გეგმა ოჯახისთვის — ყოველდღიური მუხლის განხილვა
1 მოსიყვარულე მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შვილები ნოყიერი საკვებით უზრუნველყონ. მაგრამ ღვთის სიტყვაში მოცემული სულიერი საკვების მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია (მათ. 4:4). ერთ-ერთი საშუალება, რომ დაეხმარო შვილებს, განივითარონ კარგი სულიერი მადა და ‘გაიზარდონ და გადარჩნენ’, არის ოჯახთან ერთად ყოველდღიური მუხლისა და კომენტარების განსახილველად დროის გამოყოფა (1 პეტ. 2:2). როდის შეგიძლია ჩართო ის შენს ოჯახურ გეგმაში?
2 საკვების მიღებისას. ყოველდღიური მუხლის განხილვით დღის დაწყება დაეხმარება შენს ოჯახს, რომ მთელი დღის განმავლობაში ახსოვდეთ იეჰოვა (ფსალმ. 15:8). ერთი დედა თავის ვაჟთან ერთად საუზმის დროს კითხულობდა და განიხილავდა ბიბლიურ მუხლსა და კომენტარს; ასევე სკოლაში წასვლამდე მასთან ერთად ლოცულობდა. ამან გააძლიერა ის, რომ კომპრომისზე არ წასულიყო ნაციონალიზმის საკითხში, წინ აღდგომოდა სექსუალურ გარყვნილებას და გაბედულად ექადაგა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თუმცა ის ერთადერთი მოწმე იყო სკოლაში, არასოდეს უგრძნია მარტოობა.
3 თუ ბიბლიური მუხლის განხილვა ოჯახთან ერთად დილაობით არ ხერხდება, მაშინ შეგიძლია დღის განმავლობაში გამოყო დრო საამისოდ ან ეს საღამოს ვახშმობისას გააკეთო. ზოგიერთი ასევე განიხილავს შემთხვევებს სამქადაგებლო მსახურებიდან და აზრებს ბიბლიის პირადი კითხვიდან. ბევრი სიამოვნებით იხსენებს ასეთ შემთხვევებს საკვების მიღებისას, რაც ოჯახის ერთად შეკრებისთვის ყველაზე საუკეთესო დროა.
4 ძილის წინ. ზოგი ოჯახი ყოველდღიურ მუხლს ძილის წინ განიხილავს. ამან ასევე შეიძლება ერთად ლოცვის შესანიშნავი საშუალება მისცეს მათ. როდესაც ბავშვები ისმენენ, რომ მშობლები ყოველდღიურად საუბრობენ იეჰოვას შესახებ და ლოცულობენ, იეჰოვა უფრო რეალური პიროვნება ხდება მათთვის.
5 დაე იეჰოვამ აკურთხოს შენი ძალისხმევა, რომ ბროშურა „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ სათანადოდ გამოიყენო იმისათვის, რომ შვილებს ჭეშმარიტება ჩაუნერგო.