გაუმჯობესდი მსახურებაში
1 ჩვენს ზეციერ მამას ძალიან სიამოვნებს, როდესაც მისი მსახურები სულიერად წინ მიიწევენ. სულიერ ზრდაში ისიც შედის, რომ ქრისტიანი სასიხარულო ცნობის ეფექტური მქადაგებელი გახდეს. პავლე მოუწოდებდა ზედამხედველ ტიმოთეს, რომ განეგრძო საკუთარ თავზე მუშაობა, რათა ‘ყველასთვის ცხადი გაეხადა თავისი წარმატება’ (1 ტიმ. 4:13—15). ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ მსახურების გაუმჯობესებას მაშინაც კი, თუ უკვე გამოცდილი მაუწყებლები ვართ.
2 დაისახე მიზნები: წინსვლისთვის აუცილებელია მიზნების დასახვა. მაგალითად, რა მიზნები შეგვიძლია დავისახოთ? ჩვენ შეგვიძლია დავხელოვნდეთ ჩვენი სულიერი მახვილის, ბიბლიის გამოყენებაში (ეფეს. 6:17). შესაძლოა, გაუმჯობესება გვჭირდება მსახურების ზოგიერთ მხარეში, მაგალითად, როგორიცაა ქუჩაში, ტელეფონით თუ საქმიან უბნებზე ქადაგება. შეიძლება, მეტი მუშაობა იყოს საჭირო, რომ უფრო ეფექტური განმეორებითი მონახულებები გავაკეთოთ. კიდევ ერთი კარგი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ დავხელოვნდეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებასა და ჩატარებაში.
3 რა დაგვეხმარება? კრების შეხვედრები, განსაკუთრებით კი თეოკრატიული მსახურების სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთესი მქადაგებლები გავხდეთ. რაც უფრო მეტ ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ მოვემზადოთ ამ შეხვედრებისთვის, დავესწროთ მათ და გავითვალისწინოთ იქ მიღებული რჩევები, მით უფრო მეტ სარგებლობას მივიღებთ (2 კორ. 9:6).
4 ჩვენ ერთმანეთსაც უნდა დავეხმაროთ წინსვლაში (იგავ. 27:17). თუ ყურადღებით მოვუსმენთ მათ შეთავაზებებს, ვისთან ერთადაც ვთანამშრომლობთ მსახურებაში, ეს დაგვეხმარება გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, წიგნის შესწავლის ზედამხედველმა შეიძლება დახმარება აღმოგვიჩინოს და სხვას სთხოვოს, რომ ჩვენთან ითანამშრომლოს. მართლაც დიდი კურთხევაა, როდესაც გამოცდილი პიონერი ან სხვა მაუწყებელი გვეხმარება, რომ უფრო ეფექტური მქადაგებელი გავხდეთ და მსახურებაშიც მეტი სიხარული ვპოვოთ! არის ჩვენს წიგნის შესწავლაში ახალი მაუწყებელი? შეგვიძლია, ინიციატივა ავიღოთ და ჩვენთან ერთად მსახურება შევთავაზოთ?
5 ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დღეს მსოფლიოში სრულდება, ქრისტიანული მსახურებაა. როდესაც იეჰოვას „ქების მსხვერპლს“ ვწირავთ, ჩვენ გვსურს, რომ მისთვის საუკეთესო გავიღოთ (ებრ. 13:15). თუ ვცდილობთ მსახურებაში გაუმჯობესებას, ჩვენ ვიქნებით ‘მოსაწონი მუშები, რომლებიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებენ და სწორად გადასცემენ ჭეშმარიტების სიტყვას’ (2 ტიმ. 2:15).