წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
13—19 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 31
იაკობმა და ლაბანმა მშვიდობის შეთანხმება დადეს
it „გალაადი“ ¶3
წამოჭრილი უთანხმოება მშვიდობიანად რომ მოეგვარებინათ, იაკობმა და ლაბანმა შეთანხმება დადეს. იაკობმა ქვის სვეტი აღმართა და თავის „ძმებს“ უთხრა, ქვები დაეხვავებინათ. როგორც ჩანს, ქვების გროვა მაგიდას წააგავდა, რომელზეც შეთანხმების ნიშნად პური ჭამეს. ლაბანმა ქვების გროვას „იეგარ-საჰადუთა“ (არამეული, იგივე სირიული გამოთქმა) უწოდა, იაკობმა კი — „გალაადი“ (ამ გამოთქმის ებრაული ეკვივალენტი). ლაბანმა თქვა: „ეს გორა [ებრ. „გალ“] მოწმობაა [ებრ. „ად“] მე და შენ შორის“ (დბ. 31:44—48). ეს ქვების გროვა (და ქვის სვეტი) გამვლელთათვის მოწმობის ნიშანი იყო. როგორც ამავე თავის 49-ე მუხლიდან ვხედავთ, ამ გორას „საგუშაგო კოშკიც“ [ებრ. „მითსფა“] ეწოდა, რაც იმაზე მოწმობდა, რომ არა მხოლოდ იაკობსა და ლაბანს ექნებოდათ ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა, არამედ მათ ოჯახებსაც (დბ. 31:50—53). უტყვი მოწმობის ნიშნად მოგვიანებითაც აღუმართავთ ქვები (იეს. 4:4—7; 24:25—27).
it „საგუშაგო კოშკი“ ¶3
იაკობის მიერ დახვავებულ ქვების გროვას „გალაადი“ (ნიშნავს „მოწმობის გროვას“) და „საგუშაგო კოშკი“ ეწოდა. ლაბანმა თქვა: „იეჰოვა იყოს გუშაგი მე და შენ შორის, როცა ცალ-ცალკე ვიქნებით“ (დბ. 31:45—49). ქვების გროვა იმის მოწმობა იქნებოდა, რომ იეჰოვა აკვირდებოდა, ასრულებდნენ თუ არა იაკობი და ლაბანი მშვიდობის შეთანხმებას.
20—26 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 32, 33
იბრძვით იეჰოვას კურთხევის მისაღებად?
it „კოჭლი, სიკოჭლე“ ¶4
იაკობის სიკოჭლე. იაკობი დაახლოებით 97 წლის იყო, როცა მთელი ღამე ხორცშესხმულ ანგელოზს ერკინებოდა. მან არ გაუშვა ანგელოზი, სანამ კურთხევა არ მიიღო. შერკინებისას ანგელოზი „ბარძაყის სახსარზე შეეხო მას და ამოუგდო“, რის გამოც კოჭლობდა (დბ. 32:24—32; ოს. 12:2—4). სიკოჭლე შეახსენებდა იაკობს, რომ ვერ სძლია ღვთის ძლევამოსილ ანგელოზს მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზმა უთხრა: „ღმერთსა და ადამიანებს შეეჭიდე და მაინც მოერიე“. სინამდვილეში იეჰოვას ნება იყო, იაკობი ანგელოზს შეჭიდებოდა და ამგვარად დაემტკიცებინა, რამდენად კარგად ესმოდა, რომ ღვთის კურთხევა ესაჭიროებოდა.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ღმერთი, ისრაელის ღმერთი“
მას შემდეგ, რაც იაკობი იეჰოვას ანგელოზს შეეჭიდა იმ ადგილას, რომელსაც ფენიელი უწოდა, მას „ისრაელი“ დაერქვა. თავის ძმასთან, ესავთან მშვიდობის აღდგენის შემდეგ იაკობი სუქოთში დასახლდა, შემდეგ კი შექემში. იქ ხამორის ვაჟებისგან იყიდა „მიწის ნაკვეთი, სადაც კარავი დადგა“ (დბ. 32:24—30; 33:1—4, 17—19). იაკობმა „აღმართა იქ სამსხვერპლო და მას ღმერთი, ისრაელის ღმერთი უწოდა“ (დბ. 33:20). იაკობმა სამსხვერპლოს ისეთი სახელი დაარქვა, რაც მის ახალ სახელს, „ისრაელს“ უკავშირდებოდა. ამით იმაზე მიანიშნა, რომ აფასებდა ახალ სახელს და მადლიერი იყო იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის, რის წყალობითაც უსაფრთხოდ დაბრუნდა აღთქმულ მიწაზე. სიტყვები „ღმერთი, ისრაელის ღმერთი“ დედნისეულ ტექსტში მხოლოდ ერთხელ გვხვდება.