სულის უკვდავება — როგორ წარმოიშვა ეს სწავლება?
„ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს არ მოუცავს ადამიანის გონება ისე, როგორც სიკვდილის შემდეგ მისმა მდგომარეობამ მოიცვა“. „რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედია“.
1–3. როგორ წამოაყენეს სულის უკვდავების შესახებ აზრი სოკრატემ და პლატონმა?
სამოცდაათი წლის მეცნიერსა და მასწავლებელს ღვთის გმობაში და თავისი სწავლებით ახალგაზრდების გონების გარყვნაში სდებენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე შესანიშნავად იცავს თავს, მის წანააღმდეგ განწყობილი მსაჯული დამნაშავედ ცნობს და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. სასჯელამდე რამდენიმე საათით ადრე ხნიერ მასწავლებელს გარშემო თავმოყრილი მოწაფეებისთვის მრავალი არგუმენტი მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ სული უკვდავია და სიკვდილი შიშს არ უნდა იწვევდეს.
2 მსჯავრდადებული მამაკაცი ძვ. წ. V საუკუნის სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატეა. მისმა მოწაფემ, პლატონმა, ეს მოვლენები თავის თხზულებებში „აპოლოგიასა“ და „ფედონში“ ასახა. სოკრატე და პლატონი ერთ-ერთ პირველებად არიან მიჩნეული, რომლებმაც სულის უკვდავების შესახებ აზრი წამოაყენეს. მაგრამ ისინი არ ყოფილან ამ სწავლების ფუძემდებლები.
3 როგორც დავინახავთ, ადამიანის უკვდავების შესახებ წარმოდგენა უფრო ძველ დროში წარმოიშვა. სოკრატემ და პლატონმა ის მხოლოდ დახვეწეს და ფილოსოფიურ სწავლებად ჩამოაყალიბეს, რითაც თავიანთი და შემდგომი დროის განათლებული საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი გახადეს.
პითაგორადან პირამიდებამდე
4. რა წარმოდგენა ჰქონდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ სოკრატეზე ადრე მცხოვრებ ბერძნებს?
4 სოკრატესა და პლატონზე ადრე მცხოვრებ ბერძნებსაც სჯეროდათ, რომ სული სიკვდილის შემდეგ აგრძელებდა სიცოცხლეს. ძვ. წ. VI საუკუნის ცნობილი ბერძენი მათემატიკოსი, პითაგორა, თვლიდა, რომ სული უკვდავი იყო და „გადასახლებას“ ექვემდებარებოდა. მანამდე კი ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსთაგან ყველაზე ადრე მცხოვრებ თალეს მილეტელს, მიაჩნდა, რომ უკვდავი სული არა მარტო ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს ჰქონდათ, არამედ მაგნიტსაც, რადგანაც მას რკინის ამოძრავება შეეძლო. ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ მიცვალებულთა სულები მდინარე სტიქსის გაღმა მდებარე დიდ მიწისქვეშა სამეფოში ბორნით გადადიოდნენ, რომელსაც ქვესკნელი ერქვა. იქ მათთვის მსაჯულებს განაჩენი გამოჰქონდათ, მაღალ გალავნიან საპყრობილეში ტანჯვა ელოდათ თუ ელისეს მინდვრებზე ნეტარება.
5, 6. რა აზრი ჰქონდათ სულის შესახებ სპარსელებს?
5 აღმოსავლეთში, ირანში ანუ სპარსეთში, ძვ. წ. VII საუკუნეში წინასწარმეტყველი ზოროასტრი გამოჩნდა. მან შემოიღო თაყვანისმცემლობა, რომელიც ზოროასტრიზმის სახელითაა ცნობილი. ეს იყო რელიგია სპარსეთის იმპერიისა, რომელიც ქვეყნიერებაზე ბატონობდა, ვიდრე მსოფლიო მპყრობელი საბერძნეთი გახდებოდა. ზოროასტრულ წერილებში ნათქვამია: «უკვდავებაში მართალის სული მარადიულად გაიხარებს, ხოლო ცრუ ადამიანის სული ტანჯვას ვერ ასცდება. ეს კანონები აჰურამაზდამ [ნიშნავს „ბრძენ ღმერთს“] დაადგინა თავისი უფლებამოსილებით».
6 სულის უკვდავებას ზოროასტრიზმამდე ირანში არსებული რელიგიაც ასწავლიდა. მაგალითად, ძველი დროის ირანული ტომები მიცვალებულებისთვის საკვებისა და ტანსაცმლის შეწირვით მათ სულებზე ზრუნავდნენ, რომ ქვესკნელში დახმარება აღმოეჩინათ.
7, 8. რა სწამდათ ეგვიპტელებს სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის არსებობასთან დაკავშირებით?
7 სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის რწმენას ეგვიპტის რელიგიაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ მიცვალებულის სული ქვესკნელის მთავარ ღმერთს, ოსირისს, უნდა გაესამართლებინა. მაგალითად, ძვ. წ. XIV საუკუნით დათარიღებულ პაპირუსზე გამოსახულია ანუბისი, მკვდრების ღმერთი, რომელსაც მწიგნობარი ჰენეფერი ოსირისის წინაშე მიჰყავს. მწიგნობრის გული, რომელიც მის სინდისს გამოხატავს, იწონება სასწორზე, რომლის მეორე პინაზე დევს ბუმბული, რომელსაც ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ქალღმერთი თავზე ატარებს. თოტი, სხვა ღმერთი, შედეგებს აღრიცხავს. ჰენეფერის გული არ არის დამძიმებული ცოდვით და ბუმბულზე მსუბუქია, რის გამოც ჰენეფერს ოსირისის სამეფოში შესვლისა და უკვდავების მიღების უფლება ეძლევა. პაპირუსზე ასევე გამოსახულია ურჩხული, რომელიც სასწორთან დგას და მზადაა გადაყლაპოს მიცვალებული, თუ მისი გული გადასწონის. გარდა ამისა, ეგვიპტელები მკვდრების მუმიფიცირებას მიმართავდნენ და ფარაონების გვამს დიდებულ პირამიდებში ინახავდნენ, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ სხეულის შენახვით სულის ხსნა იყო შესაძლებელი.
8 ამრიგად, მრავალ უძველეს ცივილიზაციას ერთი საერთო სწავლება ჰქონდა — სწავლება სულის უკვდავების შესახებ. ერთი და იგივე წყაროდან მიიღეს მათ ის?
დასაბამი
9. რომელმა რელიგიამ მოახდინა ზეგავლენა ძველ დროში ეგვიპტეზე, სპარსეთსა და საბერძნეთზე?
9 «ძველ მსოფლიოში, — ნათქვამია წიგნში „ბაბილონისა და ასურეთის რელიგია“, — ეგვიპტეზე, სპარსეთსა და საბერძნეთზე ზეგავლენას ახდენდა ბაბილონის რელიგია. — წიგნში შემდეგ ახსნილია, — თუ მხედველობაში მივიღებთ ეგვიპტესა და ბაბილონს შორის ადრინდელ კონტაქტებს, როგორც ამას თელ-ელ-ამარნას თიხის ფირფიტებიდან ვგებულობთ, მართლაც მრავალი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ბაბილონელთა შეხედულებებსა და ადათ-წესებს ეგვიპტელთა თაყვანისმცემლობაში შეეღწიათ. სპარსეთში მითრას კულტის არსებობა ბაბილონელთა მოსაზრებების აშკარა ზეგავლენაზე მეტყველებს. . . დღეს მეცნიერთა შორის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სემიტური ელემენტების უძველეს ბერძნულ მითოლოგიასა და თაყვანისმცემლობასთან მტკიცე შერწყმის საკითხი შემდგომ განხილვას არ საჭიროებს. ეს სემიტური ელემენტები ძირითადად ბაბილონურიაa».
10, 11. რა თვალსაზრისი ჰქონდათ ბაბილონელებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ?
10 მაგრამ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ ბაბილონელების თვალსაზრისი განა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეგვიპტელების, სპარსელებისა და ბერძნების შეხედულებებისგან? მაგალითად, განვიხილოთ ბაბილონური „გილგამეშის ეპოსი“. მის ასაკოვან გმირს, გილგამეშს, მოსვენებას არ აძლევს სიკვდილის არსებობა და უკვდავების საძიებლად მიემგზავრება, მაგრამ მისი მცდელობა მარცხით მთავრდება. ღვინის ქალწული, რომელსაც მოგზაურობისას ხვდება, სიცოცხლით ტკბობასაც კი ურჩევს, რადგან ფიქრობს, რომ გილგამეში ვერასდროს იპოვის მარადიულ სიცოცხლეს. მთელი ეპოსის დედააზრი ისაა, რომ სიკვდილი გარდაუვალია და უკვდავების იმედი ილუზიაა. ნიშნავს ეს, რომ ბაბილონელებს არ სწამდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა?
11 პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი მორის იასტრო, უმცროსი, წერდა: „[ბაბილონის] არც ხალხს და არც რელიგიურ წინამძღოლებს არ მიაჩნდათ, რომ ოდესმე შეიძლებოდა ცოცხალი არსება სრულიად გამქრალიყო. სიკვდილი სხვაგვარ სიცოცხლეში გადასვლის მომენტად ითვლებოდა, ხოლო უკვდავების უარყოფით უბრალოდ ხაზი ესმებოდა იმ აზრს, რომ სიკვდილის დროს სიცოცხლის ცვლილება გარდაუვალი იყო. დიახ, ბაბილონელებსაც სჯეროდათ, რომ სიცოცხლე, ამა თუ იმ ფორმით, სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. ამ რწმენას იმით გამოხატავდნენ, რომ მიცვალებულს თან ატანდნენ სხვადასხვა ნივთებს, რომლებსაც ის საიქიოში გამოიყენებდა.
12–14. ა) სად მიეცა დასაბამი სულის უკვდავების სწავლებას წარღვნის შემდეგ? ბ) როგორ გავრცელდა ეს სწავლება მთელ დედამიწაზე?
12 ნათელია, რომ სულის უკვდავების სწავლებას დასაბამი ძველ ბაბილონში მიეცა. ბიბლიის თანახმად, წიგნის, რომელიც ისტორიის უდავოდ ზუსტად ამსახველია, ქალაქი ბაბილონი ნოეს შვილთაშვილმა, ნებროთმა, დააარსაb. ნოეს დროს მომხდარი მსოფლიო წარღვნის შემდეგ მხოლოდ ერთი ენა და ერთი რელიგია არსებობდა. ქალაქის დაფუძნებით და გოდლის აგებით ნებროთმა განსხვავებული თაყვანისმცემლობა წამოიწყო. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ბაბილონში ენების არევ-დარევის შემდეგ გოდლის წარუმატებელი მშენებლები მიმოიფანტნენ და ყველგან შეიტანეს თავიანთი რელიგია (დაბადება 10:6–10; 11:4–9). ამგვარად, ბაბილონის რელიგიური სწავლებები მთელ დედამიწაზე გავრცელდა.
13 გადმოცემის თანახმად, ნებროთი მოკლეს. რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ ბაბილონელები მას, როგორც ქალაქის დამაარსებელს, მშენებელსა და პირველ მეფეს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. რადგან ღვთაება მარდუქს ბაბილონის დამფუძნებლად მიიჩნევდნენ, ზოგი სწავლული თვლის, რომ მარდუქი გაღმერთებული ნებროთი უნდა იყოს. თუ ეს ასეა, მაშინ წარმოდგენა, რომ პიროვნებას აქვს სული, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს, ნებროთის სიკვდილის დროიდან მაინც არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორია გვიჩვენებს, რომ სულის უკვდავების სწავლებას დასაბამი წარღვნის შემდეგ ბაბილონში მიეცა.
14 მაგრამ, როგორ დამკვიდრდა ეს სწავლება დღეს არსებული რელიგიების უმრავლესობაში? შემდეგ ნაწილში განხილული იქნება, თუ როგორ შეიჭრა ის აღმოსავლურ რელიგიებში.
[სქოლიოები]
a თელ-ელ-ამარნის ტერიტორიაზე, ძვ. წ. XIV საუკუნეში აშენებული ეგვიპტის ქალაქ აჰეტატონის ნანგრევებია.
b იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, გვერდები 37–54, გამოცემული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ (რუს.).
[სურათი 6 გვერდზე]
ეგვიპტელების წარმოდგენა ქვესკნელის სულებზე.
[სურათი 7 გვერდზე]
სოკრატე სულის უკვდავებას ამტკიცებდა.