განსაკუთრებული ურთიერთგამხნევება
1 დღე ისე არ გავა, რომ იეჰოვას ხალხი რწმენის გამოცდის წინაშე არ აღმოჩნდეს. სატანას მთელი ძალები აქვს მობილიზებული იმისათვის, რომ საბოლოო იერიში მიიტანოს და იეჰოვასადმი ჩვენი უმწიკვლობა შელახოს, რადგან იცის, რომ ცოტა დრო აქვს დარჩენილი (გამოცხ. 12:12). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ‘გავძლიერდეთ უფლის მიერ და მისი სიმტკიცის ძალით, რათა უკეთურ დღეს შეგვეძლოს წინააღდგომა და ყოვლის მძლეველნი, კვლავაც მტკიცედ ვიდგეთ’ (ეფეს. 6:10, 13, სსგ).
2 იეჰოვამ იზრუნა თანამორწმუნეების ერთად შეკრების ღონისძიებაზე, რადგან ის ძალების მოკრებაში გვეხმარება. პავლე მოციქულს კარგად ესმოდა ამ ღონისძიების მნიშვნელოვნება. მას დიდი სურვილი ჰქონდა, ყოფილიყო თანაქრისტიანებთან ერთად, რათა ურთიერთგამხნევებით „განმტკიცებულიყო“ (რომ. 1:11, 12). ხელმძღვანელმა საბჭომ სიყვარულით იზრუნა, რომ ღვთის ნების უფრო მტკიცედ შესასრულებლად ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობა მოგვეცეს მომავალ საოლქო კონგრესზე „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“.
3 დაესწარით კონგრესს, რათა მან სასარგებლოდ იმოქმედოს თქვენზე: მიზნად დაისახეთ, სამივე დღეს დაესწროთ. ჩვენთვის ‘სასიკეთოა‘, მივიდეთ პირველი სიმღერის დაწყებამდე და დავრჩეთ დასასრულამდე, ბოლოს კი მთელი გულით წარმოვთქვათ ლოცვაზე „ამინ“ (ეს. 48:17, 18). მრავალ ჩვენგანს დასჭირდება, წინასწარ მოაგვაროს საკითხები სამუშაოსთან დაკავშირებით, რათა სამივე დღეს დასწრების შესაძლებლობა ჰქონდეს. მართალია, ადვილი არ არის სამუშაოდან გარკვეული ხნით გათავისუფლებაზე თანხმობის მიღება, მაგრამ იეჰოვა გვარწმუნებს, რომ დაგვეხმარება (1 იოან. 5:14, 15). თუ ეს ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია, ახლა სწორედ ის დროა, ვიზრუნოთ ტრანსპორტსა და ღამის გასათევ ადგილზე და არაფერი დავტოვოთ შემთხვევითობის იმედზე. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას, დავესწროთ სამივე დღის განმავლობაში (იგ. 10:22).
4 გქონდეთ გამხნევების მოლოდინი: საოლქო კონგრესის დამთავრების შემდეგ გიფიქრიათ თუ არა, რომ „ეს საუკეთესო კონგრესი იყო“?! რამ გაფიქრებინათ ასე? იმან, რომ ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, თანდათანობით სულ უფრო და უფრო ვიქანცებით და სულიერი გამხნევების აუცილებლობას ვგრძნობთ (ეს. 40:30). ერთმა დამ აღნიშნა: „ეს სისტემა ძალას მაცლის, კონგრესები კი სულიერი ხედვის აღდგენაში მეხმარება და სულიერ აღმაფრენას მაგრძნობინებს, რაც ჩემთვის ასე აუცილებელია. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ თითქოს გამხნევებას სწორედ იმ დროს ვიღებ, როდესაც ის ყველაზე მეტად მჭირდება“. შეიძლება არც თქვენთვის არის უცნობი მსგავსი გრძნობები.
5 ვმხნევდებით არა მარტო მოხსენებებისა და ინტერვიუების მოსმენით, არამედ კონგრესის პროგრამის სულიერად გამამდიდრებელი სხვა ნაწილებითაც. ერთმა ძმამ აღნიშნა: „ნამდვილად ძალიან მომწონს, როდესაც ნათლად ვხედავ, როგორ უნდა გამოვიყენო პრაქტიკულად ბიბლიური პრინციპები. რა თქმა უნდა, დრამები ფასდაუდებელია იმის დასანახად, როგორ ვისარგებლოთ წარსულის კარგი თუ ცუდი მაგალითებით. ახალი პუბლიკაციების გამოცხადებასაც ყოველთვის გულისფანცქალით მოველი და დიდი ხსნის შემდეგაც კი დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ამ პუბლიკაციებს“.
6 იეჰოვა ზრუნავს კონგრესებით ჩვენს უზრუნველყოფაზე, რაც ამ „საზარელი ჟამის“ დროს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა (2 ტიმ. 3:1). ისინი გვეხმარება ყურად ვიღოთ ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევა: „იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი“ (1 კორ. 16:13). ამიტომ, დაე მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, დავესწროთ მთელ პროგრამას და ვისიამოვნოთ ურთიერთგამხნევებით საოლქო კონგრესზე „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“!
[ჩარჩო 3 გვერდზე]
წინასწარ დაგეგმეთ სამივე დღე კონგრესზე დასასწრებად
■ ითხოვეთ, რომ ეს დღეები გაგათავისუფლონ სამუშაოდან.
■ იზრუნეთ, გქონდეთ ღამის გასათევი ადგილი იმ ქალაქში, რომელშიც კონგრესი ჩატარდება.
■ წინასწარ მოიფიქრეთ, რა სატრანსპორტო საშუალებით ჩახვიდოდით კონგრესზე.