სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
იეჰოვას მოწმეები საჯაროდ გამოდიან საფრანგეთში
1999 წლის 29 იანვარს, პარასკევ დილიდან მოყოლებული შაბათ-კვირის ჩათვლით საფრანგეთში იეჰოვას მოწმეებმა ქუჩებში, შემდეგ კი კარდაკარ მსახურებით მთელი ენთუზიაზმით გაავრცელეს 12 მილიონი ტრაქტატი, სახელწოდებით „საფრანგეთის მკვიდრნო, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს!“ რატომ მოეწყო ასეთი კამპანია?
იმ პარასკევ დილას პარიზში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ახსნილი იყო ამ კამპანიის მიზეზი, რომელიც იეჰოვას ერთმა მოწმემ წარმოთქვა: „ჩვენი მოქმედების მიზანია, ყველასათვის ცნობილი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა და შევაჩეროთ ჩვენს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების პროცესი. ჩვენ მივიღებთ კრიტიკას, მაგრამ აღარ მოვისმენთ ტყუილსა და ჩვენი რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს“.
მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია საფრანგეთში ქრისტიანულ რელიგიათა შორის რიცხობრივი სიმრავლით მესამეა, სკოლებში იეჰოვას მოწმეთა შვილებს შეურაცხყოფენ და ჩაგრავენ. უფროსებს კი სამსახურებიდან ითხოვენ და ემუქრებიან რელიგიური მრწამსის გამო. წარმოიდგინეთ, რომ ამ ორგანიზაციას მიღებული რელიგიური შემოწირულობის 60 პროცენტის ოდენობის გადასახადიც კი დააკისრეს. როგორ გაუწია წინააღმდეგობა ამ კამპანიამ არსებულ დისკრიმინაციას?
ეს ტრაქტატი იუწყებოდა: „საფრანგეთში მცხოვრები იეჰოვას 250 000 მოწმე და მათი თანამოაზრეები პროტესტს აცხადებენ 1995 წლიდან მათი ქრისტიანული რელიგიური ჯგუფის (რომელიც საფრანგეთში 1900 წლიდან არსებობს) საშიშ სექტებთან გაიგივებით მიყნებული შეურაცხყოფის წინააღმდეგ. . . მოწმეები პროტესტს აცხადებენ გამუდმებული შევიწროვების წინააღმდეგ“. მხილებულ იქნა საფრანგეთში იეჰოვას მოწმეებისადმი მიმართული ცილისმწამებლური ბრალდებები და მოწმეების შესახებ უარყოფითი წარმოდგენის შექმნის სხვადასხვა ცბიერული მეთოდი. ბოლოს ამ ტრაქტატში ნათქვამი იყო: „დღეს ორ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე და მათი თანამოაზრე ცხოვრობს ევროპაში. ისინი პატივს სცემენ იმ ქვეყნის კანონებს, რომლის მოქალაქეებიც არიან, რადგან იცავენ სახარებაში მოცემულ მითითებებს. საფრანგეთის მკვიდრნო, ფაქტები თქვენ წინაა. ჩვენი მოვალეობაა, ისინი სწორად წარმოგიდგინოთ!“
სწრაფი დადებითი გამოხმაურება
პირველ დღესვე მილიონობით ტრაქტატი გავრცელდა. მარტო პარიზში იეჰოვას 7 000–ზე მეტმა მოწმემ შუადღისთვის 1,3 მილიონზე მეტი ტრაქტატი გაავრცელა. ხალხმა პირველად დაინახა ამდენი მოწმის მიერ ქუჩებში ტრაქტატების დარიგება. საინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის ეროვნულმა და ადგილობრივმა გაზეთებმა და ტელევიზიამ, დადებითად წარმოადგინეს ეს კამპანია. ერთი გაზეთი აღნიშნავდა: „ამ ინიციატივამ . . . ნათელი მოჰფინა სიტყვა [„სექტასთან“] დაკავშირებულ გაუგებრობას. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს სიტყვა . . . აღიქმებოდა როგორც მცდარი, საშიში და საზიანო რამ. . . .იეჰოვას მოწმეები კი არ არიან საშიში და არ იწვევენ საზოგადოების დესტაბილიზაციას“.
ვინც იცნობს იეჰოვას მოწმეებს აფასებს მათ მშვიდობიანობასა და საზოგადოებრივი წესრიგისადმი მათ პატივისცემას. ამიტომ ქუჩებში ბევრი გამოხატავდა კეთილგანწყობას და მხარს უჭერდა ამ კამპანიაში მონაწილე იეჰოვას ათობით ათას მოწმეს. ხალხის მადლიერების გმომხატველმა სატელეფონო ზარებმა, ფაქსებმა და წერილებმა არ დააყოვნა. რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელ ადამიანებს საშუალება მიეცათ დაენახათ ფაქტები იეჰოვას მოწმეებისა და მათ საწინააღმდეგოდ შეთხზული, უაზრო შენიშვნების შესახებ; მათ კი, ვის რწმენასაც შეურაცხყოფდნენ, შეძლეს თავიანთი გრძნობების გამოხატვა.