისი გაგება და პასუხები“ (ლუკ. 2:42, 46, 47).
5 ზრდასრულმა იესომ იცოდა, რომ ღმერთს სურდა, მას სხვა საქმეებთან ერთად „ღარიბებისთვის სასიხარულო ცნობა“ ეუწყებინა და „უსინათლოებისთვის მხედველობის დაბრუნების შესახებ“ ექადაგა (ლუკ. 4:18). ეს საქმე მას ბედნიერებას ანიჭებდა. მისი გრძნობები გადმოცემულია ფსალმუნის 40:8-ში: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო“. ის სიხარულით ასწავლიდა ხალხს თავისი ზეციერი მამის შესახებ (წაიკითხეთ ლუკას 10:21). ერთ ქალთან ქადაგების შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოან. 4:31—34). ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლენა იესოს ბედნიერებას ანიჭებდა. ეს თქვენც მოგიტანთ ბედნიერებას.
6. რატომ უნდა ესაუბროთ თქვენს გეგმებზე მოწიფულ ქრისტიანებს?
6 ბევრ ქრისტიანს ბედნიერება მოუტანა იმან, რომ ახალგაზრდობაში პიონერად მსახურობდა. კარგი იქნება, თუ მათთან თქვენს გეგმებზე იმსჯელებთ. „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავ. 15:22). ეს მოწიფული ქრისტიანები გეტყვიან, რომ სრული დროით მსახურების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ბევრი რამ ისწავლა თავისი მამისგან ზეცაში, ის დედამიწაზე მსახურების დროსაც არ წყვეტდა სწავლას. მაგალითად, მან გაიგო, რამხელა სიხარული მოაქვს განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას და იმის დანახვას, რომ სასიხარულო ცნობა ადამიანთა გულებამდე აღწევს (წაიკითხეთ ესაიას 50:4; ებრ. 5:8; 12:2). ვნახოთ, რატომ მოაქვს სრული დროით მსახურებას დიდი სიხარული.
მოწაფეების მომზადებას დიდი სიხარული მოაქვს
7. რატომ მოსწონს ბევრ ახალგაზრდას მოწაფეების მომზადების საქმე?
7 იესომ თქვა: „წადით . . . მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . [და] ასწავლეთ მათ“ (მათ. 28:19, 20). თუ მიზნად დაისახავთ, სრული დროით ჩაებათ ამ საქმეში, დიდ კმაყოფილებას იგრძნობთ და განადიდებთ ღმერთს. როგორც ეს ნებისმიერ საქმეშია, აქაც დრო დაგჭირდებათ, რომ დახელოვნდეთ. ერთმა ძმამ, რომელმაც 19 წლის ასაკში დაიწყო პიონერად მსახურება, თქვა: „მომწონს სრული დროით მსახურება, რადგან ეს საშუალებას მაძლევს, იეჰოვას ჩემი სიყვარული დავუმტკიცო. თავიდან ვერც ერთი შესწავლა ვერ დავიწყე, მაგრამ მოგვიანებით, როცა სხვა ტერიტორიაზე გადავედი, ერთ თვეში უკვე რამდენიმე ადამიანს ვასწავლიდი ბიბლიას. ერთმა შემსწავლელმა კრების შეხვედრებზეც დაიწყო სიარული. დაუქორწინებელი ძმებისთვის ორთვიანი სკოლისa გავლის შემდეგ სხვა ტერიტორიაზე დამნიშნეს, სადაც ოთხი ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მომწონს, როცა ხალხს ბიბლიას ვასწავლი და ვხედავ, რომ წმინდა სული ცვლის მათ“ (1 თეს. 2:19).
8. როგორ გააფართოვა ზოგიერთმა ახალგაზრდამ მსახურება?
8 ზოგმა ახალგაზრდა ქრისტიანმა უცხო ენა შეისწავლა. ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ჯეიკობი ამბობს: «როცა შვიდი წლის ვიყავი, ჩემი კლასელების უმეტესობა ვიეტნამელი იყო. მინდოდა, მათთან იეჰოვას შესახებ მელაპარაკა, ამიტომ მათი ენის შესწავლა გადავწყვიტე. ინგლისურ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკს“ ვიეტნამურ გამოცემას ვადარებდი და ენას ძირითადად ასე ვსწავლობდი. აგრეთვე მეგობრები გავიჩინე ახლომდებარე ვიეტნამურ კრებაში. 18 წლის ასაკში პიონერობა დავიწყე. მოგვიანებით გავიარე „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“. ამ ცოდნამ დიდი დახმარება გამიწია, რადგან ვიეტნამურ ჯგუფში ერთადერთი უხუცესი ვარ. ბევრ ვიეტნამელს უკვირს, რომ მათი ენა ვისწავლე. ისინი სახლში მეპატიჟებიან და მათთან ბიბლიის შესწავლას ვიწყებ ხოლმე. ზოგიერთი შემსწავლელი მოინათლა კიდეც» (შეადარეთ საქმეების 2:7, 8).
9. რას შეგძენთ მოწაფეების მომზადების საქმეში მონაწილეობა?
9 მოწაფეების მომზადების საქმე ბევრ რამეს გასწავლით, მაგალითად, კარგ უნარ-ჩვევებს შეგძენთ, სხვებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ და უფრო თავდაჯერებული და ტაქტიანი გახდებით (იგავ. 21:5; 2 ტიმ. 2:24). მაგრამ ეს საქმე უფრო მეტ სიხარულს მოგიტანთ, რადგან უკეთ ჩასწვდებით თქვენი რწმენის საფუძვლებს და ისწავლით იეჰოვასთან თანამშრომლობას (1 კორ. 3:9).
10. რატომ შეგიძლიათ განიცადოთ სიხარული მაშინაც კი, თუ სასიხარულო ცნობას ბევრი არ ეხმაურება?
10 ეს საქმე მაშინაც კი მოგიტანთ სიხარულს, თუ თქვენს ტერიტორიაზე ბევრი არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას. მოწაფეების მომზადებაში მთელი კრება იღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ კრების ყველა წევრი ეძებს გულწრფელ ადამიანებს, მხოლოდ ერთმა მაუწყებელმა შეიძლება იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელიც იეჰოვას მსახური გახდება. ვინაიდან ყველამ შეიტანა ამაში თავისი წვლილი, ყველას შეუძლია გაიხაროს შედეგით. მაგალითად, ბრენდონი ცხრა წლის მანძილზე მსახურობდა პიონერად ტერიტორიაზე, სადაც ჭეშმარიტებას თითქმის არავინ ისმენდა. ის ამბობს: «სიამოვნებით ვქადაგებ სასიხარულო ცნობას, რადგან იეჰოვა ითხოვს ამას. პიონერად მსახურება სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე. კრებაში ახალგაზრდა ძმებს ვეხმარები და მათი სულიერი პროგრესი დიდ სიხარულს მანიჭებს. გავიარე „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“, რის შემდეგაც ახალ ტერიტორიაზე დამნიშნეს. მართალია, მე ვერავის დავეხმარე, რომ ნათლობამდე მისულიყო, მაგრამ ეს სხვებმა გააკეთეს. მიხარია, რომ თავის დროზე გადავწყვიტე, მოწაფეების მომზადების საქმეში სრულად მიმეღო მონაწილეობა» (ეკლ. 11:6).
მსახურების სხვადასხვა შესაძლებლობა
11. წმინდა მსახურების რომელ სფეროში მონაწილეობს ბევრი ახალგაზრდა?
11 მსახურების სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა მოხალისედ მსახურობს სამშენებლო პროექტებზე. დღეს ასობით სამეფო დარბაზია საჭირო. მათი მშენებლობა წმინდა მსახურებაა, რაც განადიდებს იეჰოვას და ბედნიერებას მოგიტანთ. თანაქრისტიანებთან ერთად მხარდამხარ მსახურებას დიდი სიხარული მოაქვს. თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა ბევრ რამეს შეგძენთ, მაგალითად, ისწავლით უსაფრთხოდ და მუყაითად შრომას და ზედამხედველებთან თანამშრომლობას.
კურთხევები არ მოაკლდება მათ, ვინც სრული დროით მსახურებას იწყებს (იხილეთ აბზაცები 11—13)
12. რა შესაძლებლობებს გვაძლევს პიონერად მსახურება?
12 ერთი ძმა ამბობს: „პატარაობიდანვე მინდოდა, რომ იეჰოვასთვის სრული დროით მემსახურა. 19 წლისამ დავიწყე პიონერად მსახურება. თავი რომ მერჩინა, ერთ მშენებელ ძმასთან ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე. ვისწავლე სახლის გადახურვა და კარ-ფანჯრების მონტაჟი. მოგვიანებით ორი წელი ვმსახურობდი ქარიშხლით დაზარალებულთა დახმარების ბრიგადაში. ამ პერიოდში ვაშენებდით და ვარემონტებდით სამეფო დარბაზებსა და და-ძმების სახლებს. როცა გავიგე, რომ სამხრეთ აფრიკაში მშენებლები სჭირდებოდათ, შევავსე ანკეტა და ჩამოვედი აქ. რამდენიმე კვირაში ვაშენებთ სამეფო დარბაზს და შემდეგ სხვა პროექტზე გადავდივართ. სამშენებლო ბრიგადა ჩემთვის ოჯახივით გახდა. ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვსწავლობთ ბიბლიას და ერთად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ყოველკვირა სიამოვნებით ვქადაგებ ადგილობრივ და-ძმებთან ერთად. ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რამხელა სიხარულს მომიტანდა მაშინ დასახული მიზანი“.
13. რა სიხარული მოაქვს ახალგაზრდებისთვის ბეთელში მსახურებას?
13 ზოგი, ვინც პიონერი იყო, ახლა ბეთელში მსახურობს. ბეთელში მსახურებას დიდი სიხარული მოაქვს, რადგან იქ ყველაფერი იეჰოვასთვის კეთდება. ბეთელის ოჯახი მონაწილეობას იღებს სულიერი საზრდოს მომზადებაში. ერთი ბეთელელი ძმა ამბობს: „ცხრა წლისამ დავისახე მიზნად სრული დროით მსახურება და სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე პიონერობა. წელიწად-ნახევარში ბეთელში მიმიწვიეს, სადაც ვისწავლე საბეჭდი დანადგარის მართვა, მოგვიანებით კი — კომპიუტერული პროგრამირება. ბეთელში პირველწყაროდან ვიგებ, როგორ მიიწევს წინ მოწაფეების მომზადების საქმე მთელ მსოფლიოში. მომწონს ბეთელში მსახურება, რადგან ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში ეხმარება“.
რას დაგეგმავთ სამომავლოდ?
14. როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ სრული დროით მსახურებისთვის?
14 როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ სრული დროით მსახურებისთვის? ყველაზე მეტად სულიერი თვისებები დაგეხმარებათ, რომ მეტი გააკეთოთ იეჰოვასთვის. ამიტომ გულმოდგინედ გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა, იფიქრეთ მასზე და გამოხატეთ თქვენი რწმენა კრების შეხვედრებზე. სკოლაში სწავლის პერიოდში შეიძინეთ გამოცდილება და დახელოვნდით, როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებლები. დაინტერესდით ადამიანებით; ტაქტიანი კითხვებით გაიგეთ მათი აზრი და ყურადღებით მოუსმინეთ. შეგიძლიათ კრების საქმეებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვათ, მაგალითად დაეხმაროთ ძმებს სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში. იეჰოვა სიამოვნებით ავალებს საქმეს თავმდაბალ და მონდომებულ მსახურებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 110:3; საქ. 6:1—3). პავლემ იმიტომ წაიყვანა ტიმოთე მისიონერულ მსახურებაში, რომ „ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“ (საქ. 16:1—5).
15. როგორ შეგიძლიათ იპოვოთ პიონერისთვის შესაფერისი სამუშაო?
15 სრული დროით მსახურთა უმეტესობას სამუშაო სჭირდება, რომ თავი ირჩინოს (საქ. 18:2, 3). სკოლის შემდეგ მოკლე სასწავლო კურსის გავლა შეიძლება დაგეხმაროთ ისეთი სამუშაოს პოვნაში, რომელიც პიონერად მსახურების საშუალებას მოგცემთ. ვიდრე რამეს დაგეგმავდეთ, რჩევა ჰკითხეთ სარაიონო ზედამხედველსა და სხვა პიონერებს თქვენს ტერიტორიაზე. ჰკითხეთ, რომელი სამუშაო იქნებოდა პრაქტიკული პიონერისთვის. ბიბლია ამბობს: „შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება“ (იგავ. 16:3; 20:18).
16. როგორ მოგამზადებთ ახალგაზრდობაში სრული დროით მსახურების დაწყება სხვა პასუხისმგებლობებისთვის?
16 შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, იეჰოვას სურს, რომ „მტკიცედ ჩაეჭიდოთ“ ბედნიერ მომავალს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:18, 19). სრული დროით მსახურება დაგაახლოებთ სხვა სრული დროით მსახურებთან და დაგეხმარებათ, რომ მოწიფული ქრისტიანები გახდეთ. ბევრი ქრისტიანი მიხვდა, რომ ახალგაზრდობაში სრული დროით მსახურება ბედნიერი ოჯახის შექმნაში დაეხმარა. ხშირად, მათ, ვინც დაქორწინებამდე მსახურობდნენ პიონერებად, დაქორწინების შემდეგ მეუღლესთან ერთად გააგრძელეს ეს მსახურება (რომ. 16:3, 4).
17, 18. როგორ აისახება ადამიანის მიზნებზე მისი გულის წადილი?
17 როცა ადამიანს გულით სურს რამე, ის მის მიზნებზეც აისახება. ფსალმუნის 20:4-ში ნათქვამია: „[იეჰოვამ] მოგცეს, რაც გულით გწადია, და ყველა შენი განზრახვა შეასრულოს“. დაფიქრდით, რას გინდათ მიაღწიოთ ცხოვრებაში. იფიქრეთ იმაზეც, რა საქმის კეთებას ითხოვს იეჰოვა დღეს და რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ ამ საქმეში. შემდეგ დაისახეთ ისეთი მიზნები, რომლებითაც გულს გაუხარებთ მას.
18 იეჰოვასადმი სრული დროით მსახურება უდიდეს კმაყოფილებას მოგანიჭებთ, რადგან ეს ღვთის განდიდების შესაძლებლობას მოგცემთ. ბიბლია გპირდებათ: „იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმ. 37:4).
a ეს სკოლა ჩაანაცვლა „სამეფოს მახარობელთა სკოლამ“.