კორახელი
[კორახისგან, კორახის]
მოსეს მოწინააღმდეგე კორახის შთამომავალი; კორახელები მიეკუთვნებოდნენ კეჰათელ ლევიანთა საგვარეულოს და იყვნენ კორახის შთამომავლები მისი სამი ვაჟის, ასირის ელკანასა და აბიასაფის ხაზით (გმ. 6:18, 21, 24; რც. 16:1—3). „კორახის ვაჟები არ დახოცილან“ თავიანთ მამასთან ერთად (რც. 26:10, 11), როგორც ჩანს, იმიტომ რომ არ შეუერთდნენ მას ურჩობაში.
მოაბის ველზე ისრაელების აღრიცხვის დროს „კეჰათელთა საგვარეულო“ ლევიანთა საგვარეულოებს შორის აღირიცხა (რც. 26:57, 58). მაშინ როცა დავითი ჯერ კიდევ მეფე საულისგან იყო შევიწროებული, კორახელთაგან ზოგიერთი ვაჟკაცი მასთან ციკლაგში მივიდა (1მტ. 12:1, 6). ლევიანი მგალობელი ჰემანი და წინასწარმეტყველი სამუელი კორახელები იყვნენ (1მტ. 6:33—38). მეფე დავითმა ჰემანის ოჯახის წევრები დააყენა მგალობლებად (1მტ. 15:16, 17; 16:37, 41, 42; 25:1, 4—6). იეჰოვას სახლის კარიბჭის მცველთა შორის კორახელებიც იყვნენ (1მტ. 26:1—9, 19). იეჰოშაფატის მეფობის დროს „წამოდგნენ ლევიანები კეჰათის ძეთაგან და კორახის ძეთაგან, რომ მთელი ხმით განედიდებინათ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი“, რადგან ღმერთი დაჰპირდა თავის ხალხს მოაბის, ამონისა და სეირის გაერთიანებული ჯარებისგან დახსნას (2მტ. 20:14—19).
კორახის ძეები მოხსენიებულნი არიან 42-ე, 44—49-ე, 84-ე, 85-ე, 87-ე და 88-ე ფსალმუნების ეპიგრაფებში. კორახის ურჩობის მიუხედავად, იეჰოვამ მისი შეცდომის გამო პასუხი მის შთამომავლებს არ მოსთხოვა. იეჰოვამ აკურთხა ისინი ერთგულებისთვის და ტაძარში მსახურების პატივი არგუნა.