‘საფუძვლიანად დავამოწმოთ’ კორპუსებში
1. რა იგულისხმება ‘სასიხარულო ცნობის საფუძვლიანად დამოწმებაში’?
1 პავლე მოციქულის მსგავსად ჩვენც გვსურს, ‘საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა’ (საქ. 20:24). ამიტომ ვცდილობთ, სამეფოს შესახებ ცნობა ჩვენს ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, მათ შორის მათაც, ვინც კორპუსებში ცხოვრობს. ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს ასეთ კორპუსებში შესვლა, თუმცა შეგვიძლია, რომ აქ ბევრ ადამიანს სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ.
2. რატომ არის აუცილებელი სიფრთხილისა და გამჭრიახობის გამოვლენა კორპუსებში დამოწმებისას?
2 ძალადობისა და დანაშაულის თავიდან ასარიდებლად, უფრო და უფრო იზრდება ისეთი კორპუსების რიცხვი, სადაც შესასვლელები დაკეტილია და, შესაძლოა, კარისკაცი დარაჯობს ან ვიდეოთვალია დამონტაჟებული (2 ტიმ. 3:1, 2). ზოგჯერ კარისკაცს ნაბრძანები აქვს, არ შეუშვას უცხო პირები. ჩვენ შეიძლება გვთხოვონ, დავტოვოთ შენობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე მობინადრე ჩივის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და გამჭრიახობის გამოვლენა.
3. რომელია საუკეთესო დრო კორპუსებში ქადაგებისთვის და რატომ?
3 როდის უნდა იქადაგო კორპუსში: ისევე როგორც სხვა უბნებზე ქადაგებისას, უმჯობესია, კორპუსში მაშინ ვიქადაგოთ, როცა მობინადრეთა უმრავლესობა სახლში იქნება. შეიძლება ეჭვის თვალით მაშინ შემოგვხედონ, თუ იმ დროს მივალთ, როცა უმეტესობა სახლში არ იქნება. ბევრი მაუწყებლისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა საღამოობით ან შაბათ-კვირას ნაშუადღევს მისვლა. ასეთ უბნებზე დილით ადრე მისვლამ, განსაკუთრებით დასვენების დღეებში, შეიძლება მობინადრეები გააღიზიანოს.
4, 5. როგორ შეიძლება ზოგ დაკეტილ სადარბაზოში შესვლა?
4 შენობაში შესვლა: მაუწყებლებმა წინასწარ არ უნდა შეატყობინონ არც დაცვის თანამშრომელს და არც კარისკაცს, რომ ქადაგებას აპირებენ. თუ დაკეტილი კორპუსის შესასვლელში „დამაფონია“, ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება, რომ მოვძებნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც საუბრის სურვილს გამოთქვამს და სადარბაზოს კარს გაგვიღებს. თუ სიტუაციასა და შენობაში ბინების განლაგებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა სხვებთან მისვლაც გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც საუბარს დავამთავრებთ იმ მობინადრესთან, ვინც სადარბაზოს კარი გაგვიღო. მაგრამ, ზოგჯერ შესაძლოა გონივრული იყოს, გამოვიდეთ გარეთ და ისევ „დამაფონით“ დავურეკოთ მობინადრეებს. განსჯის უნარი გვჭირდება იმის განსასაზღვრავად, რამდენ მობინადრეს დავურეკოთ ერთ მისვლაზე.
5 ზოგმა მობინადრემ შეიძლება „დამაფონშივე“ გკითხოს შენი მისვლის მიზანი. იყავი მეგობრული. მობინადრეს გაეცანი და მასაც სახელით მიმართე, თუ „დამაფონთან“ წერია მისი სახელი. მოკლედ აუხსენი შენი მისვლის მიზანი. ზოგისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა შეთავაზების გაკეთება წიგნიდან „მსჯელობა“.
6. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სადარბაზოსთან კარისკაცი გვხვდება?
6 თუ კარისკაცი შენობაში არ გვიშვებს, შეგვიძლია მასთანაც ვცადოთ დამოწმება. მრავალი მათგანი სიამოვნებით კითხულობს ჩვენს ლიტერატურას; შეიძლება იქვე მოვახერხოთ მასთან ბიბლიის შესწავლის დაწყება და ჩატარება. თუ კარისკაცი უფლებას მოგვცემს, რომ ის მობინადრე მოვინახულოთ, რომელმაც ადრე ინტერესი გამოავლინა, ჩვეულებრივ, უკეთესია, სხვებთან არ მივიდეთ.
7. რა უნდა გავითვალისწინოთ ჩანთასთან დაკავშირებით?
7 გარეგნობა და ქცევა: დიდმა ჩანთამ შეიძლება ყურადღება მიიპყროს. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ პატარა ზომის ჩანთას გამოვიყენებთ ან საერთოდ არ წავიღებთ მას. ზოგი მაუწყებელი შესათავაზებელ ლიტერატურას საქაღალდეში დებს, ხოლო ბიბლიას ხელში იჭერს ან ჯიბეში იდებს.
8. როგორ უნდა მოხდეს ჯგუფურად ქადაგება კორპუსებში?
8 ზედმეტი ყურადღება რომ არ მივიქციოთ, უკეთესია, თუ სადარბაზოსთან ან მანქანების დასაყენებელ ადგილზე არ შევგროვდებით. სიფრთხილე გვმართებს, როცა ისეთ უბნებზე ვქადაგებთ, სადაც დანაშაული ხშირად ხდება (იგავ. 22:3). მაგალითად, მაუწყებლების ორმა ან სამმა წყვილმა შეიძლება ერთ სადარბაზოში იქადაგოს. ამ დროს ისინი ერთმანეთისგან ისეთი მანძილით უნდა იყვნენ დაშორებული, რომ ერთმანეთის ხმა ესმოდეთ. როცა ერთი წყვილი დააკაკუნებს, დანარჩენები დაიცდიან, შემდეგ კი სხვები დააკაკუნებენ და ა.შ.
9. როგორ უნდა მოვიქცეთ კორპუსში შესვლისას და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
9 როდესაც შენობაში შედიხარ ფეხსაცმელები გაიწმინდე და კარი მიხურე. როცა მობინადრეები დაინახავენ, რომ ასე ვიქცევით, ჩივილის მიზეზი ნაკლებად ექნებათ. შესვლისთანავე პირდაპირ ლიფტისკენ ან კიბეებისკენ გაემართე. ეს ყველანაირ ეჭვს გაუფანტავს მათ, ვინც გიყურებს.
10. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დერეფანში ზედმეტი ყურადღება არ მივიქციოთ?
10 ზოგ სადარბაზოში ხმა ადვილად ვრცელდება. ამიტომ, მობინადრესთან ზედმეტად ხმამაღლა ნუ ილაპარაკებ. მაუწყებელთან საუბრისას ხმადაბლა ილაპარაკე, მაგრამ მშვიდი და ზომიერი ტონით, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს. მობინადრეები მეტისმეტად რომ არ შეაწუხონ, ზოგი მაუწყებელი ყველა კარზე მიყოლებით არ აკაკუნებს. ისინი ჯერ დერეფნის ერთ ბოლოში აკაკუნებენ კარზე, მერე კი დერეფნის მეორე ბოლოში. გარდა ამისა, კარზე ხმამაღალი დაკაკუნებით, შეიძლება შიგნით მყოფნი შევაშინოთ.
11. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, როცა კარის წინ ვდგავართ?
11 თუ კარს საჭვრეტი აქვს, ისე დადექით, რომ მობინადრემ ორივე დაგინახოთ. პირდაპირ საჭვრეტს უყურე და თუ შეამჩნევ, რომ შიგნიდან ვინმე იყურება, თბილად მიესალმე და შეთავაზება გააკეთე. თუ მობინადრე იკითხავს, ‘რომელი ხართ?’ უთხარი შენი და შენთან მყოფი მაუწყებლის სახელი. მობინადრემ შეიძლება უფრო თავისუფლად იგრძნოს თავი და კარი გააღოს. თუ კარს არ გახსნის, შენ შეგიძლია მაინც გააკეთო შეთავაზება.
12. როგორ შეგვიძლია პრობლემებს ავარიდოთ თავი, როცა ლიტერატურას ვუტოვებთ მათ, ვინც სახლში არ არის?
12 ვინც სახლში არ დაგვხვდება: ხშირად კორპუსის მეთვალყურეები ჩივიან იმის გამო, რომ სადარბაზოსა თუ ეზოში ლიტერატურის აკრეფა უწევთ. კარებში დატოვებული ლიტერატურა შეიძლება დაბლა დაიყაროს. ასე რომ, ლიტერატურა კართან ისე უნდა დავტოვოთ, რომ გამვლელებმა ვერ შეამჩნიონ.
13. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აგრესიულ მობინადრეს ვხვდებით?
13 აგრესიული მობინადრე: თუ შეხვდები მობინადრეს, რომელიც გაღიზიანდება და დაცვის გამოძახებას დააპირებს, დატოვე მისი სართული და სხვა დროს დაბრუნდი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გონივრული იყოს, რომ შენობა დატოვო, რათა დაცვის თანამშრომლებთან უთანხმოებას აარიდო თავი. მაშინაც კი, თუ ასეთი მობინადრე კონკრეტულად არ გეტყვის, რომ მასთან აღარ მიხვიდე, კარგი იქნება, აღნიშნო ბინის ნომერი და ის უბნის რუკას დაურთო, რათა მომავალში სხვები აღარ მივიდნენ. აღნიშნულ ბინებში დროდადრო გამოცდილი მაუწყებლები მივლენ, რომ მობინადრის აზრი გაიგონ.
14, 15. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვთხოვენ, შენობა დავტოვოთ?
14 როცა გეუბნებიან, რომ დატოვო შენობა: თუ კარისკაცი, დაცვის თანამშრომელი ან სხვა ვინმე გეტყვის, დატოვო შენობა, გონივრულია, მაშინვე გაითვალისწინო მისი ნათქვამი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სიტუაცია ისე არ დავძაბოთ, რომ პოლიციის გამოძახებით ან სასამართლოში ჩივილით დაგვემუქრონ. უმეტეს შემთხვევაში მათ, ვინც გვეუბნება, რომ შენობა დავტოვოთ, იეჰოვას მოწმეების მიმართ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, ისინი უბრალოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
15 ზოგჯერ, თუ რომელიმე თანამშრომელი გთხოვს, დატოვო შენობა, შეიძლება შესაძლებლობა მოგეცეს, მშვიდად და ტაქტიანად აუხსნა შენი მისვლის მიზანი (1 პეტ. 3:15). ჩვენ გვესმის, რომ მის მოვალეობაში შედის, იზრუნოს შენობისა და მაცხოვრებელთა უსაფრთხოებაზე. შესაძლოა, მან შენობაში შესვლის უფლება მოგცეს. მაგრამ, თუ გეუბნება, რომ უნდა წახვიდე, ყოველგვარი შეკამათების გარეშე დათანხმდი. თუ შესაძლებელია, სთხოვე, ნება დაგრთოს, რომ რეგულარულად დატოვო ლიტერატურა შესასვლელში ან საფოსტო ყუთებში (კოლ. 4:6). სამსახურებრივ ზედამხედველს უნდა აცნობო, თუ რომელიმე კორპუსში შესვლის უფლებას არ მოგცემენ.
16. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ვერ ხერხდება უბნის დამუშავება?
16 შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ მაუწყებლები შეეცადონ, შენობა ფრთხილად დაამუშაონ. მაგრამ, თუ პრობლემები კვლავ იჩენს თავს, უხუცესებმა დახმარებისთვის ფილიალს უნდა მიმართონ, ნაცვლად იმისა, რომ მაუწყებლები თავად შეეცადონ ამ საკითხის მოგვარებას. თუ მაუწყებლები ვერ ახერხებენ ასეთი უბნების დამუშავებას, მათ ძალისხმევა იმას უნდა მოახმარონ, რომ მობინადრეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ ან წერილები დაუწერონ. ზოგი მაუწყებელი ქუჩაში დილით და საღამოთი შენობასთან ახლოს ქადაგებს, რათა მაცხოვრებლები მაშინ ნახონ, როცა ისინი სამსახურში მიდიან ან სახლში ბრუნდებიან.
17. რატომ არის კორპუსებში დამოწმება მნიშვნელოვანი?
17 ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება. მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს. „მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ?“ (რომ. 10:13, 14). მრავალი, ვინც ‘მარადიული სიცოცხლისთვისაა განწყობილი’, კორპუსებში ცხოვრობს (საქ. 13:48). სიფრთხილისა და გამჭრიახობის გამოვლენით ჩვენ შეგვიძლია, სასიხარულო ცნობა მათ ყურამდე მივაწვდინოთ.