არ შეწყვიტო კეთილი ცნობის გაცხადება
1 ადრინდელი ქრისტიანები თავიანთ მსახურებას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ. ლუკამ აღნიშნა: „ყოველდღე შეუწყვეტლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და კარდაკარ ქრისტე იესოს“ (საქ. 5:42, აფ). ისინი ვერაფერმა ვერ შეაჩერა, დევნამაც კი! (საქ. 8:4). ისინი ყოველდღე ელაპარაკებოდნენ სხვებს ჭეშმარიტების შესახებ.
2 რა შეიძლება, ითქვას ჩვენს შესახებ? შეეკითხე საკუთარ თავს: „ვხვდები თუ არა საქმის გადაუდებლობას? შემიძლია თუ არა, ვისწრაფო, განვაგრძო კეთილი ცნობის გაცხადება შეუწყვეტლად?“
3 შეუწყვეტლად ქადაგების თანამედროვე მაგალითები: პოლიომიელიტის მსხვერპლი ერთ-ერთი და ლოგინად ჩავარდა და ფილტვის ხელოვნურად ასამუშავებლად აპარატი დასჭირდა. ის ვერც სამეფო დარბაზში მიდიოდა, ვერც კონგრესებს ესწრებოდა. მაგრამ რეგულარულად აცხადებდა კეთილ ცნობას. 37 წლის განმავლობაში, როდესაც ლოგინად იყო ჩავარდნილი, შეძლო, დახმარებოდა 17 პიროვნებას ჭეშმარიტების შესწავლაში! როგორ? მიუხედავად იმისა, რომ ვერ დადიოდა კარდაკარ, მან იპოვა საშუალება, ყოველდღე არაფორმალურად დაემოწმებინა მნახველებისთვის.
4 ჩვენი ძმები ბოსნიაში უნდა გამკლავებოდნენ ომსა და გაჭირვებას. მიუხედავად ამისა, ისინი რეგულარულად განაგრძობდნენ ქადაგებას. სარაევოში მაუწყებლები კეთილ ცნობას თვეში, საშუალოდ, 20 საათს ქადაგებდნენ და თითოეული, დაახლოებით, ბიბლიის ორ შესწავლას ატარებდა. რთული ვითარებების მიუხედავად, ისინი შეუწყვეტლად ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ.
5 ახალგაზრდებიც ავლენენ მოშურნეობას მსახურებაში. რუანდაში მოწმეების ოჯახი მოათავსეს ოთახში, სადაც ჯარისკაცები მოკვლას უპირებდნენ. ოჯახმა ნებართვა ითხოვა, რომ ჯერ ელოცათ. ამაზე ნება დართეს და პატარა ქალიშვილმა, დებორამ, ხმამაღლა სთხოვა ღმერთს: „იეჰოვა, ამ კვირას მე და მამიკომ ხუთი ჟურნალი გავავრცელეთ. როგორ შევძლებთ, დავბრუნდეთ იმ ხალხთან, რომ ვასწავლოთ ჭეშმარიტება და დავეხმაროთ მათ სიცოცხლის მიღებაში?“ მისი ძლიერი რწმენისა და მსახურებისადმი სიყვარულის გამო მთელი ოჯახი გადაურჩა სიკვდილს.
6 დღეს საჭიროა, ვეძებოთ შესაძლებლობები, დავუმოწმოთ სხვებს და ვიპოვოთ ‘მარადიული სიცოცხლისადმი სწორად განწყობილნი’ (საქ. 13:48, აქ). ადგილობრივი ვითარებების მიხედვით კრების უხუცესები ჯგუფურ დამოწმებას მოაწყობენ მოხერხებულ დროს დილით, შუადღისას თუ საღამოს. „ჩვენი სამეფო მსახურების“ სტატიები, სამსახურებრივი შეხვედრების პუნქტები, სარაიონო და საოლქო კონგრესები გვთავაზობს დროულ რჩევებსა და გამხნევებას, რომ სამეფოს შესახებ დამოწმების სხვადასხვა სფეროებში მივიღოთ მონაწილეობა. ამასთანავე, სარაიონო და საოლქო ზედამხედველები მაუწყებლებს ასწავლიან ქუჩაში დამოწმებას და აჩვენებენ, როგორ იმუშაონ საქმიან ტერიტორიებზე, აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ სხვა საშუალებებზე, რომ ყველგან დაამოწმონ, სადაც კი ადამიანებს ნახავენ. ყველაფერი ეს ხაზს უსვამს შემდეგს: არ შეწყვიტო კეთილი ცნობის გაცხადება!
7 იესოს მოციქულები გაბედულად აცხადებდნენ: „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“ როგორ შეინარჩუნეს სიმტკიცე ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად? მათ იეჰოვას სთხოვეს დახმარება, რაც მიიღეს კიდეც მისგან და „ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას“ (საქ. 4:20, 29, 31). ყველა ვერ იქნება მსახურებაში განსაკუთრებული შემთხვევით კურთხეული, მაგრამ თუ ჭეშმარიტად გვსურს კეთილი ცნობის შეუწყვეტლად გაცხადება და, თუ ყოველდღიურად მოვახმართ ძალისხმევას ამის გაკეთებას, იეჰოვა დაგვეხმარება.