გამოიყენე ტრაქტატები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად
1. როგორ იყენებდნენ ტრაქტატებს ღვთის მსახურები?
1 იეჰოვას მსახურები ტრაქტატებს სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად დიდი ხანია იყენებენ. 1880 წელს ჩარლზ რასელმა თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო „ბიბლიის შემსწავლელთა ტრაქტატების“ გამოცემა და ეს ტრაქტატები ეგზავნებოდა „საგუშაგო კოშკის“ მკითხველებს, რომ ხალხში გაევრცელებინათ. ტრაქტატები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1884 წელს, როდესაც რასელმა სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული კორპორაცია „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება“ (ახლა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“), მის სახელში სიტყვა ტრაქტატი გამოიყენა. 1918 წლისთვის ბიბლიის მკვლევრებმა 300 მილიონზე მეტი ტრაქტატი გაავრცელეს. ტრაქტატები დღესაც ქადაგების ეფექტურ საშუალებად რჩება.
2. რატომ არის ტრაქტატები ეფექტური?
2 რატომ არის ეფექტური. ტრაქტატები ფერადი და მიმზიდველია. მასში მოცემული მოკლე ცნობა საინტერესო და ინფორმაციულია. ის შეიძლება აიღოს მობინადრემ, ვინაიდან იმდენად დიდი არ არის, როგორც ჟურნალი ან წიგნი. ტრაქტატების გავრცელება ახალ მაუწყებლებსაც და ბავშვებსაც უადვილდებათ. გარდა ამისა, ტრაქტატები არის პატარა ზომის და ადვილია მათი ტარება.
3. მოჰყევი პუბლიკაციებში დაბეჭდილ ან პირად შემთხვევას, რომელიც აჩვენებს, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ტრაქტატებს.
3 ბევრმა პირველად ჭეშმარიტება ტრაქტატის მეშვეობით გაიგო. მაგალითად, ჰაიტიზე ერთმა ქალბატონმა ქუჩაში დაგდებული ტრაქტატი იპოვა. მან აიღო, წაიკითხა და სიხარულით წამოიძახა: „ჭეშმარიტება ვიპოვე!“. საბოლოოდ, ის მივიდა სამეფო დარბაზში, დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. და ამ ყველაფრის მიზეზი ამ ტრაქტატში მოცემული ბიბლიური ინფორმაცია იყო.
4. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი ტრაქტატების გავრცელების თვეს?
4 კარდაკარ ქადაგება. ვინაიდან ტრაქტატები ასეთი ეფექტურია მსახურებაში, ნოემბრიდან დაწყებული ზოგიერთ თვეში გავავრცელებთ მათ. ჩვენი მიზანი მობინადრისთვის მხოლოდ ტრაქტატის მიცემა კი არა, მისი მეშვეობით საუბრის დაწყებაა. თუ მობინადრე ავლენს ინტერესს პირველ ან განმეორებითი მონახულების დროს, შეგვიძლია ვაჩვენოთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან სხვა შესასწავლი პუბლიკაციის მეშვეობით. როგორ შევთავაზოთ ტრაქტატები კარდაკარ მსახურებისას? თითოეული ტრაქტატი განსხვავებულია, ამიტომ კარგად უნდა გავეცნოთ იმ ტრაქტატებს, რომლებსაც ვთავაზობთ.
5. როგორ შევთავაზოთ ტრაქტატები კარდაკარ?
5 ტრაქტატის შეთავაზებისას უნდა გავითვალისწინოთ ტერიტორია და ის, თუ რომელ ტრაქტატს ვავრცელებთ. მობინადრესთან საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ ტრაქტატის მიცემით. გარეკანმა შეიძლება მას ინტერესი გაუღვივოს. ან შეგვიძლია მობინადრეს ვაჩვენოთ რამდენიმე და თავად ავარჩევინოთ, რომელიც მას აინტერესებს. თუ ისეთ უბანს ვამუშავებთ, სადაც კარებს არ გვიღებენ, შეგვიძლია ისე დავიჭიროთ ტრაქტატი, რომ მობინადრემ დაინახოს გარეკანი ან შევაცუროთ კარის ქვეშ, რათა გავიგოთ მისი აზრი. თუ ტრაქტატის სათაური კითხვაა, შეგვეძლო გვეკითხა, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით. ან შეგვიძლია ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ შეკითხვა, რომელიც ინტერესს აღძრავდა ან საუბრის დაწყებას შეუწყობდა ხელს. შემდეგ შეგვიძლია წავუკითხოთ ტრაქტატიდან რაღაც მონაკვეთი და თუ ტექსტში არის მოცემული შეკითხვა, შევჩერდეთ და მობინადრეს გამოვათქმევინოთ თვალსაზრისი. მთავარი მუხლები შეგვიძლია ბიბლიიდან ამოვუკითხოთ. გარკვეული ინფორმაციის განხილვის შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ საუბარი და შევუთანხმდეთ განმეორებით მონახულებაზე. თუ შენს კრებაში მიღებულია, რომ ლიტერატურა დაუტოვო მათ, ვინც სახლში არ გხვდება, შეგიძლია ტრაქტატიც დატოვო, ოღონდ ისე, რომ სხვებისთვის შესამჩნევი არ იყოს.
6. როგორ გამოვიყენოთ ტრაქტატები ქუჩაში ქადაგებისას?
6 ქუჩაში ქადაგება. იყენებ ტრაქტატებს ქუჩაში ქადაგებისას? ზოგი გამვლელი ძალიან ჩქარობს და სასაუბროდ განწყობილი არ არის. ამ დროს რთულია იმის გაგება, აინტერესებს თუ არა მას ბიბლიური ჭეშმარიტება. ვინაიდან არ ვიცით, წაიკითხავს თუ არა ის ჟურნალს, შეგვეძლო ახალი ჟურნალების ნაცვლად ტრაქტატი მიგვეცა. მიმზიდველი გარეკანისა და ინფორმაციის სიმცირის გამო, შეიძლება ცნობისმოყვარეობამ აღძრას, წაიკითხოს ტრაქტატი, როცა რამდენიმე წუთი გამოუთავისუფლდება. მაგრამ თუ ის არ ჩქარობს, შეგვიძლია მათთან ერთად განვიხილოთ ტრაქტატიდან რაღაც მონაკვეთი.
7. მოჰყევი შემთხვევებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ ტრაქტატები არაფორმალური ქადაგებისას.
7 არაფორმალური ქადაგება. ტრაქტატებით არაფორმალურად ქადაგება ადვილია. ერთი ძმა სახლიდან გასვლისას ყოველთვის იდებს ჯიბეში რამდენიმე ტრაქტატს. როცა ის ვინმეს ხვდება, მაგალითად, მაღაზიის გამყიდველს, ეუბნება, რომ მას აქვს რაღაც წასაკითხი და აწვდის ტრაქტატს. როდესაც ერთი წყვილი ნიუ-იორკის დასათვალიერებლად წავიდა, თან წაიღეს ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ერისთვის“ და რამდენიმე ტრაქტატი სხვადასხვა ენაზე, ვინაიდან იფიქრეს, რომ შეიძლება შეხვედროდნენ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. როცა ესმოდათ, რომ ვიღაც ლაპარაკობდა უცხო ენაზე, მაგალითად, გამყიდველი ქუჩაში, ვინც პარკში ან რესტორანში მათთან ახლოს იჯდა, ისინი სთავაზობდნენ ტრაქტატს მათ მშობლიურ ენაზე.
8. რა გაგებით ჰგავს ტრაქტატები „თესლს“?
8 „თესე თესლი“. ტრაქტატები ჰგავს თესლს. მიწათმოქმედი უხვად თესავს თესლს, ვინაიდან არ იცის, რომელი მათგანი გაღივდება და აღმოცენდება. ეკლესიასტეს 11:6-ში ვკითხულობთ: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“. ამიტომ მოდი, ქადაგების ამ ძალზედ ეფექტური საშუალებით „ვაფრქვიოთ სიბრძნე“ (იგავ. 15:7).
[ჩანართი 3 გვერდზე]
ვინაიდან ტრაქტატები ასეთი ეფექტურია მსახურებაში, ნოემბრიდან დაწყებული დროდადრო გავავრცელებთ მათ.