წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
4—10 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 36, 37
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ედომი, ედომელი“ ¶1
(ნიშნავს „წითელს“)
ედომი მეორე სახელი ან მეტსახელია, რომელიც ესავს, იაკობის ტყუპისცალს ეწოდა (დბ. 36:1). მას ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ თავისი პირმშოობა ერთ წითელ შეჭამანდზე გაყიდა (დბ. 25:30—34). საინტერესო დამთხვევაა, რომ ესავი „მთლად წითელი“ დაიბადა (დბ. 25:25). აღსანიშნავია ისიც, რომ იმ მხარეში, სადაც ესავი და მისი შთამომავლები მოგვიანებით დასახლდნენ, ზოგ ადგილას მიწა სწორედ ამ ფერის იყო.
it „მიბარება“ ¶2, 3
როდესაც მწყემსი ან მენახირე ამბობდა, რომ დამწყემსავდა ან დაიცავდა მიბარებულ ფარას თუ ნახირს, ამით ხაზს უსვამდა თავის უფლებამოსილებას და აცხადებდა, რომ საკუთარ თავზე იღებდა მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. ამგვარად ის მეპატრონეს აძლევდა გარანტიას, რომ ცხოველები გამოკვებილნი იქნებოდნენ და მათ არავინ მოიპარავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მზად იქნებოდა, თავად აენაზღაურებინა ზარალი. მაგრამ მწყემსს ყველაფერზე პასუხი არ მოეთხოვებოდა, რადგან კანონის თანახმად, ის არ ჩაითვლებოდა დამნაშავედ, თუ ვერაფერს გახდებოდა მაგალითად ისეთ სიტუაციაში, როცა ფარას გარეული მხეცები დაესხმებოდნენ თავს. მაგრამ პასუხისმგებლობისგან რომ გათავისუფლებულიყო, მას უნდა წარედგინა პატრონისთვის თავისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მაგალითად, მას შეეძლო პატრონისთვის მხეცის მიერ დაგლეჯილი მკვდარი ცხოველი ენახვებინა. ასეთი მტკიცებულებების გადამოწმების შემდეგ პატრონს ის უდანაშაულოდ უნდა ეცნო.
ეს პრინციპი გამოიყენებოდა მიბარებულ ქონებასთან მიმართებითაც. ამ პრინციპით ოჯახშიც ხელმძღვანელობდნენ. მაგალითად, უფროსი ძმა უმცროსი და-ძმების კანონიერ მეურვედ ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, რატომ აღელვებდა რეუბენს, იაკობის პირველ შვილს, თავისი უმცროსი ძმის, იოსების სიცოცხლე, როცა სხვა ძმებმა მისი მოკვლა განიზრახეს. დაბადების 37:18—30-დან ვიგებთ, რომ, როცა რეუბენმა ეს შეიტყო, თქვა: «„ნუ მოვკლავთ . . . სისხლს ნუ დაღვრით . . . ნუ აღმართავთ მასზე ხელს“. უნდოდა, დაეხსნა იგი მათი ხელიდან და მამამისთან დაებრუნებინა». მოგვიანებით, როცა რეუბენმა იოსები ვეღარ იპოვა, იმდენად აღშფოთდა, რომ ტანსაცმელი შემოიხია და აღმოხდა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა, სად წავიდე?!“. მან იცოდა, რომ იოსების გაუჩინარების გამო პასუხს მოსთხოვდნენ. პასუხისმგებლობისგან რომ გათავისუფლებულიყვნენ, ძმები ცბიერულად მოიქცნენ და მამას ყალბი მტკიცებულება წარუდგინეს, რათა დაერწმუნებინათ, რომ თითქოს იოსები ნადირმა დაგლიჯა. მათ დაკლეს ვაცი და იოსების გრძელი ტანსაცმელი მის სისხლში ამოსვარეს. სისხლში ამოსვრილი იოსების ტანსაცმლის დანახვაზე იაკობმა, როგორც მამამ და მოსამართლემ (პატრიარქალური კანონით) რეუბენს არ აგებინა პასუხი, რადგან დაასკვნა, რომ იოსები მართლა დაიღუპა (დბ. 37:31—33).