წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
5—11 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იერემია 51, 52
„იეჰოვას სიტყვა ზედმიწევნით სრულდება“
it
მიდია, მიდიელები
სპარსეთთან გაერთიანება და ბაბილონის განადგურება. ძვ. წ. მერვე საუკუნეში იეჰოვამ ბაბილონის წინააღმდეგ ესაიას პირით იწინასწარმეტყველა: „აღვძრავ მათ წინააღმდეგ მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არაფრად აგდებენ და რომლებსაც ოქრო არ ახარებთ. ახალგაზრდებსაც კი განგმირავს მათი მშვილდი“ (ეს. 13:17—19; 21:2). „მიდიელებში“ შესაძლოა იგულისხმებიან სპარსელებიც. ძველი ბერძენი ისტორიკოსები ამ სიტყვაში ხშირად მიდიელებსა და სპარსელებს ერთად გულისხმობდნენ. ის, რომ ისინი ვერცხლსა და ოქროს არაფრად მიიჩნევდნენ, როგორც ჩანს, იმაზე მიანიშნებს, რომ მათი უმთავრესი მიზანი ბაბილონის დაპყრობა იყო და არა ნადავლის დატაცება. ამიტომ გადაწყვეტილებას მათ ვერც ქრთამით შეაცვლევინებდნენ და ვერც ხარკით. სპარსელების მსგავსად, მიდიელებიც ბრძოლის დროს ძირითადად მშვილდს იყენებდნენ. ხის მშვილდებს ისინი ზოგჯერ ბრინჯაოთი და სპილენძით ავარაყებდნენ (შდრ. ფს. 18:34). ამ მშვილდებიდან წვიმასავით წამოსული წამახული ისრებით ბაბილონის ახალგაზრდები ბრძოლის ველზე ეცემოდნენ (იერ. 51:11).
აღსანიშნავია, რომ ბაბილონის თავდამსხმელებს შორის იერემია (51:11, 28) მიდიელთა მეფეებსაც მოიხსენიებს. მეფეების მრავლობით რიცხვში მოხსენიება სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ კიროსის დაქვემდებარებაში იყო ერთი ან რამდენიმე მიდიელი მეფე, რაც ძველად ჩვეულებრივი რამ იყო (შდრ. აგრეთვე იერ. 25:25). როცა მიდიელების, სპარსელების, ელამელებისა და მათი მეზობელი ტომების გაერთიანებულმა ჯარებმა ბაბილონი დაამარცხეს, სავარაუდოდ სპარსეთის მეფის, კიროსის ბრძანებით „ქალდეველთა სამეფოში გამეფდა დარიოსი“, რომელიც „მიდიელთა შთამომავალი“ იყო (დნ. 5:31; 9:1; იხ. დარიოსი №1).
it
ნაბონიდი
ნაბონიდის ქრონიკაში ბაბილონის დაცემის ღამეზე ნათქვამია: „კიროსის ჯარები ბრძოლის გარეშე შევიდნენ ბაბილონში“. ეს სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მათ თითქმის უბრძოლველად აიღეს ქალაქი, რაც ეთანხმება იერემიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილ სიტყვებს: „ბრძოლა შეწყვიტეს ბაბილონის ძლიერებმა“ (იერ. 51:30).
it
ბაბილონი
ამ ღირსახსოვარი წლიდან (ძვ. წ. 539) ბაბილონმა ნელ-ნელა დაკარგა თავისი დიდება, რადგან ქალაქი გაუდაბურდა. ის ორჯერ აუჯანყდა სპარსეთის მეფე დარიოს I-ს (ჰისტასპი). მეორე აჯანყების დროს ის მიწასთან გაასწორეს. ნაწილობრივ აღდგენილი ქალაქი ისევ აჯანყდა ქსერქსე I-ის წინააღმდეგ. ამ აჯანყების ჩახშობის დროს ის გაძარცვეს. ალექსანდრე მაკედონელს უნდოდა, ბაბილონი სატახტო ქალაქად ექცია, მაგრამ ძვ. წ. 323 წელს მოულოდნელად მოკვდა. ძვ. წ. 312 წელს ქალაქი ნიკატორმა დაიპყრო და ტიგროსის სანაპიროზე ახალი დედაქალაქის, სელევკიის ასაშენებლად იქიდან გაზიდა სამშენებლო მასალა. ქრისტიანული ეპოქის დასაწყისში ბაბილონში ჯერ კიდევ არსებობდა იუდეველთა დიასპორა, რის გამოც იქ მოციქული პეტრე ჩავიდა. ეს ჩანს მისი წერილიდან (1პტ. 5:13). ბაბილონში ნაპოვნი წარწერებიდან ვიგებთ, რომ ბელის ტაძარი იქ ახ. წ. 75 წელსაც იდგა. ახ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ქალაქი საბოლოოდ დაინგრა და გაპარტახდა. ის „ქვების გროვად“ იქცა (იერ. 51:37).
it
მთა
განასახიერებს მთავრობებს. ბიბლიაში მთები ზოგჯერ სამეფოებსა და მთავრობებს განასახიერებს (დნ. 2:35, 44, 45; შდრ. ეს. 41:15; გმც. 17:9—11, 18). დაპყრობითი ომების დროს ბაბილონი მიწასთან ასწორებდა სხვა სამეფოებს, რის გამოც მას „დამღუპველი მთა“ ეწოდა (იერ. 51:24, 25). 76-ე ფსალმუნიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა გაილაშქრებს მეომარი ხალხის წინააღმდეგ. მასზე ნათქვამია: „სინათლით ხარ მოცული, სანადირო მთებზე დიდებული ხარ“ (ფს. 76:4). „სანადირო მთები“, როგორც ჩანს, აგრესიულ სამეფოებს განასახიერებს (შდრ. ნამ. 2:11—13). დავითმა იეჰოვას უთხრა: „მყარად დააფუძნე ჩემი მთა“, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ იეჰოვამ განადიდა დავითის სამეფო და მყარად დააფუძნა ის (ფს. 30:7; შდრ. 2სმ. 5:12). ის, რომ მთები ზოგჯერ სამეფოებს განასახიერებს, გვეხმარება, გავიგოთ, რას ნიშნავს სიტყვები: „რაღაც ცეცხლმოდებული დიდი მთის მსგავსი“ (გმც. 8:8). ამ რაღაცის ცეცხლმოდებულ მთასთან შედარება მიანიშნებს, რომ ის ცეცხლივით გამანადგურებელი მმართველობაა.
19—25 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ეზეკიელი 1—5
ეზეკიელი სიხარულით აცხადებს ღვთის ცნობას
it
შიგნეული
საკვების გადამუშავება კუჭ-ნაწლავში ხდება. ეს პროცესი გადატანითი მნიშვნელობით შედარებული იყო ინფორმაციის გონებით გადამუშავებასთან, როცა ხილვაში ეზეკიელს ეთქვა, რომ ეჭამა გრაგნილი და მისით ამოევსო შიგნეულობა (ებრ. მეʽიმ). ამ გრაგნილში ჩაწერილი სიტყვების დამახსოვრება და მათზე ფიქრი ეზეკიელს სულიერ ძალებს შემატებდა. ის სულიერად დანაყრდებოდა და მზად იქნებოდა ხალხისთვის ცნობის გადასაცემად (ეზკ. 3:1—6; შდრ. გმც. 10:8—10).