„ესაა საუკუნო სიცოცხლე“
1 იესოს სიტყვები, რომლებიც იოანეს 17:3-შია ჩაწერილი, სერიოზულად უნდა მივიღოთ. მან თქვა, რასაც ფიქრობდა — ღვთისა და ქრისტეს შეცნობა საუკუნო სიცოცხლეს ნიშნავს! მაგრამ დავჯილდოვდებით საუკუნო სიცოცხლით იეჰოვასა და იესოს შესახებ შემეცნების მხოლოდ ფლობით? არა. ისრაელებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა იყო მათი ღმერთი, მაგრამ მათი ცხოვრების წესი არ ირეკლავდა ამ რწმენას. შედეგად, მათ დაკარგეს მისი კეთილგანწყობილება (ოს. 4:1, 2, 6). დღეს მილიონობით ადამიანს, შესაძლოა, ‘აქვს გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად’ (რომ. 10:2). მათ ესაჭიროებათ, შეიცნონ იეჰოვა, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“, და ისწავლონ, თუ როგორ ემსახურონ მას სათანადოდ. ამ მიზნით, ნოემბერში შევთავაზებთ წიგნს — „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. როგორ მიდგომას გამოიყენებ მისი შეთავაზებისას? აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროს.
2 რამდენადაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის ცნება ადამიანთა უმეტესობისთვის ახალია, შემდეგ შეთავაზებას შეეძლო მათი ინტერესი გამოეწვია:
◼ «ჩვენ მეზობლებს კითხვას ვუსვამთ. თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ ასეთ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრება, მიიღებდით მოწვევას? [„შემეცნებაში“ უჩვენე მე-4 და მე-5 გვერდებზე მოცემული სურათი. საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ასეთი ბედნიერი ცხოვრება შეიძლება ნამდვილად გერგოთ წილად. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ, თქვენთვის ეს რეალობად რომ იქცეს? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა არის საჭირო იოანეს 17:3-ის თანახმად [წაუკითხე]. ეს წიგნი მრავალს ეხმარება ამ განსაკუთრებული სახის შემეცნების მიღებაში. გსურთ, იქონიოთ პირადი ეგზემპლარი წასაკითხად? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. შემდეგი შეხვედრისას შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რატომაა გონივრული, გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია მოვიპოვოთ საუკუნო სიცოცხლე სწორედ აქ, დედამიწაზე».
3 როცა ბრუნდები იმ პიროვნებების მოსანახულებლად, ვისაც იოანეს 17:3-ზე ესაუბრე, შეგეძლო ასე გაგეგრძელებინა:
◼ «წინა შეხვედრისას მე იესოს მომხიბვლელი სიტყვები წაგიკითხეთ იოანეს 17:3-დან, სადაც ის გვარწმუნებს, რომ ღვთისა და მისი შეცნობა საუკუნო სიცოცხლეს ნიშნავს. მაგრამ მრავალ ადამიანს სწამს, რომ უკეთესი ცხოვრება მხოლოდ ზეცაში მიიღწევა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. თუ ჩემს მიერ დატოვებული წიგნი ხელთა გაქვთ, გაჩვენებდით რამდენიმე ბიბლიურ მუხლს, რომლებიც ამტკიცებს, რომ სამოთხე აღდგენილ უნდა იქნეს დედამიწაზე [„შემეცნების“ მე-9 და მე-10 გვერდებზე განიხილე 11–16 აბზაცები]. მომდევნო მონახულებისას მე გაჩვენებთ, თუ რატომ შეგიძლიათ მიენდოთ ბიბლიაში მოცემულ ამ დანაპირებს. იქნებ შეძლოთ ამ დროის განმავლობაში წიგნის პირად ეგზემპლარში წაიკითხოთ მე-2 თავი».
4 რელიგიით დაინტერესებულ ადამიანებთან შეგიძლია ეს შეთავაზება გამოიყენო:
◼ «ჩვენ ვესაუბრებით მეზობლებს იმის თაობაზე, თუ რატომაა მსოფლიოში ამდენი განსხვავებული რელიგია. მთელ მსოფლიოში 10 000-ზე მეტი რელიგიური დაჯგუფება არსებობს. მაგრამ ბიბლია ერთია. თქვენი აზრით, რატომაა რელიგიების ასეთი მრავალგვარობა? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს. გადაშალე „შემეცნება“ მე-5 თავზე და წაუკითხე 1-ლი აბზაცი]. ამ თავის წაკითხვით თქვენ დამაკმაყოფილებელ პასუხებს მიიღებთ ამ კითხვებზე. მე სიამოვნებით დაგიტოვებთ წიგნს, თუ გსურთ მისი განხილვა». თუ თანახმაა, მოელაპარაკე განმეორებით მონახულებაზე და უთხარი: „შემდეგი შეხვედრისას შეგვეძლო განგვეხილა, არის თუ არა ყველა რელიგია, უბრალოდ, ერთი მიზნისკენ მიმავალი სხვადასხვა გზა“.
5 როცა ბრუნდები საუბრის გასაგრძელებლად, თუ რატომ არის ამდენი რელიგია, შეგეძლო გეთქვა შემდეგი:
◼ «ჩვენი ბოლო საუბრისას მე წამოვჭერი კითხვა, არის თუ არა ყველა რელიგია, უბრალოდ, ერთი მიზნისკენ მიმავალი სხვადასხვა გზა. თქვენ როგორ ფიქრობთ? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ჩემს მიერ დატოვებულ წიგნში მინდა გიჩვენოთ, რა თქვა ამის შესახებ იესომ [გადაშალე „შემეცნების“ მე-5 თავი და წაუკითხე მე-6 და მე-7 აბზაცები მათეს 7:21–23-ის ჩათვლით]. შეიძლება დაინტერესდეთ, რატომაა ასე მნიშვნელოვანი, ზუსტად ვიცოდეთ, რა არის ღვთის ნება. თქვენ აღმოაჩენთ, რომ შემდეგი აბზაცები მეტად ინფორმაციულია. გთხოვთ, წაიკითხოთ ამ თავის დანარჩენი ნაწილი. შემდეგი შეხვედრისას მე სიამოვნებით გაჩვენებთ ზუსტი ბიბლიური შემეცნების ფლობის ფასეულობას».
6 ბიბლიის შესწავლის დაწყებისთვის ხშირად პირდაპირი მიდგომაა წარმატებული. აქ შემოთავაზებულია შესავალი, რომელიც მოცემულია მე-3 გვერდზე ბროშურაში — „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“:
◼ «მე მინდა შემოგთავაზოთ ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლა. თუ ნებას დამრთავთ, მე მხოლოდ რამდენიმე წუთში გავუკეთებდი დემონსტრირებას ბიბლიის საშინაო შესწავლას, რომელიც დაახლოებით მსოფლიოს 200 ქვეყანაში ტარდება სახლებში, როდესაც იკრიბებიან ოჯახის წევრები. საუბრის საფუძვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ამ თემებიდან [უჩვენე სარჩევი წიგნიდან — „შემეცნება“]. თქვენ რომელი გაინტერესებთ განსაკუთრებით?» დაელოდე, რომ ამოირჩიოს. მიმართე ამორჩეულ თავს და დაიწყე შესწავლა პირველი აბზაცით.
7 აქ მოცემულია მეორე წარმატებული პირდაპირი მიდგომა, რომელიც შეგეძლო შესწავლის დასაწყებად გეცადა:
◼ «მე ბიბლიის კერძო გაკვეთილებს ვატარებ უსასყიდლოდ და ჩემს განრიგში თავისუფალი დრო მაქვს სხვა შემსწავლელებისთვის. ეს არის ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ [უჩვენე წიგნი „შემეცნება“]. კურსი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება და პასუხებით უზრუნველგვყოფს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას? რატომ ვბერდებით და ვკვდებით? რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ? და როგორ შეგვიძლია ღმერთთან მიახლოება?» შემდეგ ჰკითხე: „შემიძლია, გიჩვენოთ, თუ როგორ ტარდება შესწავლა?“ თუ შეთავაზებულ შესწავლაზე უარს გეტყვის, ჰკითხე, ხომ არ ისურვებდა, ჰქონოდა წიგნი „შემეცნება“, რათა პირადად წაეკითხა. თუ შეგპირდა, რომ წაიკითხავს, დაუტოვე ეგზემპლარი.
8 რამდენად ძვირფასია ღვთისა და ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნება ყველასთვის, ვინც ფლობს მას! მისი მიღება ნამდვილად ნიშნავს საუკუნო სიცოცხლეს იდეალურ პირობებში. მოდი, ნოემბერში ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა სხვებს გავუზიაროთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება.