მოისმინე და ისწავლე
1. რატომ დაგვჭირდება საოლქო კონგრესზე დასწრებისას მეტი ძალისხმევა, რომ მოვისმინოთ და ვისწავლოთ?
1 მთელ მსოფლიოში მალე დაიწყება 2013 წლის საოლქო კონგრესები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა კონგრესის პროგრამის მოსამზადებლად. ეს პროგრამა ნამდვილად აკმაყოფილებს მსოფლიო სამქადაგებლო ტერიტორიის საჭიროებებს. გეგმავ, რომ კონგრესის სამივე დღეს დაესწრო? დიდ კონგრესებზე ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ პროგრამას. ვინაიდან კონგრესის პროგრამა კრების შეხვედრის პროგრამასთან შედარებით დიდხანს გრძელდება, უფრო მეტხანს გვჭირდება ყურადღებით ყოფნა. გარდა ამისა, შესაძლოა მგზავრობამ და სხვა გარეშე ფაქტორებმაც დაგვღალოს. რა დაგვეხმარება იმაში, რომ ბოლომდე გულისყურით მოვუსმინოთ პროგრამას და ვისწავლოთ ღვთის სიტყვიდან? (კან. 31:12).
2. როგორ განვაწყოთ გული კონგრესის პროგრამისთვის?
2 კონგრესის დაწყებამდე. ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.pr2711.com ყოველთვის თავსდება კონგრესის პროგრამები — თითოეული მოხსენების სათაური ერთი ან ორი ძირითადი მუხლით. თუ ხელი მიგიწვდება ინტერნეტზე, წინასწარ გაეცანი პროგრამას, რათა განაწყო გული (ეზრ. 7:10). კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე იმსჯელებთ კონგრესის პროგრამაზე. ეს მთელ ოჯახს გაგიღრმავებთ ინტერესს პროგრამის მიმართ.
3. რა დაგვეხმარება პროგრამის ყურადღებით მოსმენაში?
3 პროგრამის მსვლელობისას. თუ შესაძლებელია, პროგრამის დაწყებამდე ისარგებლე საპირფარეშოთი. თუ არაფერი დაშავდება, პროგრამის მსვლელობის დროს გამორთე მობილური ტელეფონი, რათა შემოსულმა ზარებმა თუ შეტყობინებებმა ხელი არ შეგიშალოს და სულმა არ წაგძლიოს, რომ შენც მისწერო სხვას. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე ვერ თიშავ მობილურ ტელეფონს, მაშინ გადაიყვანე ისეთ რეჟიმზე, რომ ხელი არ შეუშალო გარშემომყოფთ. თუ ტაბლეტური კომპიუტერით სარგებლობ, ეცადე ისე გამოიყენო, რომ სხვები არ შეაწუხო. არც ის იქნება ლამაზი, რომ პროგრამის მსვლელობისას აუდიტორიაში ვინმე საჭმელს მიირთმევდეს (ეკლ. 3:1). ეცადე, მოხსენების წარმოთქმისას უყურო მომხსენებელს და შენს ბიბლიაში თვალი მიადევნო წაკითხულ მუხლებს. გააკეთე მოკლე ჩანაწერები.
4. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს მოსმენასა და სწავლაში?
4 ცხადია, გვსურს, ჩვენმა შვილებმაც მოისმინონ და ისწავლონ. იგავების 29:15-ში წერია: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“. აქედან გამომდინარე, სასურველია, ოჯახის წევრები ერთად დასხდნენ, რათა მშობლებმა ყურადღება მიაქციონ შვილებს, რომ მათ პროგრამის განმავლობაში არ ისაუბრონ, არ იარონ და არ გზავნონ შეტყობინებები. მშობლებო, კარგი იქნება, თუ თქვენს პატარებს, მათ შორის მათ, რომლებიც ბოლომდე ვერ იგებენ, რასაც ისმენენ, ფხიზლად და მოწესრიგებულად ჯდომას წინასწარ მიაჩვევთ სახლში, რათა კონგრესზე არ დაეძინოთ და არ იხმაურონ.
5. რატომ არის კარგი კონგრესის პროგრამაზე ფიქრი და მსჯელობა?
5 კონგრესის თითოეული დღის დასრულების შემდეგ. სახლში დროულად დაბრუნდი. ადრე დაიძინე, რათა კარგად დაისვენო. თუ მოსმენილ მოხსენებებზე იფიქრებ, უფრო დიდხანს გაგყვება ნასწავლი. დიდად წაადგება თქვენს ოჯახს ასევე, თუ მოკლედ იმსჯელებთ მოსმენილი მოხსენებების მთავარ აზრებზე. თუ საჭმელად სადმე შეივლით, კარგი იქნება, თუ თან იქონიებთ კონგრესის ჩანაწერებს და ერთმანეთს გაუზიარებთ საინტერესო აზრებს. კონგრესის შემდეგ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის მომდევნო საღამოზე იმსჯელეთ, როგორ გამოიყენებთ კონგრესზე მოსმენილს ცხოვრებაში. ამასთანავე, შეგეძლოთ ყოველკვირა გამოგეყოთ დრო კონგრესზე გამოცემული ახალი პუბლიკაციების განსახილველად.
6. საკმარისია მხოლოდ დასწრება?
6 რა აზრი აქვს სუფრასთან ჯდომას, თუ არ მიირთვი საჭმელი და არ შეირგე. იმავეს თქმა შეიძლება სულიერ სუფრაზეც, რომელიც საოლქო კონგრესზე იქნება „გაშლილი“. მაშასადამე, კარგი იქნება, თუ დავესწრებით პროგრამის თითოეულ ნაწილს, ყურადღებით მოვისმენთ და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ.