ბიბლია — შეუდარებელი წიგნი
მას მსოფლიოს ბესტსელერს უწოდებენ და ეს ნამდვილად ასეა. ბიბლიას ნებისმიერ სხვა წიგნზე მეტად კითხულობენ და ყველაზე მეტად აფასებენ. ცნობილია, რომ დღეისთვის ის (მთლიანად თუ ნაწილობრივ) ოთხ მილიარდ ეგზემპლარად 2 000-ზე მეტ ენაზეა გავრცელებული.
მაგრამ ბიბლიის ასე ფართოდ გავრცელებაზე უფრო დიდი ინტერესის გამომწვევი ის მტკიცებაა, რომ მისი ავტორი ღმერთია. „მთელი წერილი ღვთივსულიერია“, — წერდა ქრისტიანი მოციქული პავლე (2 ტიმოთე 3:16). რას ნიშნავს ეს? გამოთქმა ‘ღვთივსულიერი’ (ბერძნული სიტყვა „თე·ოʹპნეუ·სტოს“) სიტყვასიტყვით „ღვთისგან შთაბერილს“ ნიშნავს. მონათესავე ბერძნული სიტყვა „პნეუʹმა“ ნიშნავს „სულს“. ამრიგად მტკიცება გულისხმობს, რომ ღვთის სულიწმიდა აღძრავდა ჩამწერ ადამიანებს, მან, ასე ვთქვათ, დაჰბერა მათ, რათა შედეგი მართებულად წოდებულიყო ღვთის სიტყვად და არა ადამიანის. ბიბლიის მრავალ შემსწავლელს მართლაც აოცებს ჰარმონია, რომელიც ყველა მის წიგნს გასდევს, მეცნიერული სიზუსტე, ჩამწერების პატიოსნება და გულახდილობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესრულებული წინასწარმეტყველებები — რომელთაგანაც თითოეულმა მილიონობით მოაზროვნე მკითხველი დაარწმუნა, რომ ეს წიგნი ადამიანზე ბევრად უფრო აღმატებული წყაროსგანააa.
მაგრამ რამდენად მკაცრად ხელმძღვანელობდა ღმერთი ბიბლიის დაწერას? ზოგი ამბობს, რომ ის სიტყვასიტყვით კარნახობდა მას. სხვები ამბობენ, რომ ბიბლიაში მხოლოდ აზრებია ინსპირირებული და არა სიტყვები. მაგრამ, სინამდვილეში, ინსპირაცია ერთი მეთოდით არ შემოიფარგლება, რადგან ღმერთი „მრავალი სახით ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში“ (ებრაელთა 1:1; შეადარე 1 კორინთელთა 12:6). შემდეგ სტატიაში გამოვიკვლევთ საშუალებებს, რომლებიც ღმერთმა ბიბლიის ჩამწერ დაახლოებით 40 ადამიანთან დასაკავშირებლად გამოიყენა.
[სქოლიოები]
a მეტი ინფორმაციისთვის იხილე წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვა თუ ადამიანის?“ (ინგლ.), გვერდები 53, 54 და 98—161, გამოცემული ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ.