დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები
1 ახლო მომავალში ჩატარდება საოლქო კონგრესი „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“, რომელიც ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესანიშნავ საშუალებას მოგვცემს. როგორც ჯანსაღი ფიზიკური საზრდო, ისე კონგრესის პროგრამაც ნამდვილად გვკვებავს „რწმენის სიტყვებით“ (1 ტიმ. 4:6). ის საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას. აგრეთვე მივიღებთ რჩევებსა და გამხნევებას, რაც ცხოვრებისეულ განსაცდელებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. იეჰოვა გვარწმუნებს: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმ. 31:8). რამხელა კურთხევაა, ცხოვრებაში ღმერთი გვხელმძღვანელობდეს სიყვარულით! განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი, რომელთა გამოყენებითაც კონგრესის პროგრამიდან მაქსიმალური სარგებლობის მიღება შეგვიძლია.
2 საჭიროა გულების მომზადება: თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, დავიცვათ საკუთარი სიმბოლური გული (იგავ. 4:23). ამისათვის თვითდისციპლინაა საჭირო; აგრეთვე აუცილებელია, გულწრფელი ვიყოთ საკუთარ თავთან. კონგრესი ის დროა, როდესაც უნდა ვიფიქროთ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე, ‘ჩავუკვირდეთ სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას‘. ჩვენში ‘ჩანერგილი სიტყვის მისაღებად’ გულების მომზადებისთვის საჭიროა იეჰოვას ვთხოვოთ, გამოგვიკვლიოს თავიდან ბოლომდე, რათა გვიჩვენოს ნებისმიერი „სახიფათო გზა“, რომელსაც უნდა ვერიდოთ და წარგვიძღვეს „მარადიულ გზაზე“ (იაკ. 1:21, 25; ფსალმ. 138:23, 24).
3 უსმინეთ და დაფიქრდით: იესომ მარიამი შეაქო იმისათვის, რომ ყურადღებით ისმენდა მის სიტყვებს. „მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას“, — თქვა მან (ლუკ. 10:39, 42). თუ ჩვენც ასეთივე აზროვნება გვაქვს, უმნიშვნელო საქმეები ყურადღებას არ გაგვიფანტავს. აუცილებლად ვისხდებით და მთელ პროგრამას ყურადღებით მოვისმენთ. ზედმეტად არ ვილაპარაკებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ სხვებს ხელი არ შევუშალოთ სურათების გადაღებით, ჩვენი მობილური ტელეფონისა თუ პეიჯერის ზარებითა და ვიდეოკამერით.
4 მოხსენებების მოსმენისას კარგი იქნება მოკლე ჩანაწერების გაკეთება, რომლებიც იმის გაანალიზებაში დაგვეხმარება, თუ როგორ ვითარდება თემა. მოსმენილი უნდა დავაკავშიროთ იმასთან, რაც უკვე ვიცით. ეს მოსმენილის გაგებასა და დამახსოვრებაში დაგვეხმარება. ჩანაწერებს კი იმ მიზნით უნდა გადავხედოთ, რომ იქ მოცემული აზრები ცხოვრებაში გამოვიყენოთ. თითოეულმა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: „რა გავლენას ახდენს ეს იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე? რა ცვლილებები უნდა შევიტანო ჩემს ცხოვრებაში? როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის სხვებთან ურთიერთობაში გამოყენება? როგორ გამოვიყენებდი მას მსახურებაში?“. ისაუბრე სხვებთან იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით მოგეწონა. ასე მოქმედება იეჰოვას სიტყვების „გულის სიღრმეში“ ჩადებაში დაგვეხმარება (იგავ. 4:20, 21).
5 მოდი ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ: საოლქო კონგრესზე დასწრების შემდეგ ერთმა დელეგატმა თქვა: „პროგრამა ძალიან პირადული ხასიათის იყო და ადამიანს თავისი და თავისი ოჯახის წევრების გულების მდგომარეობის გამოსაკვლევად აღძრავდა; აგრეთვე სიყვარულით იყო შემოთავაზებული ბიბლიური ადგილები, რომლებიც ამ საკითხში დახმარების გასაწევად იყო გამიზნული. ამ კონგრესმა უფრო კარგად დამანახვა ჩემი მოვალეობა, რომ კრების წევრებს უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინო“. ალბათ, მრავალ ჩვენგანს დაუფლებია მსგავსი გრძნობა. მაგრამ კონგრესიდან მხოლოდ გამხნევებული და გამოცოცხლებული წამოსვლა არ არის საკმარისი. იესომ თქვა: „რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ“ (იოან. 13:17). დიახ, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ყოველივე იმის ცხოვრებაში გამოსაყენებლად, რაც პირადად ჩვენ გვეხება (ფილ. 4:9). ასე მოქმედება აუცილებელია იმისათვის, რომ სულიერი მოთხოვნილებები სრულად დავიკმაყოფილოთ.
[სურათი 4 გვერდზე]
იფიქრეთ იმაზე, რასაც ისმენთ:
■ რა გავლენას ახდენს მოსმენილი იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე?
■ როგორ მოქმედებს ის სხვებთან ჩემს ურთიერთობაზე?
■ როგორ შემიძლია მიღებული ინფორმაციის პირად ცხოვრებასა და მსახურებაში გამოყენება?