ჩაუნერგე სხვებს მარადიული სიცოცხლის იმედი
1 თუმცა ადამიანი სხვადასხვა გზებს ეძებდა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, სიბერე და სიკვდილი მაინც გარდაუვალია. რამდენად მადლიერნი ვართ, რომ ბიბლია გვიხსნის, რატომ ბერდება და კვდება ადამიანი, აგრეთვე იმას, თუ როგორ მოისპობა სიბერე და სიკვდილი. ეს ჭეშმარიტება დამაჯერებლად არის აღწერილი წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ეს წიგნი ნათლად პასუხობს სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ დამაფიქრებელ კითხვებზე და მკითხველს უჩვენებს დროს, როდესაც სამოთხე აღდგება.
2 მარტში შევთავაზებთ წიგნს „შემეცნება“ ოჯახური შესწავლის დაწყების მიზნით (მათ. 28:19, 20). შემდეგ, განმეორებით მოვინახულებთ ყველას, ვინც სამეფო ცნობის მიმართ ინტერესს გამოავლენს. ამ სახით შეიძლება მარადიული სიცოცხლის იმედი ჩავუნერგოთ სხვებს (ტიტ. 1:2). ამისთვის შეიძლება შემდეგი რჩევები დაგეხმაროთ.
3 პირველი მონახულებისას შეგიძლია შეეკითხო:
◼ „დაგბადებიათ როდისმე კითხვა, თუ რატომ სურს ადამიანს დიდხანს სიცოცხლე? [ადროვე, გიპასუხოს]. ბუდისტებს, ქრისტიანებს, ინდუსებს, მუსულმანებს და სხვებს, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედი აქვთ“. გადაშალე წიგნი „შემეცნება“ მე-6 თავზე, „რატომ ვბერდებით და ვკვდებით?“ და წაუკითხე მე-3 აბზაცი. განიხილე ბიბლიური მუხლები. წაიკითხე აბზაცის ბოლოში მოცემული ორი შეკითხვა და შეეკითხე მობინადრეს, ისურვებდა თუ არა გაეგო პასუხები. თუ დაინტერესდა, განაგრძე შემდეგი რამდენიმე აბზაცის განხილვა. შესწავლა დაწყებულია! ან კიდევ, დაუტოვე წიგნი წასაკითხად და უთხარი, რომ ერთ ან ორ დღეში დაბრუნდები, პასუხების განსახილველად.
4 იქ, სადაც დატოვე წიგნი „შემეცნება“, განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია თქვა:
◼ „მოვედი, რომ განვიხილოთ წინა შეხვედრისას წამოჭრილი ორი შეკითხვა, რომლებიც უპასუხოდ დავტოვეთ“. გაახსენე მობინადრეს ეს შეკითხვები. შემდეგ განიხილე მე-6 თავში მოცემული ქვესათაური, „დამღუპველი განზრახვა“. ვითარების მიხედვით ან შესწავლა განაგრძე, ან მე-7 თავის ბოლოში მოცემული ბოლო კითხვა გამოიყენე შემდეგი მონახულებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად. დათქვით ზუსტი დრო, როდესაც კვლავ შეხვდებით. თუ იყენებთ მოსაწვევებს, მობინადრეს დაუტოვე და მოკლედ აუხსენი, როგორ ტარდება კრების შეხვედრები და გულთბილად დაპატიჟე დასასწრებად.
5 კარდაკარ ქადაგებისას ან არაფორმალური დამოწმებისას შეგიძლია საუბარი ასე დაიწყო:
◼ „დაგბადებიათ როდისმე კითხვა იმის შესახებ, თუ რა მომავალი გველის ჩვენ და დედამიწას? [ადროვე, გიპასუხოს]. ბიბლია დედამიწის მომავალს ერთი სიტყვით აჯამებს — სამოთხე! ის ხსნის, რომ დასაწყისში ღმერთმა დედამიწის ერთი ნაწილი მშვენიერ სამოთხედ აქცია, სადაც დაასახლა ადამიანთა წყვილი, რომელიც შექმნა. მათ უნდა შეევსოთ მთელი დედამიწა და თანდათანობით სამოთხედ გადაექციათ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის აღწერილი სამოთხე“. გადაშალე წიგნი „შემეცნება“ მე-8 გვერდზე და წაიკითხე მე-9 აბზაცი, რომელიც მოცემულია ქვესათაურის „ცხოვრება სამოთხეში“ შემდეგ. ამის შემდეგ განიხილე მე-10 აბზაცში მოცემული აზრები და წაიკითხე მითითებული მუხლი, ესაია 55:10, 11. შესთავაზე ერთად განაგრძოთ იმის განხილვა, თუ როგორი იქნება აღდგენილ სამოთხეში ცხოვრება და წაიკითხეთ 11–16 აბზაცები. ან სთხოვე, თვითონ წაიკითხოს და შემდეგი შეხვედრისას ერთად განიხილეთ.
6 თუ პირველი შეხვედრისას ვერ დაიწყე შესწავლა, ეცადე ეს შემდეგი მონახულებისას გააკეთო, შეგიძლია თქვა:
◼ „როგორც წინა შეხვედრაზე განვიხილეთ, ღმერთს სურს, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ გადააქციოს. ეს ასეთ კითხვას წამოჭრის: „როგორი იქნება სამოთხე?“ გადაშალე წიგნი „შემეცნება“ პირველ თავზე და დაიწყე 11–16 აბზაცების განხილვა, რომლებიც მოცემულია ქვესათაურის „ცხოვრება აღდგენილ სამოთხეში“ შემდეგ. ამის შემდეგ აჩვენე მე-4 გვერდზე მოცემული ილუსტრაცია და ჰკითხე, ისურვებდა თუ არა ასეთ მშვენიერ გარემოში ცხოვრებას. შემდეგ კი მე-10 გვერდზე მოცემული მე-17 აბზაცის პირველი წინადადება წაუკითხე. ვითარების მიხედვით ან განაგრძე შესწავლა, ან უთხარი, რომ შემდეგისთვის განიხილავთ, თუ რა მოეთხოვება ადამიანს აღდგენილ სამოთხეში რომ შეძლოს ცხოვრება. გააცანი კრების განრიგი და გულთბილად დაპატიჟე, დაესწროს შეხვედრას სამეფო დარბაზში.
7 წიგნი „შემეცნება“ საუკეთესო საშუალებაა ადამიანებისთვის ღვთის მიერ დაპირებული „საუკუნო სიცოცხლის“ გასაცნობად. ბიბლიის შესწავლით ადამიანებს შეიძლება ჩაუნერგო ეს დიდი იმედი, რომელსაც ‘უტყუარი’ ღმერთი გვაძლევს.