განადიდე იეჰოვა არაფორმალური ქადაგებით
1 იეჰოვას ერთგული მსახურები ყველანაირ შესაძლებლობას ეძებენ იმისათვის, რომ ყოველდღე განადიდონ ღმერთი (ფსალმ. 95:2, 3; ებრ. 13:15). ამის ერთ-ერთი საშუალება არაფორმალური ქადაგებაა. ღვთის ბევრი მსახური მადლიერია, რომ სამეფოს შესახებ ცნობა არაფორმალური ქადაგებით გაიგეს.
2 ხშირად, როდესაც ერთ პიროვნებას ვუქადაგებთ არაფორმალურად, სხვებსაც ეძლევა სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენის შესაძლებლობა. მაგალითად, როდესაც იესო იაკობის ჭასთან სამარიელ ქალს ესაუბრა, ამ შემთხვევის შედეგად ბევრი დაინტერესდა სასიხარულო ცნობით (იოან. 4:6—30, 39—42). სანამ პავლე და სილა დაპატიმრებული იყვნენ ქალაქ ფილიპეში, მათ უქადაგეს ციხის ზედამხედველს. ამის შედეგად კი ამ კაცის მთელმა ოჯახმა მიიღო ჭეშმარიტება (საქ. 16:25—34).
3 შესაძლებლობები. სად შეგიძლია იქადაგო არაფორმალურად? მაგალითად, მაღაზიებში, ტრანსპორტში, ან როცა იცდი პოლიკლინიკაში. სხვებს ამის შესაძლებლობა ეძლევათ სამსახურში ან სკოლაში შესვენებების დროს. თუნდაც, უბრალოდ, ბიბლიური ლიტერატურა რომ დაიჭირო თვალსაჩინოდ, ამან შეიძლება შენი მრწამსის გაზიარების შესაძლებლობა მოგცეს (1 პეტ. 3:15).
4 როგორ უნდა დაიწყო? აი, როგორ მოიქცა შვიდი წლის მორიდებული გოგონა: მას კრებაზე მოსმენილი ჰქონდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქადაგება და როდესაც დედასთან ერთად მაღაზიაში მიდიოდა, ჩანთაში ორი ბროშურა ჩაიდო. სანამ დედა ფულს იხდიდა, გოგონამ ბროშურა შესთავაზა ერთ ქალბატონს, რომელმაც დიდი სიამოვნებით აიღო ის. შემდეგ, როდესაც დედამ ჰკითხა, რამ გააბედვინა უცხოსთან მისვლა, ამ მორცხვმა გოგონამ უპასუხა: „საკუთარ თავს ვუთხარი: მოემზადე, ყურადღება, დაიწყე!“.
5 როდესაც ვქადაგებთ, ჩვენც ისეთივე სული უნდა გამოვავლინოთ, როგორიც ამ პატარა გოგონას ჰქონდა. რა დაგვეხმარება? ილოცე. ეს გამბედაობას შეგმატებს საუბრის დასაწყებად (1 თეს. 2:2). მოამზადე კითხვა ან საინტერესო აზრი იმ თემაზე, რომლითაც შეიძლებოდა საუბრის წამოწყება. შემდეგ მიენდე იეჰოვას, რომ ის აკურთხებს შენს მცდელობას (ლუკ. 12:11, 12).
6 არაფორმალური დამოწმებით იეჰოვას განვადიდებთ და თავად ჩვენც უდიდეს სიხარულს მივიღებთ. ასეთი მოქმედებით შეიძლება დავეხმაროთ სხვებს, იპოვონ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტი გზა.