დროული დახმარება
1 როდესაც მოციქულმა პეტრემ დაინახა, რომ ძმები რწმენაში განმტკიცებას საჭიროებდნენ, აღძრული იყო, სიყვარულით შეხსენებები მიეცა და გაემხნევებინა ისინი (2 პეტ. 1:12, 13; 3:1). ის დაჟინებით სთხოვდა მათ, „ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა“, განევითარებინათ სულიერი თვისებები, რომ არ დარჩენილიყვნენ „უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში“ (2 პეტ. 1:1, 5—8). პეტრეს მიზანი ის იყო, რომ დახმარებოდა მათ იეჰოვასგან მიღებული „მოწოდებისა და რჩეულობის“ განმტკიცებაში, რათა ‘შეუბღალავნი და უბიწონი წარმდგარიყვნენ მშვიდობით’ (2 პეტ. 1:10, 11; 3:14). ბევრისთვის ეს დროული დახმარება აღმოჩნდა.
2 დღეს ქრისტიანი ზედამხედველებიც ზრუნავენ ღვთის ხალხზე, ვინაიდან ამ „საზარელ ჟამში“ იეჰოვას ბევრ მსახურს მძიმე განსაცდელების გადატანა უწევს (2 ტიმ. 3:1). გაუთავებელი ფინანსური, ოჯახური თუ პირადი პრობლემების გამო ბევრი დავითის მსგავსად გრძნობს თავს: „გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა“ (ფსალმ. 39:13). ასეთი ზეწოლა შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ ვინმემ უგულებელყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საკითხები და შეწყვიტოს აქტიური მონაწილეობა ქრისტიანულ მსახურებაში. მაგრამ, სიძნელეებისა მიუხედავად, ‘მათ იეჰოვას მცნებები არ დაივიწყეს’ (ფსალმ. 118:176). ახლა, სწორედ რომ დროულია, უხუცესებმა დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვინც ამას საჭიროებს (ეს. 32:1, 2).
3 ამისათვის უხუცესებს მიეცათ მითითება, განსაკუთრებულად შეეცადონ მათ დახმარებას, ვინც ამჟამად არ მონაწილეობს მსახურებაში. ეს ინტენსიური დახმარება უკვე დაიწყო და გაგრძელდება მარტის ბოლომდე. წიგნის შესწავლის ზედამხედველები აკითხავენ არააქტიურ მაუწყებლებს იმისათვის, რომ სულიერად დაეხმარონ მათ, რათა კვლავ ითანამშრომლონ კრებასთან. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ორგანიზება გაეწიოს ბიბლიის ინდივიდუალურ შესწავლას. შეიძლება სხვა მაუწყებლებსაც სთხოვონ დახმარების გაწევა. თუ შენ გთხოვენ ასეთ დახმარებას, შენი მცდელობა ძალიან სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ არააქტიურს კეთილად და თანაგრძნობით დაეხმარები.
4 ყველას გვახარებს, როცა ვინმე კვლავ იწყებს კრებასთან თანამშრომლობას (ლუკ. 15:6). არააქტიურების გასამხნევებლად ნათქვამი სიტყვა შეიძლება მართლაც რომ დროული გამოდგეს (იგავ. 25:11, აქ).