მკითხველთა შეკითხვები
მისაღებია თუ არა ქრისტიანისთვის გარკვეული მომსახურებისთვის საჩუქრის მირთმევა თუ ეს ქრთამად ითვლება?
სადაც უნდა ცხოვრობდნენ, ქრისტიანები ცდილობენ, ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, გონივრულად მოიქცნენ და ახსოვდეთ, რომ ის, რაც ერთ ქვეყანაში მისაღები და კანონიერია, მეორეში შეიძლება სრულიად მიუღებელი და არაკანონიერი იყოს (იგავები 2:6—9). ცხადია, ქრისტიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ყველა, ვისაც სურს, ‘დაისადგუროს უფლის კარავში’, უნდა მოერიდოს ქრთამის მიცემას (ფსალმუნები 14:1, 5; იგავები 17:23).
რა არის ქრთამი? ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „ქრთამად ითვლება . . . თანამდებობის პირისთვის ფულის თუ სხვა მატერიალური ფასეულობის მიცემა ან შეთავაზება იმ მიზნით, რომ მან თავისი მოვალეობის შესრულებისას ქრთამის გამღების სასარგებლოდ დაარღვიოს კანონი“. ამგვარად, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს პიროვნება, ქრთამად ითვლება, თუ მოსამართლეს ან პოლიციის თანამშრომელს ფულს ან საჩუქარს აძლევს იმ მიზნით, რომ სამართალს გვერდი აუაროს, ან თუ ვინმე რევიზორს აძლევს რამეს, რათა მან თვალი დახუჭოს დარღვევაზე. აგრეთვე ქრთამად ითვლება საჩუქრის იმ მიზნით მიცემა, რომ ადამიანს რაღაცაში შეღავათი გაეწიოს, მაგალითად, რიგში სხვებზე წინ გადაიყვანონ ან სიაში პირველი მოახვედრონ. ამგვარად მოქმედება სიყვარულის ნაკლებობის მაჩვენებელიც იქნებოდა (მათე 7:12; 22:39).
მაგრამ ჩაითვლება ქრთამად, თუ თანამდებობის პირს ადამიანი მისცემს საჩუქარს იმ მიზნით, რომ კანონიერად მოემსახურონ ან თავიდან აირიდოს უკანონოდ მოპყრობა? მაგალითად, ზოგ ქვეყანაში თანამდებობის პირები საჩუქრის მიღების გარეშე ფეხს ითრევენ იმაზე, რომ ბავშვები სკოლაში მიიღონ, ადამიანი საავადმყოფოში დააწვინონ ან საემიგრაციო დოკუმენტებზე ბეჭედი დაარტყან. ან ისინი შეიძლება აყოვნებდნენ ლიცენზიის განახლებაზე განცხადების განხილვას.
ამგვარი ქმედება და ამის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ან მოქალაქისგან ამას მოელიან კიდეც, ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ, თუ კანონი არ ირღვევა, თანამდებობის პირისთვის თავისი მოვალეობის შესრულებისთვის საჩუქრის მიცემა ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. ზოგ ქვეყანაში ხალხი ამას შეიძლება მიიჩნევდეს საჩუქრად, რომელიც ეძლევა გარკვეული მოვალეობის შემსრულებელ პირს, რომელსაც დაბალი ანაზღაურება აქვს და, ამგვარად, გარკვეულწილად მისი შემოსავალი იზრდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთია, ვინმეს კანონიერი ქმედებისთვის მისცე საჩუქარი და მეორე, პირადი სარგებლობის მიღების მიზნით, კანონისთვის გვერდის ასავლელად.
მეორე მხრივ, კანონიერი მომსახურების მოთხოვნისას ზოგი მოწმე უარს ამბობს ინსპექტორებისა თუ რევიზორებისთვის, საბაჟოს თანამშრომლებისა თუ სხვებისთვის საჩუქრის მიცემაზე მაშინაც კი, როდესაც ეს ქვეყანაში, ჩვეულებრივ, მიღებულია. იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან თავიანთი პატიოსნებითა და გულწრფელობით, რის გამოც ზოგჯერ მათ უკეთებენ იმას, რასაც უმეტესობას გასამრჯელოს გარეშე არ გაუკეთებდნენ (იგავები 10:9; მათე 5:16).
ამგვარად, იეჰოვას თითოეულმა მსახურმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა გარკვეული მოვალეობის შემსრულებელ პირს საჩუქარი გაწეული კანონიერი მომსახურებისთვის თუ უსამართლოდ მოპყრობის თავიდან ასარიდებლად. უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ შეინარჩუნოს სუფთა სინდისი, ჩირქი არ მოსცხოს იეჰოვას სახელს და არც სხვები დააბრკოლოს (მათე 6:9; 1 კორინთელები 10:31—33; 2 კორინთელები 6:3; 1 ტიმოთე 1:5).