ვიდეოფილმი, რომელიც მედიცინის მნიშვნელოვან სფეროს განიხილავს
იურისტები და ექიმები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პაციენტების ეთიკურ შეხედულებებსა და უფლებებს. ამან წინა პლანზე წამოსწია მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებითაც იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ ისარგებლონ (საქ. 15:28, 29). სწორედ ეს არის განხილული ვიდეოფილმში „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ (Медицина без переливания крови. Как помочь больному, не нарушая его прав). უყურეთ ამ ფილმს, შემდეგ კი ქვემოთ მოყვანილი კითხვებით გაიმეორეთ ის (შენიშვნა: ვიდეოფილმი შეიცავს ქირურგიული ოპერაციის ამსახველ მოკლე კადრებს, ამიტომ მშობლებს გონიერება მართებთ, თუ პატარა ბავშვებთან ერთად უყურებენ მას).
1) რატომ დაიწყეს მედიცინის მუშაკებმა სისხლის გადასხმის გამოყენების გადასინჯვა? 2) მოიყვანეთ რთული ოპერაციების სამი შემთხვევა, რომლებიც სისხლის გადასხმის გარეშე გაკეთდა. 3) მსოფლიოს მასშტაბით რამდენმა ქირურგმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გააკეთებენ ოპერაციებს სისხლის გადასხმის გარეშე? რატომ იქცევიან ისინი ასე? 4) რა გამოვლინდა ახალი სამედიცინო გამოკვლევების შედეგად სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით? 5) რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას სისხლის გადასხმა? 6) რა დასკვნამდე მივიდა მრავალი ექსპერტი სისხლის გადასხმის ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით? 7) რა იწვევს ანემიას? რამდენად სერიოზული ფორმის ანემიის გადატანა შეუძლია ადამიანს? რის გაკეთება შეიძლება ამ დროს? 8) როგორ შეიძლება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება? 9) რომელი მეთოდების გამოყენებით შეიძლება ოპერაციის დროს სისხლის დაკარგვის შემცირება? 10) ეფექტურია სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები პატარა ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება? 11) რომელია ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური პრინციპი კარგი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად? 12) რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის, წინასწარ იცოდნენ, რომელი ალტერნატიული საშუალებებით იმკურნალებენ? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
თითოეულმა ბიბლიით განსწავლული სინდისით პირადად უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ვიდეოფილმში აღწერილ მკურნალობის მეთოდებზე. უკვე გადაწყვიტეთ, სისხლის გადასხმის რომელი ალტერნატიული საშუალებებია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისაღები? ოჯახის ის წევრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თქვენი გადაწყვეტილებისა და მისი მიზეზების შესახებ (იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2000 წლის 15 ივნისისა და 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“).