ვინ არის მომზადებული, რომ იქადაგოს?
1 გიგრძვნია თუ არა თავი მოსეს მსგავსად მსახურებასთან დაკავშირებით? მან თქვა: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს“ (გამ. 4:10). თუ ასე გრძნობ, შეიძლება ამან ქადაგება შეგაწყვეტინოს. მაგრამ იესომ „გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ“ (საქ. 10:42). როგორ უნდა გავხდეთ კეთილი ცნობის კარგად მომზადებული მქადაგებლები?
2 მსახურებისთვის მომზადება დამოკიდებული არ არის ჩვენს ქვეყნიურ განათლებაზე. პავლემ თქვა, რომ „ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი“ და, რომ „ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (1 კორ. 1:26; 3:19). იესომ თავისი მოციქულები დაბალი ფენიდან ამოარჩია — მათგან, სულ მცირე, ოთხი პროფესიით მებადური იყო. ამაყი რელიგიური წინამძღოლები მათ არარაობად მიიჩნევდნენ, როგორც ‘უწიგნურ და უმეცარ ადამიანებად’. ქვეყნიური ნორმების მიხედვით განსჯილი მოციქულები ქადაგებისთვის მოუმზადებლებად ჩათვალეს. მაგრამ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისას პეტრეს მიერ დიდი ოსტატობით წარმოთქმულმა სიტყვამ 3 000 პიროვნება აღძრა, მონათლულიყვნენ! (საქ. 2:14, 37–41; 4:13).
3 იეჰოვა გვამზადებს, რომ ვიქადაგოთ: პავლემ განაცხადა, რომ ‘ჩვენი შემძლეობა ღვთისაგან’ არის (2 კორ. 3:5). იეჰოვა — სიბრძნის წყარო — მილიონებს ასწავლის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების ქადაგებას (ეს. 54:13). ამ საქმის ეფექტურობა და ნაყოფიერება გამოჩნდა გასულ წელს 338 491 პიროვნების მონათვლით, როგორც ‘ცოცხალი წარმდგენი წერილები’ (2 კორ. 3:1–3). ყველანაირი მიზეზი გვაქვს, რომ გაბედულად და დარწმუნებით ვუქადაგოთ ადამიანებს იმის შესახებ, რაც იეჰოვასგან ვისწავლეთ.
4 ღვთის ორგანიზაციამ მსახურებისთვის მოაწყო საერთაშორისო სასწავლო პროგრამა. ბიბლიის შესასწავლი დიდი რაოდენობით დამხმარე ლიტერატურისა და ბიბლიის მეშვეობით ვსწავლობთ და ვიწვრთვნებით, რათა გავხდეთ ‘სრულიად განმზადებული’ საქადაგოდ (2 ტიმ. 3:16, 17). მრავალზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა საზოგადოების პუბლიკაციებში დაინახა ყოველმხრივი ერუდიცია. მაგალითად, შვედურ პერიოდულ ჟურნალში ნათქვამია: „იეჰოვას მოწმეებს გარდა იმ რწმენისა, რომელსაც ქადაგებენ, აქვთ აღნიშვნის ღირსი მაღალი აკადემიური დონე და საერთაშორისო ორიენტაცია როგორც შემეცნებაში, აგრეთვე თავიანთ ბიბლიურ ერუდიციაში“.
5 მითითებებით, რომლებიც გვეძლევა ჩვენს ყოველკვირეულ ხუთ შეხვედრაზე — ბიბლიის კითხვისა და სწავლის პროგრამით, თეოკრატიული მსახურების სკოლის რჩევებით, გამოცდილი მსახურების მიერ პირადი დახმარებით — და ამ მითითებებთან ერთად იეჰოვას სულიწმიდაზე დაყრდნობით დარწმუნებული ვიქნებით, რომ იეჰოვა სრულიად მომზადებულად გვცნობს, რათა ვიქადაგოთ. „წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში“ (2 კორ. 2:17).
6 თუ სრულად ვისარგებლებთ თეოკრატიული სწავლებით, რომელსაც გვთავაზობს ღმერთი თავისი ორგანიზაციის მეშვეობით, არავითარი მიზეზი აღარ გვექნება, რომ უკან დავიხიოთ ან შევშინდეთ. დარწმუნებულები, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, სხვებს სიხარულით ვუქადაგებთ (1 კორ. 3:6).