კარგის კეთება და გაზიარება
1 ქრისტიანი და, სახელად ქურციკი, „ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“ (საქ. 9:36, 39). თავისი გულუხვობით მან შეაყვარა თავი მათ, ვინც მას იცნობდა, და იეჰოვას მოწონებაც დაიმსახურა. ებრაელების 13:16-ში ნათქვამია: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“. როგორ შეგვიძლია დღეს კარგის კეთება და გაზიარება?
2 სხვების დასახმარებლად ერთ-ერთი საშუალებაა ჩვენი „ქონების“ გაზიარება (იგავ. 3:9). მსოფლიო საქმისთვის გაღებული შესაწირავები მთელ დედამიწაზე სამეფო და საკონგრესო დარბაზებისა და ფილიალის შენობების აგების საშუალებას იძლევა. ჩვენი გულუხვობა მილიონებს თეოკრატიული სწავლების მიღებისა და გამამხნევებელი ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს.
3 ნუგეშის გაზიარება. სტიქიური უბედურებების დროს იეჰოვას ხალხი მზადაა ‘სიკეთის გასაკეთებლად’ — როგორც თანამორწმუნეთათვის, ისე მათთვის, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს (გალ. 6:10). საფრანგეთში ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საწარმოსთან ახლოს მცხოვრებმა ერთმა ცოლ-ქმარმა აღნიშნა: „ქრისტიანი და-ძმები დაუყოვნებლივ მოვიდნენ, რომ დაგვხმარებოდნენ ბინის დასუფთავებაში როგორც ჩვენ, ისე ჩვენს შენობაში მცხოვრებ სხვა ადამიანებს. მეზობლები სახტად დარჩნენ, როცა დასახმარებლად მოსული ამდენი ხალხი ნახეს“. სხვა დამ დასძინა: „მხარდასაჭერად და გასამხნევებლად უხუცესებიც მოვიდნენ. ეს კი მატერიალურ დახმარებაზე უფრო მეტად გვჭირდებოდა“.
4 ხალხისთვის სიკეთის გასაკეთებლად მრავალი საშუალება არსებობს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მათ გავუზიაროთ შესანიშნავი ჭეშმარიტება, რომელშიც შედის იეჰოვა ღმერთის მიერ აღთქმული „მარადიული სიცოცხლის იმედი“ (ტიტ. 1:1, 2). ბიბლიის სწავლებებს ნუგეში მოაქვთ მათთვის, ვინც ‘გლოვობს’ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას და საკუთარ ცოდვიანობას (მათ. 5:4). მაშ, ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ გამზიარებელნი, როცა ჩვენს „ხელს ძალუძს ამის გაკეთება“ (იგავ. 3:27).