აბიშაი
[შესაძლოა ნიშნავს: მამა არის, არსებობს]
დავითის დის ან ნახევარდის, ცერუიას ვაჟი; იოაბისა და ასაჰელის ძმა (2სმ. 2:18; 1მტ. 2:15, 16).
აბიშაიმ იმ მამაც მებრძოლებზე მეტად გაითქვა სახელი, რომელთა მეთაურიც იყო. მას თითქმის ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორიც დავითის სამ ყველაზე ძლიერ ვაჟკაცს, რადგან ერთხელ მტრის რიგებიდან 300 კაცი მარტომ მოკლა, თუმცა „პირველ სამს ვერ უტოლდებოდა“ (2სმ. 23:18, 19).
აბიშაი ერთგულად უჭერდა მხარს თავის ბიძას, დავითს, როცა ის საბრძოლველად გადიოდა, თუმცა დროდადრო გამოვლენილი იმპულსურობისა და სისასტიკის გამო საჭირო ხდებოდა მისი შეკავება. მაგალითად, როცა დავითთან ერთად ღამით საულის ბანაკში შეიპარა, მძინარე საულის, „იეჰოვას ცხებულის“ მისივე შუბით განგმირვა მოინდომა, მაგრამ დავითმა ამის უფლება არ მისცა (1სმ. 26:6—9). აბესალომის ამბოხების დროს დავითს ორჯერ მოუწია მისი შეჩერება, რომ არ მოეკლა შიმეი, რომელიც მეფეს წყევლიდა. თუმცა დავითი აბიშაისთან ვერაფერს გახდა, როცა მან თავის ძმასთან ერთად აბნერის მოკვლა განიზრახა (2სმ. 3:30; 16:9—11; 19:21—23).
აბიშაიმ სახელი გაითქვა იმით, რომ თავის მეომრებთან ერთად 18 000 ედომელი დასცა, შემდეგ კი ამონელები უკუაქცია. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო უვარგისი ბენიამინელი შებას ამბოხების ჩახშობაში. რომ არა აბიშაი, დავითს ტანმაღალი და ძლიერი ფილისტიმელი მოკლავდა დავითის უკანასკნელი ბრძოლის დროს, რომელზეც ბიბლია საუბრობს (1მტ. 18:12; 19:11—15; 2სმ. 20:1, 6; 21:15—17).